განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2020
საქმის ნომერი
010100119003196363
ინსტანცია
თარიღი
01.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003-96363

№1/ბ-62-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- გ---ს ძე ჩ-------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ც-----ის მუნიციპალიტეტი. სოფ. ც-----ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. N7-, ბინა N3-.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–---- ჩ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივლისის ბოლოს, ც-----ის რაიონის სოფელ გვესოში, ნ-----–---- ჩ-------მა არასრულწლოვანი შვილების - მ-----მ და გ------ი ჩ-------ების თანდასწრებით, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ--------ე ბ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ქ--------ე ბ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით ნ-----–---- ჩ-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ-------ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ-----–---- ჩ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ქ--------ე ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისის შუა რიცხვები იყო, დაახლოებით 20 რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, ოჯახთან ერთად წასული იყო ც-----ის რაიონში, სოფ. გვესოში დასასვენებლად. სწორედ მაშინ მოხდა აღნიშნული ინცინდენტი. შუადღე იყო, დაახლოებით პირველი ან ორი საათი, ბავშვების დაძინებას აპირებდა შუადღეს. მისი მეუღლე - ნ-----–---- ჩ-------ი მივიდა სახლში აგრესიული როგორც ყოველთვის. მან შენიშვნა მისცა სიგარეტს ნუ ეწევი საძინებელშიო. მას მიზეზი ჩხუბისთვის დიდად არ სჭირდებოდა, დაიწყეს შეკამათება. მათთან ერთად ამ დროს ბავშვებიც იყვნენ, ხელი დაარტყა ბავშვების თანდასწრებით სახეში, უბიძგა და წაიქცა. სახე ეტკინა, წელი მიარტყა ლოგინს. თვითონ მის მეუღლესაც შეეშინდა და გაჩერდა. გოგოს შეეშინდა ატირდა. თვითონ ნ-----–---- ჩ-------ი გავიდა და კიბეზე ჩამოჯდა. აღნიშნულ ფაქტს დაზარალებულის განმარტებით არავინ შესწრებია.

 

მოწმე ხ----- გ-------ძის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ქ--------ე ბ-------–---–ს და ნ-----–---- ჩ-------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის მათთან ერთად ისვენებდა ც-----ში, მისთვის მეუღლეს არანაირი შეურაცხყოფა არასდროს არ მიუყენებია, ხმამაღალი საუბარიც არ ყოფილა მათ შორის. ხ----- გ-------ძის ჩვენების თანახმად 2018 წლის ივლისში ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თითქმის ერთი თვე ერთად გაატარეს და ქ--------ე ბ-------–---–ს არასოდეს უთქვამს ნ-----–---- ჩ-------ზე, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო მეტიც სულ აღნიშნავდა რომ კარგი ქმარი იყო.

მოწმე ზ---- მ-----–--ემ დადასტურა ხ----- გ-------ძის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები და აღნიშნა, რომ როდესაც ც-----ში ჩავიდა, ქ--------ე ბ-------–---–ი თავისი ოჯახით იქ დახვდა და მათ შორის არანაირი ჩხუბი, ძალადობა და დაძაბულობა არ ყოფილა.

2019 წლის 20 მაისს, ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაზარალებულ ქ--------ე ბ-------–---–ის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში მუქარის ფაქტზე.

 

შეტყობინების (რეგისტრაციის N1------) თანახმად, ქ--------ე ბ-------–---–ი აცხადებდა, რომ მის მეუღლეს ნ-----–---- ჩ-------ს აქვს შემაკავეებელი ოქმი, თუმცა მიუხედავად ამისა აგრძელებს ძალადობას მის მიმართ. მიდის მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ითხოვს ბავშვებთან ერთად სეირნობას. ესემესების და ზარების საშუალებით ემუქრება მოკვლით, ემუქრება რო ხორხს გამოჭრის.

სააპელაციო პალატას ნ-----–---- ჩ-------ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ნ-----–---- ჩ-------ის მიერ მეუღლის - ქ--------ე ბ-------–---–ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან მართალია საქმეში არსებობს დაზარალებულ ქ--------ე ბ-------–---–ის ჩვენება თუმცა მხოლოდ ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს, ვინაიდან საქმეში არ არის მტკუიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ნ-----–---- ჩ-------ის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-3- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი ნ-----–---- ჩ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ნ-----–---- ჩ-------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გამართლებულ ნ-----–---- ჩ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ხელმოწერილია/ თეიმურაზ სვანიძე