განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
160100120003442229
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003442229

საქმე №1ბ/451-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ბ---–---ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, რეგისტრირებულის ბ---–---ი, დ--------------------–---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, მ-------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით დ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

დ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბ---–---ში, ა------------------–------------ში მდებარე თ-------------ის ბინაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ამავე ბინის შესასვლელთან გამოსული თ----------------–--- შეეცადა 112-ში დარეკვას პოლიციის გამოსაძახებლად, რაც შენიშნა დ---------------–---–მა და აღნიშნულით გაღიზიანებულმა, ხელი ერთხელ ჩაარტყა თ----------------–---ს თავში, რის შედეგადაც თ----------------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ---–---ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ---------------–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი და ჩადენილი ქმედების შესაბამისად, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, რაც ვლინდება სასამართლოს მიერ მისი განსაზღვრისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასებაში, რის გამოც დ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა ლმობიერი სასჯელი ჯარიმის სახით. აპელანტის აზრით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არასწორად შეაფასა ბრალდებულის პიროვნება და არ გაითვალისწინა, რომ დ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება თავისი ხასიათიდან გამომდინარე იყო მომეტებული საფრთხის შემცველი, ვინაიდან, მსჯავრდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ დაეტოვებინა კონფლიქტის ადგილი, დაზარალებულს მხოლოდ იმის გამო ჩაარტყა ხელი თავის არეში, რომ ის ცდილობდა 112-ის საინფორმაციოსთან დაკავშირებას პოლიციის გამოძახების მიზნით. ეს გარემოება, უარყოფითად ახასიათებს რა ბრალდებულის პიროვნებას, მეტყველებს იმაზე, რომ იგი უგულვებელყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმალური, მშვიდი ცხოვრების წესს და წარმოადგენს პირს, რომლისთვისაც უმნიშვნელო საბაბიც კი საკმარისია, რათა დაუნდობლად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და მიაყენოს მას ძლიერი სულიერი და ფიზიკური ტკივილი.

აპელანტის მითითებით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ. აპელანტის აზრით, დ---------------–---–მა ძალადობა განახორციელა ქალზე, ამიტომ სასამართლოს არ უნდა დაენიშნა მისთვის ისეთი ჰუმანური სახის სასჯელი, როგორიცაა ჯარიმა, ვინაიდან ეს სასჯელი მისი ჰუმანურობიდან გამომდინარე, პრევენციულ გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის სათანადო ქცევაზე და პირიქით, უბიძგებს მას ახალი დანაშაულის ჩასადენად, რადგან დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, მის ხასიათთან და ბრალდებულის პიროვნებასთან.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----------------–--ის, მოწმეების - დ--–--------–-–---–--, ს-----------–--------, ნ---------------- გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ დ---------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ დ---------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შეურიგდა დაზარალებულს, გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის არსი, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვნად ამცირებს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დადგენილ კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას.

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას დ---------------–---–ის მიერ დაზარალებულ თ----------------–--ის მიმართ სხვაგვარი ძალადობის განხორციელების დისკრიმინაციულ მოტივზე და შეუსაბამოდ მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაში „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის მოხმობას, ვინაიდან საქმის მასალებით ნათელია, რომ დ---------------–---–მა თ----------------–--ის მიმართ ძალადობა განახორციელა არა სქესის ნიშნით, არამედ პოლიციის გამოძახების აღკვეთის მიზნით. ამდენად, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა დ---------------–---–ის ქმედების ხასიათთან. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი დ---------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბ---–---ის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

დ---------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე