განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2020
საქმის ნომერი
040100119003295168
ინსტანცია
თარიღი
24.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003295168

№1/ბ-200-2020 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----- ბ-------ს ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლენტეხის რაიონი, სოფელი ჭ---–--ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს----- მ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 02 აგვისტოს დაახლოებით საღამოს საათებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–--იში, ს----- მ---------მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში თავისი უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, დაზარალებული სქესი აუგად მოხსენიების და ოჯახში მის სტერეოტიპულ როლზე ყურადღების გამახვილებით (ს----- მ---------ს მიაჩნია, რომ ქალს აზრს არავინ ეკითხება, მან უნდა რეცხოს, დაალაგოს და საჭმელი გაამზადოს) იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ხ------ა უ--------ზე, კერძოდ ხელი მოკიდა თმაზე, ძლიერად მოქაჩა, წააქცია და იატაკზე თმებით ათრია. ხსენებულს ესწრებოდა მათი შვილი ხ----- მ---------ი, რომელმაც სცადა დედის დახმარება, თუმცა ს----- მ---------მა მას მუშტი დაარტყა სახის არეში. ს----- მ---------ის ქმედების გამო ხ------ა უ--------მა და ხ----- მ---------მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ს----- მ---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს----- მ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

გამართლებულ ს----- მ---------ის ახლო ნათესავებმა მეუღლემ - დაზარალებულმა ხ------ა უ--------მა, შვილმა - მოწმე ხ----- მ---------მა, შვილმა - მოწმე დ----- მ---------მა და მამამ - მოწმე ა–---ა მ---------მა - ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებები, კერძოდ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და მათ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, კერძოდ მოწმეები: ლ-----–-----–---------–--------------------------–------–---–-------------------, ს----- მ---------ი. ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში შეყვანილი ყველა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებას.

სააპელაციო პალატას ს----- მ---------ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ს----- მ---------ის მიერ, მეუღლის - ხ------ა უ--------ის და შვილის - ხ----- მ---------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულებმა და თვითმხილველმა მოწმეებმა არ მისცეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს უდაოდ მიჩნეული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

რაც შეეხება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ, მოწმეთა - ლ-----–-----–---ის, ს--–---- მ---------ის, გ-------–-------–---–--------------------ის და ს----- მ---------ის მონათხრობს, ს----- მ---------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა და პირდაპირმა მოწმეებმა ჩვენებების მიცემაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავს ან სხვაგვარად არ აღუქვია (არ მოუსმენია) ს----- მ---------ის მიერ განხორციელებული ქმედების თაობაზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ს----- მ---------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ს----- მ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს----- მ---------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ს----- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ ს----- მ---------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე