განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003277253
საქმე №1ბ/468-20
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------–-–---–ის - დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, ნასამართლევის, მცხოვრების გ----------------------------–-------------–ი - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
ა---------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (სისტემატური შეურაცხყოფა) სრულად შთანთქა თანაბარი სასჯელი და ა---------------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 ოქტომბრიდან.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა---------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
ა---------------–-–---–ი და მ--------–---–ი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში ა---------------–-–---–ი სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ--------–---–ს და ამცირებდა მას. ა---------------–-–---–ის ქმედებების გამო მ--------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2019 წლის მაისის თვეში, თ---–--–-, ჯ--------------, ბინა #--–ი, მ--------–---–ს ა---------------–-–---–მა, იმის გამო, რომ მ--------–---–ს მასთან ცხოვრება არ სურდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში და მკლავში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი. ძალადობის გამო მ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც მის მიმართ დადგენილ უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაზარალებულის განმარტება, თითქოს, ა---------------–-–---–მა მ--------–---–ი მოიტაცა 2009 წლის გაზაფხულზე და დაახლოებით ერთი თვე ცხოვრობდნენ როგორც ცოლ-ქმარი, არის სიცრუე, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა. აპელანტმა მიუთითა, რომ მ--------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ იგი 2007 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–-----------–---–თან, ხოლო მან სასამართლოს განუმარტა, რომ 2000 წლიდან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა თ------–--------ან, რომელთანაც თანაცხოვრების დროს - 2005 წლის 29 ივნისს შეეძინა შვილი ლ------------–-–--ლი. 2009 წლის 16 მაისს ა---------------–-–---–ი დააკავეს და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით. მან და თ------–-------ა ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2010 წელს. მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა სასამართლომ.
აპელანტი, ასევე, უთითებს, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს მან ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ--------–---–ს, თუმცა იგი მას ნანახი არ ჰყავდა 2019 წლის 11 ივლისიდან. ა---------------–-–---–ის განმარტებით, მ--------–---–ი მისი ოჯახის წევრი არასოდეს ყოფილა, თვეების განმავლობაში არ ნახულობდა და არც ტელეფონით ეკონტაქტებოდა, ასევე, არ აყენებდა შეურაცხყოფას. სიცრუეა, თითქოს, ა---------------–-–---–მა დაზიანება მიაყენა ვითომდა მის ყოფილ მეუღლეს 2019 წლის გაზაფხულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მიცემული ჩვენება, დაეყრდნო ცრუ მოწმის - შ----------------ის ჩვენებას და დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეუფარდა სასჯელი. მსჯავრდებული განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხულმა მ--------–---–მა განაცხადა, თითქოს, ა---------------–-–---–მა მას 2019 წლის გაზაფხულზე ყელში მოუჭირა ხელი და ახრჩობდა, დახრჩობის კვალი ეტყობოდა ყელზე, მაგრამ მას არავისთვის უჩვენებია დაზიანება, ხოლო ცრუ მოწმემ - შ----------------ემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, თითქოს, მან ნახა მ--------–---–ის დაზიანებული მკლავი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა---------------–-–---–ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორადაა დადგენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია ა---------------–-–---–ისა და მ--------–---–ის ოჯახის წევრებად აღქმის საეჭვოობაზე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს საკითხი, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახური ძალადობის სუბიექტებად. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ამ მიმართებით გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ისა და დაზარალებულ მ--------–---–ის მიჩნევა ოჯახური ძალადობის სუბიექტებად გამართლებულია როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე, აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო რეგულაციების ანალიზით. კერძოდ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახის წევრად მიჩნეულია ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. იმავე შინაარსის მატარებელია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ‘‘ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტი, რომლის თანახმად, ,,ოჯახში ძალადობა‘‘ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. აღნიშნული სამართლებრივი აქტების მხედველობაში მიღებით, ის ფაქტი, რომ ა---------------–-–---–ისა და მ--------–---–ის ურთიერთობა ექცევა ოჯახური თანაცხოვრების ფარგლებში, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მ--------–---–ისა და მოწმე შ----------------ის ჩვენებებით, ასევე, შემაკავებელი ორდერის ოქმით, რაზეც პალატას ქვემოთ ექნება მსჯელობა.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ა---------------–-–---–ის გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ მ--------–---–ისა და მოწმე შ----------------ის ცრუ ჩვენებები, თუმცა რაიმე არგუმენტზე, რაც გახდებოდა მათ სისწორეში ეჭვის შეტანისა და გაუზიარებლობის საფუძველი, მსჯავრდებულს არ მიუთითებია. დაზარალებული და მოწმე თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და თანხვედრაში არიან ერთმანეთთან, კერძოდ:
დაზარალებულ მ--------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2009 წლის გაზაფხულზე ა---------------–-–---–მა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. დაახლოებით 1 თვე ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი, და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ყოფითი პრობლემების გამო, მ--------–---–ის გადაწყვეტილებით დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდეგ ა---------------–-–---–ი წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მ--------–---–მა სხვა პირთან შექმნა ოჯახი. 2018 წელს განქორწინდა მეუღლესთან, რაც ცნობილი გახდა ა---------------–-–---–ისთვის. სწორედ ამ პერიოდიდან ბრალდებული დაჟინებით მოითხოვდა შერიგებას და თანაცხოვრების გაგრძელებას. მ--------–---–ი შერიგებაზე კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, თითქმის ყველა ასეთი უარი სრულდებოდა მისი სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით, აღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აგინებდა, როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს. აიძულებდა შეხვედრას, დაზარალებული თანხმდებოდა, რადგან უარის შემთხვევაში იცოდა, რომ დახვდებოდა სადარბაზოში ან აივნიდან შევიდოდა მასთან სახლში. იყო შემთხვევა, როდესაც ა---------------–-–---–ი დაზარალებულის აივანზე გადავიდა მის დაუკითხავად. მ--------–---–ის ჩვენებით, ა---------------–-–---–ი შერიგებას აიძულებდა გინების და მუქარის ფონზე, ეუბნებოდა, რომ შვილებს ,,ღორებივით დაუკლავდა‘‘ ან ყოფილ მეუღლეს სცემდა ბავშვების თანდასწრებით. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ეჭვიანობის ნიადაგზეც, ეუბნებოდა, რომ სახეზე დაღს დაასვამდა და მერე აღარავინ შეხედავდა. უყვებოდა, თითქოს, სიზმარში ხედავდა სიტუაციას, თუ როგორ აჰყავდა დაზარალებული ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში და იქიდან აგდებდა, იქვე ეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა სიზმარში განხორციელებული ქმედებები ცხადშიც აღესრულებინა. 2019 წლის აგვისტოს თვეში მ--------–---–მა მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზნით, პოლიციამ გამოსცა ორდერი 1 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 30 სექტემბერს, ა---------------–-–---–ი ქუჩაში დაედევნა. მ--------–---–მა თავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლით უშველა, ბრალდებული ტრანსპორტშიც აჰყვა, სთხოვდა პასუხს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. შეშინებულმა მ--------–---–მა დაურეკა მეგობარს და სთხოვა, დახვედროდა გაჩერებაზე. ტრანსპორტიდან ჩასვლის შემდეგ ა---------------–-–---–მა ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავი დაანება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში. მ--------–---–ის ჩვენებით, ა---------------–-–---–ი ამცირებდა საზოგადოებაშიც, მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო ნერვიულობდა და ტიროდა.
დაზარალებულმა, ასევე, განმარტა, რომ ა---------------–-–---–ი მუქარით, დამცირებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულებდა ქორწინებას, ეკლესიაში წასვლას და ჯვრის დაწერას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მსხვერპლი. კონტაქტის იძულების ფონზე წარმოშობილი ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, 2019 წლის მაისის თვეში, ა---------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში და მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი, რაც ეტკინა, რამდენიმე დღე ჰქონდა სილურჯეები. შიშის გამო არ მიუმართავს პოლიციისთვის. შიშის საფუძველს უქმნიდა მუდმივი მუქარა, რომ დაუხოცავდა შვილებს, მ--------–---–ის ყოფილ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდებოდა ბავშვების თანდასწრებით, პირადად მას დაამჩნევდა დაღს სახეზე, ასევე, ემუქრებოდა თვითმკვლელობით, რაც დაზარალებულს უნდა დაბრალებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც გადაიჭრა ვენები, შემდეგ ფოტო გაუგზავნა მ--------–---–ს და ეუბნებოდა, თუკი არ შეურიგდებოდა, პირს ამოიკერავდა, თავს მოიკლავდა, დაწერდა წერილს და ყველაფერს მას დააბრალებდა.
ა---------------–-–---–ისა და მ--------–---–ის ერთობლივი თანაცხოვრების დადასტურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოწმე შ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი მეგობრობს მ--------–---–თან, იცნობს ა---------------–-–---–საც. ორივე ამ პირის მხრიდან იცოდა, რომ წარსულში ა---------------–-–---–მა მოიტაცა მ--------–---–ი და დაახლოებით 1 თვე ცხოვრობდნენ ერთად. დაშორების შემდეგ მ--------–---–ი სხვა პირზე დაქორწინდა. მეუღლესთან განქორწინების შემდეგ კვლავ გამოჩნდა ა---------------–-–---–ი, რომელიც დაზარალებულს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თანაცხოვრებას. მ--------–---–ი იყო თანაცხოვრების წინააღმდეგი, რაზეც ბრალდებული ბრაზდებოდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის შემოდგომაზე დაურეკა მ--------–---–მა აკანკალებული ხმით და უთხრა, რომ ტრანსპორტში მასთან ერთად იმყოფებოდა ა---------------–-–---–იც. იგი დახვდა მეგობარს გაჩერებაზე, ტრანსპორტიდან ჩამოვიდა მ--------–---–ი, რომელიც იყო აღელვებული, მას ჩამოჰყვა ა---------------–-–---–ი და ქუჩაში, მისი თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე მ--------–---–ის მკლავზე შენიშნა სილურჯე. როდესაც მეგობარს ჰკითხა მკლავზე არსებული დაზიანების წარმოშობა, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა ა---------------–-–---–მა.
გამომძიებელ ი-----–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ, შეტყობინების საფუძველზე, 2019 წლის 30 სექტემბერს დაიწყო გამოძიება, იგი გაესაუბრა შეტყობინების ინიციატორ მ--------–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს ა---------------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. წარსულშიც, თვეში რამდენჯერმე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გასაუბრების ოქმის შინაარსის სისწორე ხელმოწერით დადასტურებულ იქნა გამომძიებლის და მ--------–---–ის მიერ.
2019 წლის 30 სექტემბერს შედგენილი #------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მ--------–---–ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ა---------------–-–---–ს - მოძალადის. ორდერი გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. მსხვერპლისა და მოძალადის კავშირად დაფიქსირდა ყოფილი მეუღლეები. ორდერს ხელს აწერენ მსხვერპლიც და მოძალადეც, ყოველგვარი შენიშვნის გარეშე, რითაც სხვა გარემოებებთან ერთად ადასტურებენ ყოფილი ცოლ-ქმრის სტატუსს. ა---------------–-–---–ს შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია. შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ ა---------------–-–---–მა მ--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა იყო ფსიქოლოგიური. ძალადობა განხორციელდა მოწმის - შ----------------ის თანდასწრებით. 2018 წლის დეკემბრის თვიდან, თვეში რამდენჯერმე, მოძალადე მსხვერპლს დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებით. ეკონტაქტება სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის საშუალებით, რა დროსაც აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია მ--------–---–ის ხელმოწერით.
მსჯავრდებული სააპელაციო საჩივარში თავადაც არ უარყოფს 2019 წლის 30 სექტემბერს დაზარალებულ მ--------–---–ისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ იგი ნანახი არ ჰყავდა 2019 წლის 11 ივლისიდან. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს იმის დასადასტურებლად, რომ სისტემატურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება უთითებს ა---------------–-–---–ის მხრიდან შეურაცხყოფის სისტემატურობაზე. კერძოდ, დაზარალებულ მ--------–---–ისა და მოწმე შ----------------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ა---------------–-–---–ი სისტემატურად, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე, დაჟინებით მოითხოვდა შერიგებას და თანაცხოვრების გაგრძელებას. მ--------–---–ი შერიგებაზე კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, თითქმის ყველა ასეთი უარი სრულდებოდა მისი სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით, აღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აგინებდა, როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს.
საქმეზე წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ მ--------–---–მა ა---------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებელი პირი იყო ძალიან შეშინებული, კლინიკური საუბრისას შიშისგან კანკალებდა. ექსპერტის ჩვენებით, დასკვნის შედეგი კუმულაციურად დადგა სამი კომპონენტის ურთიერთთანხვედრით, ეს კომპონენტები იყო სისხლის სამართლის საქმის მასალები, კლინიკური საუბარი შესამოწმებელ პირთან და ფსიქოლოგიურ-ექსპერიმენტული კვლევა.
2019 წლის გაზაფხულზე ა---------------–-–---–ის მხრიდან მ--------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის განხორციელების დასტურად, გარდა თავად დაზარალებულისა და მოწმე შ----------------ის ჩვენებებისა, ინფორმატიულია შემაკავებელი ორდერის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ა---------------–-–---–ი ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე, კერძოდ, 2019 წლის გაზაფხულზე, ყელში და მკლავში მოუჭირა ხელები. პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური ძალადობის შესახებ დაზარალებულს მაშინვე არავისთვის უცნობებია. პალატა ამ მიმართებითაც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მსხვერპლის ასეთი ქცევა დამახასიათებელია ოჯახური კატეგორიის დანაშაულებისათვის. ხშირად, დაზარალებულები მოძალადის შიშით არ ააშკარავებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და სამართლდამცავ ორგანოებს მიმართავენ, როგორც ხსნის უკანასკნელ გზას. მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ დაზარალებული მ--------–---–ი შეშინებული იყო მოძალადის მიერ, დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებით. მ--------–---–ის ხშირი განერვიულების შესახებ, ასევე, მიუთითა მოწმე შ----------------ემაც. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილის სისწორე, სადაც ის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ მას მაშინვე არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე, ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია. ისინი, ასევე, გამყარებულია, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას საკმარისად მიაჩნია ა---------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაუდენია მ--------–---–ის სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და ძალადობა და რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება დაზარალებულისა და მოწმის ცრუ ჩვენებებს, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა.
ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ, მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის მიერ განხორციელებული დანაშულის ხასიათი და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოჯახში ძალადობა აღიარებულია, როგორც ძალადობის გამოვლინების ყველაზე ფარული და საშიში ფორმა, რადგან ხდება ოჯახში, ჩაკეტილ წრეში, რომლის გარღვევა ხშირად სახელმწიფოსთვისაც შეუძლებელია.
პალატა განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც ჩადენილია სამჯერ მაინც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, ხოლო დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.
დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვნება. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით.
თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლის თანახმადაც, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ‘‘ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი აპელანტის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ ა---------------–-–---–ს არ განუხორციელებია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ა---------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა---------------–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას, ისე - მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ა---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (სისტემატური შეურაცხყოფა) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ა---------------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა---------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 ლის 2 ოქტომბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე