განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002688287
საქმე №3ბ/373-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ---- კ------ი
წარმომადგენელი - ნ---------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ---- კ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2018 წლის 08 ოქტომბრის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---- კ------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს/ფ 50-53).
მოსარჩელე მ---- კ------ის გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე და (ს/ფ 48-49).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბრის №1000632733/7 წერილით მ---- კ------ს ეცნობა, რომ მ---- კ------ის მიერ წარმოსადგენი იყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 17 ოქტომბრამდე. ასევე შრომითი ხელშეკრულების დედანი, ან ასლის დედანთან სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც განმცხადებელს უნდა წარედგინა სააგენტოში 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.
2018 წლის 15 ოქტომბერს განმცხადებელმა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვიზა (რომელის მოქმედებაც ამოწურული იყო) და შრომითი ხელშეკრულება (ს/ფ 38-46).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N1000632733 გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული მ---- კ------ის 2018 წლის 08 ოქტომბრის №1000632733 განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (ს/ფ 36-37).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითბით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ოქტომბრის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---- კ------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ---- კ------ს, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა სამახსოვრო ბარათი, აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - ”ჩავიბარე, ვეთანხმები”. აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია ის ინტერნეტ გვერდები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია მის განაცხადთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბერს №1000632733/7 წერილით მ---- კ------ს ეცნობა, რომ მ---- კ------ის მიერ წარმოსადგენი იყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 17 ოქტომბრამდე, ასევე შრომითი ხელშეკრულების დედანი, ან ასლის დედანთან სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც განმცხადებელს უნდა წარედგინა სააგენტოში 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.
2018 წლის 15 ოქტომბერს განმცხადებელმა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვიზა (რომელის მოქმედებაც ამოწურული იყო) და შრომითი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მ---- კ------ის განცხადება შრომითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადების ავტორის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მ---- კ------ს, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა წარედგინა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა განმცხადებელს არ შეუსრულებია. სააგენტოსათვის, დადგენილ ვადაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N1000632733 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ---- კ------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მ---- კ------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე, 32-33-ე მუხლები მოცემულ სარჩელთან მიმართებით შეუსაბამოა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არასწრად იქნა შეფასებული, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონეპირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მე-15 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად კი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2. თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა); ე) ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე; ზ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ოქტომბრის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ---- კ------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ განცხადების განუხილველად დატოვებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ---- კ------ს, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა სამახსოვრო ბარათი, აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - ,,ჩავიბარე, ვეთანხმები”. აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია ის ინტერნეტ გვერდები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია მის განაცხადთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 09 ოქტომბერს №1000632733/7 წერილით მ---- კ------ს ეცნობა, რომ მ---- კ------ის მიერ წარმოსადგენი იყო საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, მოთხოვნილი იქნა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 17 ოქტომბრამდე, ასევე შრომითი ხელშეკრულების დედანი, ან ასლის დედანთან სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც განმცხადებელს უნდა წარედგინა სააგენტოში 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.
2018 წლის 15 ოქტომბერს განმცხადებელმა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - ვიზა (რომელის მოქმედებაც ამოწურული იყო) და შრომითი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მ---- კ------ის განცხადება შრომითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადების ავტორის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მ---- კ------ს, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაევალა წარედგინა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა განმცხადებელს არ შეუსრულებია. სააგენტოსათვის, დადგენილ ვადაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N1000632733 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ---- კ------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---- კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი