განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/393-20
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მარტი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე მაია გიგაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - ნ-------------ე, ლ---–---------ე, ა-–------------------ე, ზ---------------ე, ზ--------------ე, ლ------------ე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - მ---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–---–ი, დ-------------ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ--------------–---–მა და დ-------------ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების ნ-------------ის, ლ---–---------ის, ა-–------------------ის, ზ---------------ის, ზ--------------ის და ლ------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეები არიან თ---–------------------------–-------------ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით 0------------------) თანამესაკუთრეები, კერძოდ, 62.00 კვ.მ. ფართიდან 14.00 კვ.მ. არის დ-------------ის, ხოლო 48 კვ.მ. გ--------------–---–ის საკუთრება, 27.30 კვ.მ. ფართიდან 19.60 კვ.მ. არის გ--------------–---–ის, ხოლო 7.70 კვ.მ. დ-------------ის, ასევე თანასაკუთრებაში აღრიცხული საერთო ფართიდან 2/3 ნაწილი არის გ--------------–---–ის, ხოლო 1/3 ნაწილი დ-------------ის. მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს და მესაკუთრეებს არ აძლევენ შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არიან კეთილსინდისიერი მფლობელები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ--------------–---–ისა და დ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ-------------ის, ლ---–---------ის, ა-–------------------ის, ზ---------------ის, ზ--------------ის და ლ------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ-------–------------------------–----------------, საკადასტრო კოდი: #0------------------.029 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრეებს გ--------------–---–სა და დ-------------ეს.
საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 230-ე, 233-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 02 სექტემბერს, სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები. სასამართლოს სხდომის ადგილისა და დღის თაობაზე მოპასუხეთა წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2019წ. განჩინებით ნ-------------ის, ლ---–---------ის, ა-–------------------ის, ზ---------------ის, ზ--------------ის და ლ------------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.9.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე და 215.3 მუხლებით და მიუთითა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.219წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.219წ. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ-------------ემ, ლ---–---------ემ, ა-–------------------ემ, ზ---------------ემ, ზ--------------ემ და ლ------------ემ და მოითხოვეს მათი გაუქმება.
აპელანტის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და არ არის შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტები არიან სოციალურად დაუცველები და მათი დაცვა უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ--------------–---–მა და დ-------------ემ (შემდგომში „მოსარჩეელები) მოპასუხეების ნ-------------ის, ლ---–---------ის, ა-–------------------ის, ზ---------------ის, ზ--------------ის და ლ------------ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
9. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეები თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.09.2019წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 30.07.2019წ. დანიშნული სასამართლო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხეთა ნაწილი, ერთ-ერთი მოპასუხის - ა-–------------------ის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 30.08.2019წ. (ს.ფ. 85-87). ასევე დადგენილია, რომ 15.08.2019წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი მოხელე ტელეფონით დაუკავშირდა მოპასუხეთა წარმომადგენელს მ---------–--ეს და აცნობა, რომ 30.08.2019წ. დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 02.09.2019წ.. აქტს ხელს აწერს სასამართლოს მოხელე (იხ:, ს.ფ. 89). ამასთან, მოპასუხეთა მიერ მ---------–--ეზე გაცემული რწმუნებულება სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, საქმეშია (იხ:, ს.ფ.75-81).
ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხეების 02.09.2019წ. სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით.
საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებას, რომ სატელეფონო საუბარში სხდომის თარიღად ეცნობა არა 02 სექტემბერი, არამედ 03 სექტემბერი.
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მოხელის ხელმოწერილი სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელს ეცნობა 02.09.2019წ. 17:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ როდესაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების განხორციელების თაობაზე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მხარე გაფრთხილებული იქნა სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით და აქტში მითითებული ინფორმაცია არის სწორი. ამასთან, როგორც 04.12.2019წ. განჩინებაშია მითითებული, სასამართლოს მიერ გადამოწმებულ იქნა სატელეფონო ჩანაწერი და ირკვევა, რომ სასამართლოს სხდომის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდგომ მოპასუხეთა წარმომადგენელი თავად აზუსტებს სასამართლო სხდომის თარიღს და უთითებს 02 სექტემბერს (იხ:, ს.ფ. 133). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და უფრო მეტიც, ასეთზე არც სააპელაციო საჩივარში უთითებენ.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ( ს.ფ. 158).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-------------ის, ლ---–---------ის, ა-–------------------ის, ზ---------------ის, ზ--------------ის და ლ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.2019წ. განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაია გიგაური