განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
330100119003265850
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003265850

საქმე № 1ბ/467 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - თ---------- პ------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ს-----------------------------–-------–----------–--------------------–---------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ---------------–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ---------- პ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მომეტებული საფრთხე. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ თ---------- პ------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან თ---------- პ------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება თ---------- პ------–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების ნაწილში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

თ---------- პ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, ქ-------–--–------–-----------------------------------------–ი, თ---------- პ------–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ---- შ----–-–---–ს, როგორც პირად, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ, ლანძღავდა და აგინებდა. მათ შორის, ანალოგიურ ქმედებებს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 11 ივლისს, 2019 წლის 24 ივლისს, 2019 წლის 7 აგვისტოს, 2019 წლის 19 აგვისტოს და 2019 წლის 31 აგვისტოს. თ---------- პ------–---–ის ქმედების შედეგად ნ---- შ----–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. თ---------- პ------–---–ის მიერ ნ---- შ----–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი (10 წლის) შვილი - გ------- პ------–---–ი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ---------- პ------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნი----–----–-–---–-------–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ---------- პ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ---------- პ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

თ---------- პ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ---------- პ------–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვიოს სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ თ---------- პ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ექნება განცდა, რომ მას სასამართლო არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს. სააპელაციო პალატის აზრით, ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია. მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე თ---------- პ------–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასა ძალადობის ხასიათი და მისი ინტენსიურობა. მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თ---------- პ------–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის დროს ადგილი არ ჰქონდა ისეთი სახის ძალადობას, რაც აუცილებელს გახდიდა თ---------- პ------–---–ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენების გზით და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და თ---------- პ------–---–ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეს სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს თ---------- პ------–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის და მისი პირობითად ჩათვლის შესახებ, ასევე, ითვალისწინებს რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, თ---------- პ------–---–ი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადასტურებულია, რომ ამ ეტაპზე ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რაც დღეის მდგომარეობით იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ და თანასოფლელებისაგან ხასიათდება დადებითად. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, თ---------- პ------–---–ის მიმართ მოცემულ შემთხვევაში პალატას, სასაჯელის დამძიმება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა თ---------- პ------–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------- პ------–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და თ---------- პ------–---–ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------- პ------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი თ---------- პ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ---------- პ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 28 სექტემბრიდან - 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ის მიმართ პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და მისი დახმარება განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თ---------- პ------–---–ს დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გველესიანი