განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2020
საქმის ნომერი
330210018002755609
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
27.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210018--2755609

საქმე №2ბ/78-9-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე

მოსამართლეები - რევაზ ნადარაია, ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი – ფ------ ჩ----–---–-.

წარმომადგენელი – გიორგი ჟამუტაშვილი, ბექა კვინიკაძე.

 

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

წარმომადგენელი – მირანდა ჩანქსელიანი, გიორგი ქიმ----ძე.

 

დავის საგანი – თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9----------- №ბ----------- ბრძანება ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ფ------ ჩ----–---–-ს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ფ------ ჩ----–---–- ქ. თბილისის №1-- ბაგაბაღის დირექტორის თანამდებობაზე;

1.3. დაევალოს ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს აუნაზღაუროს ფ------ ჩ----–---–- განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 1-----------დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 4 აგვისტოდან იგი განუსაზღვრელი ვადით დანიშნული იყო ქალაქ თბილისის №1-- ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2015 წლის 9-------------- №2---- ბრძანებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ------ ჩ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილი იქნა ა(ა)იპ თბილისის №1-- საბავშვო ბაღა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე. ა(ა)იპ თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9----------- ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე კვლავ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა დისკრიმინაციის აშკარა გამოვლინება და გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური შეხედულებების გამო, რადგან გათავისუფლებისას დამსაქმებელს არ უხელმძღვანელია არანაირი სამართლებრივი საფუძვლით. მოსარჩელე არ დაეთანხმა მონიტორინგის აქტში მითითებულ დარღვევებს და განმარტა, რომ აქტში აღნიშნული დარღვევებს რეალურად ადგილი არ ჰქონია.

 

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 9----------- ბრძანება ფ------ ჩ----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ფ------ ჩ----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მონიტორინგის შედეგები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საბავშვო ბაგა-ბაღის წესდებასა და შრომის შინაგანაწესს. აღნიშნული კი, დამსაქმებლის მიერ შეფასდა დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად, რაზეც მოხდა რეაგირება, შესაბამისი დისციპლინური სახდელის დაკისრებით, კერძოდ: კვების ბლოკის დათვალიერებისას დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: სამზარეულოს დახლში აღმოჩნდა გადამალული 470 გრამი ბანანი, ხოლო ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში - ასევე გადამალული 450 გრამი მოხარშული ორაგული. აღნიშნული დანაკლისით მოხდა მენიუ-ფაქტურით გათვალისწინებულ კალორაჟზე დაკლება, რაც საქართველოს მთავრობის №487 დადგენილების მე-10 მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, მენიუ-ფაქტურაში საქონლის ხორცის ორაგულით ჩანაცვლება თვითნებურად, რაც არ ყოფილა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული, წარმოადგენს ბაგ-ბაღის შინაგანაწესის დარღვევას. ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას აღმოჩნდა შემდეგი სახის დარღვევები; მიმწოდებელთან გაფორმებულ ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებებში მითითებული არაა საქონლის მიწოდების ვადა; 18.09.2018-ს დადებული №4- ხელშეკრულების მიხედვით ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში (2 ოქტომბერს), რეალური ანგარიშწორება განხორციელდა 8 ოქტომბერს. თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებაში აღმოჩნდა შემდეგი სახის დარღვევები - თანამშრომელთა უმრავლესობას არ აქვს 2017 წლის შრომითი ხელშეკრულებები, თანამშრომელთა უმრავლესობას აქვს ძველი (2016) წლის ნასამართლობის ცნობა. ბაღის აღმზრდელ თანაშემწეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს მოთხოვილი დეკრეტული შვებულება, აღნიშნულ განაცხადში არაა მითითებული განცხადების შედგენის თარიღი, ხოლო ბაღის დირექტორს ბრძანება შედგენილი აქვს 2018 წლის 8 ოქტომბერს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ფ------ ჩ----–---–-ს სარჩელი ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების №1---------ში, ამავე წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ქ. თბილისის 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა თ----- ა-–----- და მის ნაცვლად კონკურსის შედეგების შესაბამისად დაინიშნა ფ------ ჩ----–---–- განუსაზღვრელი ვადით, მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 8-- ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 2--48);

 

2.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 09-------------- №2---- ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, ააიპ „ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ფ------ ჩ----–---–- გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 2--48);

 

2.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ------ ჩ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ივნისის №2---- ბრძანება ფ------ ჩ----–---–-სათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9-------------- №2---- ბრძანება ფ------ ჩ----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილი იქნა ააიპ თბილისის №1---ე საბავშო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 8-- ლარის ოდენობით 2015 წლი 9 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 2--48);

 

2.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 17 აპრილს ააიპ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბრძანება №ბ------------ით აღსრულდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ფ------ ჩ----–---–- დაინიშნა თბილისის №1---ე ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ბრძანება №ბ----------- (ს.ფ.49);

- ბრძანება №ბ----------- (ს.ფ. 50);

 

2.1.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2018 წლის 9----------- №ბ----------- ბრძანებით (ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, გათავისუფლდა ფ------ ჩ----–---–- ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან, 2018 წლის 1-----------დან.

 

ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად დირექტორის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები.

 

სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №16.67.710 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 7 მარტის №18.83.203 განკარგულებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები და „ქ. თბილისის №1-- ბაგა-ბაღი“-ს შრომის შინაგანაწესი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს დირექტორის 2018 წლის 9----------- №ბ----------- ბრძანება (ს.ფ. 51).

 

2.1.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ (ჯგუფის წევრები: შ--–-- ა--------–---, ფ-------- კ------–-–---–-, თ--- ბ---–-----, თ----- შ----–-–---–-, უ-- ჩ-----) №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში მონიტორინგის ჩატარების ფაქტი დასტურდება 2018 წლის 9 ნოემბერს მონიტორინგის აქტით.

 

მონიტორინგის აქტში, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გრაფაში მითითებულია შემდეგი: სამზარეულოში აღმოჩნდა მენიუ-ფაქტურაში გათვალისწინებული ბანანის ნაწილი 470 გრამის ოდენობით, მოხარშული ორაგული 450 გრამის ოდენობით, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში იყო გადამალული. მომწოდებლის მიერ შექმნილი პრობლემების გამო ბაღის დირექციის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მოხდა მენიუ-ფაქტურაში ხორცის თევზით ჩანაცვლება, რაზეც არ იყო შეთანხმება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან. დირექტორის განცხადებით, მას იმ დროისათვის არ ჰქონდა დარეკილი სააგენტოში. - ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას აღმოჩნდა დარღვევები მომწოდებლებთან ხელშეკრულების ფორმებში. შესაბამისად, დარღვევით იქნა ანგარიშსწორება მომწოდებელთან, კერძოდ: №4- ხელშეკრულებით (18.09.2918) ე---- ს------------- მიმართებაში ანგარიშსწორება მოხდა 28 სექტემბრის ნაცვლად 8 ოქტომბერს. ასევე ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო ანგარიშსწორების ვადები. პირადი საქმეების წარმოებისას დაფიქსირდა დარღვევები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მონიტორინგის აქტი (ს.ფ. 108-114);

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივ განმარტება „უხეში“ დარღვევების არსებობის თაობაზე და მიუთითა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში, სწორედ დირექტორი არის ის უფლებამოსილი პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ამასთანავე, დირექტორი წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე დართული ბაგა-ბაღის დასააგენტოს წესდებები და შინაგანაწესი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღი წარმოადგენს განსაკუთრებული სპეციფიკის აღმზრდელობით - საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მცირეწლოვნები დროის საკმაოდ დიდ ნაწილის ატარებენ. შესაბამისად, სასამართლო რთულად წარმოიდგენს უფრო მეტი სიმძიმის მქონე დარღვევებს, როგორიცაა აღსაზრდელთა დღიური ულუფისათვის განკუთვნილი პროდუქტების ასეთი სახით განკარგვა, ასევე მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პირად საქმეებში იყოს განახლებული ნასამართლობის ცნობები, ვინაიდან საქმე ეხება მცირეწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას.

 

სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ფარული აუდიო ჩანაწერები და ტელერეპორტაჟი, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებებით შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რამდენადაც შეუძლებელია საუბარში მონაწილე სუბიექტების ვინაობის დადგენა და მათი კავშირი განსახილველ საქმესთან მიმართებით. ამასთან, საუბარში, როგორც მოსარჩელე განმარტავს ლ--–- ნ----------, ფაქტებს უთითებს მოსარჩელე და სთხოვს კომუნიკაციის მეორე მხარეს, დაუდასტუროს მისი ნამდვილობა, რაზეც ცალსახა პასუხს არ იძლევა მოსაუბრე. ასევე გაურკვეველია სხვა ჩანაწერებში კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა. მათი დაკითხვის თაობაზე მოსარჩელეს შუამდგომლობა არ დაუყენებია. რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეპორტაჟს, აღნიშნული წარმოადგენს ჟურნალისტის შეფასებას და იგი საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით დევნის ფაქტის დადგენას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. მოსარჩელემ ვერ შექმნა და ვერ წარმოადგინა ფაქტები, რაც მტკიცების ტვირთს არადისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მოპასუხის მხარეს გადაიტანდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა მითითებული დარღვევები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს ფ------ ჩ----–---–-ს მოქმედებები შეფასდეს როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 და 26.1 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე და 31-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის პირველ, მე-2, 37-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ დავაში საქმის გარემოებები ეხება საბავშვო ბაგა ბაღის დირექტორის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას, რომელსაც განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა ბავშვებზე და სრულად დაწესებულების გამართულად ფუნქციონირებაზე. 2018 წლის 9 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა სწორად შეაფასა საბავშო ბაგა-ბაღში არსებული დარღვევები უხეშ დარღვევად, რაზეც პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება ბაღის დირექტორს ფ------ ჩ----–---–-, შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობაბაღის დირექტორთან იყო დარღვევების თანაზომიერი ღონისძიება. მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების "უხეშ" დარღვევას და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს ფ------ ჩ----–---–თან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

 

შესაბამისად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

სასამართლომ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ დაუსაბუთებელია ფ------ ჩ----–---–-ს განმარტება, თითქოს მისი გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით. სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების წარმოჩენა, რაც მის მიმართ არსებულ მოპყრობას მიანიჭებდა დისკრიმინაციის კვალიფიკაციას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ №1---ე საბავშო ბაგა-ბაღში მონიტორინგი ჩატარდა მისი გათავისუფლების მიზნით, ვინაიდან მითითებულ ბაღში გახსნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პირველ ტურში ვერ გადავიდა მმართველი პარტიის კანდიდატი. კოორდინატორებმა თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ დირექტორის დაუხმარებლობისა და მშობლებისათვის აგიტაციის არგაწევის გამო წააგეს არჩევნები. აღნიშნული ფაქტები არ ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან მოსარჩელეს არა აქვს შემხებლობა არჩევნების ჩატარებასთან, თავადვე აცხადებს, რომ არის აპოლიტიკური პირი. ამასთან, საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოს აქვს უფლება და ვალდებულება ჩაატაროს მონიტორინგი საბავშო ბაგა-ბაღებში. შესაბამისად სარჩელში, აღნიშნული ფაქტები სასამართლოს არ უქმნის შინაგან რწმენას საიმისოდ, რომ გაიზიაროს მოსარჩელის მითითება განსხვავებულ მოპყრობაზე და დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები

 

4.1. აპელანტის განმარტებით არასწორია მონიტორინგის ანგარიშში მითითებული გარემოებები, კერძოდ: არაფერი არ იყო გადამალული ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში, რადგან იმ დღით რამდენიმე მშობელმა გააფრთხილა აღმზრდელი ნ-----–-- ბ------–---–-, რომ მათ დააგვიანდებოდათ ბავშვების მიყვანა და არა არ დაეწერათ მათთვის, რადგან მენიუ-ფაქტურა წინასწარ დგება და შესაბამისად დაგვიანებული ბავშვები დარჩებოდნენ ულუფის გარეშე (აღნიშნულ ფაქტს მოწინაღმდეგე მხარე სადოდ არ ხდის). მიუხედავად აღნიშნულისა იმ დღეს სამი ბავშვი არ გამოცხადდა, შესაბამისად ეს სამი ულუფა გაუცემელი დარჩა და უნდა მომხდარიყო მისი ჩამოწერა. სწორედ ამ დროს განხორციელდა მონიტორინგი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღის დირექტორის 2018 წლის 14 თებერვლის №8- ბრძანებით დირექტორის მოადგილეს მ---- ტ--–--–-–---–- დაევალა კვების ბლოკიდან ყოველდღიური მზა საკვები ულუფის გამოტანასთან დაკავშირებით მზარეულისა და აღმზრდელის თანაშემწეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებზე კონტროლი. შესაბამისად საკვები პროდუქტების გაცემაზე თუ რამე სახის გადაცდომა ან დარღვევა იქნებოდა ის იყო პასუხისმგებელი.

 

მომწოდებლისთვის შექმნილი პრობლემების გამო ბაღის დირექციის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მოხდა მენიუ-ფაქტურაში საქონლის ხორცის თევზით ჩანაცვლება, რაზედაც არ იყო შეთანხმებული ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოსთან. მომწოდებლის წარმომადგენელმა იმ დღით ბაღს განუცხადა, რომ შექმნილი პრობლემის გამო მომხდარიყო თევზის ხორცის გაცემა ბავშვებისთვის და შემდგომ მიაწვდიდა საქონლის ხორცს. ბავშვებისთვის თევზის ხორცის მიწოდების დროს მოხდა ზუსტად დაცვა კალორიულობის, ამასთან ეს საკითხი რომ უნდა შეთანხმდეს საბავშვო ბაღის სააგენტოსთან არცერთ იურიდიული სახის დოკუმენტში ან ნორმატიულ აქტში აღნიშნული არ არი, თუმცა ბაღი მაინც აპირებდა შეტყობინების განხორციელებას ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოსათვის. მონიტორინგი იმ დროს განხორციელდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი თევზის გაცემა.

 

რაც შეეხება მონიტორინგის ანგარიშში ასახულ გარემოებას, რომ №4- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება მოხდა 28 სექტემბერს ნაცვლად 8 ოქტომბრისა, აღნიშნულს არ მოჰყოლია არანაირი ზიანი ორგანიზაციისათვის.

 

აპელანტის განმარტებით იგი დირექტორად დაინიშნა 2018 წლის 17 აპრილს, შესაბამისად ის ვერანაირად ვერ აგებს პასუხს, 2017 წელს რატომ იყო ან არ იყო გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ამ დარღვევისათვის აპელანტთან მიდავება არამართლზომიერია. ასევე დაუსაბუთებელია მონიტორინგის აქტში აღნიშნული დარღვევა პირადი საქმის წარმოების დროს არსებული დარღვევებთან დაკავშირებით.

 

რეალურად გათავისუფლების მიზეზი იყო პოლიტიკური მოტივები, კერძოდ, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით №1-- საბავშვო ბაღში გახსნილი იყო 2 საარჩევნო უბანი №2- და №2-. მოსარჩელემ ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებისაგან მიიღო შეთავაზება, რომ აგიტაცია გაეწია მათ სასარგებლოდ, რაზედაც აპელანტი არ დათანხმდა. №2- და №2- საარჩევნო უბნებზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილმა კანდიდატმა წააგო არჩევნების პირველ ტურში. 2018 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისის მერს კ--- კ--–---- შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების სამგორის რაიონის კოორდინატორებთან, სადაც №2- და №2- საარჩევნო უბნის კოორდინატორებმა განაცხადეს, რომ წაგება განაპირობა ფ------ ჩ----–---–-ს დაუხმარებლობამ. თბილისის მერმა დაავალა სამგორის გამგებელს, რომ შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო და აღნიშნული ეცნობებინა ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორისათვის. სწორედ აღნიშნულის გამო განხორციელდა 2018 წლის 9 ნოემბერს მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ აპელანტის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა და იგი სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

5.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2-44-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2007 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების №1---------ში, ამავე წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ქ. თბილისის 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა თ----- ა-–----- და მის ნაცვლად კონკურსის შედეგების შესაბამისად დაინიშნა ფ------ ჩ----–---–-, განუსაზღვრელი ვადით, მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 8-- ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9-------------- №2---- ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, ააიპ „ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ფ------ ჩ----–---–- გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ------ ჩ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ივნისის №2---- ბრძანება ფ------ ჩ----–---–-სათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9-------------- №2---- ბრძანება ფ------ ჩ----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილი იქნა ააიპ თბილისის №1---ე საბავშო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 8-- ლარის ოდენობით 2015 წლის 9 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

ააიპ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილს №ბ----------- ბრძანებით ფ------ ჩ----–---–- დაინიშნა თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.

 

ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე შედგა მინიტორინგის აქტი, რომლის თანახმად თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებები მოუწესრიგებელია, თანამშრმელთა აფსოლიტურ უმრავლესობას არ აქვს 2017 წლის შრომითი ხელშეკრულება დადებული და ხელშკრულება გაგრძელებულია 2018 წლის 31 დეკემბრიდან. თანამშრომელთა უმრავლესობას აქვთ ძველი (2016 წლის) ნასამართლობის ცნობები. ბაღის აღმზრდელის თანაშემწეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოთხოვნილი აქვს დეკრეტული (უხელფასო) შვებულება და მის განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების დაწერის თარიღი (რა პერიოდიდან ითხოვს), ხოლო დირექტორს ბრძანება დაწერილი აქვს 2018 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 64-65).

 

მონიტორინგის აქტის თანახმად სამზარეულოში აღმოჩდა მენიუ-ფაქტურაში გათვალისწინებული ბანანის ნაწილი 470 გრამის ოდენობით, მოხარშული ორაგული 450 ლარის ოდენობით ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში იყო გადამალული. მომწოდებლისათვის შექმნილი პრობლემების გამო ბაღის დირექციის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მოხდა მენიუ ფაქტურაში ხორცის თევზით ჩანაცვლება, რაზეც არ იყო შეთანხმება ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოსთან (დირექტორის განცხადებით მას ჯერ არ დაურეკავს სააგენტოში). ფინანსური შესყიდვების შერჩევით მონიტორინგისას აღმოჩდა დარღვევები მომწოდებლებთან ხელშეკრულების ფორმებში. შესაბამისად დარღვევით იქნა სწორება მომწოდებელთან, კერძოდ: 2018 წლის 18 სექტემბრის №4- ხელშეკრულებით ე---- ს------------- მიმართებაში ანგარიშსწორება მოხდა 28 სექტემბრის ნაცვლად 8 ოქტომბერს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა(ა)იპ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2018 წლის 9----------- №ბ----------- ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, ფ------ ჩ----–---–- გათავისუფლდა ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან, 2018 წლის 1-----------დან. ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად დირექტორის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები.

 

5.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 4-8.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლოს განმარტავს, რომ დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. შესაბამისად, როდესაც სასამართლოში დავის საგანი არის სშკ-ის 37-ე მუხლით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხის შემოწმება, სასამართლო ადგენს რამდენად მართლზომიერად გამოიყენა დამსაქმებელმა ეს უფლება და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება, რომ დასაქმებულის მოქმედება შეფასებულიყო ,,უხეშ დარღვევად’’. ბუნებრივია, რომ აღნიშნული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში დასახელებული საფუძვლების შემოწმების გზით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით სააპალაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საკასაციო სასამართლოს მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში გაკეთებულ განმარტებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელეების მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული’’ (იხ. საქმე ას-1483-2019).

 

განსახილველ შემთხევაში სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი არ უარყოფს 2018 წლის 9----------- მონიტორინგის აქტში მითითებული ფაქტების არსებობას, თუმცა მიაჩნია, რომ აქტში აღნიშნული ფაქტები არათუ ,,უხეშ’’ დარღვევას, არამედ საერთოდ დარღვევას არ წარმოადგენდა და შესაბამისად დაუშვებელი იყო მათ საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 9 ნოემბერს თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენი ფაქტები წარმოადგენდა თუ არა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის.

 

მონიტორინგის აქტის თანახმად სამზარეულოში აღმოჩდა მენიუ-ფაქტურაში გათვალისწინებული ბანანის ნაწილი 470 გრამის ოდენობით, ხოლო მოხარშული ორაგული 450 გრამის ოდენობით ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში იყო გადამალული. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ დასახელებული პროდუქტი იყო იმ სამი ბავშვის ულუფა, რომელთა მშობლებმა იმ დღით ტელეფონის მეშვეობით გააფრთხილეს აღმზრდელი ნ-----–-- ბ------–---–-, რომ მათ დააგვიანდებოდათ ბავშვების მიყვანა და არა არ დაეწერათ მათთვის, რადგან მენიუ-ფაქტურა წინასწარ დგება და შესაბამისად დაგვიანებული ბავშვები დარჩებოდნენ ულუფის გარეშე. მიუხედავად აღნიშნულისა იმ დღეს სამი ბავშვი არ გამოცხადდა, შესაბამისად ეს სამი ულუფა გაუცემელი დარჩა და უნდა მომხდარიყო მისი ჩამოწერა, თუმცა სწორედ ამ დროს განხორციელდა მონიტორინგი.

 

აპელანტის ამგვარ განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს რადგან საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული, №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის ზ---- გ-----–---- ახსნა განმარტება (ს.ფ. 115), სადაც იგი განმარტავს შემდეგს: 1 ნაჭერი თევზი გადავარდნილი იყო საწურის ქვეშ, გასატარებელი მანქანა იყო გარეცხილი და ამიტომ მან თევზი ჩადო მოსახარშად. მოსარჩელის ახსნა განმარტებას არასარწმუნოს ხდის ის ფაქტიც, რომ მონიტორინგის თანამშრომლების მიერ 450 გრამის თევზი აღმოჩენილ იქნა მოხარშულ მდგომარეობაში, როდესაც თევზის სხვა ნაწილი უკვე გადამუშავებული იყო გასატარებელ მანქანაში. ანუ თუ გავითვალისწინებდით აპელანტის ახსნა-განმარტებას, ასეთ შემთხვევაში მონიტორინგის დროს აღმოჩენილი თევზი ლოგიკურია, რომ დამუშავებული უნდა ყოფილიყო იმავე სახით, როგორც სხვა დანარჩენი. რაც შეეხება 470 გრამ ბანანს, ზ---- გ-----–--- ამავე ახსნა განმარტებაში ამბობს, რომ ვინაიდან არიან სამი აღმზრდელი აიღო თითო ბანანი.

 

დასახელებული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოსარჩელე (აპელანტი) მხოლოდ ზოგადი ახსნა განმარტებით შემოიფარგლება და შესაბამისად თუნდაც მოსარჩელის მითითება იმ ფაქტზე, რომ 9 ნოემბერს სამ ბავშვს აგვიანდებოდა საბავშვო ბაღში გამოცხადება და ზემოაღნიშნული პროდუქტი იყო უნდა ყოფილიყო მათი ულუფა (საყურადღებოა, რომ ბაგა-ბაღის შინაგანაწესის 2-.3 პუნქტის თანახმად ბაგა-ბაღში აღსაზრდელის დაგვიანებით გამოცხადება დასაშვებია მშობლის წერილობითი განცხადების საფუძველზე და საქმეში მსგავსი ტიპის მტკიცებულება არ მოიპოვება), ვერ აქარწყლებს ბაღის თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებს.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მომწოდებლის პრობლემის გამო შეცვლილი იყო მენიუ, აღნიშნული მხარეთა შორის სადაო მხოლოდ იმ კუთხით - აცნობა თუ არა მომხდართან დაკავშირებით ფ------ ჩ----–---–მა სააგენტოს შესაბამის განყოფილებას. თავად მონიტორინგის აქტში ფ------ ჩ----–---–- განმარტავს, რომ შპს ,,ნილი’’-ს მომწოდებელმა დაზიანებული კონტეინერით მიიტანა ხორცი და აღნიშნულის გამო იგი არ იქნა მიღებული, სწორედ ამიტომ მოხდა ხორცის ჩანაცვლება თევზით, რაზეც შედგა აქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია ასეთი აქტი საქმეში წარმოდგენილია (ს.ფ. 118), თუმცა მონიტორინგის განყოფილების მიმართვით ირკვევა (ს.ფ. 130-131), რომ აქტი შედგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონიტორინგის ჯგუფი შევიდა ბაგა-ბაღში, ეს უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოება კი მოსარჩელის მიერ გაქარწყლებული არ არის.

 

მონიტორინგის აქტის თანახმად დარღვევები იქნა აღმოჩნილი ასევე თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებისას და ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას, კერძოდ, ბაღის აღმზრდელის თანაშემწის განცხადებაში გაურკვეველია, როდიდან ითხოვს იგი შვებულებას, მომწოდებლებთან გაფორმებული ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებებში მითითებული არ არის საქონლის მიწოდების ვადა, 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება განხორციელებულია დაგვიანებით. აღნიშნულ ფაქტები, გარდა იმისა, რომ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ს.ფ. 67, 117, 12--126), მათ ასევე არ უარყოფს მოსარჩელე. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დირექტორის მიერ №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ: წესდების მე-4 მუხლის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეუნქტების შესაბამისად დირექტორი კანონით დაგენილი წესით განაგებს და განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე, წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. ამავე წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბავშვო-ბაღი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს დამფუძნებელს.

 

ბაგა-ბაღის წესდების ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია ფ------ ჩ----–---–-ს მითითება, რომ ვინაიდან ბაგა-ბაღის დირექტორის 2018 წლის 14 თებერვლის №8- ბრძანებით დირექტორის მოადგილეს მ---- ტ--–--–-–---–- დაევალა კვების ბლოკიდან ყოველდღიური მზა საკვები ულუფის გამოტანასთან დაკავშირებით მზარეულისა და აღმზრდელის თანაშემწეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებზე კონტროლი, შესაბამისად საკვები პროდუქტების გაცემაზე თუ რამე სახის გადაცდომა ან დარღვევა იქნებოდა ის იყო პასუხისმგებელი. პალატა განმარტავს, რომ დირექტორის მიერ ასეთი სახის ბრძანების გამოცემა არ ათავისუფლებს თავად დირექტორს წესდებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან და მსგავსი ტიპის ბრძანება არ ნიშნავს, რომ დირექტორი პასუხისმგებელი არ არის ბაგა-ბაღში განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე.

 

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სააპალაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მონიტორინგის აქტით გამოვლენილი დარღვევები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს ფ------ ჩ----–---–-ს მოქმედებები შეფასდეს როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. შესაბამიად პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ფ------ ჩ----–---–-ს მიმართ გამოყენებული დისციპლინურ ზომა - გათავისუფლება ადეკვატურია მონიტორინის აქტით გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში, რაც დაუსაბუთებელს ხდის განმარტებას ბრძანების არაკანონიერების ნაწილში. ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან აღნიშული მოთხოვნების დაკმაყოფილება დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან.

 

5.3. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის ??-2 ?????? გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობებში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, ასევე დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით. ამასთან ზემოაღნიშნული საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე-დამსაქმებელი ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება არ მომხდარა.

 

განსახილველ შემთხვევაში ფ------ ჩ----–---–მა მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დასამტკიცებლად და ამ საფუძვლით გათავისუფლების დასადასტურებლად მიუთითა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით №1-- საბავშვო ბაღში გახსნილი იყო 2 საარჩევნო უბანი №2- და №2-. მოსარჩელემ ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებისაგან მიიღო შეთავაზება, რომ აგიტაცია გაეწია მათ სასარგებლოდ, რაზედაც აპელანტი არ დათანხმდა. №2- და №2- საარჩევნო უბნებზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერილმა კანდიდატმა წააგო არჩევნების პირველ ტურში. 2018 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისის მერს კ--- კ--–---- შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების სამგორის რაიონის კოორდინატორებთან, სადაც №2- და №2- საარჩევნო უბნის კოორდინატორებმა განაცხადეს, რომ წაგება განაპირობა ფ------ ჩ----–---–-ს დაუხმარებლობამ. თბილისის მერმა დაავალა სამგორის გამგებელს, რომ შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო და აღნიშნული ეცნობებინა ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორისათვის. სწორედ აღნიშნულის გამო განხორციელდა 2018 წლის 9 ნოემბერს მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა დისკრიმინაციის საფუძვლით, კერძოდ, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო წარმოადგენს იმ ორგანოს, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია არის მონიტორინგის განხორციელება საბავშვო ბაღებში. საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის აქტები, რომელიც ადასტურებს, რომ იმავე პერიოდში, ანუ როდესაც მოხდა №1---ე ბაგა-ბაღის შემოწმება, ასევე შემოწმდა სხვა საბავშვო ბაგა-ბაღები (ს.ფ. 133-174); საყურადღებოა, რომ ფ------ ჩ----–---–- მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ფაქტების არსებობას სადაოდ არ ხდის, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვევები რაც გამოვლინდა ამ მონიტორინგის შედეგად წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევას და შესაბამისად გათავისუფლების საფუძველს. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერებით და ტელერეპორტაჟით, შეუძლებელია თავად საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რამდენადაც შეუძლებელია საუბარში მონაწილე სუბიექტების ვინაობის დადგენა და მათი კავშირი განსახილველ საქმესთან მიმართებით. ამასთან, საუბარში, როგორც მოსარჩელე განმარტავს ლ--–- ნ----------, ფაქტებს უთითებს მოსარჩელე და სთხოვს კომუნიკაციის მეორე მხარეს, დაუდასტუროს მისი ნამდვილობა, რაზეც ცალსახა პასუხს არ იძლევა მოსაუბრე. ასევე გაურკვეველია სხვა ჩანაწერებში კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა. რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეპორტაჟს, აღნიშნული წარმოადგენს ჟურნალისტის შეფასებას და იგი საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით დევნის ფაქტის დადგენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. განსახილველ შემთხვეაში დადგენილია, რომ ფ------ ჩ----–---–-ს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოხდა 2019 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 10 ივნისს, ანუ კანონით დაგენილ ვადაში. შესაბამისად დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება, რომ უნდა გაუქმდეს 24 მაისის საოქმო განჩინება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს არ დაეკისრება ფ------ ჩ----–---–-ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი ს.ფ. 363) ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 386-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ფ------ ჩ----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

 

მოსამართლეები რევაზ ნადარაია

 

ამირან ძაბუნიძე