განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003163552
საქმე #1ბ/464-20
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------------–---–ის - დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, დასაოჯახებლის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ---–--–-, გ-–-------------------, კ------------, ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ა------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - თ----------------იას მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივლისს, საღამოს საათებში, თ---–--–-, გ-–-------------------, კ-------------ში მდებარე ბინა #---ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი დედის - თ----------------იას მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც თ----------------იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - შ-------------–---–ის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივლისს, დილის საათებში, თ---–--–-, გ-–-------------------, კ-------------ში მდებარე ბინა #---ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი ძმის - შ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს ხელი რამდენჯერმე დაარტყა მხარზე, რის შედეგადაც შ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი - ა--------------–---–ის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ივლისს, საღამოს საათებში, თ---–--–-, გ-–-------------------, კ-------------ში მდებარე ბინა #---ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი ძმის - ა--------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა თავის მიდამოში, რის შედეგადაც ა--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - თ----------------იას მიმართ) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - შ-------------–---–ის მიმართ) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი - ა--------------–---–ის მიმართ) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კერძოდ, ა------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სამივე ეპიზოდში), შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებათა და მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. აპელანტის მითითებით, ა------------–---–ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ თ----------------იას შეტყობინებით, რომლის თანახმად, ა------------–---–ი სისტემატურად ძალადობდა მასზე, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. ა------------–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გამოძიების დაწყების შემდეგ მოწმის სახით გამოკითხვის დროს დაადასტურეს, ასევე, დაზარალებულებმა - ა------ და შ-------------–---–ებმაც. აპელანტს საყურადღებოდ მიაჩნია საქმის გამომძიებელ ი-----–------ას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ გამოკითხვისას დაზარალებულებს აშკარად ეტყობოდათ ფიზიკური ძალადობის ემოციური კვალი. აპელანტი მიუთითებს მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის - ლ-–----------ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა და გამოკვლეულ ნივთიერ მტკიცებულებებზე, რომლებზეც დადასტურდა დაზიანებების არსებობა. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი ვერ იქნება დადგენილი. აღნიშნულთან მიმართებაში მაგალითად მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აპელანტის მოსაზრებით, დაზარალებულების ქმედებები წარმოადგენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ზუსტად ასეთმა მდგომარეობამ განაპირობა დაზარალებულების მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. აპელანტის მოსაზრებით, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისათვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც, ასევე, პირველწყაროს მნიშვნელობას ანიჭებს გამომძიებლების, ექსპერტების ჩვენებებს და ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები. აღნიშნულთან მიმართებით მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენებების გამოყენება არ იწვევს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, თუ არსებობს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების, ჩვენებაზე უარის თქმის მნიშვნელოვანი მიზეზი ანდა ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. აპელანტი მიუთითებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტზე, რომელიც, ასევე, გულისხმობს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ დაზარალებულის შეტყობინება, გამომძიებლისა და ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციები განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან აშკარად მიუთითებენ ა------------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულის მაგალითად მოჰყავს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების 26-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად, დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა არ იწვევს ეჭვს და შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს სანდო წყაროდ. მაგალითად, თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტის მიერ მიცემული ინფორმაცია და სხვა. კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს. აპელანტს მიაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაციითა და მტკიცებულებებით, რაც შესაბამისად უტყუარად ადასტურებს ა------------–---–ის ბრალეულობას. მოცემული შემთხვევის ანალოგიურ მაგალითად ასახელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას #485აპ-18, რომლის თანახმად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამომძიებელთა ჩვენებები და მესამე პირთა ჩვენებები, რომლებიც მსხვერპლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნენ სასამართლოში ჩვენების მიცემისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს ა------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ ა------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ-----------ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------- საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ა------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე, საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; #37801/97; §34; ასევე, Van de Hurk v. the Netherlands, #16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, §30).
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა შემდეგი:
ა------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
დაზარალებულმა თ----------------იამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
დაზარალებულმა შ-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - ძმის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
დაზარალებულმა ა--------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - ძმის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
მოწმე ი-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
გამომძიებელმა ი-----–------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 14 ივლისს პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე თ----------------იამ, რომელიც აცხადებდა, რომ მისი შვილი ა------------–---–ი ძალადობდა მასზე. ამავე დღეს თ----------------იამ გამოკითხვისას მიუთითა, რომ ა------------–---–ი თავის ორ ძმაზე - ა------ და შ-------------–---–ებზეც ძალადობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომელზეც ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურა მათი ავთენტურობა.
მოწმეებმა - დ-------------–---–მა, დ------–--------ემ და ლ-–----------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2019 წლის 14 ივლისის #------- განცხადებით დასტურდება, რომ თ----------------იამ მიმართა გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას და მიუთითა, რომ მისი შვილი ა------------–---–ი მასზე სისტემატურად ძალადობდა.
2019 წლის 15 ივლისის ბინის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა თ---–--–-, გ-–-------------------, კ------------, ბინა #--, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ერთი ზეწარი, ერთი ბალიშის პირი და ერთი დანა. აღნიშნული ნივთები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
#------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს მამის - ი-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი.
#------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს დედის - თ----------------იას მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი.
#------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს ძმის - შ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი.
#------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს ძმის - ა--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ‘‘ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ და მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ა------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქმეში წარმოდგენილია გამოძიების ეტაპზე, კერძოდ, აპელანტის მითითებას, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ მოწმის სახით გამოკითხულმა პირებმა, დაზარალებულებმა - თ----------------იამ, ა------ და შ-------------–---–ებმა დაადასტურეს ა------------–---–ის მიერ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს გამოძიების ეტაპზე მათ მიერ მიცემული ინფორმაცია, რადგან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ - მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. აღნიშნული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის იმპერატიულ ელემენტს წარმოადგენს განხორციელებული ქმედება და კონკრეტული დამდგარი შედეგი - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ა------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების როგორც ჩადენის ფაქტს, ასევე, ჩადენილი ქმედებების შედეგად დამდგარ კონკრეტულ შედეგს - ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს, რაც დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებია. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში ა------------–---–ის მიმართ არ წარმოდგენილა არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ირიბი მტკიცებულებების გამოყენება უნდა მოხდეს პირდაპირი მტკიცებულებების თანაბარმნიშვნელოვნად. აპელანტის მითითება, რომ დაზარალებულები არიან დაშინებულები, რის გამოც უარი თქვეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს და არ დასტურდება არაფრით. საყურადღებოა, რომ, გარდა დაზარალებულებისა, ოჯახის წევრის მიმართ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, ასევე, მოწმე ი-------------–---–მა, გამართლებულის მამამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. შესაბამისად, დაზარალებულებმა - თ----------------იამ, ა------ და შ-------------–---–ებმა, მოწმე ი-------------–---–მა კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის - ა------------–---–ის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელ ი-----–------ასა და ექსპერტ ლ-–----------ის ჩვენებები განხილულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულებები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს და დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, რადგან ოჯახურ დანაშაულთა უმეტესობა ჩაკეტილ სივრცეში ხდება, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გარემოება არ იძლევა არც იმის შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებების შეფასება მოხდეს ნაკლები სტანდარტით, ვიდრე ეს საჭიროა პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის ბარიერის გადასალახად და, მტკიცებულებების არარსებობის ან არასაკმარისობის პირობებში, ბრალდებულის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ა------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები კი ასეთ სტანდარტს ვერ ქმნიან.
დაზარალებულ თ----------------იას 2019 წლის 14 ივლისით დათარიღებული განცხადება, რომელზეც აპელირებს საჩივრის ავტორი არის ძალიან ზოგადი და მასში მითითებულია მის მიმართ შვილის - ა------------–---–ის მხრიდან სისტემატური ძალადობის თაობაზე, თუმცა არ არის დაკონკრეტებული არც ძალადობრივი ქმედებების ჩადენის თარიღი და არც კონკრეტული ქმედება, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა.
ექსპერტმა ლ-–----------მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა დაზიანებული ბალიშის პირი და ზეწარი, თუმცა აღნიშნული მოწმის ჩვენებით არ დასტურდება, თუ რა ვითარებაში მოხდა მათი დაზიანება. ამასთან, მოწმის ჩვენებით, მათი ამოღება მოხდა გამომძიებლის მითითებით და მათი გადაწყვეტილებით და არა დაზარალებულ თ----------------იას მითითებით, როგორც ეს სააპელაციო საჩივარშია აღნიშნული. გარდა ამისა, მოწმის ჩვენებით, ასევე, დასტურდება ბინიდან დანის ამოღების ფაქტი, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც ა------------–---–ს ბრალი არ ედება ძალადობაში დანის გამოყენებით, ასევე, არ ედება ბრალი დაზარალებულთა მიმართ მუქარის განხორციელებაში დანის გამოყენებით, სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია, ა------------–---–ის მიმართ რომელი კონკრეტული ბრალად შერაცხული ძალადობის ფაქტი დასტურდება მითითებული ნივთების ამოღებით და, შესაბამისად, მოწმე ლ-–----------ის ჩვენებით, მაშინ, როდესაც ა------------–---–ს ბრალი წარედგინა დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, რაც გამოიხატა თქმის მოქაჩვით, ხოლო ძმების მიმართ - თავისა და მხარის არეში ხელის დარტყმით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, აპელანტის განმარტებაზე, რომ არ შეიძლება დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით შეიზღუდოს მის მიერ საგამოძიებო მოქმედების დროს მიცემული ინფორმაციის გამოყენება, კერძოდ, აპელირებს ბინის დათვალიერებისას დაზარალებულ თ----------------იას მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ ა------------–---–ი სახლში ახორციელებდა ამოღებული დანით დემონსტრირებას, აღნიშნული განმარტება კი, დანის დემონსტრირება - თავისთავად არ ადასტურებს ა------------–---–ის მიერ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ფაქტს, მით უფრო, მაშინ, როდესაც, სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მას ბრალი არ ედება არც დანის დემონსტრირებით მუქარის განხორციელებაში და არც დანის გამოყენებით ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებში.
რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ, გამომძიებელ ი-----–------ას ჩვენებით, დაზარალებულებს პოლიციის განყოფილებაში ეტყობოდათ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ემოციური კვალი, პირველ რიგში, არ დასტურდება გამომძიებლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ა------------–---–ის ძმებთან მიმართებით და, მეორეც, აღნიშნული ვერ გახდება ა------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რამდენადაც 2019 წლის 12 და 14 ივლისს დაზარალებულთა მიმართ ა------------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე ბრალდების მხარის არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის #561აპ-15 განაჩენის თანახმად, ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტარდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად, მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც‘‘.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ა------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ‘‘. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე‘‘. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo‘‘, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. ამასთან, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე, მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ‘‘ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, §151, 13.12.2012, ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ‘‘ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, §48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე -საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, §76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილებები საქმეებზე - Lavents v. Latvia, §125, და Melich and Beck v. Czech Republic, §49).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ‘‘. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა‘‘, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი‘‘.
პალატა თვლის, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა დასკვნამდე, რომ ა------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სამივე ეპიზოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი ა------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი ა------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ა------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - თ----------------იას მიმართ).
ა------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი - შ-------------–---–ის მიმართ).
ა------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი - ა--------------–---–ის მიმართ).
ა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ა------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
1) ა------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, გასაღებები და ორი სანთებელა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
2) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ზეწარი, ერთი ცალი ბალიშის პირი და ერთი ცალი დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
3) შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია, 1 ცალ კომპაქტ-დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შორენა გუნცაძე