განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2020
საქმის ნომერი
330210118002573351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002573351

საქმე N2ბ/2309-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - გელა ქირია

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზ---- ღ------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–---------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - კ------ მ--------ი, შპს ,,მ--- კ--------ჯორჯია’’

წარმომადგენელი - ქ-------------------–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, წილის საკუთრებაში გადაცემა.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ზ---- ღ------–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების კ------ მ--------ისა და შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ მიმართ და მოითხოვა:

1.1. 2018 წლის 16 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც ზ---- ღ------–---–მა შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიაში’’ მისი კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ გადასცა კ------ მ--------ს;

1.2. შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ 49% წილის მესაკუთრედ ზ---- ღ------–---–ის ცნობა.

 

2. ზ---- ღ------–---–მა სარჩელი შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

 

2.1. 2013 წლის 23 სექტემბერს, ზ---- ღ------–---–მა აზარბაიჯანის მოქალაქე კ------ მ--------თან ერთად დაარსა შპს ,,მ--- კ--------ჯორჯია’’, სადაც მხარეთა შეთანხმებით წილები გადანაწილდა შემდეგი პროპორციით: 51% წილი კ------ მ--------ი და 49% წილი ზ---- ღ------–---–ი.

 

2.2. კ-------ის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების და სხვა სახის პროდუქციის (ე/წ კონტეინერების, ბიო-ტუალეტების, ხელსაწყოების და ა. შ.) გაყიდვა-გაქირავება.

 

2.3. 2013 წლის 23 სექტემბრიდან - 2018 წლის 16 აპრილამდე კ-------აში დირექტორის თანამდებობას იკავებდა ზ---- ღ------–---–ი და მასზე იყო დამოკიდებული შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ განვითარება. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ კ------ მ--------ი საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. კ-------ამ სერიოზული განვითარება დაიწყო 2015 წლიდან და მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სწორედ ზ---- ღ------–---–მა.

 

2.4. 2018 წლის 16 აპრილს კ------ მ--------ის მხრიდან განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის გამო ზ---- ღ------–---–ი იძულებული გახდა კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ დაეთმო კ------ მემადოვისათვის. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მას აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ინტერესებისათვის დასჭირდა გარკვეული ოდენობის თანხა. იმის გათვალისწინებით, რომ 2015-2017 წლების კ-------ის მოგებიდან კუთვნილი დივიდენდი მიღებული არ ჰქონდა, ზ---- ღ------–---–მა კ-------იდან გამოიტანა თანხა, რითაც საწარმოსათვის ზიანი არ მიუყენებია. აღნიშნულის შესახებ კი მან პარტნიორს თავად შეატყობინა ქალაქ ბაქოში სტუმრობის დროს. კ------ მ--------ს აღნიშნულზე არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა რამდენიმე დღეში კ------ მ--------ი თავად ჩამოვიდა თბილისში და ზ---- ღ------–---–ს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება თანხის კ-------იდან გატანის, რომ აღნიშული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და რომ აპირებდა საჩივრით მიემართა პროკურატურისათვის. აღნიშნული საფუძვლით, კ------ მ--------მა ფსიქოლოგიური ზეწოლით, შანტაჟითა და მუქარით აიძულა ზ---- ღ------–---–ი უსასყიდლოდ დაეთმო კ-------აში მისი კუთვნილი 49% წილი.

 

3. შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიამ’’ და კ------ მ--------მა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხე მხარის განმარტებით კ-------ის წარმატებული საქმიანობა უკავშირდება არა ზ---- ღ------–---–ს დირექტორად მუშაობას, არამედ კ------ მ--------ის ხელშეწყობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიღებულ კონტრაქტს, რომლის ღირებულება აღემატებოდა 1 000 000 აშშ დოლარს. სამუშაოები შესრულდა შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ სუბკონტრაქტორების მიერ და კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში ჩართული იყო თავად კ------ მ--------ი. დეკლარაციის შესაბამისად, კ-------ის მოგებამ შეადგინა 258 763 ლარი, თუმცა პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილებაზე რაიმე შეთანხმება არ გაფორმებულა და შესაბამისად კ------ მ--------ს არ მიუღია კ-------იდან დივიდენდი.

 

3.1. 2017 წელს კვლავ კ------ მ--------ის ძალისხმევით კ-------ამ მიიღო კონტრაქტი აზარბაიჯანში სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა 2 000 000 აშშ დოლარს. კონტრაქტი კვლავ შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ სუბკონტრაქტორების მიერ შესრულდა და მისი შესრულების პროცესში ისევ კ------ მ--------ი იყო ჩართული, ხოლო ზ---- ღ------–---–ის მონაწილეობა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.

 

3.2. იმ პირობებში, როდესაც პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილების თაობაზე შეთანხმება არ გაფორმებულა, ზ---- ღ------–---–ს კ-------ის საბანკო ანგარიშებიდან პერმანენტულად გაჰქონდა და პირადი მიზნებისთვის მოიხმარდა ათეულ ათასობით აშშ დოლარს. კ------ მ--------ს წლების მანძილზე ჰქონდა ზ---- ღ------–---–ის მიმართ ნდობა და კ-------ის მიმდინარე ფინანსურ საკითხებს არ აკონტროლებდა.

 

3.3. 2018 წლის დასაწყისში კ------ მ--------მა კ-------ის მატერიალურ ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად მოითხოვა სხვადასხვა მოწყობილობების შეძენა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ კ-------ის ანგარიშზე თანხები ფაქტიურად არ იყო, თუმცა კ-------ას გააჩნდა ასეულ ათასობით ლარის გაუნაწილებელი მოგება. იმის გათვალისწინებით, რომ ზ---- ღ------–---–ი იძულებული გახდა აეხსნა თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა კ-------ისათვის სხვადასხვა მოწყობილობების შეძენა, 2018 წლის აპრილში იგი ჩავიდა ქ. ბაქოში და კ------ მ--------ს განუმარტა, რომ დაახლოებით 95 000 აშშ დოლარი მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის. ამასთან ზ---- ღ------–---–მა გამოთქვა მზადყოფნა, რომ კ-------ისათვის მიყენებული მორალური და ფინანსური ზიანის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ დაეთმო კ-------აში მისი კუთვნილი 49% წილი და უარი ეთქვა დირექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას არ უძღოდა არანაირი შანტაჟი, მუქარა და იძულება. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ კ------ მ--------მა ზ---- ღ------–---–თან შეინარჩუნა ნორმალური ურთიერთობა და იგი დანიშნა დირექტორის მოადგილედ, ამასთან ხელფასი განუსაზღვრა იმავე ოდენობით, როგორც ეს იყო დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დროს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ზ---- ღ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. სასამართლომ განმარტა, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას, რომელზედაც ვრცელდება გარიგებათა შესახებ სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ხოლო ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

 

4.2. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო პროცესში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს იძულების ფაქტი, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებასაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. ამასთან იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

4.3. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ზ---- ღ------–---–მა მასზედ განხორციელებული მუქარასა და შანტაჟის გამო დაუთმო შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიაში’’ კუთვნილი 49% წილი კ------ მ--------ს. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზ---- ღ------–---–ის მიერ კ-------იდან თანხის გატანის შემდეგ, კ------ მ--------ი აპირებდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, არ ნიშნავს, რომ კ------ მ--------ის მხრიდან ისეთი სახის ქმედების განხორციელებას ჰქონდა ადგილი, რაც ზ---- ღ------–---–ს აფიქრებინებდა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

 

5. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ---- ღ------–---–მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

6. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

6.1. აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ზ---- ღ------–---–მა 2018 წლის 16 აპრილის კრების ოქმით წილი უსასყიდლოდ გადასცა კ------ მ--------ს სიმართლეს არ შეესაბამება, რეალურად წილის გადაფორმება მოხდა იძულებით, შანტაჟით და მუქარით.

 

6.2. აპელანტის მითითებით, კ-------ამ სერიოზული განვითარება დაიწყო 2015 წლიდან და ზ---- ღ------–---–ის დირექტორობის პერიოდში მოგებამ დაახლოებით 1 440 000 ლარი შეადგინა. საწარმოს განვითარება განაპირობა ზ---- ღ------–---–ისა და რომან ბადალიანის სწორმა მენეჯერულმა მუშაობამ. იმის გათვალისწინებით, რომ პარტნიორებს დივიდენდი უნდა მიეღოთ კ-------ის მოგების პროპორციულად, კ------ მ--------მა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ ჩამოეშორებინა ზ---- ღ------–---–ი საწარმოდან. აპელანტის მტკიცებით, ამ--------ის მხრიდან განხორციელებული შანტაჟი/მუქარა იმდენად უეცარი და მომზადებული იყო, რომ მოსარჩელემ თავის დაცვა ვერ შეძლო. აღნიშნულს დაემატა ზ---- ღ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის შედეგადაც ზ---- ღ------–---–ი იძულებული გახდა 5 წლიან შრომა და შემოსავალი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა კ------ მ--------ისათვის. ზ---- ღ------–---–ს წილის დათმობის შემდგომ გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მთელი 2 თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ თავის მხრივ ზ---- ღ------–---–ის კუთვნილი 49% წილობრივად ერგებოდა სხვა პიროვნებასაც და გარკვეული ფაქტორი, მ--------ის დანაშაულებრივ ქმედებაში, ამ გარემოებითაც აიხსნება.

 

6.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ მას და მის მეგობარს რომან ბადალიანს აქვთ ხსენებული დარგის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სწორედ ამ მიზნით მოხდა მათი ინიციატივით კ------ მ--------ის გაცნობა. იმ დროს მ--------ი ეწეოდა მცირე ბიზნესს. სწორედ ზ---- ღ------–---–ისა და რომან ბადალიანის დაუღალავი შრომით მიაღწია კ-------ამ დიდ წარმატებას.

 

6.4. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა წილის გადაფორმების ინტერესზე, კერძოდ თუ რა მიზეზით დათმობდა ზ---- ღ------–---–ი სრულიად უსასყიდლოდ წილს, მაშინ როდესაც კ-------იდან ზ---- ღაიბაშვილს ერგებოდა სულ მცირე ნახევარი მილიონი ლარი.

 

6.5. ხსენებული დასაბუთებით აპელანტმა მოითხოვა წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა და გადაცემული წილის უკან დაბრუნება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

7. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობს აპელანტის მტკიცების გაზიარების საფუძველს გარიგების ბათილობასთან მიმართებით. კერძოდ, პალატა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

7.1. შპს ,,მ--- კ--------ჯორჯია’’ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 23.09.2013წ.). კ-------ის წილები თავდაპირველად გადანაწილებული იყო კ------ მ--------ზე (51%) და ზ---- ღ------–---–ზე (49%), რომელიც ამავდროულად დაინიშნა საწარმოს დირექტორად.

 

7.2. 2015-2018 წლებში კ-------მ, განხორციელებული ბიზნეს საქმიანობის შედეგად მიიღო გარკვეული ოდენობის შემოსავალი, თუმცა პარტნიორებს დივიდენდის განაწილებასთან მიმართებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

 

7.3. კ-------ის დირექტორმა ზ---- ღ------–---–მა პირადი საჭიროებისთვის გახარჯა კ-------ის შემოსავალი, რის თაობაზეც არ შეთანხმებულა კ-------ის 51% წილის მესაკუთრე პარტნიორთან და მხოლოდ მოგვიანებით აცნობა კ------ მ--------ს თანხის აღების თაობაზე.

 

7.4. 2018 წლის 16 აპრილს გაიმართა შპს ,,მ--- კ--------ჯორჯიას’’ პარტნიორთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც ზ---- ღ------–---–მა კუთვნილი 49% წილი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა კ------ მ--------ს. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზ---- ღ------–---–ი გათავისუფლდა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან და კ-------ის დირექტორად დაინიშნა კ------ მ--------ი.

 

7.5. ზ---- ღ------–---–ი წარმოდგენილ სარჩელს აფუძნებს მასზე განხორციელებული იძულების ფაქტზე და მიუთითებს, რომ ნამდვილი ნება ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას მას არ გამოუვლენია, იგი იძულებული გახდა კუთვნილი წილი უსასყიდლოდ დაეთმო კ------ მ--------ისათვის მასზე განხორციელებული მუქარის/შანტაჟის საფუძველზე. საყურადღებოა, რომ თავად მუქარის ფაქტი მოსარჩელის მითითიების შესაბამისად უკავშირდება მისი მხრიდან კ-------იდან თანხის გატანას, რის გამოც მას კ------ მ--------ი დაემუქრა, რომ მიმართავდა სამსართალდამცავ ორგანოებს.

 

8. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. სსკ-ს 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

9. ამდენად, მოხმობილი ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება, ამასთან იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას კი, ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები (სუსგ №ას-1301-1221-2015 11.03.2016წ.).

 

10. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის (იძულებით დადებული გარიგება) სამართლებრივი შინაარსი მოიცავს სპეციფიკურ ელემენტს, რომლის არსებობაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნებით განისაზღვრება. იძულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით. უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობას ან მუქარას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით უნდა იყოს სახიფათო. ამ საკითხის შეფასება გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენას, რა დროსაც მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. დაზარალებულის სუბიექტური მახასიათებლები უნდა შეფასდეს ობიექტურად არსებული მდგომარეობისა და შექმნილი გარემოებების ანალიზთან ერთობლიობაში (სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები).

 

11. მუქარის, როგორც იძულების ერთ-ერთი კომპონენტის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით უნდა იყოს სახიფათო. მუქარის რეალიზაციის ალბათობის ხარისხის დადგენა კი ხდება, ერთის მხრივ, დაზარალებულის პიროვნულ თვისებებთან შესაბამისობაში და მეორე მხრივ - მდგომარეობისა და გარემოებების გათვალისწინებით. იძულების, როგორც სამართლებრივი კატეგორიის დადგენა წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საგანს, ზემოთ მოყვანილი ცალკეული სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების ანალიზით. მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა, მიუთითოს გარემოებები, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის შემადგენლობას.

 

12. პალატის შეფასებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასაკმარისია იძულების არსებობის შესაფასებლად. როგორც უკვე აღინიშნა, ამ საფუძვლით გარიგების შედავებისას, კვლევის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია საფრთხის ხარისხის დადგენა, როდესაც მხედველობაში მიიღება, ერთის მხრივ დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლები, მეორე მხრივ - ობიექტური გარემოებები.

 

13. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (იხ. სუსგ. საქმე Nას-147-139-2017, 18.12.2017წ.).

 

14. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.).

 

15. სამოქალაქო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, 85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამება.

 

16. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. უფრო მეტიც, სარჩელის ფარგლებში არ არის მითითებული იმ მართლსაწინააღმდეგო მუქარაზე, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გარიგების ბათილობას, სსკ-ს 85-88-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, იძულებად არ ითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით. სარჩელის ფარგლებში მხარე მიუთითებდა მხოლოდ პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის მუქარას, რაც ვერ განიხილება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რადგანაც სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო მუქარა, სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვა ვერ მიიჩნევა მართლსაწინააღმდეგო ქცევად, რაც ამ მხრივ საფუძველს აცლის წარმოდგენილი სარჩელის მართებულობას. რაც შეეხება სააპელაციო ეტაპზე ზეპირად გაჟღერებულ ზოგადი ხასიათის მუქარას, აღნიშნული ვერ დაედება გარიგების ბათილობას, რამეთუ ვერ აკმაყოფილებს მტკიცების მინიმალურ სტანდარტსაც კი და არ მყარდება არავითარი რელევანტური მტკიცებულებით. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თავად ზ---- ღ------–---–ი მისივე მითითებით წლების მანძილზე ახორციელებდა ბიზნეს საქმიანობას, შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა, რომ მხოლოდ ზეპირი ,,მუქარა’’ გავლენის მომხდენი ყოფილიყო მისი ნების გამოვლენაზე. ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მუქარის გარეშე იგი არ დათმობდა უსასყიდლოდ წილს, რამეთუ თავად მოსარჩელის მითითებით, მის მიერ კ-------იდან გარკვეული ოდენობის თანხის გატანა განხორციელდა, რამაც წარმოშვა პარტნიორთა შორის უთანხმოება და რასაც მოყვა მისი მხრიდან წილის დათმობა, შესაბამისად მხოლოდ აღნიშნული არგუმენტი ვერ განაპირობებს გარიგების ბათილობას, მით უფრო წილის დათმობის შემდგომ ზ---- ღ------–---–ი განაგრძობდა დირექტორის მოადგილედ მუშაობას. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მისი ნების ფორმირებაზე, რაც გამორიცხავს სადავო გარიგების ბათილად ცნობასა და წილის მესაკუთრედ ზ---- ღ------–---–ის ცნობას.

 

17. შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა და დამატებითი არგუმენტების შეფასება მიზანშეუწონელია სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

18.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

18.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

18.3. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა, რაც მას გადავადებული ჰქონდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე (იხ. ს/ფ 37-40, ტ.2).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- ღ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. ზ---- ღ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი