განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019003146191
საქმე №2/ბ-1357-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
17 მარტი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
აპელანტი: ბ---- ბ------ე
მოწინააღმდეგე მხარე: რ--------- ჩ-------ე
წარმომადგენელი: ი----- ა-------–--ე
დავის საგანი: ალიმენტის და დამატებითი ხარჯის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის
29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1აპელანტის მოთხოვნა
1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 14 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა რ--------- ჩ-------ემ(შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) ბ---- ბ------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, ასევე დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დავალდებულების შესახებ. (იხ.ს.ფ. 2-16).
2.1.სარჩელის საფუძვლები
2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ---- ბ------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი, 2007 წლის 22 ნოემბერს დაბადებული გ------- ბ------ე და 2009 წლის 16 ივნისს დაბადებული ნ-----–- ბ------ე. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ოჯახი დაიშალა, კონფლიქტები გახშირდა, რის გამოც 2015 წლის 1 დეკემბერს მათი ქორწინება შეწყდა. ცხოვრობს ბავშვებთან ერთად მარტო და მათზე ზრუნავს მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო ბავშვების მამა არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს ბავშვების ფინანსურ უზრუნველყოფაში. მართალია ბ---- ბ------ე ამ ეტაპზე იმყოფება პატიმრობაში, მაგრამ ეს დროებითია, ის არის შრომისუნარიანი და ქმედუნარიანი პიროვნება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეასრულოს რჩენა-აღზრდის ვალდებულება შვილების მიმართ და გადაიხადოს ალიმენტი.
მოსარჩელის განმარტებით მათ საერთო შვილს ნ-----–- ბ------ეს აქვს K90.0 გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია) რომელიც არის სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელიც პროვოცირდება გლუტეინის პეპტიდებით. ის შეიძლება იქნეს მუცლის ტკივილის და ფაღარათის მიზეზად. ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს, თუმცა დიეტის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა. ეს დაავადება არ იკურნება. თუმცა შესაძლებელია მისი ეფექტური კონტროლი, რაც საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულის დასტურად წარმოადგინა ფორმა N86, რომლის თანახმადაც მოცემული მკურნალობისათვის მხოლოდ საკვების ღირებულებაა 2295 ლარი. საჭიროა წელიწადში 4-ჯერ გაკეთებულ იქნეს A და G ანტისხეულები, სისხლის ანალიზი, ექოსკოპია და ა.შ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი სურვილია შვილები აღზარდოს საზოგადოების ღირსეულ წევრებად ფიზიკურად, სულიერად და გონებრივად, თუმცა მარტო მისი სახსრებით ამის გაკეთება შეუძლებელია.
შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ბ---- ბ------ეს არასრულწლოვანი შვილების - გ------- ბ------ის (დაბ. 2007 წლის 22 ნოემბერი) და ნ-----–- ბ------ის (დაბადებული: 2009 წლის 16 ივნისს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით; ასევე ბ---- ბ------ეს არასრულწლოვანი შვილის ნ-----–- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 3000 ლარის ოდენობით.
2.1.2. მოსარჩელე რ--------- ჩ-------ემ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობა მოითხოვა მოპასუხისგან ყოველწლიურად 3000 ლარის ოდენობით. (იხ. 18.10.19წ. ოქმი 14:24:27 სთ.)
2.2. მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე ბ---- ბ------ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არაფერი აქვს სადაო, იგი ყოველთვის აქცევდა შვილებს ყურადღებას და მომავალშიც მიაქცევს ყურადღებას, უბრალოდ ამჟამად ამას ვერ ახერხებს, რადგან იგი არის პატიმარი. მას არასდროს მიუტოვებია თავისი შვილები და არც არასდროს მიატოვებს მათ. მას ყავს სხვა ოჯახი და ამიტომაც არის მოსარჩელე ასე ,,გაბოროტებული“. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 34-42).
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით
1. რ--------- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. ბ---- ბ------ეს- პ/ნ - 0----------, არასრულწლოვანი შვილების - გ------- ბ------ის (დაბ: 22.11.2007წ.) და ნ-----–- ბ------ის (დაბ.16.06.2009წ) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 100-100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 14 აგვისტოდან მათ სრულწლოვანებამდე.
3. ბ---- ბ------ეს- პ/ნ - 0----------, არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–- ბ------ის (დაბ.16.06.2009წ) სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით ხარჯებში მონაწილების სახით ყოველწლიურად 1500 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 14 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე.
2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. რ--------- ჩ-------ე და ბ---- ბ------ე 2007 წლის 07 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
2.4.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2007 წლის 22 ნოემბერს დაბადებული გ------- ბ------ე და 2009 წლის 16 ივნისს დაბადებული ნ-----–- ბ------ე.
2.4.3. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით 2019 წლის 01 დეკემბერს.
2.4.4. რ--------- ჩ-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ლ------ის რაიონ სოფელ თ----–ში, ამჟამად უმუშევარია და შემოსავალი არ გააჩნია, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეოობის გამო სამუშაოდ იმყოფებოდა იტალიაში, სადაც მისი ანაზღაურება შეადგენდა 700 ევროს.
2.4.5. მოპასუხე ბ---- ბ------ემ შექმნა ახალი ოჯახი, ფინანსურად უზრუნველყოფს მეუღლე, ამჟამად იმყოფება პატიმრობაში.
2.4.6. შვილის 2009 წლის 16 ივნისს დაბადებულ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზია (k90.0) გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია).
2.4.7. ნ-----–- ბ------ეს 2019 წლის 03 აპრილს ლ------ის გამგეობის მიერ გაეწია ერთჯერადი დახმარება, რომლის ფარგლებში გამგეობის მიერ ნ-----–- ბ------ისათვის შეძენილ იქნა 2295 ლარის ღირებულების უგლუტენო ფქვილი, უგლუტენო მაკარონი და უგლუტენო მოსახარში ფქვილი.
2.4.8. დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. რ--------- ჩ-------ე ამჟამად ცხოვრობს საქართველოში, დედასთან, ძმასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მოსარჩელეს მხოლოდ თავისი სახსრებით არ შეუძლია აღზარდოს ორი არასრუწლოვანი ბავშვი, რომელთაგანაც ერთ-ერთს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. მოპასუხე ბ---- ბ------ემ შექმნა ახალი ოჯახი, ამჟამად იმყოფება პატიმრობაში.
2.4.9. ბ---- ბ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 100-100 ლარი თითოეული შვილისათვის.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1215-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებათა კონვენციაზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.
2.5.2. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე. არასრულწლოვანი შვილების აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე (იმ რეალობაში რომ ბ---- ბ------ე არის პატიმარი, ამასთან ჰყავს მეორე ოჯახი, თუმცა იგი არ თავისუფლდება მშობლის ვალდებულებისაგან, ამასთან იგი თანახმაა მისი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 100-100 ლარი ყოველთვიურად,) სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მოპასუხე ბ---- ბ------ეზე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულის მიმართ თვეში - 100 ლარი.
2.5.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაეკისროს მოპასუხეს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ყოველწლიურად 3000 ლარის ოდენობით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
მხარეთა საერთო შვილის- 2009 წლის 16 ივნისს დაბადებულ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზია (k90.0) გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია).
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობაა ქრონიკული.
დადგენილია, რომ ნ-----–- ბ------ეს ლენტეხის გამგეობის მიერ გაეწია ერთჯერადი დახმარება, რომლის ფარგლებში გამგეობის მიერ ნ-----–- ბ------ისათის შეძენილ იქნა 2295 ლარის ღირებულების უგლუტენო ფქვილი, უგლუტენო მაკარონი და უგლუტენო მოსახარში ფქვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლი განმარტავს, რომ მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და ობიექტური ფაქტორები. სსკ 1215-ე მუხლის საფუძველზე დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ხარჯის ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, წარმოადგინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, ანგარიშფაქტურისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ბ---- ბ------ეს არასრულწლოვანი შვილის ნ-----–- ბ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით ყოველწლიურად 1500 ლარის გადახდა.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბ---- ბ------ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
აპელანტმა მიუთითა, რომ იგი ამჟამად პატიმარია და ვერ შეძლებს დაკისრებული თანხების გადახდას. ხოლო როდესაც განთავისუფლდება პატიმრობიდან იგი შეძლებს დაეხმაროს თავის შვილებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის მოსარჩელე რ--------- ჩ-------ე დაქორწინდა სხვა პირზე, შეიცვალა გვარი და იგი არის რ--------- ტ-----–--ე. (იხ. ქორწინების მოწმობის ასლი)
4.2. მოდავე მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2007 წლის 22 ნოემბერს დაბადებული გ------- ბ------ე და 2009 წლის 16 ივნისს დაბადებული ნ-----–- ბ------ე. (ს.ფ. იხ. ქორწინების მოწმობა და დაბადების მწომებბის ასლები ს.ფ. 19-20-21)
4.3. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ; მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მოსარჩელე შვილებთან ნ-----–- და გ------- ბ---------თან ერთად ცხოვრობს დედასთან, ხოლო მოპასუხე პატიმარია ამჟამად და ის მეორე ქორწინებაშია. (იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმები,სარჩელი, შესაგებელი, ს.ფ. 18 განქორწინების მოწმობა).
4.4. მხარეთა საერთო შვილის- 2009 წლის 16 ივნისს დაბადებულ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზია (k90.0) გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია). (იხ.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 11745 ს.ფ. 23)
4.5. ს.ფ. 22-ზე წარმოდგენილია ფორმა N86, ანგარიშ-ფაქტურა N4/02/19 გაცემული 03.04.19წ. ლენტეხის გამგეობის მიერ, საიდანაც დგინდება, რომ ნ-----–- ბ------ეს ლ------ის გამგეობის მიერ გაეწია ერთჯერადი დახმარება, რომლის ფარგლებში გამგეობის მიერ ნ-----–- ბ------ისათვის შეძენილ იქნა 2295 ლარის ღირებულების უგლუტენო ფქვილი, უგლუტენო მაკარონი და უგლუტენო მოსახარში ფქვილი.
4.6. იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, თუ რა ოდენობის თანხა უნდა გაიღოს ერთ -ერთმა მშობელმა ყოველთვიურად, ბავშვის ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის, პალატა ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობას (ამ ეტაპზე ბ---- ბ------ე პატიმარია, ამასთან მას ყავს მეორე ოჯახი, იგი არაა წინააღმდეგი შვილებს დაეხმაროს, მისი პრეტენზია მიმართულია მხოლოდ იქეთკენ რომ ამ ეტაპზე პატიმრობაში იგი მის შვილებს ვერ დაეხმარება) და მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა 100-100 ლარის ოდენობით(თითოეულ ბავშვზე) - გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
4.11. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
4.12. „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
4.14. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
4.15. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის, ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ასევე მნიშვნელოვანია მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ამჟამად მოპასუხე/აპელანტი ბ---- ბ------ე პატიმარია, მას ყავს მეორე მეუღლე. თუმცა იგი შრომისუნარიანია და უარსაც არ აცხადებს დაკისრებული ალიმენტის გადახდაზე, ოღონდ მისი პრეტენზია ძირითადად მდგომარეობს იმაში რომ პატიმარია და ამ ეტაპზე შვილებს ამის გამო ვერ ეხმარება.
4.16. პალატა განმარტავს, რომ პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას.
4.17. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხე მხარის შემოსავლის ოდენობას. იმას რომ იგი ამ ეტაპზე პატიმარია, თუმცა შრომისუნარიანია და ჯანმრთელი.
4.18. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის ოდენობა, რომელიც დაეკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ თვეში 100-100 ლარი (მინიმალური ოდენობა), მართლაც გონივრული სამართლიანი და გამართლებულია.
4.19. შესაბამისად პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
4.20. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ბ---- ბ------ეზე ყოველწლიურად დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
4.21. ამ მხრივ უდავო ფაქტია ის, რომ მხარეთა საერთო შვილის- 2009 წლის 16 ივნისს დაბადებულ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზია (k90.0) გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია). (იხ.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 11745 ს.ფ. 23).
4.22. ს.ფ. 22-ზე წარმოდგენილია ფორმა N86, ანგარიშ-ფაქტურა N4/02/19 გაცემული 03.04.19წ. ლენტეხის გამგეობის მიერ, საიდანაც დგინდება, რომ ნ-----–- ბ------ეს ლენტეხის გამგეობის მიერ გაეწია ერთჯერადი დახმარება, რომლის ფარგლებში გამგეობის მიერ ნ-----–- ბ------ისათვის შეძენილ იქნა 2295 ლარის ღირებულების უგლუტენო ფქვილი, უგლუტენო მაკარონი და უგლუტენო მოსახარში ფქვილი.
4.23. ბ---- ბ------ის პრეტენზია შეეხება იმას, რომ დამატებითი ხარჯი ბავშვზე ნ-----–- ბ------ეზე გასწია არა მოსარჩელემ, არამედ ლენტეხის გამგეობამ და ისიც ერთჯერადად. ამდენად იგი აღარაა ვალდებული მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში.
4.24. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და უპირველესად განმარტავს იმას, რომ 2009 წლის 16 ივნისს დაბადებულ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დიაგნოზია (k90.0) გლუტენის ავადმყოფობა (ცელიაკია), რომელიც არ ინკურნება და ქრონიკულია. ამდენად, მამის ვალდებულება მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში ყოველწლიურად დასაბუთებული და საფუძვლიანია. ის რომ ხარჯი ერთჯერადად გასწია ლენტეხის გამგეობამ და მოსარჩელეს დაეხმარა აღნიშნული არ ათავისუფლებს ბ---- ბ------ეს როგორც მშობელს მიიღოს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში.
4.25. სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
4.26. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.
4.27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე რ--------- ჩ-------ეს ეკისრება, რაც მან განახორციელა. შესაბამისად, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა სწორად დაკმაყოფილდა. წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა 11745-ით უდავოდ დგინდება ნ-----–- ბ------ის მძიმე (ქრონიკული) ჯანმრთელობის მდგომარეობა.
4.28. პალატა თვლის, რომ ნ-----–- ბ------ის ჯანმრთელობისათვის დამატებითი ხარჯების გაღება რაც მას ესაჭიროება კვების სახით მისი დაავადებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია და მხარეები ამაზე არ დაობენ. შესაბამისად დამატებითი ხარჯის სახით ყოველწლიურად აპელანტ ბ---- ბ------ეზე 1500 ლარის დაკისრებაც საფუძვლიანია. ამ გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.
4.29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რ--------- ჩ-------ის(ტ-----–--ე) სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ბ---- ბ------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მიუთითებს იმ პირების ჩამონათვალს რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი მიუთითებს, რომ ,,კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.
პალატა განმარტავს,რომ ვინაიდან ბ---- ბ------ე ამჟამად პატიმარია, ეს გარემოება სსსკ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა არის საფუძველი იმისა რომ იგი გათავისუფლდეს ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტი გათავისულებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ სვანიძე