განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210018002305873
საქმე №2ბ/5409-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი – ნ--–----–----–---–ი.
წარმომადგენელი – ელიზა პავლიაშვილი.
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------.
წარმომადგენელი – ნუგზარ კოჭლამაზიშვილი
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
ა) ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–----------------–-- დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანება;
ბ) მოსარჩელე ნ--–----–----–---–ი აღდგენილი იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ს------–----------–-- ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობაზე.
გ) მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 8 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე და ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07% ის ოდენობით.
1.1. სარჩელის თანახმად, ნელი ირალიშვილი 1979 წლის 5 მარტიდან, 36 წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის ს------–----------–-- საბავშო ბაღის გამგის თანამდებობაზე. 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით მისი ხელფასი შეადგენდა 500 ლარს. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს დაიბარეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და სავალდებულოდ მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღუძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს და დააკავებდნენ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. იმავე თვეში, ბაგა-ბაღში სააგენტოდან მივლენილი იქნა სპეციალისტი, ს-------- ყ------–ი, რომელმაც დაიწყო ინვენტარიზაციის ჩატარება. ამასთან მოსარჩელე კვლავ დაიბარეს გორის მუნიციპალიტეტში და მიუთითეს, რომ თუ არ დატოვებდა თანამდებობას, ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები იქნებოდა მისთვის სავალალო. აღნიშნულის გამო 2015 წლის 7 ოქტომბერს დაწერა განცხადება და იმ საფუძველზე მითითებით, რომ მეუღლე ყავდა ავად, მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბარძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა 2018 წლის 5 თებერვალს.
მოსარჩელის განმარტებით, მან მოითხოვა ყოფილი დამსაქმებლისაგან წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გამოთხოვილი დოკუმენტებით ეცნობა, რომ 2015 წელს ქ--------–-- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ამასთან მას ხელთ აქვს ბაგა-ბაღში დასაქმებული სპეციალისტების მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს ინვენტარიზაციის ჩატარების ფაქტს. შესაბამისად მისი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ არ ასახავს მის ნამდვილ ნებას, ვინაიდან მისი მეუღლე ავად არ ყოფილა, იგი იძულებული იყო დაეწერა განცხადება მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო და სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანების ბათილად ცნობას.
1.2. მოპასუხე ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ ასახავს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: 2015 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა - ბაღების რეორგანიზაცია და მოხდა მათი გაერთიანება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მათი უფლებამონაცვლე ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–----------------–-- საჯარო დაწესებულებათა გაერთიანება. რეორგანიზაციის შემდეგ ნ--–----–----–---–ი გაერთიანების დირექტორის ბრძანებით დაინიშნა ქ--------–-- საბავშო ბაგა - ბაღის გამგის თანამდებობაზე. მოსარჩელე მისივე განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აქედან გამომდინარე მისი გათავისუფლება მოხდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით და არ არსებობს გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა განაცდური თანხის დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ნ--–----–----–---–ის გათავისუფლება განხორციელდა კანონის შესაბამისად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნ--–----–----–---–ის სარჩელი ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------ს მიმართ 2015 წლის 08 ოქტომბრის №-- ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ--–----–----–---–ი 1979 წლის 5 მარტის ბრძანებით ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან გადაყვანილი იქნა ამავე ბაღის გამგის თანამდებობაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება № 78 (ს.ფ. 19)
2.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ--–----–----–---–ის ხელფასი 2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 500 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------ს ცნობა ხელფასის ოდენობის შესახებ (ს.ფ. 26)
2.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წელს სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, ს------–----------–-- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა სააგენტოდან;
2.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს ნ--–----–----–---–მა დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანებით ნ--–----–----–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ--–----–----–---–ის განცხადება;
- ბრძანება(ს.ფ. 79)
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.1. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 30-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 361-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. იგი განცხადებაში მუთითებდა ოჯახურ გარემოებებზე, კერძოდ: აღნიშნავდა, რომ მეუღლეს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელემ სწორედ აღნიშნულ განცხადებაში გამოხატული ნება გახადა სადავო და მიუთითა, რომ სააგენტოდან ბაგა-ბაღში მივლენილი ს-------- ყ------–ი მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ინვენტარიზაცია და ნივთების ფაქტობრივი აღწერა არ ჩატარებულა, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს ყველაფერი ნ--–----–----–---–ის სამსახურიდან გასათავისუფლებლად გაკეთდა. ამდენად, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მუქარისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, კერძოდ ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დაწერდა განცხადებას, მის კოლეგებსაც გაუშვებდნენ სამსახურიდან და ასევე ინვენტარიზაციის ჩატარებისას დანაკლისს აღმოუჩენდნენ და დაიჭერდნენ. ამასთან, მოპასუხე მხარე საერთოდ არ დაინტერესებულა განცხადების დაწერის მიზეზებზე, მაშინვე დააკმაყოფილა განცხადება ყოველგვარი პროცედურების გარეშე (07.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:09:29; 15:49:04; 16:07:02 სთ). შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ვინაიდან მასზე განხორციელდა იძულება, ბრძანებაც ითვლება უკანონოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭიროა დადგინდეს განხორციელდა თუ არა ნ--–----–----–---–ის მიმართ იძულება, დამუქარა, რაც შესაძლოა განცხადების დაწერის მიზეზი და საფუძველი გამხდარიყო და ასევე დარჩა თუ არა ნ--–----–----–---–ი მოტყუებული, როგორც იგი მიუთითებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 85-ე და 86-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი აიძულა დამსაქმებელმა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და შესაბამისად სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტებას იძულების ფაქტთან დაკავშირებით. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების, კერძოდ, მასზე განხორციელებული იძულების და მუქარის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, თუმცა, როგორც მოწმეთა განმარტებიდან ირკვევა არცერთი მოწმეს პირადად არ მოუსმენია, როგორ ემუქრებოდნენ ნ--–----–----–---–ს, რომ დაეწერა განცხადება თორემ დაიჭერდნენ. ორივე მათგანმა მიუთითა, რომ მისთვის აღნიშნული გარემოება მოსარჩელისაგან გახდა ცნობილი. ის ფაქტი, რომ ბაღში მისული იყო ს-------- ყ------–ი და ატარებდა ინვენტარიზაციას, რასაც იყენებდა ზემოქმედებისათვის, ვერ გამოდგება ნ--–----–----–---–ზე განხორციელებული მუქარისა თუ ზეწოლის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ინვენტარიზაცია ჩატარების შესახებ, ამასთან 2015 წლის აგვისტოს თვეში ს-------- ყ------–ი მუშაობდა ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გ------------–----–--------------–------–----------------–-- დაწესებულებათა გაერთიანების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე და სააგენტოს წესდების მე-2 მუხლის მიხედვით ჰქონდა აღნიშნულის უფლება. შესაბამისად გაუგებარია ს-------- ყ------–ს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით როგორ უნდა მოეხდინა ზეწოლა, თუნდაც გამოძიების დაწყების მუქარით, ვინაიდან არც ამ ქმედებაში ჩანს კანონსაწინააღმდეგო ბუნება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--–----–----–---–ის არც ქონებას, არც სიცოცხლეს და არც ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ხოლო რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ამ შემთხვევაში მას შეეძლო აეყვანა დამცველი და უკანონო ბრალდების შემთხვევაში დაეცვა თავი კანონიერი გზით.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტის განმარტებით 1979 წლის 5 მარტიდან, 36 წლის განმავლობაში მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის ს. ქ--------–-- საბავშვო ბაღში, გამგის თანამდებობაზე. 2015 წელს სექტემბერში, დაიბარეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და სავალდებულოდ მოსთხოვეს პირადი განცხადებით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე და დააკავებდნენ სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავდროულად ბაგა ბაღში მივლენილი იქნა სააგენტოდან სპეციალისტი, ს-------- ყ------–ი, რომელმაც დაიწყო ინვენტარიზაციის ჩატარება. შესაბამისად მოსარჩელე იძულებული გახდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. 2018 წლის დასაწყისში გადაწყვიტა მოეწესრიგებინა დოკუმენტაცია სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით და გამოითხოვა ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რაც ჩაბარდა 2018 წლის 5 თებერვალს, ასევე დაინტერესდა 2015 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგებით, რა დროსაც შეიტყო, რომ ს. ქ--------–-- ბაგა-ბაღში არანაირი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
აპელანტის განმარტებით ვინაიდან მას დადებული ჰქონდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, (ერთი და იგივე თანამდებობაზე იმუშავა 36 წელი), ამიტომ გაჩნდა ინტერესი პირადად მას დაეწერა განცხადება წასვლასთან დაკავშირებით, რასაც მოპასუხე მხოლოდ იძულებით განახორციელებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს, ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. აპელანტის შემთხვევაში, მისი შეშინების მიზნით მივლენილი იქნა შემმოწმებელი ს-------- ყ------–ი. იგი შეუდგა ინვენტარიზაციის ჩატარებას, რაც დაადასტურეს მოწმეებმა. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საერთოდ ამ ფაქტს, რადგან მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ცნობა №---ით დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არამიზნობრივად გამოიყენა თავისი რესურსი, რადგან მოავლინა ვითომ შემმოწმებელი ბაღში და არ განხორციელდა დაწესებულებაში ინვენტარიზაცია. სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ დაადასტურა ფაქტი, რომ ს-------- ყ------–ი, 2015 წლის აგვისტოს თვეში მუშაობდა სააგენტოში გ------------–----–--------------–------–----------------–-- სპეციალისტის პოზიციაზე. ვინაიდან იგი თანამდებობის პირს წარმოადგენდა, სააგენტოს წარმომადგენელი წერდა ყველაფერს, თვლიდა საწოლებს, ლეიბებს, სამზარეულოში ლამბაქებს და ინიშნავდა და იკვლევდა შემოწმების დროს აპელანტის დაგვიანების ფაქტსაც კი. აღნიშნულით შეაშინეს და ეს ჩათვალა ნ--–----–----–---–მა, რომ უკვე აღკვეთ ღონისძიებას უფარდებდნენ. ასევე იგივე საშიშროება ემუქრებოდა ბაღის თანამშრომლებსაც და ვინაიდან მოსარჩელე ფიქრობდა, რომ არ გამხდარიყო მათი დაკავების მიზეზი, დაწერა განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამასთან ამ მიზნით მოიგონა ქმრის ავადმყოფობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს მითითება ნ--–----–----–---–ის განმარტებაზე, რომ გათავისუფლების შემდგომ, იმუშავა და ასრულებდა გამგის მოვალეობას, სანამ ახალი გამგე მოვიდოდა. აღნიშნული მითითება არის არალოგიკური, რადგან თუ მეუღლის ავადმყოფობის გამო აპირებდა სამსახურიდან წასვლას, გაურკვეველია რატომ უნდა ემუშავა ახალი დირექტორის მოსვლამდე დროებით. ასევე გაურკვეველია ავადმყოფი მეუღლის პირობებში, რატომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება დაეკარგა 500 ლარიანი ხელფასი. მას შემდეგ როდესაც შეიტყო , რომ არანაირი შემოწმება არ ჩატარებულა, მიხვდა, რომ იგი იყო მოტყუებული, მასხრად აგდებული და მიმართა სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
6.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ნ--–----–----–---–ი 1979 წლის 5 მარტის ბრძანებით ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან გადაყვანილი იქნა ამავე ბაღის გამგის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელფასი 2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 500 ლარს (ს.ფ. 19, 26).
2018 წლის 5 თებერვალს ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------მ გასცა ცნობა, რომლის თანახმად, ს------–----------–-- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ--–----–----–---–ი გათავისუფლდა ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო დაწებულებათა გაერთიანების სტრუქტურული დაწესებულების ქ--------–-- საბავშვო ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო ნ--–----–----–---–ის 2015 წლის 7 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა სამსახურიდნ გათავისუფლებას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ს.ფ. 35-36).
6.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტის (მოსარჩელის) სარჩელიც და სააპელაციო საჩივარიც ეფუძნება მხოლოდ ერთ გარემოებას, რომ მისი ნება გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას არ იყო ნამდვილი, ვინაიდან ნების ფორმირების დროს გამოვლინდა მასზე ზეწოლა და იძულება განაპირობა საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარებულმა ინვენტარიზაციის მოსალოდნელმა შედეგებმა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის (ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა) წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა, რაც არ იყო იძულებისა და მუქარის შედეგი. ეს უკანასკნელი გარემოებები მოპასუხე მხარემ (დამსაქმებელმა) უარყო და განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაეყრდნო მის განცხადებას, ხოლო იმ ფაქტის გასაბათილებლად, რომ 2015 წელს ქ--------–-- საბავშვო ბაგა-ბაღში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, 2018 წლის 5 თებერვალს გასცა შესაბამისი ცნობა. თავის მხრივ მოსარჩელემ (აპელანტი) პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ მითითებული გარემოების - დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული იძულების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები (რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე) და ქ--------–-- საბავშვო ბაგა-ბაღის მოქმედი კოლექტივის მიერ შედგენილი აქტი, რომ 2015 წლის სექტებერში, ბაგა-ბაღში მივლენილი იყო სააგენტოს თანამშრომელი ს-------- ყ------–ი და რომელმაც ბაღის თანამშრომლებთან ერთად მოახდინა ინვენტარიზაცია (ს.ფ. 20).
სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ) და ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ), განმარტავს, რომ აპელანტის პრეტენზია, პირველი ინატნციის სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეზე დაკითხული მოწმეები მოსარჩელეზე იძულების განხორციელებასთან დაკავშირებით გადმოსცემენ თავად ამ უკანასკნელის მიერ მათთვის გაკეთებულ განმარტებებს და ვერ მიუთითებენ ისეთ ფაქტის არსებობზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულზე ხორციელდებოდა იძულება.
რაც შეეხება ინვენტარიზაციის ფაქტს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია შეფასდეს, შეეძლო თუ არა ინვენტარიზაციის ჩატარებას გავლენა ექონია დასაქმებულის ნებაზე დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ ვერც ამ თვალსაზრისით დაასაბუთა აპელანტმა მისი მოთხოვნის კანონიერება, რადგან აპელანტი ვერ ხსნის სააგენტოს მიერ, მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, რატომ უნდა გამოეწვია დასაქმებულის ნებაზე გავლენა. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ამასთან სამართალი ნების გამოვლენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იგი განსაზღვრულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო, მეორე მხრივ კი - ფორმალური წინაპირობები. იმისათვის, რომ ნების გამოვლენას შედეგი მოჰყვეს, აუცილებელია გამოვლენილი ნება იყოს ნამდვილი, ანუ ნების გამომვლენს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ნების შედეგი იმ შემთხვევაში როდესაც ნება ფორმალურად ნამდვილს ჰგავს, მაგრამ ის ნამდვილი არაა, ეს შეიძლება გამოწვეული იყო სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, მაგალითად უსაფუძვლო ან საფუძვლიანი შიში, მოტყუება, ფაქტობრივი გარემოების შეცდომით აღქმა, სტრესი, მაღალი ემოციური ფონი და ა.შ. ასეთი ნების გამოვლენისას, დაინტერესებული პირის ნება ფორმალურად, გარეგნული გამოხატულებით, ნამდვილს ჰგავს, მაგრამ იგი ნების გამომვლენის ნამდვილ ნებას არ ასახავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმა გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე - ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენის მიმართ, ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს იმ გაემოებას, რომ მოითხოვს თუ არა ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ზემოაღნიშნული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დასაქმებულმა საკუთარი ნება წერილობითი განცხადებით უნდა გამოავლინოს, ანუ, შრომის კოდექსმა, ასეთი ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის ორი წინაპირობა დაასახელა: წერილობითი ფორმა - განცხადება და მისი მეორე მხარის (დამსაქმებლის) მიერ მიღება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის პირველი წინაპირობა, წერილობითი ფორმა (განცხადება) დაცულია, ასევე დაცულია მეორე წინაპირობაც - დამსაქმებლის მიერ მისი მიღება, ვინაიდან უდაოა, რომ ნ--–----–----–---–ი სამსახურიდან გათავისფლების შესახებ ბრძანება გამოიცა განცხადების დაწერიდან მეორე დღეს, ანუ მას შემდეგ რაც დამსაქმებელმა იგი მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა.
6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ნ--–----–----–---–ის სარჩელი ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–----------------–-- დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 8 ოქტომბრის №-- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ა(ა)იპ გ------------–----–--------------–------–------------------------ს არ დაეკისრება ნ--–----–----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი; ტ.2. ს.ფ. 22-23) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--–----–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე