განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003170249
საქმე №1ბ/465-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ისა და მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------–-ძის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ----------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ქ-----------–-ს მეორე შესახვევი, კორპუსი №-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
გ----------------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილებით გ----------------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
გ----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-ს მე-2 შესახვევი, კორპუსი №-------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ----------------–-–---–მა არასრულწლოვანი გერის - ვ------–---ის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - ხ------------------ზე, კერძოდ, დაახლოებით შვიდჯერ დაარტყა მარჯვენა ხელი თავის არეში, რის გამოც ხ------------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-ს მე-2 შესახვევი, კორპუსი №-------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ----------------–-–---–მა ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - ხ------------------ზე, კერძოდ, მარჯვენა გაშლილი ხელი დაახლოებით სამჯერ დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ დაახლოებით ხუთჯერ დაარტყა თავის არეში, რის გამოც ხ------------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის გ----------------–-–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ----------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, ქ. თბილისში, ქ-----------–-ს მე-2 შესახვევი, კორპუსი №-------------ში, გ----------------–-–---–მა ძალადობა განახორციელა მეუღლეზე ხ------------------ზე, ხელი დაარტყა სახის და თავის არეში. ხ------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ----------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით კი სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოწმე - ვ------–---ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ამ ეპიზოდში ძალადობის ჩადენის მატერიალურ ფაქტს არასრულწლოვნის თანდასწრებით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების ნაწილში, ასევე, გ----------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------------–-–---–ის ქმედებას, როდესაც ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მის ქმედებას, როდესაც ის უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - ხ------------------მა დეტალურად ისაუბრა გ----------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე და დაადასტურა 2019 წლის 19 ივლისსა და 2019 წლის 27 ივლისს განხორციელებული ქმედებები. ხ------------------ის განცხადებით, 2019 წლის 19 ივლისს გ----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას ასევე შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - ვ------–---ე. აპელანტის აზრით, ხ------------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ლოგიკური, თანმიმდევრული, იდენტური მის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციისა და რაიმე წინააღმდეგობა მათ შორის არ ყოფილა, რის გამოც სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მისი ჩვენება.
აპელანტის მითითებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, უტყუარად დადასტურებული ფაქტი, რომ 2019 წლის 19 ივლისს გ----------------–-–---–ის მიერ ხ------------------ზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, გ----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დადასტურდა სამედიცინო ბარათით, სადაც აღნიშნულია დაზიანებები და ასევე, ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ ხ------------------ს აღენიშნებოდა სიწითლეები. ის ფაქტი, რომ 2019 წლის 19 ივლისს, გ----------------–-–---–მა ხ------------------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა არასრულწლოვანი გერის - ვ------–---ის თანდასწრებით, დადასტურდა არა მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არამედ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობითაც, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხული არასრუწლოვანი ვ------–---ის ინფორმაციით. თუმცა, სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას, ვ------–---ემ შეცვალა მის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია და აღარ დაადასტურა 2019 წლის 19 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა ვ------–---ის გამოკითხვის ოქმი და წაკითხულ იქნა ჩვენების ის ნაწილი, სადაც საუბრობს გ----------------–-–---–ის მიერ ხ------------------ის ცემის ფაქტზე.
აპელანტის განმარტებით, ვ------–---ემ მიუთითა, რომ გამოკითხვის დროს არ დაუფიქსირებია მსგავსი რამ და გამომძიებელმა თვითნებურად ჩაწერა გამოკითხვის ოქმში ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რაც, რა თქმა უნდა, არ დადასტურდა და ბრალდების მხარემ წარადგინა სხვა მტკიცებულებები ამ არგუმენტის უარსაყოფად. კერძოდ, არასრულწლოვანი ვ------–---ე გამოკითხა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მეხუთე განყოფილების გამომძიებელმა თ-------------–--ემ, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მინიშნებაც კი არ ყოფილა ვ------–---ის მიმართ გამოკითხვის დროს, მით უფრო, გამომძიებლის მიერ საკუთარი ინიციატივით რაიმეს ჩამატება/ჩასწორება. გამოკითხვის დასრულებისთანავე ვ------–---ე გაეცნო გამოკითხვის ოქმს, ხელმოწერით დაადასტურა და რაიმე შენიშვნა ოქმთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ გამომძიებლის მიერ არ არის გამყარებული. ვ------–---ე გამოკითხვის დროს იყო არასრულწლოვანი და მის გამოკითხვას დაესწრო მისი საპროცესო წარმომადგენელი - ნ------–------, რომელმაც სასამართლოს წინაშე ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებლის მიერ გამოკითხვისას ადგილი არ ჰქონია რაიმე მითითებას, ვ------–---ემ საკუთარი ინიციატივით, დეტალურად, მიუთითებლად მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეესწრო 2019 წლის 19 ივლისს გ----------------–-–---–ის მიერ ხ------------------ზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის აზრით, ცალსახად დასტურდება, რომ 2019 წლის 19 ივლისს, გ----------------–-–---–მა ხ------------------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა არასრულწლოვანი გერის თანდასწრებით, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა დაზარალებულის, გამომძიებლისა და საპროცესო წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და გაითვალისწინა ვ------–---ის განმარტება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე შეცვალა საკუთარი ჩვენება.
აპელანტის განმარტებით, გ----------------–-–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებას სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს ლმობიერი მიდგომით უპასუხა, რითაც არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------–-ძემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მოსაზრებებს, თუმცა საბოლოოდ, მოითხოვა გ----------------–-–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ვინაიდან, მისი განმარტებით, არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად პალატა იმსჯელებს აღნიშნულ მოთხოვნაზეც.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ----------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის გამკაცრების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ გ----------------–-–---–ის ბრალეულობა მეუღლის - ხ------------------ის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით 2019 წლის 19 ივლისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში დასტურდება თავად დაზარალებულ - ხ------------------ის, არასრულწლოვანი მოწმის - ვ------–---ის, გამომძიებელ თ-------------–--ის და საპროცესო წარმომადგენელ ნ------–------ს ჩვენებებით, ასევე, სამედიცინო ბარათით. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასების ნაწილში და დამატებით განმარტავს:
გ----------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ უნდა არსებობდეს ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და დამაჯერებელი, რაც ქმნის გ----------------–-–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მხოლოდ ეჭვს, რის გამოც არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულმა ხ------------------მა სასამართლო სხდომაზე დეტალურად ისაუბრა გ----------------–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე და დაადასტურა 2019 წლის 19 ივლისსა და 2019 წლის 27 ივლისს განხორციელებული ქმედებები, ასევე, განაცხადა, რომ 2019 წლის 19 ივლისს გ----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - ვ------–---ე. პალატისთვის გაუგებარია აპელანტის მხრიდან ასეთი მსჯელობა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მართალია დაზარალებული ხ------------------ი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
2019 წლის 19 ივლისს ძალადობის განხორციელების ეპიზოდში გ----------------–-–---–ის ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს მთავარ მტკიცებულებად მიაჩნია არასრულწლოვანი მოწმის - ვ------–---ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და რომელშიც მოწმე ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან 2019 წლის 19 ივლისს ხ------------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს მეუღლეებმა მხოლოდ სიტყვიერად იკამათეს, ფიზიკურ ძალადობას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასა და სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას შორის მკვეთრი წინააღმდეგობის ასახსნელად აპელანტი უთითებს გამომძიებელ თ-------------–--ისა და სოციალური მუშაკის ნ------–---–---ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს არასრულწლოვანი მოწმის მიერ გამოკითხვის დროს ჩვენების ნებაყოფლობით, მინიშნებების გარეშე მიცემის ფაქტი. აპელანტს, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები მხოლოდ ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედების - არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის კანონიერად ჩატარების დასადასტურებლად მოჰყავს, ისინი არ არიან 2019 წლის 19 ივლისს გ----------------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის ფაქტის თვითმხილველები. ამასთან, ვ------–---ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტს.
პალატა განმარტავს, რომ 2019 წლის 19 ივლისს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით აპელანტის მიერ მითითებული სამედიცინო ბარათი არარელევანტურია. აღნიშნული ბარათის თანახმად, ხ------------------ს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: კოდი y-33 R-45 სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული ჰემატომები. პაციენტის გადმოცემით: მეუღლემ კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღენიშნება ჰიპერემია. პაციენტმა კლინიკური საუბრის სისწორე დაამოწმა ბარათზე ხელმოწერით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ა---------–-------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, დაზარალებულს აღმოუჩინა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. პაციენტი იყო განერვიულებული, პირველივე დიალოგის დროს განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახის და თავის არეში დაარტყა ხელი. პაციენტს სახეზე აღენიშნებოდა ჰიპერემია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული ა---------–-------–--ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 27 ივლისს მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმად, ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, გამყოფი ზოლი №6-ში, მოქალაქე ხ------------------ს ესაჭიროებოდა დახმარება. მისვლისას დახვდათ ხ------------------ი, რომელმაც უთხრა, რომ 2019 წლის 27 ივლისს, მისმა მეუღლემ სახის და თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეტყობოდა სიწითლეები. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო ბარათი შეეხება გ----------------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ 2019 წლის 27 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტს და იგი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გ----------------–-–---–ის მსჯავრდებას 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით. პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ----------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით 2019 წლის 19 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის გარდა საქმეში არ მოიპოვება სხვა არანაირი მტკიცებულება გ----------------–-–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ 2019 წლის 19 ივლისს არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის განხორციელების დასადასტურებლად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ----------------–-–---–მა არასრულწლოვნის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობა ხ------------------ის მიმართ 2019 წლის 19 ივლისს. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ----------------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს ბრალდების მოცემულ ეპიზოდში.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას განხილულ ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ----------------–-–---–მა არასრულწლოვნის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ეპიზოდში. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია გ----------------–-–---–ის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ----------------–-–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ----------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა განხილულ ეპიზოდში, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ----------------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად გამართლებულ ეპიზოდში და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, რასაც პალატა ასევე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სრულიად არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რაში მდგომარეობს გ----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის არაპრევენციულ ხასიათზე მითითება პალატას არასაკმარისად მიაჩნია გ----------------–-–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, მით უფრო, რომ მას დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ----------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობილ ეპიზოდში დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------–-ძის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებელი შეიცავს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გ----------------–-–---–ის გათავისუფლების მოთხოვნას, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს აღნიშნულ ეპიზოდში მტკიცებულებების საკმარისობის თაობაზე და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებულია მხოლოდ ზოგადი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს გ----------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ----------------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. მართალია, დაზარალებულმა ხ------------------მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმეში საკმარისად მოიპოვება გ----------------–-–---–ის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ:
2019 წლის 27 ივლისს, გვიან ღამით, 03:28 საათზე ,,112-ში“ შევიდა №1------ შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი ხ------------------ი ითხოვდა შველას, თან აცხადებდა, რომ ტელეფონი სასწრაფოდ უნდა გაეთიშა, რადგან მეუღლე მალე მივიდოდა. ინიციტორი ასევე აცხადებდა, რომ კარები 2 დღეა გარედან იყო ჩაკეტილი და გარეთ ვეღარ გადიოდა; გამომძიებლის ვ-----–-------–-ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 ივლისს დაიწყო გამოძიება გ----------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული ხ------------------ი, რომელიც გამოკითხვისას ტიროდა, იყო აღელვებული და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები. მსხვერპლმა გამომძიებელს განუცხადა, რომ სახეზე არსებული სიწითლე იყო კვალი ფიზიკური ძალადობის; 2019 წლის 27 ივლისს გამოიცა შემაკავებელი ორდერი №0-----. შემაკავებელი ორდერის ოქმში გამომძიებელმა ასახა ხ------------------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. ოქმის შევსების შემდგომ მისი სისწორე დაადასტურა მსხვერპლმა; მოწმე ვ------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივლისს ის არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რადგან სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა დედამ - ხ------------------მა უთხრა, რომ მეუღლემ - გ----------------–-–---–მა ხელი დაარტყა. დედის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალადობის თაობაზე გამოკითხვის დროს მოუთხრო გამომძიებელს. მოწმე ვ------–---ის მიერ აღნიშნული შინაარსის ჩვენების მიცემის ფაქტი დაადასტურა გამომძიებელმა თ-------------–--ემ და სოციალურმა მუშაკმა ნ------–---–---მ. 2019 წლის 27 ივლისს დაზარალებულ ხ------------------ის მიმართ მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტს უკავშირდება პაციენტის №1--- სამედიცინო ბარათი, რომელსაც პალატამ ზემოთ მისცა შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი გ----------------–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ისა და მსჯავრდებულ გ----------------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------------------–-ძის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 27 ივლისიდან - 2020 წლის 13 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და იგი გათავისუფლდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე