განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
330100120003422799
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003422799

საქმე № 1ბ/461-20

განაჩენი

საქართველოს სახელით

10.04.2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

მსჯავრდებული - ბ---------------------–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–-------–-–----------------------–----------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი:

განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ-------------–-–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, ვინაიდან სახეზე იყო შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არასწორად მიუთითა განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური, მრავალჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი თავისთავად ითვალისწინებს ადამიანის სხეულზე ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ერთი ასევე რამდენიმე. ამასთან, ქმედების ინტენსივობის და სიმძიმის მაღალი ხარისხის არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულს პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება ქმედების ინტენსივობას, აღნიშნულის დასადასტურებლად, თუ რა სახის დაზიანება მიადგა დაზარალებულს, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, მათ შორის არც ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კიდევ ერთი გარემოება, - მსჯავრდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც შეეხება დანაშაულის აღირებას, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში აღნიშნავს, რომ თითქოს ბ---------------------–იმ დანაშაული აღიარა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები- ე----- და ზ----- ბ---------ები. განაჩენში ასახული ხსენებული მსჯელობა ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომის ოქმს, რადგან ოქმში მითითებულია, რომ მსჯავრდებულმა საქმის განხილვის დაწყებისთანავე აღიარა დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, გარდა ამისა მათ შორის არანაირი კონფლიქტი აღარ არსებობს. ამასთან, მსჯავრდებული არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მართალია, მსჯავრდებული ნასამართლევია და მას სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით, მაგრამ ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ არ გულისხმობს მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს შეეძლო და ვალდებულიც იყო მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიმართ გამოეყენებინა ნაკლებად მკაცრი სასჯელი სახე, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამასთან, აპელანტის პოზიციით, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა და შესაძლებელი იყო ბ---------------------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ---------------------–ს უნდა განსაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

სასამართლომ დაადგინა:

ბ---------------------–იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 ნოემბერს, ღამის დაახლოებით 01:00 საათზე, თბ--–--–-----------–----------------ში, ბ---------------------–იმ მეუღლის - ე-----ი ბ---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ: ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავში. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ბ---------------------–ის ქმედებით ე-----ი ბ---------ს მიადგა ფიზიკური და მორალურისახის ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

დაზარალებულ - ე-----ი ბ---------ის ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ნოემბერს, ნათესავის ქორწილიდან გვიან ღამით მეუღლესთან ბ---------------------–ისთან ერთად დაბრუნდა სახლში. მეუღლემ, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სცემა ხელებითა და წიხლით სხეულის სხვადასხვა არეში. ფიზიკური ძალადობის გამო განიცადა ძლიერი ტკივილი. დახმარების მიზნით დაურეკა მეუღლის დედას ზ----- ბ---------ს, რომელმაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციამ სახლში დააკავა ბ---------------------–ი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გარკვეული კონტექსტი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან: ,,2019 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, სახლში მისვლის შემდგომ, ბ---------------------–ი ჩემს მიმართ გახდა აგრესიული, დამიწყო გინება და უაზრო ეჭვიანობები, ამ დროს ვიმყოფებოდით ჩვენს საძინებელ ოთახში, ვთხოვე მას, რომ დაწყნარებულიყო და დაეძინა, მაგრამ ჩემს თხოვნაზე იგი გახდა უფრო აგრესიული, დამიყვირა შენ მე ვერ მასწავლი როგორ უნდა მოვიქცეო, მომვარდა და სახეში მარცხენა ლოყაში დამარტყა გაშლილი ხელი, რის შემდგომაც გაშლილი ხელი ჩამარტყა თავის არეში მარცხენა მხარეს. მიღებული დარტყმების შედეგად გაწითლებული მაქვს მარცხენა ლოყა და ორივე დარტყმის მიღების შემდეგ განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ------ ო---–-ს ვთხოვდი შეეწყვიტა ჩემინცემა, მაგრამ იგი იყო ძალიან აგრესიული და არ ესმოდა არაფერი, ბ---------------------–იმ წამაქცია და დამარტყა ფეხი თავში მარჯვენა მხარეს, აღნიშნული დარტყმის მიღების შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი.“ დაზარალებულმა დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის სისწორე.

მოწმე ზ----- ბ---------ის ზეპირი ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ნოემბერს, გვიან ღამით დაურეკა შვილის - ბ---------------------–ის მეუღლემ ე-----ი ბ---------მა, უთხრა, რომ მეუღლე იქცეოდა არაადეკვატურად და სთხოვა დახმარება. იმის გამო, რომ ბ---------------------–ი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ზ----- ბ---------ს შეეშინდა ბრალდებულს მეუღლისთვის რამე რომ არ დაეშავებინა, ამიტომ სასწრაფოდ დარეკა ,,112“-ში და გამოიძახა პოლიცია. მოწმის ჩვენებით, ბ---------------------–ი როდესაც სვამს ალკოჰოლს და იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს, ქმნის პრობლემებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა მოწმე ზ----- ბ---------ის გამოკითხვის ოქმის გარკვეული კონტექსტი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან: ,,ბ------ ზ----- ო---–- ქორწილში დათვრა ძალიან, რის გამოც იგი თავის მეუღლესთან ე-----ი ბ---------თან ერთად ღამის დაახლოებით თორმეტი საათისთვის წავიდა ქორწილიდან სახლში, მათი წასვლის შემდგომ დაახლოებით საათნახევარში ჩემს მობილურ ტელეფონზე დარეკა ჩემმა რძალმა ე-----ი ბ---------მა, რომელმაც მითხრა, რომ ზ------ ბ------ ო---–- სცემდა მას, ტელეფონზე ე-----ი ბ---------ი მთხოვდა შველას და მთხოვდა სახლში დროულად მისვლას, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი მამაკაცები იყვნენ მთვრალები, არ მინდოდა რამე მომხდარიყო, ეგრევე დავრეკე ,,112-ზე" და ოპერატორს განვუმარტე, რომ თ---–--–-----–-–------------------–----------------ში ჩემს შვილს და ჩემს რძალს შორის იყო ოჯახური კონფლიქტი და ვთხოვე აღნიშნულ მისამართზე ეკიპაჟის მისვლა.“ მოწმემ დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის სისწორე.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომაზე გამოკვლეული - დაზარალებულ - ე----- ბ---------ის, მოწმე - ზ----- ბ---------ის და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ - ე----- ბ---------ის, მოწმე - ზ----- ბ---------ის ჩვენებებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: უ---------------------–--------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, პაციენტ ე----- ბ---------ის სამედიცინო ბარათით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დაკავებული პირის ალკოტესტით შემოწმების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ---------------------–იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით.

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბ---------------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულის ზეპირი განმარტების თანახმად, შეურიგდა მოძალადეს და პრეტენზია არ გააჩნია.

ბ---------------------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით, ბ---------------------–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისულების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, ბ---------------------–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის მიხედვით, ბ---------------------–ის ჯარიმა გადახდილი არ აქვს და ირიცხება მოვალეთა რეესტრში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.

სააღსრულებო ბიუროს წერილითა და ბ---------------------–ის განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა გადახდილი არ არის, ამდენად, ბ---------------------–ი არის ნასამართლევი პირი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა ბ---------------------–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის სახის, ზომის და მოხდის წესის განსაზღვრისას, დანაშაულის რეციდივთან ერთად, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, ბ---------------------–ის სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომლიც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის. შესაბამისად, ბ---------------------–ის მიმართ დანიშნულმა ნაკლებად მკაცრი სახის არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მის მიმართ სასჯელის მიზნის განხორციელება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ნასამართლობების გათვალისწინებით არ არსებობს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი.

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, თუ ისინი უკვე არ წარმოადგენენ დანაშულის შემადგენლობის ნაწილს, შეიძლება, შიდა კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების თანახმად, მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც დამამძიმებელი გარემოებები ამ კონვენციით დადგენილი დანაშაულის მიმართ განაჩენის განსაზღვრის დროს:

ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მსჯავრდებულ ბ---------------------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არასწორად მიუთითა განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ხერხზე (ინტესნიური მრავალჯერადი დარტყმა), რადგან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი თავისთავად ითვალისწინებს ადამიანის სხეულზე ფიზიკურ ზემოქმედებას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ფიზიკური ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ წარმოადგენს საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელიც სასამართლომ კონკრეტული პირისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მიიღოს მხედველობაში. ამ გარემოებათაგან მნიშვნელოვანია დამნაშავის მიერ განხორციელებული ქმედების სახე და ხერხი. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულ ე----- ბ---------ის ჩვენებით ირკვევა მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა როგორც ხელებით, ასევე წიხლით სხეულის სხვადასხვა არეში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად ბ------ ზ----- ო---–-მ აღიარა რა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, იგი რეალურად დაეთანხმა ბრალდების ფორმულირებას, რომლის თანახმადაც მან დაზარალებულს როგორც ხელები, ასევე ფეხებიც დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა აღნიშნულს, მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ხასიათის ქმედება ერთმნიშვნელოვნად ატარებდა დაუნდობელ ხასიათს და გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით. მით უფრო თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დადგენილ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, უკიდურესად აგრესიული და ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას. აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემობა, რომ ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს ბ---------------------–ის მსხვერპლი სთხოვდა შეეწყვიტა მისი ცემა, თუმცა მსჯავრდებულს თხოვნა არ ესმოდა და განაგრძობდა დაზარალებულისათვის დატყმების მიყენებას, რის შემდეგაც დაზარალებული იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა ზ----- ბ---------ისთვის.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადვოკატის მიერ ბ---------------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ და კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი შვილი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პასუხიმსგებლობის მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებები, ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. თავდაპირველად პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი და არა ყველა მტკიცებულება. იგულისხმება ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მთავარი მოწმე დაზარალებული ე----- ბ---------ი და მოწმე ზ----- ბ---------ი. გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ბ---------------------–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათთან და დამნაშავესთან. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ ბ---------------------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები და მის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების, რეციდივის, გათვალისწინებით, სასჯელის სახით დაუნიშნა შესაბამისი მუხლის სანქციის გათვალისწინებული მინიმუმი. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ ბ---------------------–ის პიროვნულ მახასიათებელს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ იგი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის არასაპატიმრო სასჯელების (ერთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. პირობითი მსჯავრისს ქვეშ მყოფმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მეორე განაჩენით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა (რომელიც არ აქვს გადახდილი) და პირობითი მსჯავრი) დანიშვნა არ აღმოჩნდა ეფექტური, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას. ამავე გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ---------------------–ის მიმართ არ უნდა გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება, - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოება.

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, მსჯავრდებულის წარსული არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ---------------------–ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ბ---------------------–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის და ჯარიმის - 2000 ლარის ოდენობით დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ბ---------------------–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი ბ---------------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ---------------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ---------------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი ბ---------------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ბ---------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და ბ---------------------–ის საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ ბ---------------------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი: 2019 წლის 28 ნოემბრიდან - 2019 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ---------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე: მაკა გველესიანი