განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.04.2020
საქმის ნომერი
330210019002914839
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
27.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019002914839

საქმე №2ბ/5969-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გენადი მაკარიძე

მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე, რევაზ ნადარაია

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ზ----- ყ----–------.

წარმომადგენელი –არჩილ კაიკაციშვილი.

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – სს ,,გ-----–----’’.

წარმომადგენელი – კობა ბოჭორიშვილი, ზ------ ლოლუა.

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა (ზ----- ყ----–------) – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საშუამავლო ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

აპელანტის მოთხოვნა (სს ,,გ-----–----’’) – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი სახელფასო დავალიანების გადახდა 3 200 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 2,24 ლარის ოდენობით, 2018 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს საშუამავლო თანხის ანაზღაურება 47 045,85 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით სს ,,გ-----–სა’’ და ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა მხარეთა შორის არ ყოფილა ხელშეკრულება გაფორმებული. მოსარჩელე დასაქმებული იყო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს. ამასთან, დამატებითი შრომითი ანაზღაურება მიიღებოდა მოსარჩელის მიერ შესრულებული საშუამავლო საქმიანობიდან, არანაკლებ კონკრეტული პროექტის ღირებულების 3%-ისა. მოსარჩელის მიერ სს „გ-----–----“-ის მიმართ მოთხოვნილ იქნა 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბრის, 2018 წლის ივლისის თვეში მოზიდული და განხორციელებული სამი სხვადასხვა პროექტიდან კუთვნილი საშუამავლო მომსახურების და 2018 წლის აპრილი-ივლისის თვის ფიქსირებული, მიუღებელი ხელფასის გადახდა, რაზეც კომპანიის დირექტორმა უარი განუცხადა იმის გამო, რომ კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემები ვერ უზრუნველყოფდა არსებული ვალდებულების დაფარვას.

 

საშუამავლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან კომპანია „დ---------“ თანამშრომლობით სს „გ-----–----“-მა 2017 წლის აგვისტოში განახორციელა 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, 2017 წლის დეკემბერში - 17534 აშშ დოლარის ღირებულების და 2018 წლის ივლისის თვეში 270000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი. შესაბამისად, შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეს პირველი პროექტიდან მომსახურების სახით უნდა მიეღო 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მეორე განხორციელებული პროექტიდან - 4 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო მესამე პროექტიდან 8 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საერთო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა აენაზღაურებინა 19 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა კომპანიამ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, უზრუნველყო მხოლოდ 6 000 ლარის გადახდა. ყველა სხვა ვალდებულება, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან შეუსრულებელია.

 

ამდენად, მოპასუხეს უკანასკნელი ხელფასი გადახდილი აქვს იანვრის თვეში და მოსარჩელის სასარგებლოდ გასაცემი აქვს 2018 წლის თებერვალი-ივლისის თვის ხელფასი - 3 200 ლარი და მიუღებელი ხელფასის 0,07% ყოველდღიურად, ასევე საშუამავლო მომსახურების ღირებულება -47045,85 ლარი.

 

1.2. მოპასუხე სს „გ-----–----“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია სადავოდ არ ხდის ზ----- ყ----–------სთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მხოლოდ 2018 წლის მაისის თვემდე (აპრილის ჩათვლით). ამ პერიოდის შემდეგ, არანაირი შრომითი ვალდებულება მოსარჩელეს კომპანიის მიმართ არ განუხორციელებია და თავისი ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობები. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მას არ აქვს მიღებული თებერვლის თვის ხელფასი, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს თებერვლის თვის ხელფასი ჩარიცხული აქვს მარტის თვეში.

 

ზ------ ყ----–------მ კომპანიაში მუშაობის დაწყების დროს უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე და ხელფასის უნაღდო ანგარიშსწროებით გადახდაზე, შესაბამისად მას თანხა ეძლეოდა ხელზე. მოგვიანებით, კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ თავად მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა მის ანგარიშზე, რაც იმით ახსნა, რომ არ სურდა მისი სს „გ-----–----“-თან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მისულიყო შპს ,,მ---------–-’’, საიდანაც იყო მივლენილი სს ,,გ-----–----’’-ში. შესაბამისად ზ----- ყ----–------ს სს ,,გ-----–----’’-ში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს ბევრად მეტი თანხა ვიდრე ეს ჩანს საბანკო ამონაწერში. ასევე არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მას ეკუთვნის 3% მოზიდული პროექტებიდან, ვინაიდან მის მიერ მოზიდული პროექტების შემდეგ მხარეები განსაზღვრავდნენ თუ რა ოდეობის თანხა უნდა მიეღო დამატებით. 2017 წლის ოქტომბრამდე მისაღები თანხების შესახებ დგებოდა ხელშკრულებები და შემდეგ კომპანია იხდიდა თანხას. 2017 წლის ოქტომბერში ზ----- ყ----–------მ სს ,,გ-----–----’’-ს დირექტორს შესთავაზა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულებდა სამუშაოს და კომპანიის დირექტორს გააცნო ვინმე გიორგი ბენაშვილი, როგორც შპს ,,კ----------–----------’’-ს დირექტორი. ზ----- ყ----–------მ მოითხოვა შპს ,,კ----------–-------------’’ კონტრაქტის გაფორმება, სადაც ჩადებული უნდა ყოფილიყო ზ----- ყ----–-----ის ინტერესიც და აღნიშნულით მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებიც შესრულეული იქნებოდა. კომპანიათა შორის ხელშეკრულება გაფორმდა და სს ,,გ-----–----’’-მა შპს ,,კ----------–----------’’ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. სწორედ აღნიშნულ თანხაში შედიოდა ზ----- ყ----–-----ის საპრემიო თანხაც. იგივე განმეორდა 2018 წლის 20 თებერვალს და 2018 წლის 16 მარტს, ზ----- ყ----–-----ის მოთხოვნით, მისივე წარმოდგენილ კომპანიებს სს ,,გ-----–----’’-მა ჩაურიცხა სოლიდური თანხები, რაც ასევე მოიცავდა სამუშაოს ღირებულებას და ზ----- ყ----–-----ის ბონუსის თანხას.

 

2018 წლის თბერვლიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში ზ----- ყ----–------ აღარ დადიოდა სამსახურში, ხოლო ტელეფოზე საუბრისას აცხადებდა, რომ დაკავებული იყო, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში მას სს ,,გ-----–----’’-ს სასარგებლოდ არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია. ამავდროულად სს ,,გ-----–----’’-ის დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ ზ----- ყ----–------ მუშაობდა სხვა კომპანიის სასარგებლოდ და აღნიშნულის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც კომპანიამ შეწყვიტა ზ----- ყ----–------სთან შრომითი ურთიერთობა.

 

მოპასუხის განმარტებით კომპანია ,,დიამესთან’’ მოლაპარაკებაში, 2018 წლის ივლისის და აგვისტოს პროექტებზე, მონაწილეობა მოსარჩელეს არ მიუღია, ხოლო 2017 წლის აგვისტოს პროექტში მონაწილეობისთვის კი მას მიღებული აქვს ანაზღაურება ხელზე. ზ----- ყ----–-----ის მიერ სს ,,გ-----–----’’-ში მოზიდულია მხოლოდ 2 პროექტი, რომლის ღირებულება კომპანიას გადახდილი აქვს სრულად და შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ზ----- ყ----–-----ის სარჩელი მოპასუხე სს „გ-----–----“-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ა) მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3 200 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); ბ) მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 2,24 ლარის ოდენობით, 2018 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ) მოსარჩელეს უარი ეთქვა საშუამავლო ანაზღაურების - 47 045.85 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე; დ) მოპასუხე სს „გ-----–----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით; ე) მოპასუხე სს „გ-----–----“-ს ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით და სასამართლოსგარეშე ხარჯი 24 ლარის ოდენობით.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთის მხრივ სს „გ-----–----“-ს და მეორეს მხრივ ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2017 წლის მაისის თვიდან, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ხელზე მისაღებ 800 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 23-24)

 

2.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ----- ყ----–------ს მოპასუხე სს „გ-----–----“-ის მიერ არ ჩარიცხვია სახელფასო ანაზღაურება 2018 წლის მარტის თვიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ----- ყ----–------ სს „გ-----–----“-ში ფაქტობრივად დასაქმებული იყო 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შრომის ხელშეკრულება, რაც, მხარეთა განმარტებით, არც გაფორმებულა და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით შემოიფარგლნენ. თავის მხრივ, მოპასუხე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან იყო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში 2017 წლის მაისიდან და ეს გარემოება არ არის სადავო, თუმცა, სადავოა ფაქტობრივად ნამუშევარი თვეების ოდენობა. თავის მხრივ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად უნდა იქნეს მიჩნეული 2018 წლის ივლისის თვიდან, როცა მას კორპორატიული ნომერიც კი გაუუქმდა. ის გარემოება, რომ 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული ზ----- ყ----–------ს ხელფასი არ მიუღია, უდავოა. მოპასუხე განმარტავდა, რომ ფაქტობრივად მოსარჩელეს აღარ შეუსრულებია ვალდებულება მოპასუხის მიმართ და ეს გახდა ხელფასის გაუცემლობის მიზეზი, თუმცა, მისი მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არც ბრძანება და არც რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას 2018 წლის მარტის თვიდან. მოსარჩელე კი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ადასტურებს 2018 წლის ივლისიდან. მოპასუხეს არ წარმოუდგენია კომპანიის მიერ გაცემული რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. სხდომაზე მხარე განმარტავდა, რომ ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე „წესით უნდა იყოს კომპანიაში“, მაგრამ მისი მხრიდან საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, რამდენადაც მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და შრომითი ურთიერთობის არსებობას ადგენს 2018 წლის ივნისის თვის ბოლომდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან უდავოა ხელფასის ოდენობა 800 ლარი, ასევე უდავოა ის პერიოდი, როდიდანაც ზ----- ყ----–------ს არ ჩარიცხვია ანაზღაურება, ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოიცავს 3 200 ლარს, რაც შეადგენს 2018 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების შრომის სარგოს, რომლის გადახდაც მოპასუხეს ეკისრება მის სასარგებლოდ.

 

2.2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდება საშუამავლო ურთიერთობის თაობაზე რაიმე სახის შეთანხმება ზ----- ყ----–------სა და სს „გ-----–----“-ს შორის, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ რეალურად მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მხარეთა შორის არსებული შეთანხმება საშუამავლო მომსახურების გაწევის თაობაზე კონკრეტულად იმ პროექტების ნაწილში, რასაც მხარე ხდის სადავოდ. ასევე, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ თუნდაც რომელიმე პროექტიდან გამომდინარე შეთანხმება ჰქონდა მოპასუხესთან 3%-ის მიღების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებებში (ს.ფ. 66-67, 69-70) საუბარია კონკრეტული მომსახურებისთვის გასაცემ კონკრეტულ ანაზღაურებაზე. მოსარჩელის მიერ მისი პოზიციის გასამყარებლად იმის მითითება, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს შპს „M--------“-სა და სს „გ-----–----“-ს შორის არსებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია. ხსენებული ხელშეკრულება ორ იურიდიულ პირს შორის არის გაფორმებული და მის 3.1 პუნქტში საუბარია დამკვეთის მიერ შეკვეთების 5%-ის გადახდაზე. მასზე აპელირება მოსარჩელის მხრიდან, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნება გაზიარებული სადავო სამართალურთიერთობაში. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოთხოვნას ამ ნაწილში.

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „გ-----–----“-ს და ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება და გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო ხელზე მისაღები 800 ლარით. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიზიარა მოსარჩელის მითითება ფაქტობრივად ნამუშევარი თვეების და დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ზ----- ყ----–-----ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების თაობაზე არის საფუძვლიანი, ამავდროულად დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, რამდენადაც სახელფასო დავალიანების ნაწილში სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოთხოვნა, აღნიშნული ასევე საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველი დაყოვნებული დღისთვის.

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 744-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მითითებით არსებობდა შეთანხმება საშუამავლო მომსახურების თაობაზე მასსა და სს „გ-----–----“-ს შორის, რის საფუძველზეც კომპანიას მის მიმართ ერიცხება დავალიანება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა ერთის მხრივ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ პროექტებზე მომსახურების გაწევის ფაქტი და მეორეს მხრივ პროცენტის ოდენობა, რასაც ითხოვს მოსარჩელე. ამდენად, საქმის სრული გამოკვლევის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

4.1. აპელანტის (ზ----- ყ----–------) სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დასკვნები იმის შესახებ, რომ ზ----- ყ----–------სა და სს ,,გ-----–----’’-ს შორის არ დასტურდება რაიმე სახის შეთანხმება საშუამავლო ურთიერთობის თაობაზე, არის ცალსახად არასწორი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მხარეთა პოზიციებზე შეკითხვების ეტაპიდან, რომელმაც სრულად გამოკვეთა ერთობლივად განხორციელებული პროექტები, პროექტებიდან ანაზღაურების წესი, მათ შორის გასამრჯელოზე შეთანხმების და ოდენობის განსაზღვრის მხარეთა შორის ჩამოყალიბებული წესი. ამდენად, სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, მართალია, დაეყრდნო სსსკ-ის 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიულ შინაარს, მაგრამ სწორედ ზ/დასახელებული საქმის განხილვის პროცესში მიღებული ინფორმაციის შეფასებისას, არ მოახდინა მტკიცების ტვირთის სწორი და სამართლიანი გადანაწილება.

 

2016 წლის 1 ნოემბერს შპს "M--------"-სა და ს.ს. "გ-----– 9-"-ს შორის არსებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მიუთითებდა და ადასტურებდა მოპასუხე კომპანიაში შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვამდე, სადავო გარემოებას წარმოადგენდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----- ყ----–------ სს ,,გ-----–----’’-ში დასაქმებული იყო 2017 წლის მაისის თვიდან 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით, დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე კი, მითითებულ პერიოდში, აპელანტი საქმიანობდა ნახევარგანაკვეთზე, პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია ორ იურიდიულ სუბიექტს შორის და არ შეეხება ზ----- ყ----–-----ის მიმართ საშუამავლო მომსახურების პროცენტს, მაგრამ აპელანტმა მე-3 მუხლის 3.1. პუნქტზე მითითებით, სასამართლოს აუხსნა და თვალსაჩინო გახადა საწარმოში მუშაობის და საშუამავლო ანაზღაურების სპეციფიკა. კერძოდ, აპელანტმა მიუთითა თავად ორ იურიდიულ სუბიექტს შორის მოტანილი შეკვეთების პროცენტულ ანაზღაურებაზე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში, პოზიციურად, სწორედ ზ----- ყ----–------ უზრუნველყოფდა პროექტების მოტანას და მიუთითა სს ,,გ-----– 9-’’-თან, ყოველი ასეთი შემთხვევისთვის, ხელფასის გარდა, დამატებითი საშუამავლო მომსახურების ანაზღაურების შეთანხმებაზე. კერძოდ, აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე, ზ----- ყ----–-----ის საშუამავლო მომსახურება უნდა ანაზღაურებულიყო პროექტის ღირებულების არანაკლებ 3%-ის ოდენობით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, 2017 წლის განმავლობაში, მიღებული აქვს მნიშვნელოვანი თანხები, ანაზღაურებას გააჩნდა სისტემური და თითქმის ყოველთვიური ხასიათი. მიღებული თანხების დანიშნულებაც შემდეგნაირია - საშუამავლო მომსახურება (იხ. სს "თ------------" 2018 წლის 27 ივლისის ამონაწერი, სალაროს ჩეკები, ორი ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურებაზე). ამდენად, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზ----- ყ----–------ საშუამავლო მომსახურებას იღებდა და თანაც, კონკრეტული პროექტების დამსაქმებლთან მოზიდვის შემდგომ. ამასთან საყურადღებოა, რომ სს ,,გ-----–----’’-ის წარმომადგენელი თავის არაერთგზის ახსნა-განმარტებისას ადასტურებს და აღიარებს, რომ ყველა პროექტის განხორციელების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებოდნენ საშუამავლო მომსახურების ოდენობაზე. შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან უდავოდ დგინდება, რომ თუ ზ----- ყ----–------, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების პროცესში, მასზედ დაკისრებული თანამდებობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, კომპანიის სასარგებლოდ მოიტანდა და ერთად განახორციელებდნენ პროექტს, ყოველი ასეთი პროექტიდან, ზ----- ყ----–------ მიიღებდა ფიქსირებული ხელფასის მიღმა - დამატებით გასამრჯელოს. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნებოდა პროექტის ფინანსურ შედეგებსა და ეკონომიკურ ეფექტზე, ხოლო ანაზღაურება ხდებოდა პროექტების დასრულების შემდგომ, რა დროსაც აღნიშნულ საკითხზე მხარეები სხდებოდნენ, განიხილავდნენ და იღებდნენ შესაბამისს გადაწყვეტილებას. ცალსახად, აღნიშნული უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სადავოდ ცნო და ზ----- ყ----–------ს მტკიცების ტვირთის დაძლევის პრობლემად ჩაუთვალა. ამასთან, კომპანია, წინამდებარე დავისთვის, სვამს საკითხს და აპელანტისგან მოითხოვს მტკიცებულების წარმოდგენას, თუ რომელი პროექტიდან რა ღირებულების მიღებაზე არსებობდა შეთანხმება. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს კვლევის და მკაფიო დასკვნების საფუძველს, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც მხარეები ყოველი დასრულებული პროექტის შემდგომ სხდებოდნენ და ზეპირსიტყვიერად თანხმდებოდნენ მისაღებ გასამრჯელოზე, მხარეს ვერ ექნება აღნიშნულის დამამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულება. ასეთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის პირობებში, სასამართლოსთვის სადავო საკითხი არ იქნებოდა წარდგენილი, მაგრამ მხარემ თავისი მტკიცების ტვირთის დაძლევის პროცესში, შეძლო ყველა ვარგისი ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რომელზედაც კომპანიას შედავება არ წარმოუდგენია. კერძოდ, სასამართლოს და მხარის წინაშე დასახელდა პროექტები, მათი განხორციელების პერიოდიკა, ადგილმდებარეობა და დასრულების შემდგომ მისაღები თანხების ოდენობა, რაზედაც კომპანიამ განაცხადა არა ის, რომ მათ ნამდვილობას ადგილი არ ჰქონია, არამედ ,,არ ახსოვს’’ და ,,ინფორმაცია არ გააჩნია’’ გასაცემი თანხების შესახებ. ასევე, ყველა მათგანის მიმართ დასმულ შეკითხვაზე, სასამართლომ და მხარემ მიიღო ზოგადი პასუხი, რომ კომპანიას ზ----- ყ----–-----ის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდა.

 

მოსარჩელემ კომპანია „დ---------“ თანამშრომლობით, სს „გ-----–----“-ს მოუტანა და განახორციელა სამი პროექტი. აქედან, 2017 წლის აგვისტოში განახორციელა 250 000 აშშ ღირებულების პროექტი, 2017 წლის დეკემბერში - 175,934 აშშ ღირებულების პროექტი და 2018 წლის ივლისში - 270 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი. აპელანტს პირველი განხორციელებული პროექტიდან საშუამავლო მომსახურების სახით, შრომითი ანაზღაურების სახით უნდა მიეღო 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მეორე განხორციელებული პროექტიდან - 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო მესამე პროექტიდან - 8 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. კომპანიამ პირველი პროექტიდან შეთანხმებული საშუამავლო მომსახურებიდან, რაც შეადგენდა 7000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, უზრუნველყო მხოლოდ 6000 ლარის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, რომელიც კომპანიამ სხდომაზე ახსნა-განმარტების დროს - დაადასტურა. შეკითხვაზე: ,,ადასტურებთ თუ არა, რომ 6000 ლარი გაცემულია’’, მოპასუხე პასუხობს, რომ ,,გაცემულია’’, თუმცა არ ახსოვს რომელი პროექტიდან.

 

ყურადღება უნდა გამახვილდეს მხარეთა შორის შეკითხვების ეტაპზე გამოკვეთილ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხარე არ უარყოფს, რომ ზ/დასახელებული სამივე პროექტი განხორციელდა კომპანია „დ---------“ თანამშრომლობის შედეგად, ადასტურებს განხორციელების პერიოდსაც და ადგილმდებარეობასაც, თუმცა შეკითხვაზე, თუ რამდენი შეადგინა ამ პროექტებიდან მოგების თანხამ, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ასევე დირექტორი აღნიშნავენ, რომ ,,არ ახსოვთ’’. დასმულ შეკითხვაზე, თუ დასახელებული განხორციელებული პროექტებიდან ზ----- ყ----–-----ის მიმართ, რა ოდენობის თანხა გაიცა, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ ,,არ ახსოვს’’. ამასთან, ზ----- ყ----–-----ის შეკითხვაზე, 2017 წლის აგვისტოში განხორციელებული პროექტის ღირებულება შეადგენდა თუ არა 250 000 აშშ ღირებულებას, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ ,,ალბათ’’. კომპანიის დირექტორი, ერთგან აღნიშნავს, რომ ზ----- ყ----–------ს, თითქოსდა 2-3 პროექტის გარდა, მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ სხვა პროექტში, თუმცა კითხვაზე: სულ რამდენ პროექტში მიიღო ზ----- ყ----–------მ მონაწილეობა, აცხადებს, რომ ,,არ ახსოვს’’. ამავე პასუხის კვალდაკვალ, ასევე მნიშვნელოვანია ზ----- ყ----–-----ის მიერ დასმული შეკითხვაც, კერძოდ, განახორციელა თუ არა მან სამი ზ/დასახელებული პროექტი, რაზედაც პასუხი გაეცა, რომ ,,ალბათ’’ და მსჯელობა სრულდება იმით, რომ ,,ზ-----ს თავისი კუთვნილი თანხა მიღებული აქვს’’. ამასთან, შეკითხვაზე: ,,ადასტურებთ თუ არა, რომ 6000 ლარი გაცემულია’’, მოპასუხე პასუხობს, რომ ,,გაცემულია’’, თუმცა არ ახსოვს რომელი პროექტიდან. კომპანიის დირექტორი, დასმულ შეკითხვას პასუხობს განხორციელებული პირველი პროექტის შეთანხმებული საშუამავლო მომსახურების ანაზღაურების კონტექსტში, რაც შეადგენდა 7000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და საიდანაც, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, კომპანიამ უზრუნველყო მხოლოდ 6000 ლარის გადახდა, რაც მხარეს სადავო არ გაუხდია.

 

ვალის გადახდის საკითხზე დასმულ ყველა შეკითხვაზე, სასამართლომ მიიღო პასუხი - ,,არ მახსოვს’’, ,,არ ვიცი’’, ,,რა თქვენი საქმეა’’, რაც ვერ გამოდგება ვალდებულების შესრულების ვარგის მტკიცებად. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოდ დგინდება, რომ ა. ყველა პროექტიდან უნდა გადახდილიყო მომსახურების ღირებულება; ბ. მხარეები თანხის ოდენობაზე თანხმდებოდნენ პროექტის დასრულების შემდგომ; გ. სამივე პროექტი განხორციელებულია ,,დ---------’’ თანამშრომლობით, ზ----- ყ----–-----ის მონაწილეობით და კომპანიაში დასაქმებულის სტატუსიდან; დ. პირველი პროექტიდან გადახდილია თანხის ნაწილი - 6000 ლარი; ე. გადასახდელ თანხების გადახდაზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, არც სალაროს ჩეკი და არც რაიმე სხვა დოკუმენტი, სასამართლოსთვის უთუოდ ტოვებს სრულ რწმენას, რომ აპელანტმა მტკიცების ტვირთი დაძლია და შედავება მისაღებ მომსახურების ღირებულებაზე სრულყოფილად განახორციელა.

 

ამასთან საყურადღებოა, რომ კომპანიის მესვეურთა განმარტებით ზ----- ყ----–------ს პროექტებიდან მიღებული აქვს მომსახურების საზღაური და ვალდებულებები აღარ არსებობს. ამასთან, კომპანიის დირექტორმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილია კომპანიაში არსებული ყველა დოკუმენტი - საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები თუ სალაროს გასავლის ორდერები და რომ კომპანიაში მეტი დოკუმენტი დაცული არ არის. აგრეთვე, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ამონაწერი საბანკო გადარიცხვებიდან, სადაც ფიქსირებულია საშუამავლო მომსახურების გადახდა.

 

აპელანტის განმარტებით ვინაიდან სს ,,გ-----–----’’ ვერ ახერხებდა დათქმულ ვადებში დამკვეთისთვის სამუშაოების შესრულებას, საჭირო გახდა გამოცდილების მქონე კონტრქტორის მოძიება. ზ----- ყ----–------მ კომპანიის დირექტორს ნამდვილად შესთავაზა შპს "კ----------–---------", როგორც დროში სამუშაოების ჯეროვნად შემსრულებელი ჯგუფი, რომელმაც სრულად დაიცვა ხელშეკრულების პირობები, მაგრამ არც ხელშეკრულებაში და არც ზეპირი შეთანხებით, მხარეები არ შეთანხმებულან, რომ განხორციელებული სამი პროექტის სადავო საშუამავლო ღირებულება გაიქვითებოდა სწორედაც წინამდებარე ხელშეკრულებების ღირებულებიდან. შპს ,,კ----------–---------მა’’ შეასრულა დაკვეთა და არა - უზრუნველყო შესრულებული პროექტის მოტანა სს "გ-----–----"-სთვის. ზ----- ყ----–------ს არავითარი საზღაური ან დივიდენდი არ მიუღია დასახელებული შესრულებიდან, მაგრამ ეს ასეც რომ ყოფილიყო, არ წარმოადგენს კანონდარღვევას ან ინტერესთა კონფლიქტს. ასეთი დაშვებაც კი სს ,,გ-----–----’’-ს ვერ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რაც პროექტის მოტანის შემთხვევების დროს უნდა გადახდილიყო. ზ----- ყ----–------მ დასახელებული სამივე პროექტის მოტანა შეძლო, ხოლო შპს ,,კ----------–---------მა’’ შეასრულა მხოლოდ ტექნიკური მნიშვნელობის სამუშაოები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე სს ,,გ-----–----’’-ის მიმართ ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ საშუამავლო ანაზღაურების - 47 045.85 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებული შეცვლილი (ახალი) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდეს ზ----- ყ----–-----ის სააპელაციო საჩივარი.

 

4.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სს ,,გ-----–----’’).

 

აპელანტის განმარტებით ზ----- ყ----–------სა და სს ,,გ-----–----’’-ს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობდა 2018 წლის მარტის თვიდან. მიუხედავად იმისა, რომ მხარები თანხმდებიან გარკვეული დროის განმავლობაში მათ შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტზე, ეს არ ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან, წარუდგინოს სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებს თუ რა სამუშაოს ახორციელებდა დამსაქმებელთან სადაო დროის განმავლობაში და რა პოზიციაზე. აღნიშნული გარემოება სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოკვლეული და შეფასებული არ არის, რაც გამორიცხავს გარემოებითი და არაპირდაპირი მტკიცებულების - კორპორატიული ნომრით 2018 წლის ივლისამდე მოსარჩელის სარგებლობა მივიჩნიოთ, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ერთადერთ დამადასტურებელ გარემოებად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და ზ----- ყ----–-----ის სარჩელი სს ,,გ----–- 9-’’-ის მიმართ, სახელფასო დავალიანების 3200 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) და მასზედ დარიცხული პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 2,24 ლარი, 2018 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ უცვლელად დატოვების, ნაწილობრივ გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

6. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ა-2344-შ-67-2014 განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

6.1.1. დადგენილია, რომ ერთის მხრივ სს „გ-----–----“-ს და მეორეს მხრივ ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2017 წლის მაისის თვიდან, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ხელზე მისაღებ 800 ლარს. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ სს ,,გ-----–----’’-ს მიერ ზ----- ყ----–-----ისათვის ბოლო გადახდა ხელფასის სახით განხორციელებულია 2018 წლის 15 მარტს და დანიშნულებაში მითითებულია თებერვლის თვის ხელფასი (ს.ფ. 23-24).

 

6.1.2. დადგენილია, რომ ერთის მხრივ სს „გ-----–----“-ს და მეორეს მხრივ ზ----- ყ----–------ს შორის 2017 წლის 16 მარტს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ----- ყ----–------მ იკისრა ვალდებულება გასწიოს საშუამავლო საქმიანობა სს ,,გ-----–----’’-სათვის შეკვეთის მოძიების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული მომსახურებისათვის სს ,,გ-----–----’’ ზ----- ყ----–------ს უხდის 3125 ლარს, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი არის 625 ლარი. 2017 წლის 16 მარტს სს ,,გ-----–----’’-ს მიერ გაცემულია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმად კომპანიამ ზ----- ყ----–------ს გადაუხადა საშუამავლო მომსახურების ღირებულება 2500 ლარი (ს.ფ. 65-67).

 

6.1.3. დადგენილია, რომ ერთის მხრივ სს „გ-----–----“-ს და მეორეს მხრივ ზ----- ყ----–------ს შორის 2017 წლის 23 მაისს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ----- ყ----–------მ იკისრა ვალდებულება გასწიოს საშუამავლო საქმიანობა სს ,,გ-----–----’’-სათვის შეკვეთის მოძიების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული მომსახურებისათვის სს ,,გ-----–----’’ ზ----- ყ----–------ს უხდის 1250 ლარს, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი არის 250 ლარი. 2017 წლის 23 მაისს სს ,,გ-----–----’’-ს მიერ გაცემულია სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმად კომპანიამ ზ----- ყ----–------ს გადაუხადა საშუამავლო მომსახურების ღირებულება 1000 ლარი (ს.ფ. 68-70).

 

6.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-სა (,,შემსრულებელი) და მეორეს მხრივ შპს ,,D--’’-ს (შემკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკური მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების თანახმად სს ,,გ-----–----’’ იკისრა ვალდებულება დაამზადოს და მიაწოდოს საკუთრებაში დამკვეთს პროექტით განსაზღვრული ლითონის კონსტრუქციები (მეცხოველეობის ფერმის ლითონის კონსტრუქციები), უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება და მონტაჟი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 599169,30 ლარი დღგ-ის ჩათვლით (ს.ფ. 77-79).

 

6.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-ს (შემკვეთი) და მეორეს მხრივ შპს კ----------–----------’’-ს შორის (მენარდე) გაფორდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანია ყვარელში მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 105000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (ს.ფ. 81-83).

 

6.1.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 თებერვალს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-ს (შემკვეთი) და მეორეს მხრივ შპს ,,კ----------–----------’’-ს შორის (მენარდე) გაფორდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანია ყვარელში მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 63750 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (ს.ფ. 84-87).

 

6.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მარტს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-ს (შემკვეთი) და მეორეს მხრივ შპს ,,კ----------–----------’’-ს შორის (მენარდე) გაფორდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანია ყვარელში მეცხოველეობის ფერმის სახურავის და ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 10500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (ს.ფ. 88-91).

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლისა და ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ერთის მხრივ სს „გ-----–----“-ს და მეორეს მხრივ ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა 2017 წლის მაისის თვიდან, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ხელზე მისაღებ 800 ლარს. ზ----- ყ----–------ სარჩელით ითხოვს 2018 წლის 4 თვის შრომის ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს მარტი - ივნისის პერიოდს. მოპასუხე არ უარყოფს, რომ აღნიშნულ პერიოდში ზ----- ყ----–------ს კომპანიიდან თანხა მიღებული არ აქვს, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ პერიოდში ზ----- ყ----–------სთან შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც შესაძლებელია შეწყდეს შრომითი ურთიერთობები. მოცემულ შემთხვევაში სს ,,გ-----–----’’ ვერ განმარტავს დასახელებული საკანონმდებლო ნორმის რომელ საფუძველზე დაყრდნობით შეწყვიტეს მხარეებმა შრომითი ურთიერთობა, ასეთი საფუძვლები ვერ დადგინდა ვერც საქმის განხილვის შედეგად, მათ შორის ისეთი როგორიც არის - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; მხარეთა წერილობითი შეთანხმება. საყურადღებოა, რომ შესაგებელში გადმოცემული მოპასუხის განმარტებით ზ----- ყ----–------სთან კომპანია შრომით ურთიერთობას აღიარებს 2018 წლის მაისის თვემდე (აპრილის ჩათვლით). ამ პერიოდის შემდეგ, არანაირი შრომითი ვალდებულება მოსარჩელეს კომპანიის მიმართ არ განუხორციელებია და თავისი ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობები. ანუ მოპასუხე მიუთითებს დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვებაზე, თუმცა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ასეთ შემთხვევაში, წერილობითი განცხადების აუცილებლობას ითვალისწინებს, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ იზიარებს სს ,,გ-----–----’’-ს წარმომადგენლის განმარტებას, რომ ზ----- ყ----–------მ საკუთარი ნებით შეწყვიტა კომპანიასთან ურთიერთობა ვინაიდან, აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა და ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც მოსარჩელის მხრიდან წერილობითი ან ზეპირი ფორმით ნების გამოვლენა დასტურდება დაეტოვებინა სამუშაო.

 

პალატა ვერ გაზიარებს სს ,,გ-----–----’’-ს წარმომადგენლის მიერ შესაგებელში მითითებულ კიდევ ერთ გარემოებას ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, კერძოდ, შესაგებლში აღნიშნულია, რომ სს ,,გ-----–----’’-ის დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ ზ----- ყ----–------ მუშაობდა სხვა კომპანიის სასარგებლოდ და აღნიშნულის გამო მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც კომპანიამ შეწყვიტა ზ----- ყ----–------სთან შრომითი ურთიერთობა.

 

სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. საქართველოს შრომის კოდექსიც განამტკიცებს აღნიშნულ პრინციპს. კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად, ნების ავტონომიის პრინციპი გულისხმობს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფლებასაც. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ წერილობითი დოკუმენტი ზ----- ყ----–-----ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილი არ არის. ამასთან საქმის მასალებით არც ის დასტურდება, თუ როდის მიუვიდა დასაქმებულს საწარმოს მიერ ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, შესაბამისად არ დასტურდება შრომითი ურთიერთობისათვის საჭირო ორივე მხარის ნების გამოვლენის ფაქტი.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობებს ახასიათებს, ამდენად, განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. № ას-9-2-884-2014, 16.04.2015).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა თუ როდის შეწყდა სს ,,გ-----–----’’-სა და ზ----- ყ----–------ს შორის შრომითი ურთიერთობა, რითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოირიცხებოდა, რაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის - შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმით 2018 წლის მაისის თვიდან შეწყვეტის ფაქტის დასადასტურებლად სს ,,გ-----–----’’-მა ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი, ანუ წონადი არგუმენტები. ამრიგად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდი, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, ასევე სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისიწნებით (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) სასარჩელო მოთხოვნა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო და კომპანიას ზ----- ყ----–-----ის სასარგებლოდ 4 თვის ხელფასის - 3200 ლარის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 2,24 ლარის ოდენობით, 2018 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მართებულად დაეკისრა.

 

6.3. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“.

 

ზ----- ყ----–-----ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგანაც საქმეზე არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’ პუნქტის წინაპირობები, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს, კერძოდ:

 

დადგენილია, რომ ზ----- ყ----–------ მოითხოვს დაეკისროს მოპასუხე სს „გ-----–----“-ს საშუამავლო თანხის ანაზღაურება 47 045,85 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს, რომ გარდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობისა მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საშუამავლო მომსახურების შესახებ, საიდანაც მოსარჩელეს უნდა მიეღო შესრულებული საშუამავლო საქმიანობიდან, არანაკლებ კონკრეტული პროექტის ღირებულების 3%-ისა. მოსარჩელის მიერ სს „გ-----–----“-ის მიმართ მოთხოვნილ იქნა 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბრის, 2018 წლის ივლისი თვეში მოზიდული და განხორციელებული სამი სხვადასხვა პროექტიდან კუთვნილი საშუამავლო მომსახურების ღირებულების გადახდა, რაზეც კომპანიის დირექტორმა უარი განუცხადა. საშუამავლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან კომპანია „დ---------“ თანამშრომლობით სს „გ-----–----“-მა 2017 წლის აგვისტოში განახორციელა 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, 2017 წლის დეკემბერში - 17534 აშშ დოლარის ღირებულების და 2018 წლის ივლისის თვეში 270000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი. შესაბამისად, შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეს პირველი პროექტიდან მომსახურების სახით უნდა მიეღო 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მეორე განხორციელებული პროექტიდან - 4 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო მესამე პროექტიდან 8 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საერთო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა აენაზღაურებინა 19 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა კომპანიამ ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, უზრუნველყო მხოლოდ 6 000 ლარის გადახდა. ყველა სხვა ვალდებულება, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან შეუსრულებელია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საშუამავლო ანაზღაურების - 47 045.85 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე, ხოლო საფუძვლად მითითებული იქნა, რომ არ დასტურდება საშუამავლო ურთიერთობის თაობაზე რაიმე სახის შეთანხმება ზ----- ყ----–------სა და სს „გ-----–----“-ს შორის, შესაბამისად არ დასტურდებოდა ერთის მხრივ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ პროექტებზე მომსახურების გაწევის ფაქტი და მეორეს მხრივ პროცენტის ოდენობა, რასაც ითხოვს მოსარჩელე.

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებას, მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობის შესახებ, შესაგებლით მოპასუხემ სადავოდ არ ხდის, კერძოდ, შესაგებელში აღნიშნულია, რომ ზ----- ყ----–------ს 2017 წლის აგვისტოს პროექტში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს ანაზღაურება ხელზე (შესაგებლის მე-3 გვერდი, მე-2 ფაქტობრივი გარემოება). ასევე მოპასუხე შესაგებელში განმარტავს, რომ ზ----- ყ----–-----ის მიერ მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ მხარეები ერთად განსაზღვრავდნენ თუ რა ოდენობის თანხა უნდა მიეღო დამატებით. 2017 წლის ოქტომბრამდე მისაღები თანხების შესახებ მხარეები ადგენდნენ ხელშეკრულებას და შემდეგ სს ,,გ-----–----’’ ზ----- ყ----–------ზე გასცემდა თანხას. მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობას ადასტურებს შესაგებლის ის პუნქტებიც სადაც მოპასუხე განმარტავს ზ----- ყ----–-----ის მონაწილეობას 2018 წლის 20 თებერვლისა და 16 მარტის პროექტებთან დაკავშირებით (იხ. შესაგებლის მე-4 გვერდი).

 

პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებლით არა თუ არ დავობს, რომ მასსა და ზ----- ყ----–------ს შორის არსებობდა საშუამავლო ურთიერთობის შესახებ შეთანხმება, არამედ შესაბამისი მტკიცებულებებიც კი ერთვის შესაგებელს აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძოდ: მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2017 წლის 16 მარტს და 2017 წლის 23 მაისს კომპანიას და ზ----- ყ----–------ს შორის გაფორმებული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად ზ----- ყ----–------ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახდენდა პროექტების მოზიდვას სს ,,გ-----–----’’-სათვის შეკვეთის მოძიების მიზნით. ამასვე ადასტურებს სარჩელზე თანდართული საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 23-24), რომლის თანახმად სს ,,გ-----–----’’-ს მიერ ზ----- ყ----–-----ისათვის ჩარიცხულია საშუამავლო მომსახურების თანხები და ასეთი დანიშნულებით ბოლო გადახდა განხორციელებული 2017 წლის 29 დეკემბერს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დასტურდება საშუამავლო ურთიერთობის თაობაზე შეთანხმება ზ----- ყ----–------სა და სს „გ-----–----“-ს შორის.

 

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებში მომსახურების გაწევის ფაქტს და მეორეს მხრივ პროცენტის ოდენობას, რასაც ითხოვს მოსარჩელე, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სს ,,გ-----–----’’ სადაოდ არ ხდის მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობას საშუამავლო მომსახურების შესახებ. შესაგებელშიც განმარტებულია, რომ მხარეთა შეთანხმება საშუამავლო მომსახურებასთან დაკავშირებული ანაზღაურების შესახებ ხდებოდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ. ამასვე ადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები, რომელთა დადების დროს უკვე ცნობილია მოზიდული პროექტიდან კომპანიის მიერ მიღებული თანხა და ზ----- ყ----–------სთან ხდება შეთანხმება კონკრეტული ოდენობის ანაზღაურებაზე, რასაც იმავე დღეს რიცხავს კომპანია (ეს უკანასკნელი გარემოება დასტურდება სალაროს შემოსვალის ორდერებით). ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ერთობლიობაში ადასტურებს სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ ზ----- ყ----–------ საშუამავლო მომსახურების ანაზღაურებას მიიღებდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ და აღნიშნულზე მხარეები ადგენდნენ ხელშკრულებას. შესაბამისად მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიუთითა კონკრეტულ პროექტში მისი მონაწილეობის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა მთავარი საკითხისათვის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, ანუ ზემოაღნიშნული ფაქტების პირობებში, რამდენად არის შესაძლებელი ზ----- ყ----–------ს ედასტურებინა კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა და ამ პროექტიდან სს ,,გ-----–----’’-ს მიერ მიღებულ თანხის ოდენობა. ამ თვალსაზრისით საყურდაღებოა, რომ მოსარჩელე ასახელებს კონკრეტულ პროექტებს, უთითებს ამ პროექტებიდან კონკრეტულად მოზიდულ თანხებს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასახელებულ პროექტებში თავად იგი არ არის ხელშეკრულების მხარე, ზეპირი შეთანხმება ჰქონდა საშუამავლო მომსახურებაზე სს ,,გ-----–----’’-თან და ანაზღაურება ხდებოდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით ჩასატარებელი კვლევის დროს, ზ----- ყ----–-----ის მიერ აღძრული სარჩელის გასაქარწყლებლად მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებების სარწმუნოობა ხელახლა უნდა შეაფასოს და დაადგინოს იღებდა თუ არა ზ----- ყ----–------ მის მიერ მითითებულ პროექტების მოზიდვაში მონაწილეობას და რა შეიძლება ყოფილიყო მისი ანაზღაურება ამ პროექტებიდან.

 

კონკრეტულ პროექტში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-სა (,,შემსრულებელი) და მეორეს მხრივ შპს ,,D--’’-ს (შემკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკური მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების თანახმად სს ,,გ-----–----’’ იკისრა ვალდებულება დაამზადოს და მიაწოდოს საკუთრებაში დამკვეთს პროექტით განსაზღვრული ლითონის კონსტრუქციები (მეცხოველეობის ფერმის ლითონის კონსტრუქციები), უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება და მონტაჟი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 599169,30 ლარი დღგ-ის ჩათვლით (ს.ფ. 77-79).

 

საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 14 მარტით დათარიღებული, სმს-ით განხორციელებული შეტყობინება (საქმეზე დართულია 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, ს.ფ. 105), რომლის შინაარსის მიხედვით სს ,,გ-----–----’’-ის დირექტორი ზ----- ყ----–------ს ატყობინებს, რომ მან დათვალა ,,D--’’-ს პროექტიდან და 5000 აშშ დოლარი არ გამოვიდა და აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით თხოვს ზ----- ყ----–------ს შეხვედრას (ს.ფ. 118). დასახელებული მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა, თუმცა იგი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ წინააღმდეგობაში მოდის სს ,,გ-----–----’’-ს წარმომადგენლის განმარტებასთან, რომ კომპანიას ზ----- ყ----–-----ის მიმართ საშუამავლო ურთიერთობიდან გამომდინარე არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მხარეთა შორის არსებულ საშუამავლო ურთიერთობას და ასეთი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რაც მოცემულ შემთხვევაში ზ----- ყ----–-----ის მიერ სრულად იქნა დაძლეული - მან დაადასტურა, რომ მასსა და სს ,,გ-----–----’’-ს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება მოეზიდა შეკვეთები კომპანიისთთვის, რისთვისაც ეს უკანასკნელი გადაუხდიდა მას გასამრჯელოს. შესაბამისად პირველმა ინსტანციის სასამართლომ ისე მიიღო გადაწყეტილება, რომ არ შეაფასა კონკრეტულ პროექტებში ზ----- ყ----–-----ის მონაწილეობა/არმონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა რამდენად შეეძლო თავად ზ----- ყ----–------ს და ასევე რამდენად შეეძლო მას წარედგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მხარეთა ზეპირი შეთანხმებით დადგენილ ანაზღაურების ოდენობას.

 

პალატა არ იზიარებს სს ,,გ-----–----’’-ს წარმომადგენლის მითითებას, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ასევე 2018 წლის 20 თებერვალს და 16 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებებით სს ,,გ-----–----’’-მა შპს ,,კ----------–----------’’ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სწორედ აღნიშნულ თანხაში შედიოდა ზ----- ყ----–-----ის საპრემიო თანხაც.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია 2017 წლის 27 ოქტომბერს, 2018 წლის 20 თებერვალს და 2018 წლის 16 მარტს ერთის მხრივ სს ,,გ-----–----’’-ს (შემკვეთი) და მეორეს მხრივ შპს ,,კ----------–----------’’-ს შორის (მენარდე) გაფორდა ნარდობის ხელშეკრულებები, მაგრამ ამ ხელშეკრულებებით შემკვეთი არის თავად სს ,,გ-----–----’’ და ამასთან ხელშეკრულების საგანი არის ყვარელში მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციების და სახურავის მონტაჟი. ხელშეკრულებში აღნიშნული არ არის ზ----- ყ----–-----ისათვის რაიმე თანხის გადაცემის შესახებ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი არის შპს ,,კ----------–----------’’-ს 34% წილის მესაკუთრე (ს.ფ. 75-76) არ ადასტურებს საშუამავლო ურთიერთობასთან რაიმე შემხებლობას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებას, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა - მოსარჩელე მოითხოვს საშუამავლო მომსახურების თანხის ანაზღაურებას, ანუ მოსარჩელის მტკიცებით, მას საშუამავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არ უარყოფს მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებას საშუამავლო მომსახურების თაობაზე უპირველესად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებას საშუამავლო მომსახურების შესახებ და განმარტავს, რომ სსკ-ის 69-ე მუხლის მიხედვით გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებელშივე ადასტურებს მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებას საშუამავლო მომსახურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

დასახებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ საშუამავლო მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შესაბამისად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ,,გ-----–----’’ არ უარყოფდა მასსა და ზ----- ყ----–------ს შორის საშუამავლო მომსახურებაზე შეთანხმებას, სათანადო კვლევის პირობებში თუ პირველი ინსტანციის სასამართლო დაადგენდა, რომ ზ----- ყ----–------ს, როგორც შუამავალს მონაწილეობა აქვს მიღებული მის მიერ დასახელებული პროექტების მოზიდვაში, სასამართლოს შეეძლო ემსჯელა ანაზაღურების შესახებ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ----- ყ----–------ს უარი ეთქვა საშუამავლო ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით

 

გამომდინარე იქიდან, რომ სს ,,გ-----–----’’-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160,70 ლარის (ტ.2. ს.ფ. 74, 77) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო რაც შეეხება ზ----- ყ----–-----ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მისი განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 385-ე, 390-ე, 394-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ----- ყ----–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ----- ყ----–------ს უარი ეთქვა საშუამავლო ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

3. სს ,,გ-----–----’’-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს - უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები.

3. სს ,,გ-----–----’’-ის მიერ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

 

მოსამართლეები რევაზ ნადარაია

 

ამირან ძაბუნიძე