განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.03.2020
საქმის ნომერი
010310019003261386
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310019003261386 (3/ბ-51-2020წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მარტი 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: შოთა სირაძე (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები (დაინტერესებული პირები): მ----–-----–---ე, დ------------ე, ნ-----------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი): საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

 

მესამე პირი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 

დავის საგანი: ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2019 წლის 01 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მესაკუთრეების მ----–-----–---ის, დ----- და ნ-----------ეების მიმართ და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მ---------რიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს. პროექტის დაფინანსებას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც უვლის ქალაქ ბათუმს აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე გადის ხ--–--------ის რაიონში, გზის უმეტესი ნაწილი მიჰყვება ახალ ტრასას და გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფელ მ---------რის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები და სატრანსპორტო კვანძები.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული არაერთი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა №9-ში მდებარე, მოქალაქეების: დ------------ის (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ის (პ/ნ 6---------6) და ნ-----------ის (პ/ნ 6---------7) თანასაკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე: 1) 0----------3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1 000 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და ნარგავები; 2) 0---------02 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 601 კვ.მ ფართის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა - ნაგებობა და ნარგავები. მითითებული გარემოება, ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.

 

დეპარტამენტმა აწარმოა არაერთი მოლაპარაკება მესაკუთრეებთან, საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მესაკუთრეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მოლაპარაკება ვერ შესდგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა საექსპროპრიაციო ქონების ხელახალი გადაფასება და მომზადდა ქონების შეფასების ახალი ანგარიში, მესაკუთრეები მაინც უარს აცხადებენ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მესაკუთრეებს, კვლავ წერილობით შესთავაზა შეფასების ანგარიშით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, განემარტათ განსახლების გეგმის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად ამისა დეპარტამენტმა თანხმობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღო.

 

საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში. ეს მუხლი ასევე, ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. ექსპროპრიაციის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექსპროპრიაციას გზისა და მაგისტრალის გაყვანა - მშენებლობისათვის.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქმედებს აღნიშნული კანონით დადგენილი დანაწესის შესაბამისად. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. დეპარტამენტის მხრიდან ამოწურულია მედიაციის ყველა რესურსი, რის გამოც განმცხადებელმა დაიწყო ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები. საკითხი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანებით, რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებით, მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ ექსპროპრიაციის პროცედურების დადგენილი წესით დაწყების თაობაზე.

 

უდავოა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოიყენა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების მიღწევის მიზნით, თუმცა ისინი უარს აცხადებენ საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საკუთრების უფლების დათმობაზე, შესაბამისად, არსებობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ზემოხსენებულ პირებზე საკუთრების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის საჭიროება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მხარე ითხოვდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ------------ის, მ----–-----–---ის და ნ-----------ის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 0----------3 (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------60), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე; ასევე, ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ------------ის, მ----–-----–---ის და ნ-----------ის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 0---------02 (ნაკვეთის წინა ნომერი 0----------2), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დ------------ე, მ----–-----–---ე, ნ-----------ე და მათი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ განმცხადებლის მოთხოვნას და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის მინიჭების საფუძველი, საკომპენსაციო თანხა არ არის შესაბამისობაში უძრავი ქონების რეალურ ღირებულებასთან. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო შეზღუდვა. დაინტერესებულმა პირებმა - მ----–-----–---ემ, დ----- და ნ-----------ეებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აზიის განვითარების ბანკს, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტის კანონიერება უნდა შემოწმებულიყო სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარე მიიჩნევს, რომ №1-1/398 ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს სწორედ განსახილველი განცხადების ფარგლებში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს საკითხზე, გამოიცა თუ არა აღნიშნული ბრძანება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გზით.

 

მესამე პირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, შესაბამისად უცნობია მათი პოზიცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ------------ის (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ის (პ/ნ 6---------6) და ნ-----------ის (პ/ნ 6---------7) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, კერძოდ:

- 0----------3 საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა N 0---------60) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე;

- №0---------02 საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა N0----------2), რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.

გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მონაკვეთს მ---------რიდან ჭოროხის მდინარემდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ და გზის სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს.

 

დადგენილია, რომ დ------------ეს (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ეს (პ/ნ 6---------6) და ნ-----------ეს (პ/ნ 6---------7) თანასაკუთრებაში ერიცხებათ ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა N9-ში მდებარე საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონება, კერძოდ, 1 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ-ით 0----------3), მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებთან ერთად, ასევე, ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩა N9-ში მდებარე საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონება, კერძოდ, 601 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ-ით 0---------02), მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებთან ერთად,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის 15 იანვრის N2-1----1 წერილით მიმართა დ------------ეს, მ----–-----–---ესა და ნ-----------ეს და აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული მიწის შესყიდვებისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სახით დაინტერესებულ პირებს შესთავაზე საკომპენაციო თანხა - 796 672.34 ლარის ოდენობით. დონორი ორგანიზაციის დაკვეთით, განხორციელდა საექსპროპრიაციო ქონების ხელახალი გადაფასება და მომზადდა ქონების შეფასების ახალი ანგარიში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ივლისის N2-12-----7 წერილით, დ------------ეს, მ----–-----–---ესა და ნ-----------ეს ეცნობათ, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ქონების სანაცვლოდ, საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ღირებულებების თანხა, ჯამში შეადგენდა - 1 112 528 ლარს.

 

დადგენილია, რომ დ------------ემ, მ----–-----–---ემ და ნ-----------ემ არაერთხელ, მათ შორის 2017 წლის 30 ოქტომბრის, 2018 წლის 30 მარტის, 2018 წლის 30 მაისის; 2018 წლის 17 ივლისის, 2019 წლის 05 აგვისტოს, 2019 წლის 23 სექტემბრის, 2019 წლის 12 ნოემბრის წერილობითი განცხადებებით მიმართეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც მიუთითებდნენ, რომ საკომპენსაციო თანხა არ იყო გონივრული, შესაბამისად არ ეთანხმებოდნენ მის ოდენობას და ხელშეკრულების გაფორმებას.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის 18 მაისის №4------07 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანებით, 1. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

1.1. უძრავი ქონება ს/კ.-ით 0----------3 (მდებარე ბათუმი, თ---–--ის ქუჩა N9, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 595.87 კვ.მ (მათ შორის I სართული ფართით 187.3 კვ.მ, II სართული ფართით 231.9 კვ.მ, სხვენი ფართით 176.67 კვ.მ), N2 საერთო ფართით 18.39 კვ.მ, N3 საერთო ფართით 3.42 კვ.მ) მესაკუთრეები: დ------------ე (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ე (პ/ნ 6---------6), ნ-----------ე (პ/ნ 6---------7) საექსპროპრიაციო ფართი სრულად.

1.2. უძრავი ქონება ს/კ.-ით 0---------02 (მდებარე ბათუმი, თ---–--ის ქუჩა N9, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 601. კვ.მ, შენობა/ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართით 21.74 კვ.მ) მესაკუთრეები დ------------ე (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ე (პ/ნ 6---------6), ნ-----------ე (პ/ნ 6---------7) საექსპროპრიაციო ფართი სრულად;

 

2018 წლის 07 სექტემბერს, დ------------ემ, მ----–-----–---ემ და ნ-----------ემ სარჩელით მიმართეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N1-1/398 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, დ------------ის მ----–-----–---ისა ნ-----------ის სარჩელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო;

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“, გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ (2019 წლის 25 ოქტომბრის N212).

 

დადგენილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის N2--------0 წერილით, დ------------ეს, მ----–-----–---ესა და ნ-----------ეს კვლავ ეცნობათ დაწყებული ექსპროპრიაციის პროცედურების თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მე-19 მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია საჯარო ინტერესებისათვის დასაშვები ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი თანხმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

 

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

 

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

 

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ ,,წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად’’.

 

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო შეხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

დადგენილია და უდავო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფ.მ---------რის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები, და სატრანსპორტო კვანძები.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული არაერთი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ზემოქმედების არეალში მოქცეული დ------------ის, მ----–-----–---ისა და ნ-----------ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა დ------------ესთან, მ----–-----–---ესა და ნ-----------ესთან, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს.

 

სასამართლო გაიზიარა განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 –კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებისათვის. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანიანი იყო, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვები იყო საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უნდა მინიჭებოდა ექსპროპრიაციის უფლება ქალაქ ბათუმში, თ---–--ის ქუჩის N9-ში მდებარე, მოქალაქეების, დ------------ის (პ/ნ 6---------5), მ----–-----–---ის (პ/ნ 6---------6) და ნ-----------ის (პ/ნ 6---------7) თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან

- საკადასტრო კოდით 0----------3 (ნაკვეთის წინა N 0---------60), საექსპროპრიაციო ფართობის 1 000 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და ნარგავებზე;

- საკადასტრო კოდით 0---------02 (ნაკვეთის წინა N 0----------2), საექსპროპრიაციო ფართობის 601 კვ.მ-ზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.

 

რაც შეეხება საკითხს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი განცხადების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე განიხილება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო მსჯელობს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობაზე, ხოლო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანების კანონიერების შემოწმება ამ განცხადების ფარგლებში სამართლებრივი თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით საფუძველს მოკლებულია და იგი დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, როგორც სააპელაციო წესით, ისე კერძო საჩივრით (გადაწყვეტილების მე-4 პუნქტზე, რომელიც შეეხება მის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას) გაასაჩივრა მ----–-----–---ემ, დ----- და ნ-----------ეებმა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების უარყოფა მოითხოვეს.

 

აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის გამოკვლეული რამდენად ხვდება მთელი ქონება საავტომობილო მაგისტრალის გაყვანის ზემოქმედების ქვეშ. მიწის ნაკვეთების ნაწილს საერთოდ არ გააჩნია შემხებლობა მაგისტრალთან და მათი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გამოყენება საერთოდ არ დგინდება.

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ საერთოდ გვერდი აუარა მათ (დაინტერესებული პირების) არგუმენტაციას, არ იმსჯელა მათ შესახებ, არ იმსჯელა და არ შეაფასა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენად სწორად და მიუკერძოებლად აწარმოა მესაკუთრეებთან კანონით განსაზღვრული მოლაპარაკება. გადაწყვეტილება არ მოიხილავს და არ აფასებს აპელანტების შესაგებელსა და ახსნა-განმარტებით სიტყვაში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, მასზედ, რომ ბ-----ეების ოჯახის მიერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე მიწოდებული იქნა წერილობითი არგუმენტაცია და შენიშვნები წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით. შეთავაზებული იქნა სადაო საკითხის მოლაპარაკების გზის გადასაწყვეტად საჭირო სამი ალტერნატიული, კომპრომისული ვარიანტი, რომლის განხილვასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თავი აარიდა და არ გასცა შესაბამისი პასუხები, არ გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებისათვის.

 

აპელანტების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან“.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე“.

 

აპელანტის განმარტებით ექსპროპრიაციის გარდაუვალობა სახეზე მაშინ დგება, როცა მესაკუთრე უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე და არ მონაწილეობს მოლაპარაკების პროცესში. გარდაუვალობა ავტომატურად და მყისიერად რომ დგებოდეს ყველა შემთხვევაში, როცა რაიმე საზოგადოებრივი საჭიროება არსებობს, ეს არსებითად შელახავდა კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლების არსს. გარდაუვალობა და ექსპროპრიაციის მინიჭების უფლება არ შეიძლება განიმარტოს საკუთრების უფლებისა და კონსტიტუციით განმტკიცებული მისი არსისგან განყენებულად. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობას. აღნიშნული პირობა მიღწევადია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების გზით. საიდან დაადგინა სასამართლომ ამდგავარი მოლაპარაკების წარმოება, როცა არ განუხილია და არ შეუმოწმებია აპელანტი მხარის მიერ შესაგებელში მოყვანილი საფუძვლები. იქნებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაზღაურება შეთავაზა დაინტერესებულ მხარეებს 5 მილიონის ღირებულების ქონებაზე. გამოდის რაც უნდა ისე და არასწორად გაეკეთებინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რაც უნდა დაერღვია კანონმდებლობა და კონსტიტუცია, მაინც მიიღებდა ექსპროპრიაციის უფლებას, აპელანტებს წაართმევდა საკუთრებას და აიძულებდა გამოსახლებას.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავისი განცხადებით მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს, რომ მათ მიერ მოგვეწოდა ,,Colliers”-ს მიერ მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიში და მზად არიან ამის მიხედვით მოახდინოს საკომპენსაციო თანხების გაცემა. ჩვენს მიერ მთავარ ყურადღებას გამვამახვილებთ ამ შემოთავაზებაზე.

 

უმთავრესია ის გარემოებაა, რომ ,,Colliers”-ს მიერ მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიში მომზადებულია 2019 წლის იანვარში. პასუხგაუცემელია კითხვა 2019 წლის იანვარში მომზადებული დასკვნა რატომ იქნა მოწოდებული 2019 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა, ადგილი ჰქონდა 7 %-ან ინფლაციას, რაც დასტურდება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით. აღნიშნული საკითხი უმთავრესია ვინაიდან მთავარი შეუთანხმებლობას აქ აქვს ადგილი.

 

აპელანტები შეეცადნენ დარჩენილიყვნენ კონსტრუქციულ მოლალაპარაკების რეჟიმში და საგზაო დეპარტამენტს შესთავაზეს 3 ვარიანტი ელოდებოდნენ პასუხს. სურდათ დაენიშნათ შეხვედრა შესაბამისი პასუხისმგებელ პირებთან და დეტალური, კონსტრუქციული საუბრით გაეარათ ყველა სადაო საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებებზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მათ არ უპასუხა და მიმართა სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე, რაც ემსახურება მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებისთვის ზეწოლის დამატებითი ბერკეტის მიღებას.

 

აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აუცილებელ პირობას - ,,მითითებას წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის თაობაზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით და არსებობს მისი გაუქმების უდაო საფუძველი. გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ექსპროპრიაციას იმდაგვარად, რომ დარღვეული იქნება კონსტიტუციის მოთხოვნა - წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათი მოსაზრება - სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილის უკანონობის შესახებ, ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აუცილებელ პირობას - ,,მითითებას წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის თაობაზე“.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობაის დარღვევას და ქმნის საშიშროებას შეილახოს საკუთრების უფლება, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორთ დაუშვებლად მიაჩნიათ მისი დაუყოვნებლივი აღსრულება.

გარდა ზემოაღნიშნულისა კერძო საჩივრის ავტორთ მოესპობათ შესაძლებლობა ზემდგომ ინსტანციებში დაადასტურონ მათი პოზიციების მართებულობა, ვინაიდან ამ პერიოდისათვის მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი განადგურებული იქნება, ხოლო მთელი ოჯახი აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო და კერძო საჩივრის საფუძვლიანობა - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების და კერძო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე გამეორების გარეშე და ამასთან დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებულ საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ, სოფ. მ---------რის მისადგომებთან. საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფზე. პროექტის ფარგლებში აშენდება გვირაბი, ხიდები, და სატრანსპორტო კვანძები.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული არაერთი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ზემოქმედების არეალში მოქცეული დ------------ის, მ----–-----–---ისა და ნ-----------ის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა დ------------ესთან, მ----–-----–---ესა და ნ-----------ესთან, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით საქმის მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც ჩატარდა ექსპრორპიაციის საკითხების განმხილველი კომისიის სხდომა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/398 ბრძანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება (ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე).

 

დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, დეპარტამენტის მიერ მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“.

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება:

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულიად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება ვრცელდება ცალკეულ ფიზიკურ, მოძრავ ან უძრავ ნივთებზე, ხოლო საკუთრების საჯარო-სამართლებრივი ცნება და მისი ძირითადი უფლებრივი გარანტი მოიცავს აგრეთვე მოთხოვნებსა და უფლებებს, აგრეთვე, ქონებრივ, საჯაროსამართლებრივ პოზიციებს, რომელთა განსაზღვრული პირობებით შეზღუდვაც შესაძლებელია. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი ნება, როგორც წესი, წარმოადგენს შეუზღუდავ ბატონობას ნივთზე და უფლებას აძლევს მესაკუთრეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, მაგრამ საკუთრება არ მოიცავს უსაზღვრო ბატონობას ნივთზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მე-19 მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიაზრებს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. ევროპული კონვენცია აძლევს შესაძლებლობას სახელმწიფოებს, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. საქართველოს კონსტიტუციაც, თავის მხრივ, იცნობს საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ სახეს – საკუთრების შეზღუდვასა და ჩამორთმევას. როგორც მე-19 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას – როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით, მაგრამ, როგორც აქციათა სავალდებულო მიყიდვის, ისე კონფისკაციის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო ჯეროვნად მიჯნავს ერთმანეთისაგან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზანს მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და აღნიშნავს, რომ საკუთრების ჩამორთმევისას, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” ამომწურავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ექსპროპრიაცია.

 

კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ დანაწესის შემდგომ მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს. ამასთან აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით. კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი. ეს არის ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მკაცრად გაწერილი ფორმალური და მატერიალური ზღვარი. კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას, ხოლო კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას. კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება გამომდინარეობს ამ უფლების სოციალური დატვირთვიდან. საკუთრების უფლების შეზღუდვაა ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა.

 

პალატა მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლობს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამავე კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულება და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კონპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000 – კმ 13+325 მონაკვეთის მშენებლობის მიზნით პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილ აპელანტთა უძრავ ქონებებზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა.

 

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნა - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების საფუძვლიანობის შესახებ, სწორია, რადგან საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის დებულებებით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით.

 

პალატა ასევე იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლებების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება. ასევე, მართებულია მითითება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კონპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობა, არ შეიძლება გახდეს ექსპროპრიაციის პროცესის შემაფერხებელი გარემოება, რადგან ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ან მის პარალელურად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

4.4. რაც შეეხება კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 2.1 მუხლზე, რომლის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

 

ამავე კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის; ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის; კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის. მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. 5.1 მუხლით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 5.4 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

 

ამდენად, სპეციალური კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” განსაზღვრავს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესს და იმპერატიულად მიუთითებს მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევას, კანონიერია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

 

ამასთან სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ნივთის მესაკუთრეა სახელმწიფო. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება აღსრულებულია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია. სააპელაციო და კერძო საჩივრები არ შეიცავს მათი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესოკოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----–-----–---ის, დ------------ის და ნ-----------ის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ----–-----–---ის, დ------------ის და ნ-----------ის სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თ---–--ი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხოლო მ----–-----–---ის, დ------------ის და ნ-----------ის კერძო საჩივრის უარყოფის ნაწილში განჩინება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: შოთა სირაძე

 

გოჩა აბუსერიძე

 

ნანა კალანდაძე