განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2020
საქმის ნომერი
330210019002917050
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002917050

საქმე №2ბ/9991-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - შორენა წიქარიძე

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი

 

აპელანტი (შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე) - სს „ლ-------ი ბანკი“

 

წარმომადგენელი - ლ--–- გ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - გ------------–--

 

წარმომადგენელი - გ-- დ------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი (სარჩელში) - დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - თანხის გადახდის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „ლ-------ი ბანკმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ------------–--ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მისთვის, ზიანის ანაზღაურების სახით, 15 331.76 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოსარჩელისთვის გ------------–--ს კუთვნილი და უკანონოდ დაკავებული თანხის - სულ 2619 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სს „ლ-------ი ბანკს“ მოსარჩელე გ------------–--ს სასარგებლოდ დაეკისრა 1053 ლარის გადახდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ლ-------ი ბანკმა“ სააპელაციო წესით მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. შეგებებული სარჩელის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატა წარდგენილი საჩივრის ფარგლებითაა შემოსაზღვრული, რის გამოც იგი მხოლოდ ძირითადი სარჩელის ნაწილში მოახდენს მსჯელობს აპელანტის მიერ გასაჩივრებული ნაწილის ფარგლებში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2013 წლის 27 ივნისს, სს „ლ-------ი ბანკსა“ და გ------------–--ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სახელფასო კრედიტი) დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 10000 ლარის ოდენობით კრედიტი გაიცა, კრედიტის თანხაზე წლიური 16%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეთა მიერ კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე.

 

ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მსესხებელი წინასწარ თანხმობას აცხადებდა მასზედ, რომ ბანკს მსესხებლის ბანკში გახსნილი ნებისმიერი და ყველა ანგარიშიდან, პირგასამტეხლოს, პროცენტისა და ძირითადი ვალის, უაქცეპტოდ, ჩამოწერის სრული უფლებამოსილება გააჩნდა. გადახდის გრაფიკით დათქმული თარიღ(ებ)ისთვის, ბანკის

მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობის გამოუყენებლობა გრაფიკით დათქმულ თარიღზე აღნიშნული უფლების გრაფიკით დათქმული თარიღის შემდგომ გამოყენებას არ ზღუდავდა (ს.ფ. 2-12; 150-153).

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 0- ო-------რის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც გ------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 (ერთი) წლის ვადით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით პირობითად ჩაეთვალა, ხოლო 64-ე მუხლის თანახმად, პირობითად ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად 02 წელი განესაზღვრა.

 

განაჩენის თანახმად, გ------------–--მ ჩაიდინა კრედიტის უკანონო მიღება, კერძოდ, ბანკისთვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება, კრედიტის მიღების მიზნით. გ------------–--მ 2013 წლის 27 ივნისს სს „ლ-------ი ბანკის“ კრედიტ ოფიცერს დ---------------- გ--------------–--ს მიერ დამზადებული ყალბი ცნობა „თიბისი ბანკიდან“ დავალიანების არარსებობის შესახებ, ასევე ყალბი სახელფასო ცნობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იგი შპს „გ--------------–- წ---–-----------ის კ-------ის“ ტ--------- დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა და მისი შრომითი ანაზღაურება თვეში - 1148.75 ლარს შეადგენდა.

 

აღნიშნული ცნობებითა და მისი განაცხადის საშუალებით, გ------------–--ს სს „ლ-------ი ბანკში“ 2013 წლის 27 ივნისს სახელფასო სესხი - 10000 ლარის ოდენობით დაუმტკიცდა, რაც მან 2013 წლის 28 ივნისს სს „ლ-------ი ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან გაიტანა (ს.ფ. 24-28).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ო-------რის განაჩენი არ გასაჩივრებულა და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული (ს.ფ. 2-12, 24-28, 44-54).

 

8. სს „ლ-------ი ბანკიდან“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2013 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში გ------------–--ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ლტოლვილთა შემწეობა აკუმულირდებოდა, რომლის ნაწილიც სს „ლ-------ი ბანკმა“ წინსწრებით აღებული სესხის დასაფარად მიმართა, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი დავალიანების დაფარვის მიზნით შეაგროვა. გ------------–--ს ანგარიშზე დარიცხული თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 3207 ლარი, საიდანაც, 588 ლარი წინასწარ აღებული დახმარების დასაფარად მიექცა, ხოლო დარჩენილი - 2619 ლარი დავალიანების დაფარვის ანგარიშში აკუმულირდა (ს.ფ. 2-12, 18-24).

 

9. სს „ლ-------ი ბანკი“ სარჩელით დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა და გ------------–--ს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ბანკმა სასამართლოს 2019 წლის 28 მარტს მიმართა (ს.ფ. 2-12).

 

10. გ------------–--ს წინააღმდეგ 2013 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში სს „ლ-------ი ბანკი“ დაზარალებულის სტატუსით სარგებლობდა (ს.ფ. 24-29).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს „ლ-------ი ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოსარჩლის სასარჩელო მოთხოვნა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში ხორციელდება.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. აღნიშნული ვადის გაცდენა კი, დაინტერესებულ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად კი, მოსარჩელემ სასამართლოს 2013 წლის 0- ო-------რის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარუდგინა (ს.ფ. 24-28).

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით იხელმძღვანელებს, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო.

 

12. განსახილველი დავის განხილვისა და მისი სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით, შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილი).

 

გამარტივებული წარმოების თავისებურება იმაშია, რომ საქმე განიხილება დაჩქარებულად და მარტივად, რაც უპირველესად საქმის განხილვის ვადებში აისახება. კონკრეტულად, სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში წყდება მისი წარმოებაში მიღების საკითხი, მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადა კი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. სასამართლო ვალდებულია, საქმე განიხილოს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30919-ე, 30920-ე მუხლები). განსახილველი საქმის მასალების კვლევის შედეგად დგინდება, რომ სარჩელი გამარტივებული წესით განხილული არ არის. საპროცესო ნორმათა ერთობლივი ანალიზი გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, საკითხი დაქარებული დაგამარტივებული პროცედურით ჩატარების თაობაზე სარჩელის შეტანის ეტაპზე წყდება. გარდა ამისა, ამავე ეტაპზე წყდება სახელმწიფო ბაჟის საკითხიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის (ზიანი) ანაზღაურების სარჩელებზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ მაშინ თავისუფლდება ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მას დანაშაულის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების პრეიუდიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის გამარტივებული წესით განხილვისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

საგულისხმოა, რომ სარჩელში მოსარჩელის მიერ ბაჟის გათავისუფლების თაობაზე დათქმა გაკეთებული არ აქვს, მეტიც, მოცემულ შემთხვევაში მხარეს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აქვს წარდგენილი, რაც შემდგომში სასამართლოს მიერ სარჩელის სასარჩელო და არა გამარტივებული წესით განხილვის საფუძველი გახდა (ს.ფ. 37, 195).

 

რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

 

მოსარჩელის (დაზარალებულის) მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დაცვა სასარჩელო და არა გამარტივებული წარმოების წესით, შეიძლება განპირობებული იქნეს სხვადასხვა გარემოებით, კერძოდ, ჯერ ერთი, ყოველთვის ვერ ხერხდება სავარაუდო დამნაშავის დროული იდენტიფიცირება, რაც აბრკოლებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. შესაძლოა, პირი კიდეც იქნეს ბრალდებულად ცნობილი ბრალდებულად, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შეწყდეს გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგალითად, პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე, ბრალდების მხარემ პირის მიმართ გამოიყენა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან განრიდების მექანიზმი და ა.შ.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმემ არსებითი განხილვის ეტაპამდეც მიაღწიოს, მაგრამ ბრალდებამ ვერ შეძლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით ბრალდებულის დამნაშავეობის დამტკიცება და ამის გამო გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი. სწორედ ამიტომაც, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ყველა ზემოთ განხილულ შემთხვევაში კონკრეტული დაზარალებულის ინტერესები დაუცველი არ დარჩეს და ის ზიანი ანაზღაურდეს, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იქნა მიყენებული. ცხადია, თუკი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობისას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობად, ზიანის მიმყენებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ჩავთვლიდით, ამით დაზარალებულის უფლებები უხეშად დაირღვეოდა. გამოვიდოდა, რომ უფრო უპირატეს მდგომარეობაში ის დაზარალებული იქნებოდა, რომელსაც ზიანი არა დანაშაულებრივი, არამედ სხვაგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით/სამოქალაქო-სამართლებრივი დელიქტით მიადგა.

 

პალატა დასკვნის სახით მიუთითებს, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია შესაძლებლობა, დარღვეული უფლების დასაცავად (ზიანის ანაზღაურება) მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის განხილვა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით ან გამარტივებული წარმოების წესით. ამასთან, გამარტივებული წესით საქმის განსახილველად აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელზე მოპასუხის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დართვა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან მოპასუხის მიმართ სახეზე არაა სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი შემაჯამებელი აქტი, აღნიშნული არ წარმოადგენს საერთო სასარჩელო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუკი მოსარჩელის (დაზარალებული) მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკმარისია სამოქალაქო დავის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ნათლად ადასტურებს, რომ ცალკე აღებული, დაზარალებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება იმ პირისათვის, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, არ წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს.

 

განსახილველ საქმეზე, მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და სარჩელი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო არ ცნო. მან მიუთითა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება არა 2019 წლის 20 მარტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც გ------------–--მ საკრედიტო დაწესებულებას ლტოლვილის შემწეობის თანხის მიღების მოთხოვნით მიმართა, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0- ო-------რის განაჩენის მიღების დღიდან.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის თანახმად, 2010 წლის პირველი ო-------რის შემდეგ (ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე), სახელმწიფოსათვის ან სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტისათვის დანაშაულით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყება, დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რა წესით ითხოვს დაზარალებული მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ დაზარალებული ითხოვს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით, მაშინ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა ზიანის მიმყენებლის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული მოითხოვს დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას საერთო სასარჩელო წესით, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

მოცემულ დავაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მოპასუხედ დასახელებული პირის მიმართ დაიწყო და პასუხისგებაში იქნა მიცემული 2013 წლის 27 ივნისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების გამო, რის გამოც 2013 წლის 23 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაკავებულიც კი იყო გ------------–--, რაც ჩაეთვალა დანიშნულ სასჯელში (ს.ფ. 24-28).

 

ასევე, უდავო გარემოებაა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სს „ლ-------ი ბანკი“ დაზარალებულად იყო ცნობილი, აღნიშნული ფაქტი, განმეორებით, აპელანტის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 25 თებერვალს გამართულ ზეპირ სხდომაზეც დაადასტურა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ, გამოძიების დაწყებისას, გ------------–--ს დაკავების დროს, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, 2013 წლის 0--------------ს - განაჩენის გამოტანისას, უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის შესახებ, ასევე იმ პირების თაობაზე, ვინც პასუხისგებაში იყვნენე მიცემულები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად,1. პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს.

11. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.

2. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.

3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

 

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პროკურორის ვალდებულებას (და არა უფლებამოსილებას) წარმოადგენს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეადგინოს ოქმი დაზარალებულთან. ამდენად, ის საკითხი, მოხდა თუ არა დაზარალებულის ანუ სს „ლ-------ი ბანკზე“ შეტყობინება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა დადასტურებულიყო პროკურატურის მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციით, რომელზეც, რა თქმა უნდა, მხარეების გარდა დაზარალებულსაც მიუწვდება ხელი. დაზარალებულის პოზიცია განსახილველ შემთხვევაში, რომ ბანკისთვის მხოლოდ 2019 წლის მარტის თვეში გახდა ცნობილი მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია და არც სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელეს შეეძლო სამოქალაქო სარჩელის აღძვრით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რაც მან არ განახორციელა. ამასთან, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია დაზარალებულის მიერ ზიანის, ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შეტყობასთან, რაც წინამდებარე სარჩელს - დაუსაბუთებელს, ხოლო, მოპასუხის მიერ განხორციელებულ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს - დასაბუთებულს ხდის.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა ზიანის შეტყობისა და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ფაქტობრივი იდენტიფიკაციის მომენტიდან დაიწყება, თუ ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა საკმარისად განსაზღვრადია, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან აშკარად და არაორაზროვნად იკვეთება. ზიანის მიყენების ფაქტის (ანუ უფლების დარღვევის ფაქტის) და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის თაობაზე შეტყობინება ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა იქნეს განხილული. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 28 მარტს მიმართა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

რაც შეეხება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ზეპირ სასამართლო სხდომებზე გაჟღერებულ მოსაზრებას მასზედ, რომ მიუხედავად საქმეში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა, მათთვის გ------------–--ს მიმართ 2013 წლის 0--------------ს დამდგარი განაჩენის თაობაზე ცნობილი არ იყო, რაც ხანდაზმულობის ათვლას, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური თვალსაზრისით, 2019 წლის 01 მარტს ანუ გ------------–--ს მიერ ბანკში პირველ ვიზიტსა და თანხის დაბრუნებას უკავშირებდა, აღნიშნულს სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით ჩართულმა პირმა სამოქალაქო გაუფრთხილებლობა გამოიჩინა, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი შედეგით არ დაინტერესდა და შესაბამისად, სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში არ დააყენა, მისთვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან ეს სწორედ იმ მხარის რისკია, რომელიც სამოქალაქო გაუფრთხილებლობას იჩენს და მინიჭებულ უფლებას არ იყენებს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

 

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

 

4. ან მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო, ამავე კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმა, ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასაც გულისხმობს.

 

შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 613,30 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ლ-------ი ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. N6) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე შორენა წიქარიძე

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ალანია