განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
170310018002366779
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №170310018002366779

საქმე №3ბ/2834-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია;

 

წარმომადგენლები - თ------------–--ე, კ----------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ---------–---–-----ი;

 

წარმომადგენელი - ი-------–----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ---------–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N---- განკარგულება და დაევალა მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ---------–---–-----ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დ---------–---–-----მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე თ------–-------------–----–----------------–------------------. (განცხადების რეგისტრაციის N------------). განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, N------------ გადაწყვეტილება, ორთოფოტო, სიტუაციის ამსახველი ფოტოები, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვესია (ს.ფ. 16-17).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დ---------–---–-----ის განცხადებასთან დაკავშირებით 2017 წლის 6 დეკემბერს N------ წერილით მიემართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას. კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N---- განკარგულებით დ---------–---–-----ს უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულებათავის მხრივ ეყრდნობა კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N- ოქმს, რომლის თანახმადაც, კომისია გავიდა ადგილზე, სადაც დგას არასაცხოვრებელი ნაგებობა, ხოლო მიწის ნაკვეთზე გადის საერთო სარგებლობის მისასვლელი გზა, არ არის შემოღობილი, არ არის გაკულტურებული და დამუშავებული, არ დგინდება ფლობა, სარგებლობა, განკარგვა 2007 წლამდე. მეორე ნაწილი არის არამყარი ღობით შემოღობილი, არ არის დამუშავებული, რეალურად ორი სხვადასხვა ქონებაა (ს.ფ. 14-15, 77-78).

 

დ---------–---–-----ი (დაბადებული 1980 წლის 2 ივლისს) არის გ----------–---–-----ის (დაბადებული 1----–-–----------------–ს) შვილი, ხოლო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2----–-–--------------ს (ს.ფ. 26-28).

 

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ------------–ი არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 2652 კვ.მ. განთავსებული შენობა-ნაგებობა აშენებულია 2000 წლამდე (ს.ფ. 127-135).

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს მითითებით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ------------–ი არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 2652 კვ.მ., სადაც ასევე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, არ გადის საერთო სარგებლობის გზა, აგრეთვე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ფაქტობრივად ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთს და არის ერთი მთლიანობა.

 

პირველი ინსტანციის სასაართლოს განმარტებით, აღნიშნულ მოსაზრებას მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის შუაში გადის გზა, რომელიც მიდის მომიჯნავე მიწის ნაკვეთამდე, სადაც კარია. სხვა არავითარი გარემოება მოპასუხე მხარეს ამ საკითხზე არ აღუნიშნავს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ გზის არსებობის ფაქტი არც არის სადავო, რადგან შენობა ნაგებობა სიღრმეშია და ბუნებრივია მასთან მისასვლელად საჭირო იყო გზის გაკეთება. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდეგნილ იქნა დანახარჯის რვეული, სადაც მითითებულია „დ------------------------“, რომელიც შეიცავს მსგავსი ტიპის ხარჯებსაც. ასევე, მოწმეებმა - ნ----------–---–---–მა, კ----–---–--–-–---–მა და თ-------------–-–---–მა კატეგორიულად განაცხადეს, რომ მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ზ-----–-–---–--ის საკუთრებაა და მას შესასვლელი გზის მხრიდან აქვს. სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება სამეზობლო კარი, თანაც პატარა, რომელიც ავტომანქანებისთვისაა განკუთვნილი არ ამტკიცებს საერთო სარგებლობის გზის არსებობას. გარდა ამისა, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი საკმაოდ დიდია და მას რამდენიმე მხრიდან აკრავს საავტომობილო გზები, რის გამოც რთული წარმოსადგენია, სადავო მიწის ნაკვეთს სავალ გზად გამოყენება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ ტერიტორია შემოღობილია, როგორც ერთი მთლიანობა და მხოლოდ ის გარემოება, რომ შუაში ავტომობილის გავლის კვალია, ვერ იქნება ამ მიწის ნაკვეთის ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად აღქმის წინაპირობა (ს.ფ. 83, 137-145, 166-167);

 

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ------------–ი არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართით - 2652 კვ.მ., არსებული შენობა-ნაგებობა აშენებულია გ---------–---–-----ის მიერ და 2007 წლამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა მას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ შენობა-ნაგებობა მამამისმა ააშენა, აგრეთვე მოწმეების - ნ----------–---–---–ის, კ----–---–--–-–---–ისა და თ-------------–-–---–ის ჩვენებები, რომლებმაც თავიანთ ახსნა-განმარტებებში მიუთითეს, რომ ეს მიწის ნაკვეთი გ---–--–---–-----მა მიიღო კენჭისყრით 2000 წლამდე, კერძოდ 1987 წლის ან მიახლოებულ პერიოდში და მას მერე დაიწყო მშენებლობა. სასამართლოს მითითებით, გ---------–---–-----ს ამ მიწის ნაკვეთზე ედგა ვაგონი (რომელიც დღესაც იქ არის), რომელშიც ინახავდა ინსტრუმენტებს, იყენებდა საჭმელად და შიგნითაც რჩებოდა ხოლმე. შენობა მისი აშენებულია და ისინიც მიხმარებიან მშენებლობაში. გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ წარმოადგინა დანახარჯის რვეული, სადაც მითითებულია „დ------------------------“ და მასში მითითებულია არაერთი მონაცემი მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების თაობაზე, რის ნამდვილობაშიც სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, ვინაიდან აღნიშნული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთი შემოღობილია, მასზე გ---------–---–-----ის მიერ აშენებულია ნაგებობა, დროებით საცხოვრებლად და სხვა მიზნებისთვის მიტანილია ვაგონი, რომელიც დღესაც იქ დგას, ხოლო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი ამჟამად არ არის გაკულტურებული და მოვლილი, სასამართლოს შეფასებით - საკამათო საკითხია და მეორეც - ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და ვერც შეაფასებდა ამ მიწის ნაკვეთზე არსებულ ვითარებას 2007 წლამდე. სასამართლოს მითითებით, ნიშნადობლივია, რომ გ---------–---–-----ი 2014 წელს გარდაიცვალა და იგი იყო ის პიროვნება, ვინც ყურადღებას აქცევდა ტერიტორიას და შენობა-ნაგებობას. ის გარემოება, რომ შენობა საცხოვრებლისთვის არ არის განკუთვნილი არ არის მართებული მოსაზრება მოთხოვნის უარსაყოფად, რადგან სავალდებულო პირობა საცხოვრებელი სახლის არსებობა არ არის და ასევე მომავალში ვინ რა მიზნით მოიხმარს შენობას ეს გარემოებაც არ ექვემდებარება მტკიცებას. ასეთ ვითარებაში, კი ცალსახაა, რომ 2007 წლამდე მიწა დაკავებული ჰქონდა გ---------–---–-----ს და შენობაც მისი აშენებულია (ს.ფ. 29-34, 137-145);

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის განკარგულება, რომელიც ეყრდნობა კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N- ოქმს და რომლის თანახმადაც, მიწაზე არსებული შენობა არასაცხოვრებელი ნაგებობაა, მიწის ნაკვეთზე გადის საერთო სარგებლობის მისასვლელი გზა, არ არის შემოღობილი, არ არის გაკულტურებული და დამუშავებული, არ დგინდება ფლობა, სარგებლობა, განკარგვა 2007 წლამდე. მეორე ნაწილი არის არამყარი ღობით შემოღობილი, არ არის დამუშავებული, რეალურად ორი სხვადასხვა ქონებაა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კომისიის მიერ მითითებული არგუმენტები საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად არასაცხოვრებელი ნაგებობის არსებობაც გათვალისწინებულია, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ გადის საერთო სარგებლობის გზა, მიწის ნაკვეთი ძირითადად შემოღობილია, ის ფაქტი, რომ კომისიის მიერ შემოწმების დროისთვის არ აღინიშნებოდა მაგ. მიწის დამუშავება ან სხვა მსგავსი აქტივობა, ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის, თანაც შემოწმება ზამთრის პერიოდში მოხდა და მოსარჩელე მხარემ სწორედ მიუთითა ამ სეზონის სპეციფიკურობის თაობაზე, თანაც კომისიას მხედველობიდან გამორჩა, რომ მას ფაქტი უნდა შეეფასებინა 2007 წლამდე არსებული სიტუაციით, როგორც ამას კანონი მოითხოვს. რაც შეეხება ფლობას, მოწმეებმა ცალსახად განმარტეს და ფაქტობრივი მდგომარეობაც იმაზე მიუთითებს, რომ გ---------–---–-----ი ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე სასამართლომ უკვე დაადგინა. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ყველა სხვა დამატებითი რელევანტური დოკუმენტაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ცალსახად დაასკვნა, რომ არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ მითითებული საკუთრების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტების თანახმად, სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს დედას - გ---------–---–-----ის მეუღლეს და არა მას. ასეთ პირობებში, ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე სასამართლომ განმარტა, რომ ცალსახად ვერ მიუთითებს კომისიას სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელებას, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია საკუთრების უფლების აღიარების შესახებ წარმოების პროცესში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა დ---------–---–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N---- განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, დ---------–---–-----ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიისათვის სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალების ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს კომისიის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლასაც, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი თვითნებურად დაკავების ფაქტის შესახებ, როდესაც აღნიშნა რომ კომისიას უნდა შეეფასებინა თვითნებურად დაკავების ფაქტი 2007 წლამდე მდგომარეობით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან იმიჯნება მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ, მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

იმის განსაზღვისათვის, კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო თუ არა მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს, სადავო მიწის ნაკვეთზე უნდა დასტურდებოდეს პირის მხრიდან რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი (გარდა შენობის არსებობისა). თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. ,,ლეგალიზაციას“ დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთები, რომელის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.“

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მიწაზე ფაქტობრივი ბატონობა შესაძლოა გამოიხატოს მისი დამუშავებით და გაკულტურებით. დამუშავებაში არ მოიაზრება მხოლოდ ერთ წლიანი ნათესების განთავსება მიწაზე, რაც ბუნებრივია ზამთრის სეზონზე შესამჩნევი ვერ იქნებოდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არის იმპერატიული მოთხოვნა აღიარების ობიექტის (თვითნებურად დაკავებული მიწა) მყარ ღობეში მოქცევის შესახებ, კომისია მიიჩნევს, რომ ღობე არის ერთ - ერთი მთავარი ფაქტორი იმის განსაზღვრისათვის პირი ნამდვილად არის თუ არა დაუფლებული მიწის ნაკვეთს კანონის ამოქმედებამდე და იყენებს თუ არა მას როგორც საკუთარს და შესაბამისად უზღუდავს თუ არა მესამე პირებს მასზე, როგორც საკუთრებაზე შეღწევის შესაძლებლობას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება განიმარტება, როგორც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. ამავე წესის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა დ---------–---–-----მა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე თ------–-------------–----–----------------–------------------. (განცხადების რეგისტრაციის N------------). განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, N------------ გადაწყვეტილება, ორთოფოტო, სიტუაციის ამსახველი ფოტოები, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვესია.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N---- განკარგულებით, დ---------–---–-----ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწაზე არსებული შენობა წარმოადგენს არასაცხოვრებელი ნაგებობას. მიწის ნაკვეთზე გადის საერთო სარგებლობის მისასვლელი გზა. სადავო მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, არ არის გაკულტურებული და დამუშავებული, ასევე არ დგინდება ფლობა, სარგებლობა, განკარგვა 2007 წლამდე, ხოლო სადავო მიწის მეორე ნაწილი არამყარი ღობითაა შემოღობილი, არ არის დამუშავებული და მიწის ნაკვეთი რეალურად წარმოადგენს ორი სხვადასხვა ქონებას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, მიწის ნაკვეთზე შენობამდე მისასვლელი გზის არსებობის ფაქტი მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა, რადგან შენობა-ნაგებობა სიღრმეშია და მასთან მისასვლელად უდავოა, რომ არსებობდა საჭიროება გზის გაყვანისა, თუმცა ის გარემოება, რომ აღნიშნული გზა არის საერთო სარგებლობის, არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის მეზობლებმა - ნ----------–---–---–მა, კ----–---–--–-–---–მა და თ-------------–-–---–მა დაადასტურეს, აღნიშნული გარემოება და ასევე მიუთითეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ზ-----–-–---–--ის კუთვნილ მოზრდილ მიწის ნაკვეთს, შესასვლელი გზის მხრიდან აქვს, ხოლო ირგვლივ აკრავს საავტომობილო გზები, რაც გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთის იქ მცხოვრები პირების მიერ საერთო სარგებლობის გზად გამოყენების ფაქტს.

 

მოწმეთა ჩვენებების თანახმად, გ---–- (იგივე გ---------) წ---–-----ს 2000 წლამდე კენჭისყრით გადაეცა მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი, სადაც წამოიწყო მშენებლობა (დაახლოებით 1987 წელს). როგორც მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, გ---------–---–-----ს ამ მიწის ნაკვეთზე ედგა ვაგონი, სადაც ინახავდა ინსტრუმენტებს, იყენებდა საჭმელად და შიგნითაც რჩებოდა ხოლმე. მოწმეთა მითითებით, შენობა გ---------–---–-----ის აშენებულია და მშენებლობაში მათ, როგორც დამხმარეებს, თავადაც აქვთ მონაწილეობა მიღებული.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად განიხილავს მოწმეთა ჩვენებას. ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის განმარტებები, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. კერძოდ, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დანახარჯის რვეული, სადაც მითითებულია „დიდი თონეთის ნაკვეთზე“ სამშენებლო საქმიანობის წარმოებისათვის გაწეული სხვადასხვა დანახარჯის ოდენობა. სააპელაციო პალატა ასევე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, სადაც აღბეჭდილია სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ვაგონი და ღობე. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა აშენებულ იქნა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთიან, შემოღობილ სივრცეს, რომელსაც ჰყავს მოსარგებლე. ამდენად მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის შუა ნაწილში ავტომობილის გავლის კვალია, ვერ იქნება ამ მიწის ნაკვეთის ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად აღქმის წინაპირობა. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთზე კომისიის მიერ მითითებული საკუთრების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის განმარტების თანახმად, სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს არა მას, არამედ მის დედას - გ---------–---–-----ის მეუღლეს, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე სასამართლო ცალსახად ვერ მიუთითებს კომისიას სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დ---------–---–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N---- განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, დ---------–---–-----ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიისათვის სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების დავალების შესახებ, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს კომისიის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლასაც, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი