განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.04.2020
საქმის ნომერი
330210116001402937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001402937

საქმე N2ბ/3622-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - გელა ქირია

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტები (მოპასუხეები) - შპს „დ-----------ი“, დ----- მ-----–-–---–ი, გ-------– ბ--------ე

წარმომადგენელი - ზ------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი----- ა--------–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–-------------

 

მოპასუხე თავდაპირველ სარჩელზე - ლ---- ლ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, გაუნაწილებელი მოგების გადახდა, დირექტორის გათავისუფლება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ი----- ა--------–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - შპს „დ-----------ის“, დ----- მ-----–-–---–ის, გ-------– ბ--------ის, ლ---- ლ---------ის მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხეებს შპს „დ-----------ს“, დ----- მ-----–-–---–ს და ლ---- ლ---------ეს ი----- ა--------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 668 757 ლარი, კერძოდ:

- შპს „დ-----------ის’’ 2015 წლიდან მიუღებელი სუფთა მოგების თანხა - 80 757 ლარი;

- საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, დ----- მ-----–-–---–ის მიერ შპს „დ-----------ის’’ უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვით დაკარგული ქონების ღირებულება - 245 000 ლარი;

- იურისტისთვის, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, ხელფასის სახით 3 000 ლარის განსაზღვრის შედეგად საწარმოსათვის მიყენებული ზიანის, ჯამში 36 000 ლარის ანაზღაურება;

- ასევე, ბუღალტრისათვის 1600 ლარის ოდენობით ხელფასის განსაზღვრის შედეგად, საწარმოსათვის მიყენებული ზიანის, ჯამში - 19 200 ლარის ანაზღაურება;

- იჯარის სახით გადახდილი თანხის, 45 000 ლარის ანაზღაურება;

- დ----- მ-----–-–---–ის მიერ საწარმოს კუთვნილი 89 000 აშშ დოლარის სარგებლობითა და 55 თვის განმავლობაში, პროცენტის სახით 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტის მიღების გამო, მთლიანობაში 187 200 ლარის ანაზღაურება;

- შპს „დ-----------ის“ მომხმარებლების სხვა ორგანიზაციაში გადაყვანით წარმოშობილი ზიანის, ჯამში 46 800 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, შპს „დ-----------ის“ დირექტორის პოზიციიდან გ-------– ბ--------ის გათავისუფლება.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ. 140-162)

 

2. ი----- ა--------–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

 

2.1. მოსარჩელის განმარტებით, ის და დ----- მ-----–-–---–ი შპს „დ-----------ის“ 50%-50% წილის მფლობელი პარტნიორები არიან. კომპანიის პარტნიორი დ----- მ-----–-–---–ი არ ასრულებს საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და პირადი მიზნებისთვის პერმანენტულად ზიანს აყენებს საზოგადოებას. კერძოდ, დ----- მ-----–-–---–მა, კომპანიის დირექტორს გ-------– ბ--------ეს, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ არ შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ეს უფლებამოსილება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, მინდობილობით, გადასცა ლ---- ლ---------ეს 2015 წლის 26 ნოემბერს.

 

2.2. 2015 წლის 6 აპრილის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, გ-------– ბ--------ე შპს ,,დ-----------ის’’ დირექტორად დანიშნული იყო 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით. გ-------– ბ--------ემ ლ---- ლ---------ეს 2015 წლის 26 ნოემბერს მინდობილობით მიანიჭა შპს ,,დ-----------ის’’ წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის უფლება. ასევე გ-------– ბ--------ემ 2016 წლის 1 მარტს დ----- მ-----–-–---–ს მინდობილობით მიანიჭა შპს ,,დ-----------ის’’ წარმომადგენლობის და ხელმძღვანელობის უფლება.

 

2.3. მოსარჩელის მტკიცებით, გ. ბ--------ე არასათანადოდ ასრულებს დირექტორის უფლება-მოვალეობას, რითიც ზიანი ადგება კომპანიას. მან მინდობილობით გადაანდო დირექტორის უფლებამოსილება ისეთ პირებს, რომლებიც შპს ,,დ-----------ის’’ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, შესაბამისად მათთან ერთად ბრალეულია იმ ზიანისათვის, რაც მიადგა კომპანიასა და უშუალოდ მოსარჩელეს.

 

2.4. შპს „დ-----------ის’’ 19.03.2016წ; 31.03.2016წ. და 09.06.2017წ. პარტნიორთა კრებების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო გ-------– ბ--------ისათვის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი დირექტორის დანიშვნა, რასაც დ----- მ-----–-–---–მა მხარი არ დაუჭირა. მოპასუხემ, ასევე მხარი არ დაუჭირა დივიდენდის განაწილების საკითხს და მოგების წილი - 95 000 ლარი მიითვისა.

 

2.5. დ----- მ-----–-–---–მა, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, ბათუმში შექმნა ფილიალი, რომელსაც იგი არამიზნობრივად ახმარს თანხებს, კერძოდ გასცემს ხელფასს იქ მომუშავე პირებზე და 15.07.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ფართით სარგებლობისთვის გადაცემული აქვს მის საკუთრებაში არსებული 41 კვ.მ ფართი და ამ ფართით სარგებლობისთვის შპს „დე- კრედიტის’’ თანხებიდან, თავის თავს, ყოველთვიურად უხდის 750 აშშ დოლარს. ასევე, თვითნებურად განუსაზღვრა კომპანიის იურისტს სახელფასო ანაზღაურება - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო ბუღალტერს - 1600 ლარის ოდენობით.

 

2.6. დ----- მ-----–-–---–ი, არაერთი მიმართვის მიუხედავად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფით, უკრძალავს მოსარჩელეს, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, დ. მ-----–-–---–მა იძულებით აუქციონზე, ისე გაასხვისა შპს „დ-----------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 01.10.14.028..051.01.508, მდებარე მისამართზე, თბილისი, ქუჩა სულხან- საბა, N8), თავის ცოლის ძმაზე, რომ ი----- ა--------–---–ი ინფორმირებული არ იყო.

 

3. მოპასუხეებმა გ-------– ბ--------ემ, დ----- მ-----–-–---–მა და შპს „დ-----------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით სუფთა მოგების არსებობა და შესაბამისად 2015 წლის დივიდენდის განაწილებასთან მიმართებით გაუმართლებლად განიხილეს მოთხოვნა. ამასთან, მოპასუხეთა მითითებით, დივიდენდის განაწილების შესახებ მსჯელობისას, აუცილებელია ორი კუმულატიური წინაპირობის არსებობა, კერძოდ თავად მოგების არსებობა საზოგადოებაში და ამ მოგების დივიდენდის სახით განაწილების თაობაზე პარტნიორთა შეთანხმება.

 

3.1. ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით არსებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელე საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წარმოადგენს არასათანადო მხარეს, რადგან ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი არ აძლევს საწარმოს პარტნიორს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას საკუთარი თავისთვის. პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხს დანარჩენი პარტნიორთა მიმართ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 3.8 მუხლი იცნობს იმ პირობით, რომ ასეთი პარტნიორი უნდა იყოს დომინირებულ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი. ხოლო 9.6 მუხლის შემთხვევაში დირექტორის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საზოგადოების წინაშე და არა პარტნიორის - ი----- ა--------–---–ის მიმართ. მოსარჩელე წარმოადგენს არასათანადო მხარეს, რამეთუ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი არ იცნობს პარტნიორის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, გარდა დერივატიული სარჩელის შემთხვევისა, ისიც მოთხოვნა დაყენებული უნდა იყოს საზოგადოების სასარგებლოდ და არა პარტნიორის მიერ უშუალოდ თავისთვის.

 

3.3. მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ გ-------– ბ--------ე დღემდე წარმოადგენს შპს ,,დ-----------ის’’ დირექტორს. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის და საზოგადოების წესდები თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია არ განხორციელდება, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად. ამრიგად, გ-------– ბ--------ის უფლებამოსილება ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონზე დაყრდნობით წარმოადგენს უვადოს და შესაბამისად მასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

4. მოპასუხე ლ---- ლ---------ეც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი წინამდებარე დავაში წარმოდგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ი----- ა--------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ-------– ბ--------ეს შეუწყდა შპს „დ-----------ის“ დირექტორის უფლებამოსილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ი----- ა--------–---–ს დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;

 

5.1. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლზე და განმარტა, რომ წლიური შედეგების დამტკიცება და დივიდენდის განაწილება საზოგადოების უფლებამოსილების სფეროს წარმოადგენს, რომელიც ფორმირდება საზოგადოების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით.

 

5.2. იგივეს ამბობს შპს „დე-კრეტის’’ წესდება. კერძდ, მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, მათ შორის საზოგადოებისა და მისი ფილიალების საქმიანობის წლიური შედეგების მოგების განაწილების წესისა და ზარალის დაფარვის წესის განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ (წესდების 8.1, 8.2 მუხლი).

 

5.3. ამდენად, როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების შესაბამისად, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც და თუ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას, ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო უნდა შეიჭრას, გამომდინარე იქიდან, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.

 

5.4. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის გზით განხორციელდა და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.

 

5.5. ამასთან, დივიდენდის გაცემის თაობაზე სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, შპს-ს ნებისმიერი პარტნიორი ვალდებულია აღნიშნული საკითხის განხილვა, უპირველეს ყოვლისა, მოსთხოვოს პარტნიორთა კრებას. თუ დივიდენდის განაწილების საკითხის განსახილველად პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ მისი მოთხოვნა საწარმოს მიერ არ კმაყოფილდება, პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რომ სასამართლომ დაავალდებულოს კომპანია მოიწვიოს პარტნიორთა კრება.

 

5.6. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთათვის შპს „დ-----------იდან’’, 2015 წლიდან მიუღებელი, სუფთა მოგების თანხის 80 757 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობს სასამართლოს ჩარევის გზით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრები.

 

5.7. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, დ----- მ-----–-–---–ის მიერ შპს „დ-----------ის’’ უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვით დაკარგული ქონების - 245 000 ლარის, იურისტისთვის პარტნიორთა კრების გარეშე დანიშნული ხელფასის - 3000 ლარის საწარმოსთვის მიყენებული ზარალის - 36 000 ლარის, ბუღალტრის - 1600 ლარის ხელფასის დანიშვნით წარმოშობილი ზარალის 19 200 ლარის, იჯარისთვის გადახდილი თანხის - 45 000 ლარის, საწარმოს კუთვნილი - 89 000 აშშ დოლარის, დ----- მ-----–-–---–ის მიერ თავის სახელზე შეტანით წარმოშობილი და ამ თანხიდან, ყოველთვიურად, 55 თვის განმავლობაში, პროცენტის სახით 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტის, მთლიანობაში 187 200 ლარის, შპს „დ-----------ის“ მომხმარებლების სხვა ორგანიზაციაში გადატანით წარმოშობილი ზარალის, 46800 ლარის, სულ 668 757 ლარის მოპასუხეებისთვის დაკისრება.

 

5.8. სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლზე და განმარტა, რომ ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“, რაც მოიცავს დირექტორის მოვალეობას, საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.

 

5.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე 9.6 მუხლიდან, კერძოდ, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შესაბამისად, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე.

 

5.10. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „დ-----------ის’’ და კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების წინააღმდეგ პარტნიორმა სარჩელი აღძრა, მის სასარგებლოდ, საკუთარი სახელით და უთითებს უშუალოდ მის მიმართ მიყენებულ ზიანზე. სასამართლოს განმარტებით, შპს „დ-----------ის’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების მიერ, მათი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაშიც, ასეთი სახით, პარტნიორის მოთხოვნას დასახელებული სუბიექტების მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5.11. სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოთხოვნა დირექტორის გათავისუფლების შესახებ და განმარტა, რომ საქმის მასალებით დადგენილია შპს „დე კრედიტის’’ პარტნიორები არიან დ----- მ-----–-–---–ი 50 % წილის მფლობელი და მოსარჩელე ი----- ა--------–---–ი 50% წილის მფლობელი. შპს „დ-----------ის’’ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის მოწვეული დირექტორი, გ-------– ბ--------ე. საქმის მასალებით დასტურდება, ასევე, რომ 50 %-იანი წილის მფლობელის, ი----- ა--------–---–ის სურვილი დირექტორის გადაყენების შესახებ არ არის თანხვედრაში მეორე პარტნიორის, 50 %-იანი წილის მფლობელის, დ----- მ-----–-–---–ი სურვილთან, რაც დასტურდება შპს „დ-----------ის’’ 31/03/2016 წლის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, სადაც არ იქნა მიღწეული შეთანხმება დირექტორის, გ-------– ბ--------ის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე, რადგან მხარი არ დაუჭირა მეორე პარტნიორმა, დ----- მ-----–-–---–მა.

 

5.12. სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნის და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადების და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ, ასევე იმის გამო, რომ განსახილველ შემთხვევაში პარტნიორების თანაბარი ხმების გამო გადაწყვეტილება ვერ მიიღება, საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო წესით და საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ გ-------– ბ--------ე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია არა მარტო ის გარემოება, რომ იგი ვერ ახორციელებს კომპანიისადმი ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობებს არამედ ისიც, რომ იგი უშუალოდ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც განსაზღვრულია კანონით და კომპანიის წესდებით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გ-------– ბ--------ე უნდა გათავისუფლდეს შპს „დ-----------ის’’ დირექტორის თანამდებობიდან.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შპს ,,დ-----------მა’’, დ----- მ-----–-–---–მა და გ-------– ბ--------ემ, რომლებმაც მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოსარჩელე ი----- ა--------–---–მა, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება ი----- ა--------–---–ის სააპელაციო საჩივარზე (იხ. 28.06.2019წ. განჩინება, ტ.3, ს.ფ. 160-162).

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

7.1. აპელანტების განმარტებით, გ-------– ბ--------ის მხრიდან კომპანიისადმი ზრუნვის და ერთგულების მოვალეობებს განხორციელება სამართლებრივი შეფასების საკითხია, რომელიც უნდა ემყარებოდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ სრულ გამოკვლევას და შესწავლას. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი გარემოებების შესწავლამ მიიყვანა ის დასკვნამდე, რომ გ-------– ბ--------ე ვერ ახორციელებს ზრუნვის და ერთგულების მოვალეობებს, რაში გამოიხატა მისი ამ მოვალეობების შეუსრულებლობა. შესაბამისად სასამართლომ არასწორად დაადგინა მითითებული ფაქტი და ამ ფაქტის დადგენას არ დაუდო რაიმე დასაბუთება, ასევე არ არის მითითებული რაიმე მტკიცებულებაზე.

 

7.2. აპელანტების მითითებით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,დ-----------ის’’ დირექტორობიდან გ-------– ბ--------ის განთავისუფლების შესახებ, რომ არ მიუთითებია სამართლის არც ერთ ნორმაზე, რომლიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს მოთხოვნის მართებულობა. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაემყარა მხოლოდ მოსამართლის ახსნა-განმარტებას, იმაზე, რომ ვინაიდან საზოგადოების პარტნიორები ვერ თანხმდებიან დირექტორის განთავისუფლებაზე და საზოგადოებაში ახალი დირექტორის დანიშვნაზე, აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩაერიოს სასამართლო. თუმცა, არ არის მითითებული, თუ რა აძლევს სასამართლოს ამ ჩარევის შესაძლებლობას და სამართლის რომელი ნორმა ითვალისწინებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

 

7.3. აპელანტების განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნის და გამოწვევის შესახებ. ამრიგად, საზოგადოებაში დირექტორის დანიშვნის და გამოწვევის კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრებას და საზოგადოების პარტნიორთა დისკრეციაში ჩარევის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კანონი არ იცნობს. ასეთი ჩარევის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, კანონი იმ შემთხვევასაც გაითვალისწინებდა, როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებიდან განთავისუფლებული დირექტორის ჩანაცვლება, ვინაიდან ისევ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არსებობა საზოგადოების რეგისტრაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, შესაბამისად მისი განთავისუფლების შედეგად ახალი დირექტორი თუ არ იქნება დანიშნული, სამეწარმეო სუბიექტს უდგინდება ხარვეზი და იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი.

 

7.4. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საზოგადოებაში პარტნიორებს თანაბარი ხმების გამო საზოგადოების დირექტორის განთავისუფლება არ შეუძლიათ, რის გამოც განთავისუფლების საკითხში სასამართლო უნდა ჩაერიოს. თუმცა, აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ის არ გაითვალისწინა, რომ საზოგადოების პარტნიორებს ისევ მათი თანაბარი ხმების გამო არ შეეძლებათ ახალი დირექტორის კანდიდატურაზე შეთანხმება და გაურკვეველია ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა დანიშნოს საზოგადოების დირექტორი. შესაბამისად საზოგადოების დირექტორის გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, საზოგადოებას არ ეყოლება დირექტორი, ახალი დირექტორის კანდიდატურაზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არარსებობის გამო საჯარო რეესტრი დაიწყებს საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესს. აღნიშნული კი, არც ერთი პარტნიორის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს და სასამართლოს არ უნდა შეეწყო ხელი საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისათვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ კანონი სასამართლოს არ აძლევს დირექტორის განთავისუფლების შესაძლებლობას, ამ საკითხს მიაკუთვნებს საზოგადოების პარტნიორთა კომპეტენციას და არც ახალი დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს. ამიტომ, აპელანტების მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არის იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც წარმოადგენს გადაწყვეტიელბის გაუქმების აბსოლიტურ საფუძველს.

 

7.5. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ასევე მიუთითეს საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე და აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული აქვს ორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე, თუმცა აღნიშნული არ ასახულა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ამასთან გადაწყვეტილებით არ არის ნამსჯელი 2017 წლის 7 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე განჩინების გაუქმებაზე, რის გამოც აპელანტებმა ამ მხრივაც მოითხოვა საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით გადაწყვეტილების შეცვლა აღნიშნულ ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

8. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს აპელანტის მტკიცების გაზიარების საფუძველს. კერძოდ, პალატა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. შპს ,,დ-----------ი’’ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 03.06.2010წ). კომპანიის პარტნიორები არიან მოსარჩელე ი----- ა--------–---–ი და მოპასუხე დ----- მ-----–-–---–ი. თითოეული პარტნიორის საკუთრებაშია საწარმოს 50-50% წილი. კომპანიის დირექტორად რეგისტრირებულია მოპასუხე გ-------– ბ--------ე.

 

8.2. საწარმოს თავდაპირველი დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო დ----- მ-----–-–---–ი.

 

8.3. კომპანიის წესდების 8.1 - 8.2 პუნქტების შესაბამისად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საზოგადოების კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება კაპიტალის 50%-ზე მეტის მფლობელი პარტნიორი. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია დამსწრე კაპიტალის უბრალო უმრავლესობით. დამფუძნებელი პარტნიორების კომპეტენციას განეკუთვნება საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, ასევე მათი ანგარიშების დამტკიცება.

 

8.4. წესდების 9.1 - 9.3 პუნქტების შესაბამისად, საზოგადოების საქმიანობას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. დირექტორი საზოგადოებას წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორს ნიშნავენ დამფუძნებელი პარტნიორები და მასთან იდება კონტრაქტი, რომელშიც განისაზღვრება დირექტორის უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები. დირექტორს მინიჭებული აქვს უფლება გასცეს მინდობილობა.

 

8.5. 2015 წლის 3 აპრილს გაიმართა შპს ,,დ-----------ის’’ პარტნიორთა კრება, რომელზეც, საზოგადოების 100% წილის მესაკუთრე პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება, დირექტორის თანამდებობაზე ნაცვლად ი----- ა--------–---–ისა დაენიშნა გ-------– ბ--------ე. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დ----- მ-----–-–---–ის 100%-იანი წილიდან 50% წილი გასხვისდა ი----- ა--------–---–ზე და შესაბამისად პარტნიორთა საკუთრებაში აღირიცხა 50-50% წილი.

 

8.6. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2015 წლის 6 აპრილს გ-------– ბ--------ესთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც გ-------– ბ--------ე კომპანიის დირექტორად დაინიშნა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

8.7. კომპანიის დირექტორმა გ-------– ბ--------ემ 2016 წლის 26 თებერვალს შრომითი ხელშეკრულება გააფორმა ლ---- ლ---------ესთან, რომლითაც ეს უკანასკნელი დაინიშნა კომპანიის დირექტორად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

8.8. 2016 წლის 1 მარტს, კომპანიის დირექტორმა გ-------– ბ--------ემ, კომპანიის სახელით მინდობილობა მიანიჭა ამავე კომპანიის 50% წილის მესაკუთრე დ----- მ-----–-–---–ს, რათა მას წარმოედგინა საწარმო მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

8.9. 2016 წლის 31 მარტს გაიმართა შპს ,,დ-----------ის’’ პარტნიორთა კრება, რომელზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს შეადგენა - დირექტორის გ-------– ბ--------ის გათავისუფლება და ახალი დირექტორის არჩევა. აღნიშნულ საკითხზე პარტნიორები ვერ შეთნხმდნენ და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

8.10. 2017 წლის 9 ივნისს გაიმართა კომპანიის პარტნიორთა კრება, რომელზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს შეადგენდა ახალი დირექტორის დანიშვნა (კანდიდატი - სანდრო ა--------–---–ი). პარტნიორებს შორის კვლავ ვერ შედგა შეთანხმება ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხზე და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

8.11. ამდენად, საწარმოს 50-50% წილის მესაკუთრე პარტნიორები ვერ თანხმდებიან კომპანიის მოქმედი დირექტორის გამოწვევის და ახალი დირექტორის დანიშნის საკითხზე, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატის მხრიდან სამართლებრივად შესაფასებელია, რამდენად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტა პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, სასამართლოს ჩარევის გზით დირექტორის გამოწვევასთან დაკავშრებით.

 

9. სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი“. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

10. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

 

11. კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. მე-4 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

 

12. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’ ამ კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს მათ შორის სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 

13. კანონის 91 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნასა და გამოწვევასთან, მათთან ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტასთან, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცებასთან დაკავშირებით (ანალოგიურ დათქმას შეიცავს შპს ,,დ-----------ის’’ წესდების 8.1 მუხლი).

 

14. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი, ასევე, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებები, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა... „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას და შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე კანონის მითითება არ განაპირობებს მასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად მიჩნევას, არამედ, იგი ე.წ სასამსახურო ხელშეკრულებაა, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (იხ. სუსგ Nას- 319-302-2017, 28.07.2017წ; შდრ. Nას-18-884-20116, 10.07.2017წ; Nას-225-214-2017, 16.06.2017წ.).

 

15. განსახილველი დავის მთავარი პროცესუალური მოწინააღმდეგეები არიან შპს ,,დ-----------ის’’ 50%-50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები, რომლებიც ვერ აღწევენ შეთანხმებას საწარმოს რეგისტრირებული დირექტორის გამოწვევასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, პარტნიორთა კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტაზე იმის გამო, რომ 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა მოპასუხე დ----- მ-----–-–---–მა მხარი არ დაუჭირა მოსარჩელის მიერ ინიცირებულ საკითხს.

 

16. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 9.71 მუხლით რეგულირებულია ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყვეტის საფუძველია თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე. თავად დირექტორის დანიშვნასა და გამოწვევაზე უფლებამოსილი, როგორც ზემოთ აღინიშნა არის პარტნიორთა კრება. განსახილველ შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება დირექტორის გაწვევასთან მიმართებით არ არსებობს, რაც კანონით დადგენილი რეგულირების შესაბამისად პარტნიორთა ერთობლივი ნების არ არსებობის პირობებში გამორიცხავს დირექტორის მხოლოდ ერთი პარტნიორის სურვილის საფუძველზე ცვლილების შესაძლებლობას.

 

17. ამასთან, რამდენადაც მოდავე სუბიექტებს თანაბარი საკორპორაციო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, მათ საკუთრებაში არსებული წილების პროპორციულად, თანაბრად უნდა განხორციელდეს თითოეული პარტნიორის ინტერესის გათვალისწინება, საწარმოს საქმიანობის ჭრილში და უპირველესად წარმატებული სამეწარმე საქმიანობის განხორციელების ინტერესის მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება პარტნიორთა ნება დირექტორის ცვლილებასთან მიმართებით, სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა გარემოება, რომ მისი მოთხოვნა მიმართული იყო საწარმოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ დირექტორი კომპანიის საუკეთესო ინტერესებს უგულებელყოფდა, არ ზრუნავდა საწარმოზე ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, მის მიერ განხორციელებული ქმედებები არახელსაყრელი და ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს შესაფასებელი გახდებოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს) დირექტორის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები საწარმოს ინტერესებთან მიმართებით. სპეციალური კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას. ხოლო დირექტორი არის პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება სპეციალური კანონით ან/და საწარმოს წესდებით. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან (შდრ. სუსგ #ას-23-23-2016, 09.03.2016 წ.).

 

18. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (შდრ.სუსგ № #ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; #ას-1307-1245-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

 

19. დერივატიული სარჩელის განხილვისას, მტკიცების თვალსაზრისით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, მან უნდა მიუთითოს და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია, გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი.

 

20. ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმების, სასამართლო პრაქტიკისა და საქმეში მოცემული გარემოებების შეფასების შედეგად პალატა, საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორის გათავისუფლების თაობაზე, რაც უნდა აისახოს შესაბამისი ცვლილების სახით სამეწარმეო რეესტრში და ასეთ დროს სასამართლოსადმი მიმართვა არაა საჭირო; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, რადგან მოპასუხე - 50%-იანი წილის პარტნიორი - წინააღმდეგია და სათანადო გულისხმიერებითა და მზრუნველობით არ ეკიდება საწარმოს ინტერესებს, რაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია, ამ უკანასკნელმა (მოსარჩელემ) საწარმოს სასარგებლოდ უნდა წარმართოს უფლების სასამართლო წესით დაცვა და დააყენოს მოთხოვნა არა საკუთარი, არამედ-საწარმოს სახელით, რაც დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტების საფუძველზე, აღრეულია მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და დირექტორის წინააღმდეგ. კერძოდ, მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ კომპანიის რეგისტრირებული დირექტორი გ-------– ბ--------ე, 50% წილის მესაკუთრე-პარტნიორ დ----- მ-----–-–---–თან ერთად მოქმედებს საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულის საპირისპიროდ, ი----- ა--------–---–ს სარჩელი მეტწილად ეფუძნება მის პირად უთანხმოებას საწარმოს მეორე პარტნიორისა და დირექტორის მიმართ, რაც ვერ განიხილება უშუალოდ საწარმოს ინტერესებისაკენ მიმართულ ქმედებად და შესაბამისად გაუმართლებლად განიხილება მოსარჩელის პირადი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედი რეგისტრირებული დირექტორის გამოწვევა, რადგანაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, რომ აღნიშნული მიმართული იქნებოდა საწარმოს საქმიანობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

 

21. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დირექტორის გათავისუფლების უკანონობასთან მიმართებით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს პარტნიორთა თნხმობა რეგისტრირებული დირექტორის კომპანიიდან გაწვევასთან დაკავშირებით.

 

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

22.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

22.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

22.3. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მიიჩნევს, რომ სახეზეა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლვები, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი----- ა--------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, ვინიდან ი----- ა--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ 2016 წლის 21 ივნისის და 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ასევე უნდა გაუქმდეს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე.

 

24. საქართველოს სსკ-ის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტების მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურება უნდა გადახდეს მოსარჩელეს. ამასთან, რამდენადაც ნაწილობრივ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტა, შესაბამისად უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილება პირველი ინსტანციის სასამართლოში, კერძოდ უნდა შეიცვალოს სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტი უცვლელად უნდა დარჩეს, შესაბამის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელობის საფუძვლით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „დ-----------ის“, დ----- მ-----–-–---–ისა და გ-------– ბ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 პუნქტები) და მისი შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი----- ა--------–---–ის სარჩელი შპს „დ-----------ის“ დირექტორის გ-------– ბ--------ის გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,დ-----------ის’’ (ს/კ 404863876) დირექტორს გ-------– ბ--------ეს (პ/ნ 01009009898), დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დ----- მ-----–-–---–ს (პ/ნ 13001012413) და ლ---- ლ---------ეს (პ/ნ 09001006871) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აეკრძალათ შპს ,,დ-----------ის’’ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა პარტნიორთა კრების თანხმობის (გადაწყვეტილების) გარეშე, გარდა შპს ,,დ-----------ის’’ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი თანხების განკარგვისა.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე დ-----ი მ-----–-–---–ის (პ/ნ: 13001012413) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე N92/94, სართული 1, N6, 41.00 კვ.მ ფართი, ს/კ: 05.22.34.010.02.532.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე, რომლითაც დ-----ი მ-----–-–---–ს (პ/ნ: 13001012413) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ფარნავაზ მეფე N92/94, სართული 1, N6, 41.00 კვ.მ ფართი, ს/კ: 05.22.34.010.02.532 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

6. სასამართლო ხარჯი დაეკისროს ი----- ა--------–---–ს (I ინსტანციაში საქმის განხილვისათვის 120 ლარი), რაც გადახდილი აქვს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

7. ი----- ა--------–---–ს შპს „დ-----------ის“, დ----- მ-----–-–---–ისა და გ-------– ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი