განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
140100119003151139
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003151139

საქმე № 1ბ/453-20

განაჩენი

საქართველოს სახელით

10.04.2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - ლ-–- კ---–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------–---–-------------

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

განაჩენის მიხედვით: ლ-–- კ---–--ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი ლ-–------–---- მიმართ არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ლ-–------–---- მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - მ-----– პ----–-–---–ის, ლ--------- ა-–-----ის, ნ---- მ-------–---–ის, რ-----ი კ---–--ის და ც---- ს-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ხ-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და შსს გორის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინებით. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს უნდა გეთვალისწინებინა აღნიშნული მტკიცებულებები და ლ-–------–---- მიმართ დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან თავად სასამართლომ დაადასტურა აღნიშნულ მტკიცებულებათა ნამდვილობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლ-–------–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ლ-–------–---- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

წარდგენილი ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- კ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ლ-–------–---- მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ-------–-----------–---–-------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო, ლ-–- კ---–--ემ მეუღლეს - ხ-----------–---–ს ყელში მოუჭირა და სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც ხ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნული ქმედებისათვის ლ-–- კ---–--ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ დაადგინა:

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-–- კ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

დაზარალებულმა - ხ-----------–---–მა გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ბრალდებულმა ლ-–- კ---–--ემ სასამართლო სხდომაზე ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა დუმილის უფლება.

ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ ხ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმისა (ჩვენებისა) და ლ-–------–---- ბრალდების შესახებ დადგენილებისა, არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ლ-–------–---- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

სააპელაციო პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ლ-–------–---- უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-–------–---- მიერ მეუღლის - ხ-----------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, გამოკვლეული და არასადავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ლ-–- კ---–--ემ მეუღლის ხ-----------–---–ის მიმართ განხორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ლ-–------–---- დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ლ-–------–---- მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-–------–---- მიერ, 2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მეუღლის - ხ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ხ-----------–---–მა (ლ-–------–---- მეუღლე), რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ხ-----------–---–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ლ-–------–---- მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ხ-----------–---–ის და ლ-–------–---- გარდა კონფლიქტს შეესწრო, მოწმე ნ---- მ-------–---–ი. შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს, მოწმე ნ---- მ-------–---–ს და თავად ლ-–- კ---–--ეს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - ხ-----------–---–მა და მოწმე ნ---- მ-------–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ლ-–- კ---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ლ-–------–---- მიერ.

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ლ-–------–---- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია გორის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინება ლ-–------–---- მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს ლ-–------–---- ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულ ხ-----------–---–ის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, აღნიშნული ოქმით დადგენილია რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე. ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ფაქტს ჩაიდინა თუ არა ოჯახში ძალადობა გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

ბრალდების მხარეს ლ-–------–---- ბრალეულობის დამადასტურებლად მოჰყავს მოწმეების - მ-----– პ----–-–---–ის, ლ--------- ა-–-----ის, ნ---- მ-------–---–ის, რ-----ი კ---–--ის და ც---- ს-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. მოწმეებმა რ-----ი კ---–--ემ და ნ---- მ-------–---–მა გამოძიების ეპატზევე ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, შვილის ლ-–------–---- წინააღმდეგ, მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. მოწმეებმა - მ-----– პ----–-–---–მა და ლ--------- ა-–-----ემ გამოკითხვის ოქმებში დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე. ამასთან, მოწმეები - მ-----– პ----–-–---–ი, ლ--------- ა-–-----ე და ც---- ს-------–-–---–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, მოწმეების - მ-----– პ----–-–---–ის და ლ--------- ა-–-----ის ჩვენებები ასევე ეფუძნება ბრალდებულ ლ-–------–---- მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები (გამოკითხვის ოქმები), საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე და მათ შორის 2020 წლის 21 თებერვლის №746 აპ-19 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ,,საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „37. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“. ,,52. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.“

ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენში, პუნქტი 45. განმარტებულია, რომ ,,..საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც“.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2020 წლის 19 თებერვლის №804აპ-19 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ,,რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის...... დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N424აპ-16). სასამართლო აღნიშნავს, რომ ოქმში, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ოქმს ახლავს ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს დაზარალებულს, რომელიც მონაწილეობს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენაში, თუმცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ ადგენს ბრალდებულის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.“

საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიბო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ლ-–------–---- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა ლ-–------–---- ბრალეულობას. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ლ-–- კ---–--ემ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ლ-–------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება მეუღლის - ხ-----------–---–ის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no.65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ-–------–---- მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ლ-–- კ---–--ემ განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ.

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ-–------–---- დამნაშავეობაში.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი ლ-–------–---- მიმართ, დარჩეს უცვლელი.

ლ-–- კ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს შემტანს - რ-----------------–---–------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–------–---- მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაწესებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებული ხ-----------–---–ი იმყოფება, გაუქმებულია.

გამართლებულ ლ-–- კ---–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: მაკა გველესიანი