განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002990251
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/9688-19 20 მარტი, 2020 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ზ---- ჯ-------
წარმომადგენელი - დ--–- კ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ი-------–---–ი, ლ-----------–---–ი, გ-----------–-–---–ი, მ--------–---
წარმომადგენელი - ლ---------ე, თ--------------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელეების: გ-----------–-–---–ის, ი-------–---–ის, ლ-----------–---–ისა და მ--------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ---- ჯ-------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების: გ-----------–-–---–ის, ი-------–---–ის, ლ-----------–---–ის და მ--------–---ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ-----------ვი, მე - 4 კვარტალი, კორპუსი №---, ბინა №--- (ს.კ 0----------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს. გასაჩივრებული განჩინებით ზ---- ჯ-------ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელიგადაწყვეტილება დარჩა ძალაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 13 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ი-------–---–მა, ლ-----------–---–მა, გ-----------–-–---–მა და მ--------–---მ, ზ---- ჯ-------ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვით. ამავე სასარჩელო განცხადებით, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. 2.2. სასამართლომ ი-------–---–ის, ლ-----------–---–ის, გ-----------–-–---–ისა და მ--------–---ს სარჩელი მიიღო განსახილველად. 2.3. მოპასუხეს კანონის შესაბამისად ორჯერ გაეგზავნა სასამართლოს გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალები) მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------ვი, მე-4 კვარტალი, კოპუსი №--, ბინა №-- თუმცა, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ფოსტის შეტყობინების თანახმად, ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა. 2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, 2019 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის საუბნო სამსახურს დაევალა მოპასუხისთვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება. 2.5. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 2019 წლის 01 აგვისტოს მომართვიდან ირკვევა, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგანაც მისამართზე რამდენჯერმე გამოცხადების მიუხედავად კარი არავინ გაუღო, ხოლო აღნიშნულზე 2019 წლის 27 ივლისს შედგენილ იქნა ოქმი №2019955. 2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხე ზ---- ჯ-------ს სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი ეცნობა შეტყობინების საჯაროდ გავრცელებით. 2.7. მოპასუხე ზ---- ჯ-------სთვის სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 09 სექტემბერს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. 2.8. მოპასუხეს, სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა ,,სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის", ხოლო ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებაა - ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. 2.10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ზ---- ჯ-------ს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებში დადგენილი წესის შესაბამისად. 2.11. სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა მოპასუხისთვის გზავნილის ჩასაბარებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა საშუალება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული მასალების შინაარსის საჯარო შეტყობინების გზით გადაცემის თაობაზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 78-ე მუხლისა. 2.12. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ იცოდა მის წინააღმდეგ არსებული დავის შესახებ, თუმცა ვინაიდან ზაფხულის პერიოდში იყო ქალაქიდან გასული, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო გზავნილის ჩაბარება. 2.13. სასამართლომ მიიჩნია, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარადგინა 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ზ---- ჯ-------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტს არ ჩაჰბარებია სარჩელი თანდართული მასალებით, რითაც შეეძლო გამოეყენებინა მისი უფლებები, კერძოდ, მორიგების კუთხით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2019 წლის 13 მაისს ი-------–---–მა, ლ-----------–---–მა, გ-----------–-–---–მა და მ--------–---მ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს ზ---- ჯ-------ს (მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ და N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაბრუნება მოითხოვეს. 4.1.1. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ეკუთვნოდათ სადავო ნივთი, ხოლო მოპასუხე მას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა. 4.1.2. მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც სადავო ნივთზე მათი საკუთრების უფლება დასტურდებოდა. 4.2. სასამართლომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, დ-----------ვი მე-4 კვ. კ------------, ბ---- - გაუგზავნა ორჯერ - 2019 წლის 21 მაისს და იმავე წლის 17 ივნისს, მაგრამ ისინი მას არ ჩაჰბარდა; საქართველოს ფოსტის „უკუგზავნილების“ თანახმად, კურიერი აპელანტის საცხოვრებელ ადგილას გამოცხადდა 2019 წლის 24 მაისს, 16:55 საათზე და 2019 წლის 20 ივნისს - 15:08 საათზე, თუმცა მისამართზე არავინ დახვდა. 4.3. ამის გამო, 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით სასამართლომ აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარება დაავალა საქართველოს შსს დიდუბე-ჩუღურეთის თბილისის მთავარ სამმართველოს. 4.4. საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების 2019 წლის 1 აგვისტოს მიმართვითა და თანდართული ოქმით დგინდება, რომ პოლიციის მაიორი გიორგი გოგოლაძე რამდენჯერმე გამოცხადდა განჩინებაში მითითებულ მისამართზე, მაგრამ მას კარი არავინ გაუღო. 4.4.1. ოქმის თანახმად, აპელანტის საცხოვრებელი ადგილი უცნობი იყო და იგი ზემოხსენებულ ბინაში იშვიათად დადიოდა. 4.5. 2019 წლის 2 სექტემბერს სასამართლომ გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. 4.6. იმავე დღეს სარჩელი და თანდართული მასალები განთავსდა როგორც საქალაქო სასამართლოს თვალსაჩინო ადგილზე, ისე - ვებგვერდზე. 4.7. აპელანტმა სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა და, ამიტომ, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტები სავსებით სწორად შეაფასა. 4.9. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ თავად აპელანტის განმარტებით, იგი თბილისში, დ-----------ვი მე-4 კვ. კ------------, ბ-----ში ცხოვრობს. იგივე მისამართია მითითებული სააპელაციო საჩივარში და იგივე დგინდება 2019 წლის 28 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებიდანაც. 4.9.1. ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელში აპელანტის მისამართი სწორად მიუთითა. 4.10. ამ მისამართზე აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარებას სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უშედეგოდ, ცდილობდა. 4.10.1. მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოხერხდა. 4.10.2. პალატის აზრით, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზებზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად გაამახვილა ყურადღება თავად აპელანტის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ აღძრული სარჩელის თაობაზე მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. 4.10.3. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელზე რწმუნებულებაც აპელანტმა 2019 წლის 28 მარტს, ე.ი. სარჩელის აღძვრამდე გასცა. 4.10.4. ეს კი ამტკიცებს, რომ აპელანტი სასამართლო გზავნილის ჩაბარებას თავს განზრახ არიდებდა. 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 4.11.1. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. 4.12. ამ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო სასამართლო შეტყობინება საჯაროდ გაევრცელებინა. 4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. 4.13.1. როგორც აღინიშნა, სასამართლო შეტყობინება საჯაროდ გავრცელდა 2019 წლის 2 სექტემბერს. ამის შესაბამისად, იგი აპელანტისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 9 სექტემბერს, მას კი, ამის მიუხედავად, სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია. 4.13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. 4.13.3. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სავსებით სწორად გამოიტანა. 4.14. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებზე აპელანტს არ მიუთითებია და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება. 4.15. ამის გამო, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ზ---- ჯ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე