განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
020210019002888393
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210019002888393

საქმე №2/ბ-18-2020

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 2020 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ლ-–- ტ-------

მოწინააღმდეგე მხარე შპს „ა---------“

წარმომადგენელი ნ--- ფ---–---–---, დირექტორი-მ----- მ----ა

 

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს "ა---------"-ს მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საქართველოს პრეზიდენტის 30.12.2008 წლის #9-- განკარგულების შესაბამისად, ქ. ზუგდიდში, ნ-----–--ის ქ. #-–ში მდებარე 8573,5 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 150000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა შპს ,,ა--------ს“ და საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა: ა) თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში, ბ) საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის ა---------სა და გასართობი დასასვენებელი კომპლექსის აშენება 2012 წლის ბოლომდე, გ) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არა ნაკლებ 4000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნულის საფუძველზე 31.12.2008 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ა--------ს“ შორის სანოტარო წესით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შემძენის მიერ ვალდებულებების (რაც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია იგივე გადატანილია ხელშეკრულების 2.1. პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში) დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 5000 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა განმარტებით ამ ხელშეკრულების რამდენიმე ეგზემპლარში ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია მინაწერი, რომ შესწორდა პირგასამტეხლოს ოდენობა და ის განისაზღვრა 50 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2.2. შპს ა--------ს 31.12.2008 წ. ხელშეკრულებით (პუნქტი 2.1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები) ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. მოპასუხეს მიეცა დამატებითი ვადა 60 დღე ვალდებულების შესასრულებლად თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა გაიანგარიშა 5000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილებული დღეები დათვლილია 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე. შესაბამისად, დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 3 373 000 ლარი (2X365+16=746 დღე, 746 დღე X 5000 ლარზე = 3 373 000 ლარს). 2.3. მოსარჩელეს აღნიშნული პირგასამტეხლოს (იმავე ოდენობით 3 373 000 ლარის ოდენობით) დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი ადრეც, თუმცა მისივე განცხადებით სარჩელის გამოხმობის გამო 25.06.2015 წ ეს სარჩელი დარჩა განუხილველი. განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.07.2015 წ. გადაწყვეტილებით, მოიშალა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) და შპს ,,ა--------ს“ შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე, 129–ე, 130–ე, 137–ე, 138–ე, 139–ე, 140–ე, 141– ე, 144–ე მუხლები. 2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლის პირველ ნაწილზე, 129–ე, 130–ე, 137–ე, 138–ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებზე და განმარტა: აღნიშნული ნორმების დათქმა ცხადჰყოფს, რომ სარჩელის შეტანა არ გამოიწვევს ვადის შეწყვეტას თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი 6 თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დღიდან. პირველი სარჩელი შეტანილია 16.01.2015 წ. სარჩელი განუხილველი დარჩა 25.06.2015 წ., ახალი სარჩელი წარდგენილია 11.03.2019 წ (ე.ი. 6 თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში არ შეწყვეტილა და მისი ათვლა თავიდან არ დაიწყება, ის უნდა დაიწყოს შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან – მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 6 იანვრიდან, ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2013 წლის 3 იანვრიდან, ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 1 ივლისიდან. ამდენად, ამ ვალდებულებებისთვის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები გავიდა 2.1. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 6 იანვარს, ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2019 წლის 3 იანვარს, ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 1 ივლისს. 2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144–ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2008 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის N9-- განკარგულებით ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 8573,5 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 43.33.00.221) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა შპს "ა--------ს" 150000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. 2008 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "ა--------ს" შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რასაც საფუძვლად დაედო 30.12.2008 წლის საქართველოს პრეზიდენტის N9-- განკარგულება. მყიდველი ვალდებული იყო ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება: ა) დროულად გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა; ბ) მყიდველს დაევალა საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის აკვაპარკისა და სავაჭრო, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის აშენება 2012 წლის ბოლომდე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არანაკლებ 400 0000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. შემდგომ შპს "ა--------ს" წერილობით ეცნობა, რომ მისი მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, რაც დასტურდებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 01.11.2014 წლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით. შპს "ა--------ს" დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 60 დღიანი დამატებითი ვადა შესაბამისი განმარტებით. 3.2. 2008 წლის 31 დეკემბერს გამგეობასა და შპს "ა--------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2.2 ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს დააკისრებს პირგასამტეხლოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს "ა---------ს" მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი აღნიშნული ვალდებულებები, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5000 ლარი ანუ 2012 წლიდან 2015 წლის 16 იანვრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტაზე სარჩელის წარდგენის დღემდე შეადგინა 2X365+16=746X5000=3730000) 3730000 (სამი მილიონ შვიდას ოცდაათი ათასი) ლარი. 3.3. 2008 წლის 31 დეკემბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს "ა--------ს" შორის უკვე დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე, სანოტარო აქტის გაფორმებიდან მერვე დღეს ნოტარიუსის მიერ განხორციელდა ცვლილება და გაკეთდა მინაწერი სანოტარო აქტის რეგისტრაციის 1-14784 ფურცელზე, რომლითაც პირგასამტეხლო ნაცვლად 5000 (ხუთი ათასი) ლარისა ჩანაცვლდა 50 (ორმოცდაათი) ლარით, რაც ეწინააღმდეგება "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის მოთხოვნებს. კერძოდ, ინსტრუქციის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით: "ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის, დაინტერესებული პირის მოთხოვით, ან საკუთარი ინიციატივით, სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის შინაარსის არსებით შეცვლას". აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეების მიერ განხორციელებული ცვლილება არ არის ვალიდური, თან აღნიშნული ცვლილების განხორციელება საჭიროებდა ზუგდიდის გამგებლის თანხმობას. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით სარჩელის მოთხოვნის ნაწილში განუხილვეად დატოვების შესახებ მხარეს არ ერთმევა უფლება კვლავ აღძრას იგივე სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის შესაბამისად "სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება", სარჩელის აღძვრა შეიძლება მოხდეს საერთო წესის დაცვით, რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, სარჩელის განუხილველად დატოვებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა არ ხდება. ამის შესახებ მითითებულია აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც სარჩელის შეტანა, მიუხედავად 139-ე მუხლის დანაწესისა, არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და ვადა საერთო წესით განაგრძნობს დენას, აღნიშნულ შემთხვევას განეკუთვნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის განუხილველად დატოვება (სს კომენტარები), ხოლო 278-ე მუხლის შესაბამისად იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დიანტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

 

3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად: მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოდ განსაზღვრული თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და შპს "აკვაპარს" შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. 4.2. ამ ხელშეკრულებით შპს შპს "ა--------მა" იკისრა ვალდებულება ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება: ა) დროულად გადაეხადა საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა; ბ) მყიდველს დაევალა საპრივატიზებო ქონებაზე თანამედროვე ტიპის აკვაპარკისა და სავაჭრო, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის აშენება 2012 წლის ბოლომდე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ არანაკლებ 400 0000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 5000 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა განმარტებით ამ ხელშეკრულების რამდენიმე ეგზემპლარში ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია მინაწერი, რომ შესწორდა პირგასამტეხლოს ოდენობა და ის განისაზღვრა 50 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.3. დადგენილია, რომ შპს ა--------მა 31.12.2008 წ ხელშეკრულებით (პუნქტი 2.1 ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები) ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მოპასუხემ არც დამატებითი ვადის (60 დღე) განმავლობაში შეასრულა ვალდებულება. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა გაიანგარიშა 5000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე) და დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 3 373 000 ლარი. 4.4. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 3 373 000 ლარის ოდენობით დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრული ჰქონდა უფრო ადრეც, თუმცა მისივე განცხადებით სარჩელის გამოხმობის გამო 25.06.2015 წ. ეს სარჩელი განუხილველი დარჩა (ტ.1, ს.ფ.32-34). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.07.2015 წ. გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ.45-63) მოიშალა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას (ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) და შპს ა--------ს შორის 2008 წლის 31 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული განჩინება და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 4.5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 11 მარტს განმეორებით აღძრა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და შპს ა---------სთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 3730000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეებს შორის 31.12.2008 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც იმავე ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობაა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 129–ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.8. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოქმედებს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138–ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141–ე მუხლით თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. 4.12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი სარჩელი წარდგენილია 2015 წლის 16 იანვარს. სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა 2015 წლის 25 ივნისს. პირგასამტეხლოს მოთხოვნით ახალი სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილია 2019 წლის 11 მარტს (პირველი სარჩელის წარდგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ). ამ გარემოებამ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის შეჩერებაზე გავლენა ვერ მოახდინა, ხანდაზმულობის ვადა მოცემულ შემთხვევაში არ შეწყვეტილა, მისი ათვლის თავიდან დაწყებისთვის ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. 4.13. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია რომ, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან. მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 6 იანვრიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 დღე), ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2013 წლის 3 იანვრიდან (ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე), ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2009 წლის 1 ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ). ანუ, ცხადია, რომ სახეზეა სასარჩელო ხანდაზმულობა. 4.14. პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულებების შესრულების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები გავიდა 2.1. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 6 იანვარს, ,,ბ“ ქვეპუნქტისთვის 2019 წლის 3 იანვარს, ,,გ“ ქვეპუნქტისთვის 2015 წლის 1 ივლისს. პირველი სარჩელის წარდგენით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა, ვინაიდან სარჩელი, იმავე მოთხოვნით, 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 11 მარტს არის განმეორებით წარდგენილი.

4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. 4.16 იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გადასინჯვისას, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დასაბუთებული და კანონიერია, მსჯელობა გადაწყვეტილების დასაბუთების შეცვლის თაობაზე კანონიერ საფუძველს მოკლებულია. დავის საგნის ფარგლებს გარეთ წამოჭრილ საკითხებს ესაჭიროება შესაბამისი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა სხვა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ საქმის განხილვის ფარგლებში წამოჭრილი საკითხები სცილდება ამ საქმის განხილვის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისიინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე