განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2020
საქმის ნომერი
330210319003342261
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210319003342261

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

საქმე №2ბ/1169-20 13 მარტი 2020 წელი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ლაშა ქოჩიაშვილი

მოსამართლეები - გენადი მაკარიძე, ამირან ძაბუნიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განმცხადებლები შ.პ.ს. ,,ს--------------------“

შ.პ.ს. ,,ს------–-------“

შ.პ.ს. ,,ა--------------“

წარმომადგენელი ვასილ ხაჭაპურიძე

 

მოვალე შ.პ.ს. ,,--------“

 

მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

 

კერძო საჩივრის ავტორები: შ.პ.ს. ,,ს--------------------“

შ.პ.ს. ,,ს------–-------“

შ.პ.ს. ,,ა--------------“

 

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:

 

2019 წლის 18 დეკემბერს, შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. ,,----------ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში. სასამართლოს მითითებით, განცხადებას არ ერთვოდა „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული მტკიცებულებები. კერძოდ, განცხადებას არ ერთვოდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორების მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა ვადაგადაცილებული მოთხოვნების და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე. განცხადებას ერთვოდა შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს სახელით შ.პ.ს. ,,გ-–-----–--------–-------------“-ს მიერ მომზადებული წერილის ასლი თარიღის გარეშე, მაგრამ განცხადებასთან ერთად არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შ.პ.ს. „გ-–-----–--------–-------------“ განმცხადებლებისგან შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. შესაბამისად, დაუზუსტებელი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნებოდა შეფასებული, როგორც კრედიტორების მიერ მოვალე საწარმოს „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი სავალდებულო გაფრთხილება.

შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს წარმომადგენელმა 2020 წლის 15 იანვარს და 16 იანვარს კერძო საჩივრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

კერძო საჩივრის ავტორები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ კრედიტორების მიერ მოვალე საწარმო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი წესით იქნა გაფრთხილებული, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთე კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს წარმომადგენელმა, როგორც შ.პ.ს. ,,----------ის კრედიტორების წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. ,,----------ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების და მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, სასამართლომ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრედიტორის (კრედიტორების) გარდა, სხვა კრედიტორის (კრედიტორების) განცხადების საფუძველზედაც, თუ ეს კრედიტორი (კრედიტორები) წარადგენს (წარადგენენ) არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოვალეს უნდა მიეცეს ვადა თავისი პოზიციის წარმოსადგენად.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება ამ მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) აღნიშნულ პირებს აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის (მოთხოვნების) შესახებ მოვალე წერილობით იყო ინფორმირებული კრედიტორის (კრედიტორების) მიერ განცხადების შეტანამდე არა უგვიანეს 30 დღისა. შეტყობინებაში იმავდროულად უნდა აღინიშნოს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორის (კრედიტორების) მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ მოვალე ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელი და დასადგენია, ეცნობა თუ არა მოვალე შ.პ.ს. ,,----------ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადების შეტანის შესახებ.

2019 წლის 18 დეკემბერს სასამართლოში შეტანილ განცხადებაში შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ არაერთხელ გაეგზავნა შეტყობინება მოვალეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა, საბოლოოდ შეტყობინება (#01/10) ჩაბარდა 2019 წლის 02 ნოემბერს.

განცხადებას ერთვის შ.პ.ს. ,,გ-–-----–--------–-------------“-ს მიერ მომზადებული N01-10 წერილის ასლი შ.პ.ს. ,,----------ის სახელზე შედგენილი, წერილი ხელმოწერილია ვ.ხ-----------ს, როგორც კრედიტორთა წარმომადგენლის _ შ.პ.ს. ,,გ-–-----–--------–-------------“-ს ადვოკატის მიერ.

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუზუსტებელი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნება შეფასებული, როგორც კრედიტორების მიერ მოვალე საწარმოს „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი სავალდებულო გაფრთხილება. არც განცხადებასთან და არც კერძო საჩივრის განხილვის პერიოდში, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რაც დაადასტურებდა, რომ შ.პ.ს. „გ-–-----–--------–-------------“ განმცხადებლებისგან შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მინდობილობები წარმოდგენილია საქმეში, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობების მიხედვით, ორი მინდობილობა გაცემულია არა შ.პ.ს. „გ-–-----–--------–-------------“-ის სახელზე, არამედ ფიზიკური პირის _ ვასილ ხ-----------ს სახელზე და ამასთან, გაცემულია 2019 წლის 09 ნოემბერს, მაშინ, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 02 ნოემბერს. ასევე, შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს მიერ მინდობილობა გაცემულია ფიზიკური პირის _ ვასილ ხ-----------ს სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, შეტყობინების შინაარსიც არ შეიცავს კანონით დადგენილ ცალსახა მითითებას განცხადების სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებთ, კერძოდ, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თუ დაუყოვნებლივ არ დაფარავს მოვალე დავალიანებას, კრედიტორები სასამართლოში შეიტანენ გადახდისუუნარობის განცხადებას, ასევე შეტყობინების ავტორი მიმართავს მოვალეს თავად შეიტანოს გადახდისუუნარობის განცხადება სასამართლოში. შესაბამისად, ის გარემოება, რომ გაგზავნილი შეტყობინება (მიუხედავად გამგზავნის უფლებამოსილებისა) ნათლად, გარკვევით და კონკრეტულად შეიცავდა გაფრთხილებას მოვალისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილი 30 დღის შემდეგ გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით, არ დასტურდება.

ამასთან, საპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმისათვის ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც ეხება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების საკითხს. კერძოდ: საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შეტყობინება ჩაბარდა მოვალე შ.პ.ს. ,,----------ს 2019 წლის 02 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილია საფოსტო განყოფილების უკუგზავნილი, რომელშიც მითითებულია, რომ შ.პ.ს. ,,----------ს სახელზე შ.პ.ს. „გ-–-----–--------–-------------“-ს მიერ გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ,,დირექტორის ქალბატონ მ-------------- დედამთილს.“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით კი დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,----------ის დირექტორი არის ს--------------, შესაბამისად, გაურკვეველია ვის ჩაბარდა შეტყობინება.

ამდენად, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოვალე შ.პ.ს. ,,----------ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ეცნობა გადახდისუუარობის განცხადების სასამართლოში შეტანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 390-ე, 393-ე, 394-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ.პ.ს. ,,ს--------------------“-ს, შ.პ.ს. ,,ს------–-------“-ს და შ.პ.ს. ,,ა--------------“-ს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე

 

ამირან ძაბუნიძე