განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100120003433686
საქმე №1/ბ-204-2020წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 აპრილი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ბრალდების მხარე: ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–------------;
ბრალდებული: გ--–-----–-----ი
ადვოკატები: ი-----------–--, რ------------
ბრალდებული: შ--------------ე;
ადვოკატი: ნ-----–---------–----ე;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინებით: ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულების გ--–-----–-----ის და შ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა'' და ,,ე'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში;
ბრალდებულების გ--–-----–-----ის და შ--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით და სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით, განსჯადობით გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
სააპელაციო საჩივრების არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინება გაასაჩივრა როგორც ბრალდებულ შ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ასევე ბრალდებულ გ--–-----–-----ის ადვოკატებმა.
ბრალდებულ შ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ-----–---------–----ე ითხოვს: გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბრალდებულების, გ--–-----–-----ისა და შ--------------ის, სისხლის სამართლის საქმე განსჯადობით გადაიგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოში. აპელანტის განმარტებით, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენება პროკურორის დისკრეციას წარმოადგენდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აღარ უნდა განიხილოს მოცემული სისხლის სამართლის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ შეწყდა ბრალდება იმ ნაწილში, რომელიც თავის დროზე ბრალდებულებს აძლევდათ შესაძლებლობას აერჩიათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვა. შესაბამისად, სსკ-ის 143-ე მუხლის მოხსნით სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის საქმე უნდა განიხილოს არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, არამედ ფოთის საქალაქო სასამართლომ, რაც არასწორია.
ბრალდებულ გ--–-----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ი-----------–-- და რ------------ ითხოვენ: გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბრალდებულების, გ--–-----–-----ისა და შ--------------ის, სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობით განსახილველად გადაუგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, შესაბამისად, საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ. აპელანტების განმარტებით, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენება პროკურორის უფლებას წარმოადგენდა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლით, ამავე მუხლის საფუძველზე, სასამართლო ფორმალურად უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა, აღნიშნულით დაირღვა ბრალდებულბის კანონიერი ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალი ბრალდებულებისათვის წარდგენილი იყო როგორც სსკ-ის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ასევე, სსკ-ის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა), ბრალდებულები წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ. ბრალდების მხარემ სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით მოითხოვა სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ბრალდების მოხსნა (თუმცა ეს მათი უფლება იყო), მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის სასამართლოს მხრიდან ასეთი განმარტება, რომ ავტომატურ რეჟიმში ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, არის კანონის არასწორი განმარტება და არასწორი პრაქტიკის დანერგვა. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ამით დაირღვა მხარეთა შეჯობრებითობისა და თანასწორობის უფლება.
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–------------ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც, იგი კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს ბრალდებულისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს დაუშვებლად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საჩივრები მათი დაუსაბუთებლობისა და კანონთან შეუსაბამობის გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შერჩევის სხდომაზე საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატა საჩივრებს განიხილავს საკასაციო წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფია საქართველოს კონსტიტუციით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამატურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის საპროცესო საკითხები, რა დროსაც სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ნორმის მიზანს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა და მათთვის თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს, აქედან გამომდინარე, ამ უფლებათა რეალიზება, ანუ, მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნვეყოფა ევალება სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები, ისე, რომ არცერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. თანაბარი შესაძლობების შექმნა გულისხმობს მხარეებისათვის მტკიცებულებების წარდგენის თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას და მტკიცებულებების თანაბარ პირობებში გამოკვლევას.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ გაანალიზა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და განმარტავს, რომ თანაბრობის პრინციპზე დაყრდნობით განხორციელებული მხარეთა უფლებების რეალიზაცია საპროცესო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და მხოლოდ ამ კანონმდებლობის საფუძველზე ხდება მათი გამოყენება, მათ შორის ბრალდებულის უფლებების რეალიზებაც ისარგებლოს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა თანახმად, საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესს ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმადაც, ნაფიცი მსაჯულები იკრიბებიან პერიოდულად, რადგანაც, იგი არ არის მუდმივმოქმედი და განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს პირველი ინსტანციით, როდესაც, წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე საქმე მათი განსჯადია.
რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ როდის არის სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, ამას ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც იმპერატიულად მოიცავს იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, ბრალდების მხარემ, ისარგებლა მისთვის სსსკ-ის 250-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და ბრალდებულების: გ--–-----–-----ისა და შ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან უარი თქვა ბრალდების ნაწილზე, კერძოდ, მათ მიმართ, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაზე და მოითხოვა ბრალდებულების მიმართ, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარემ, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი ბრალდების მხარდაჭერაზე (სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაზე), ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით სწორად იქნა გამოტანილი განჩინება ბრალდებულების მიმართ, ბრალდების ამ ნაწილში სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რადგანაც, სსსკ-ის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვალდებული იყო შეეწყვიტა სისხლისამართლებრივი დევნა ბრალდების ამ ნაწილში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ არის შეზღუდული, ისარგებლოს ბრალდების მოხსნის ან შეცვლის უფლებით, იგი უფლებამოსილია მოხსნას ან შეცვალოს ბრალდება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება სისხლსსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დაცვის მხარეს არ მიუჩნევია საქმის განმხილველი მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებად და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არ გაუსაჩივრებია იგი საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან და არც სააპელაციო საჩივარში ხდის სადავოდ მის კანონიერებას.
სააპელაციო პალატამ გაანალიზა სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, (ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს) საქმე არ უნდა დაებრუნებია ფოთის რაიონულ სასამართლოში განსახილველად და სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უნდა განეხილა ბრალდების სხვა ნაწილში, უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან შემდეგი გარემოებათა გამო:
მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სსსკ-ის 330-ე მუხლი ადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის დროებით წესებს, რომლის მიხედვითაც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილაცს სისხლის სამართლის საქმეებს, კერძოდ, სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია იმ მუხლების ჩამონათვალი, რა დროსაც, შესაძლებელია (ბრალდებულის მოთხოვნიდან გამომდინარე) საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვას დაქვემდებარებული ბრალდების ნაწილში სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიუხედავად, ბრალდების სხვა ნაწილში სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რათა დაცვის მხარის მოსაზრებით დაცული ყოფილიყო მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც, მხარის მოსაზრებით, ობიექტური და მიუკერძოებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.
პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებული აღნიშნული მოთხოვნა არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოსთვის დადგენილ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, სსსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილ სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს სისხლის სამართლის სფეროში, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან განსჯადობის მიხედვით განიხილონ სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანონ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, იმის მიუხედავად თუ რომელ ტერიტორიულ სასამართლო ორგანო თუ ინსტანცია განიხილავს მას, ამასთან მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის შუამდგომლობის თუ საჩივრის განხილვა განახორციელდეს კანონით დადგენილი წესით, განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების შესაბამისად.
სააპელაციო პალათა მიიჩნევს, რომ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია სსსკ-ის მე-20-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინება, კერძოდ, ,,თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“
საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თავისი განჩინებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, სწორად შეწყვიტა სისხლისამართლებრივი დევნა, ბრალდებულების მიმართ წარდგენილ, ნაფიც მსაჯულთა განხილვას დაქვემდებარებულ სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ასევე, პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ამავე განჩინებით, სწორად განსაზღვრა სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის საკითხიც, რადგანაც, სსსკ-ის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მაშინ მოსამართლის განჩინებით საქმე გადაეცემა განსჯადობის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასევე დადგენილია ტერიტორიული განსჯადობის საკითხიც, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულების პირველი წარდგენა მოხდა ფოთის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებით, სისხლის სამართლის საქმის განსჯადობით ფოთის რაიონულ სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა კანონიერია და გამომდინარეობს სსსკ-ის 21-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებიდან, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს განსჯადობით არ უნდა გადაეგზავნა სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ფოთის რაიონულ სასამართლოში და ბრალდების სხვა ნაწილში, იმის მიუხედავად, რომ სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდა ნაფიც მსაჯულთა განხილვას დაქვემდებარებულ ბრალდების ნაწილში, საქმე უნდა განეხილა ზუგდიდის რაინულ სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით-უსაფუძვლოა არ გამოდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეისწავლა და გაანალიზა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მათითებული გარემოებების შესაბამისობა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და მივიდა დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 19-ე, 20-ე, 21-ე მუხლებით, 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, 250-ე, 330-ე, 266-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებულ შ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–---------–----ისა და ბრალდებულ გ--–-----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი-----------–--სა და რ------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 მარტის განჩინება, შ--------------ისა და გ--–-----–-----ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.განჩინება არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/