განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2020
საქმის ნომერი
330210017002231095
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
27.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №33021001700223-095

საქმე №2ბ/8475-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

აპელანტი – ც----- ბ------.

წარმომადგენლები – ანა დათუკიშვილი, ვლადიმერ მჭედლიშვილი.

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღი.

წარმომადგენელი – გიორგი ქიმერიძე.

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

ა) ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;

ბ) ც----- ბ------ აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე;

გ) ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ც----- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 440 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით 2017 წლის 28 ნოემბრიდან გადაწყვტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში;

 

1.1. სარჩელის თანახმად 1971 წლის 27 ნოემბრიდან 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ც----- ბ------ დასაქმებული იყო ქ. თბილისის 32-ე ბაგა-ბაღში, ხოლო 2007 წლის 1 ოქტომბრიდან ქ. თბილისის 3--ე ბაგა-ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე. სამუშაო გამოცდილების მანძილზე არა აქვს მიღებული შენიშვნა, საყვედური, საჩივარი და სხვა ნეგატიური შეფასებები. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის ასრულებდა კეთილსინდისიერად და პირნათლად. 2017 წლის 28 ნოემბრიდან, ც----- ბ------ გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, რაც აღსაზრდელის ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ც----- ბ------ მისი მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიაჩნია, რომ რეალურად მისი გათავისუფლება მოხდა ასაკის გამო.

 

1.2. ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ც----- ბ-----ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა ბავშვის ძალადობის ფაქტზე რეაგირების ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც ჩათვალა, რომ ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი ფაქტები შეფასებულიყო როგორც ძალადობის ფაქტი. №-- საბავშვო ბაგა-ბაღში დასაქმებულია უამრავი ასაკოვანი თანამშრომელი, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ და ასაკობრივი ნიშნით ისინი არავის გაუთავისუფლებია დაკავებული პოზიციებიდან. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ სამსახურდან გათავისუფლება უკავშირდება მის ასაკს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. ც----- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;

1.2. ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ც----- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 440 ლარის გათვალისწინებით.

1.3. ც----- ბ-----ის სარჩელი სამსახურში აღდგენის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

2. ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს ც----- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

3. ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 38.4 ლარის გადახდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1971 წლიდან მოსარჩელე ც----- ბ------ დასაქმებული იყო საბავშვო ბაგა ბაღში აღმზრდელის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებით ც----- ბ------ უვადოდ იქნა დანიშნული ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღში. მხარეთა 2016 წლის 1 თებერვლის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 01.09.2014 წლის ხელშეკრულებაში და დასაქმებულის სამუშაო საათები განისაზღვრა 9:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო შრომითი გასამრჯელო განისაზღვრა 440 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შრომითი ხელშეკრულებები, შეთანხმება, შინაგანაწესი;

 

2.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო ც----- ბ------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 28 ნოემბრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის №------ განცხადების პასუხად, ც----- ბ------ს, ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 12 დეკემბრის წერილით ეცნობა, ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზდელის პოზიციიდან გათავისუფლების საფუძვლები.

 

აღნიშნულის მიხედვით გათავისუფლების საფუძვლებია: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების უფლებამოსილება), ა(ა)იპ №-- საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - აღსაზრდელის ან/და მათი მშობლების კანონიერი წარმომადგენლის, სიტყვიერიან ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 12 დეკემბრის მომართვა (ს.ფ.40).

 

2.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, 2017 წლის 24 ნოემბერს ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, სათანადო რეაგირების მიზნით, წერილობითი განცხადებით მიმართა ამავე ბაღის აღსაზრდელის, ს--------–---–-- მშობელმა, თ----- მ------–---–-- და აღნიშნა, რომ ბავშვის განმარტებით აღმზრდელმა, ც----- ბ------მ მტკივნეულად დააბიჯა ფეხი.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მოსარჩელე ც----- ბ------ს და ბ/ბაღის ლოგოპედს, ა--------- გ--–----, რომელმაც განმარტა, რომ მე-19 ჯგუფში სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს არაფერი შეუნიშნავს.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის ბავშვზე ძალადობის ჯგუფი, რომლის მიერ 24.11.2017წ. განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, კრებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც ერთხმად იქნა მიჩნეული და დადასტურებული, რომ აღსაზრდელზე ძალადობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი(ს.ფ.68).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განცხადება (ს.ფ. 36);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 35, 37);

- ბრძანება (ს.ფ. 168);

- კრების ოქმი (ს.ფ. 68-69);

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდება ც----- ბ-----ის მიერ აღსაზრდელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას, კერძოდ:

 

სასამართლოს განმარტებით, ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადასტურებას და დამსაქმებლის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მშობლის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის დროს შემოწმებული სხვადასხვა დროის - 17.11.2017წ. და 22.11.2017წ. ვიდეოჩანაწერებში ასახული ფეხის დაბიჯების ფაქტები, რომლის ჩვენების საფუძველზე, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე რეაგირების ჯგუფის მიერაც ასევე ერთხმად იქნა მიჩნეული აღსაზრდელის მიმართ აღმზრდელის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნა, რომლებითაც საექსპერტო კვლევის საგანი გახდა ვიდეოჩანაწერებში ასახული კადრების აღწერა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური 13.03.2018 წლის N---------- ექსპერტიზის დასკვნით მიხედვით გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერებზე მითითებულ დროის მონაკვეთში ქალბატონის მიერ ბავშვზე ფეხის დადგმის მომენტი არ ფიქსირდება და ქალბატონის მიერ ფეხის მოძრაობის დროს ბავშვებს არ აღენიშნებათ რაიმე სახის მოძრაობა, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ტკივილით (ს.ფ.125-139).

 

აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, საქმეში ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი საქსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს 2019 წლის 11 თებერვლის N------- კრიმინალისტიკური ვიდეო-ტექნიკური დასკვნა (ექსპერტი გია გოგია), რომლის მიხედვითაც 29–20171117135818_20171117155041–82700200 და 29-20171122100105–20171122112814-103281914 ვიდეო ფაილებში ფიქსირდება კადრებში აღბეჭდილი ქალბატონის მიერ ბავშვებზე ფეხის დადგმის ფაქტი (ს.ფ.163, 164-167) .

 

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებების მიცემის მიზნით სასამართლო სხდომაზე გამოკითხული იქნა ორივე ექსპერტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილ ორ დასკვნას შორის, სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის 13.03.2018 წლის N---------- ექსპერტიზის დასკვნას მიიჩნევს უფრო სარწმუნოდ, რადგან დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კადრების ვიზუალურ დათვალიერებას ემყარება, გამოყენებულია შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიური პროგრამები, რაც შეუიარაღებელი თვალით აღქმულ მონაცემებთან შედარებით, ზრდის კადრების ხილვადობის, მეტი სიზუსტით აღქმის შესაძლებლობას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს თავად დასკვნაში გადმოცემულ კვლევით ნაწილზე, რომლის შედეგადაც ექსპერტის მიერ გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ ვიდეო ჩანაწერებში ც----- ბ-----ის მიერ ბავშვზე ფეხის დადგმის მომენტი არ ფიქსირდება და მის მიერ ფეხის მოძრაობის დროს ბავშვებს არ აღენიშნებათ რაიმე სახის მოძრაობა, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ტკივილით. კერძოდ, დასკვნაში ვრცლად და დეტალურად არის აღწერილი აღმზრდელის მოძრაობის მიმართულება, მოძრაობის მომენტში ბავშვების მდგომარეობა, კიდურების მდებარეობა და სხვა.

 

სასამართლოს განმარტებით საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიც არ ადასტურებს მხარეთა შორის სადავო გარემოებას, მოსარჩელის მხრიდან აღსაზრდელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდება ც----- ბ-----ის მიერ აღსაზრდელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.1. ევროპის სოციალური ქარტიაზე, საქართველოს კონსტიტუციის 26.1-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 115-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას, ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დასტურდება ც----- ბ-----ის მიერ აღსაზრდელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გამამართლებელი გარემოებები. საქმის მასალები არ ადასტურებს ც----- ბ-----ის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენას - აღსაზრდელთა მიმართ აღმზრდელის მხრიდან ძალადობის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ბაღის აღმზრდელის მიერ იმგვარი გადაცდომების ჩადენის ფაქტი, რაც გავლენას მოახდენდა ბაღის, როგორც ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, აღსაზრდელთა ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებაზე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში ბავშვისათვის იმ აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების შეძენაზე, რაც უზრუნველყოფს მის მზადყოფნას სკოლაში სწავლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის. რაც შეეხება თავად მოსარჩელის მოხსენებით ბარათში მითითებულ გარემოებას, ბავშვისათვის „ჩუსტის დასვრის“ შესახებ, რომელიც მართალია, ვერ შეფასდება გამართლებულ სააღმზრდელო მეთოდად, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის გათვალისწინებით, დამსაქმებელს შეეძლო გამოეყენებინა სხვა უფრო მსუბუქი სახის ღონისძიება და პირველივე გადაცდომის აღმოჩენისთანავე, მოსარჩელე არ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. მოსარჩელის მიმართ იქამდე დისციპლინური ღონისძიების არარსებობის პირობებში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება, ამ ქმედებით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება იმგვარ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის გამოყენებას, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და, თუნდაც პასუხისმგებლობის შედარებით სხვა, უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

 

საქმის გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების სახით უკიდურესი ღონისძიების გამოყენება ეწინააღმდეგება მოსარჩელის, დასაქმებულის შრომის უფლებას, რის გამოც, მოპასუხის მიერ გამოცემული 2017 წლის 28 ნოემბრის №------ სადავო ბრძანება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3.2. შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აღდგენილ იქნეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკავებულ თანამდებობაზე. უდავოა, რომ შესაბამის პოზიციაზე თავისუფალი შტატის არ არსებობის გამო მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელე ასევე არ უთითებს ტოლფას თანამდებობას, რომელზედაც, შესაძლებელია მისი აღდგენა ისე, რომ არ შეილახოს სხვა მესამე პირის უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის დადგენისათვის მნიშვნელობა აქვს იმ საკითხს, არის თუ არა აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური, რადგან თანამდებობაზე აღდგენით არ შეიძლება შეილახოს სხვა იმ მესამე პირის უფლებები, რომელიც შესაბამის პოზიციას იკავებს სრულიად ლეგიტიმურად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოები ვერ იმსჯელებენ ბიზნესის გადაწყვეტილებაზე და ვერ უკარნახებენ მას სამეწარმეო და საშტატო პოლიტიკას, დაუშვებელია, დამსაქმებლის იძულება, შექმნას დამატებითი საშტატო ერთეული. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე, შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, მას უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შწყვეტისათვის სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ ოდენობად სასამართლოს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების - ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით - მიაჩნია ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის შესაბამისი თანხა, თვეში 440 ლარის გათვალისწინებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები

 

4.1. აპელანტის განმარტებით იგი თავდაპირველი სარჩელითაც და შემდეგ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოითხოვდა იმავე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენას, თუმცა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა, როგორც მხოლოდ იმავე პოზიციაზე აღდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე მოპასუხე მხარისაგან არ გაჟღერებულა, რომ იგივე ან ტოლფასი სამუშაო ადგილი არ გააჩნია, თუმცა გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს, რომ ადგილი აღარ არის და ვერ მოხდებოდა მოსარჩელის დასაქმება. მოპასუხე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ ც----- ბ------ს ვერ განიხილავდა ვერცერთ პოზიციაზე მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო და ამ მხრივ არ უშვებდა აღდგენას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის იმავე ან ტოლფას სამუშაო პოზიციაზე აღდგენით შეილახებოდა თუ არა მესამე პირის ინტერესები და ისე მიიღო მხედველობაში, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესამე პირების უფლებები შეილახებოდა. სასამართლო ვერ უთითებს გარემოებაზე თუ როდის და როგორ დადგინდა ფაქტი, რომ იგივე ან ტოლფასი პოზიცია ვაკანტური აღარ იყო. აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობის დროს მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუპროტესტებია ძველ პოზიციაზე აღდგენა იმ საფუძვლით, რასაც სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს. შესაბამისად ამ ნაწილში დარღვეულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სასამართლომ პირადად სუბიექტური მოსაზრებით, სათანადო დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე განსაზღვრა და დაადგინა, რომ არც თავდაპირველი და არც ტოლფასი თანამდებობა აღარ არსებობდა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნულს არ უარყოფდა. დაუსაბუთებელია და არ არის გადაწყვეტილებაში განმარტებული რატომ არ ხდება გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ხელფასის ოდენობით ანაზღაურება. ასევე დაუსაბუთებელია, რატომ ჩათვალა სასამართლომ გონივრულ ოდენობად მხოლოდ ერთი წელი და არა მაგალითად ამ კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ზიანის ანაზღაურება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ც----- ბ-----ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და ც----- ბ------ აღდგენილი უნდა იქნას იმავე ან ტოლფას სამუშაო პოზიციაზე, ამასთან მოპასუხეს უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდური გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის სრული ოდენობით.

 

აპელანტის მითითებით სასამართლომ არ იმსჯელა და არ დააკისრა მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯი 50 ლარის ოდენობით.

 

4.2. მოწინააღმდეგ მხარის განმარტებით მოსარჩელე თავიდანვე მოითხოვდა აღდგენილიყო ა(ა)იპ №-- საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე და არა იმ პოზიციაზე, როგორც აპელანტი მიუთითებს, ხოლო აღმზრდელის პოზიცია იყო სწორედ ის პოზიცია, რომელსაც იკავებდა გათავისუფლებამდე ც----- ბ------. სასამრთლო განხილვის მიმდინარეობისას, მოსარჩელე ითხოვდა სწორედ აღმზრდელის პოზიციაზე აღდგენას. სასამართლომ დაწვრილებით განიხილა, შეაფასა, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილებაში აღწერა, თუ რატომ მიიჩნია აპელანტის იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებლად. №---ე ბაგა-ბაღის მიერ წარდგენილ შესაგებელში დაფიქსირდა, რომ ც----- ბ-----ის გათავისუფლების შემდეგ მის პოზიციაზე დაინიშნა აღმზრდელი ე--- კ-–-----ე, ასევე შესაგებელს დართული ჰქონდა მტკიცებულებად ე--- კ-–-----ის დანიშვნის შესახებ ბრძანება. შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია არსებობს 3-- ბაგა-ბაღში, თუმცა არ არის ვაკანტური. მხარე არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს სასამართლო გადაწყვეტილებას, კერძოდ, 6.2 პუნქტში (უფრო ზუსტად, მე-3 და მე-4 აბზაცებში) სასამართლო განმარტავს, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის დადგენისთვის მნიშვნელობა აქვს არის თუ არა თანამდებობა ვაკანტური. აღმზრდელის პოზიცია ვაკანტური არ არის და უდავოა, რომ ც----- ბ-----ის აღდგენით შეილახება იმ მესამე პირის უფლებები, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად იკავებს ამ პოზიციას. მოპასუხე მხარეს არ დაუფიქსირებია, რომ ც----- ბ------ს ვერ განიხილავდა ვერცერთ პოზიციაზე, ბაგა-ბაღის დირექტორი აფიქსირებდა, რომ ვერ განიხილავდა მას აღმზრდელის პოზიციაზე, ჩადენილი დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

 

მხარეს არ გამოუთქვამს მოსაზრება ტოლფას თანამდებობასთან დაკავშირებით, ასევე არ გაუკეთებია ასეთის განმარტება, შესაბამისად, ბუნებრივია, მოწინააღმდეგე მხარე ამაზე ვერ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას. რაც შეეხება აღმზრდელის პოზიციის ვაკანტურობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომ აღმზრდელის პოზიცია არ იყო ვაკანტური. შესაბამისად, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დააკისრა დამსაქმებელს მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულების შესრულება - კომპენსაციის გადახდა, რომლის გონივრული ოდენობაც თავად განსაზღვრა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

6. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ერთის მხრივ ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღსა და მეორეს მხრივ ც----- ბ------ს შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული №------ შრომითი ხელშეკრულებით ც----- ბ------ უვადოდ იქნა დანიშნული ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე. მხარეთა შორის 2016 წლის 1 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა №------ ხელშეკრულებაში და დასაქმებულის შრომითი გასამრჯელო განისაზღვრა 440 ლარის ოდენობით (ს.ფ. 28-3-, 64).

 

ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ა(ა)იპ ქ. თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო ც----- ბ------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 28 ნოემბრიდან (ს.ფ. 40, 44).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, `თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება”. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებითაც საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 აპრილის №ას-902-864-2014 განჩინების მიხედვით, უტყუარად უნდა დადგინდეს „ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა“.

 

პალატა განმარტავს, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აღძრული სარჩელის პირობებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთზე იხ. სუსგ-ები №ას-902-864-2014, 30.03.2015 წ; №ას-475-456-2016, 24.06.2016 წ; №ას-761-712-2017, 10.07.2017 წ; №ას-890-857-2016, 09.10.2017წ;).

 

საქართველოს უზენაე--- სასამართლომ №ას-902-864-2014 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის არსებობისას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოთხოვნის ავტორს (მოსარჩელეს) უნდა დაეკისროს და არა მოთხოვნის ადრესატს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული კი, შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად, რაც სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია’’.

 

პალატა განმარტავს, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დროს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დადგინდეს მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობა რამდენად შეესაბამება მის გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციას. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან მოსარჩელემ მისი შრომითი უფლებების თაობაზე გამართული სამართალწარმოების შედეგად, მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი ან ისეთი თანამდებობა არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლად მას სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია. უკანონოდ დათხოვნილის ტოლფას, თუმცა მისთვის შეუფერებელ თანამდებობაზე დასაქმებით, ამავე თანამდებობიდან მისი კანონიერად გათავისუფლების ფაქტობრივი წინაპირობა შეიქმნება, რადგან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი დამსაქმებელს უფლებას ანიჭებს, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს, დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც----- ბ-----ის სასრაჩელო მოთხოვნა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება ც----- ბ-----ის აღმზრდელის პოზიციიდან გათავისუფლების თაობაზე და აღდგენილი იქნას ც----- ბ------ იმავე ან ტოლფას პოზიციაზე (ს.ფ. 10). იმავე ფორმულირებით არის მოსარჩელის მოთხოვნა საპაექრო სიტყვაში (ს.ფ. 234). ამდენად მართალია ც----- ბ------ ითხოვდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას (რაზეც იმსჯელა კიდეც სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში), მაგრამ არ უთითებდა როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტის შესახებ, ასევე არ უთითებდა კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს და მასში მხოლოდ მოთხოვნაა ჩამოყალიბებული.

 

ასევე დაუსაბუთებელი აპელანტის პრეტენზია, რომ მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტურია და მოპასუხეს აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს არ ჰქონდა პრეტენზია, კერძოდ: ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის შესაგებელშივე არის აღნიშნული, რომ ც----- ბ-----ის აღმზრდელის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ მის პოზიციაზე დაინიშნა აღმზრდელი ე--- კ-–-----ე (ს.ფ. 58). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეს შესაგებელთან ერთად წარმოდგენილ აქვს ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2017 წლის 29 ნოემბრის №02-137 ბრძანება, რომლის თანახმად ე--- კ-–-----ეს დროებით შეეთავსა აღმზრდელის 0,67 განაკვეთი 2017 წლის 29 ნოემბრიდან (ს.ფ. 101). მოწინააღმდეგ მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ ე--- კ-–-----ე კვლავ იმავე თანამდებობას იკავებს. თავად ც----- ბ-----ის მიერ, 2018 წლის 6 თებერვლის განცხადებით, პოზიცია არის დაფიქსრებული ე--- კ-–-----ის საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით (ს.ფ. 116). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ დასახელებულ სადაო საკითხთან დაკავშირებით პროცესის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე მოპასუხე მხარისაგან არ გაჟღერებულა, რომ იგივე სამუშაო ადგილი არ გააჩნია, ე--- კ-–-----ის დანიშვნის გამო. ხოლო რაც შეეხება ტოლფას თანადებობაზე აღდგენას, როგორც ზემოთ პალატამ განმარტა ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ვალდებულებაა, თუმცა ც----- ბ------ მხოლოდ მოთხოვნით შემოიფარგლა და მის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ტოლფასი თანამდებობის არსებობას სასამართლოში არც წარდგენილი და არც დასაბუთებული არ ყოფილა. საყურდაღებოა, რომ ც----- ბ------ს არც სააპელაციო საჩივრით დაუსაბუთებია, თუ რომელია ის ტოლფასი თანამდებობა სადაც მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის ბათილად ცნობა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის ვალდებულებას იწვევს მაშინ, როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272)“ -იხ. სუსგ # 637-637-2018, 29.08.2018წ..

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები). კომპენსაციის განსაზღვრისას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობის შემთხვევაში, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა - დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გამიჯვნაზე იხ. სუსგ-ები:# ას-140-140-2018, 29.08.2018წ. განჩინების 24-ე პუნქტი; ასევე- #ას-291-291-2018, 01.06-2018წ. განჩინები 17.1.3 ქვეპუნქტი)- შდრ. სუსგ-ას # ას-1329-2018, 22.02.2019წ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგად სწორად იქნა გამოყენებული სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი („სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“) და ვინაიდან არ არსებობდა თავისუფალი, ტოლფასი თანამდებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში, სავსებით მართებულად დააკისრა დამსაქმებელ ორგანიზაციას კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 440 ლარის გათვალისწინებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. მათ შორის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი), რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 მარტის დასკვნა, რომელიც შეეხება ვიდეოკადრების კვლევას, სადაც ასახული იყო სადა გარემოებები ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით (ს.ფ. 124-130). ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო შუამდგომლობა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ქვითრის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და თავად გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ც----- ბ-----ის (წარმომადგენლის) მიერ გაწეულია საექსპერტო მომსახურების ხარჯი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 122, 141).

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც----- ბ-----ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 28 ნოემბრის №------ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საყურადღებოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დიდწილად ეყრდნობა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას და უდაოდ დასტურდება, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს აღნიშნული დასკვნით იხელმძღვანელა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებას და არა სარჩელის დავის საგანს, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (160 ლარი) ანაზღაურება (ს.ფ. 288), ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს არ დაეკისრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ც----- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საქმის განხლვასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების ნაწილში და ა(ა)იპ თბილისის №-- საბავშვო ბაგა-ბაღს დაეკისროს ც----- ბ-----ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. სხვა ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე