განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010358918900012851
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
#სსკ-01-18 6 თებერვალი, 2018 წელი სსკ-01-18 გ-–-----–ი ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა სილაგაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ------ გ-–-----–ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული აქტი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე წარდგენილი განაცხადის უარყოფის შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას 2018 წლის 2 თებერვალს საჩივრით მომართა მ------ გ-–-----–მა (შემდეგში: საჩივრის ავტორი, განმცხადებელი, აპლიკანტი ან ყოფილი მოსამართლე), რომელმაც მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება გასაუბრების ეტაპზე ხელახლა განსახილველად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში: ორგანული კანონი) 35 4 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში. 2018 წლის 20 იანვარს აპლიკანტის პორტალით ეცნობა, რომ მისი განაცხადი ზემოხსენებულ ვაკანსიაზე უარყოფილი იყო კანონით დადგენილი კომპეტენტურობის კრიტერიუმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
3. განმცხადებლის განმარტებით, მან მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მისთვის გადაეცათ ჩატარებული გასაუბრების აუდიოჩანაწერი, შეფასების ფურცლები და მასში შეტანილი ინფორმაციის შედეგების ასლი. აგრეთვე, 2018 წლის 11 იანვარს ჩატარებული კენჭისყრის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება აპლიკანტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. მას აღნიშნული დოკუმენტები დღემდე არ მიუღია, ამიტომ, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული აპლიკანტის პორტალით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.
4. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ კონკურსზე მისი შეფასება განხორციელდა საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილი პროცედურების დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საბოლოო შედეგზე და საბჭომ მისი განცხადება უარყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მასთან გასაუბრება ორგანული კანონის 354 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევით ჩაატარა. კერძოდ, კონკურსის ჩატარებისას საბჭოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიკერძოებული იყო, მათი მიდგომა კი - დისკრიმინაციული.
5. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „კონკურსი ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. კონკურსის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსამართლეობის კანდიდატთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა და სხვა გარემოებებისა“. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებდა აღნიშნული მიზნების საწინაღმდეგოდ, რაც, აპლიკანტის მტკიცებით, დასტურდება შემდეგი ფაქტებით:
5.1. 2018 წლის 11 იანვარს საბჭოს წევრმა ნ---- ჯ------–---–მა ტელეეთერში განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატთა კომპეტენტურობის კრიტერიუმების მახასიათებლები მიკერძოებულად შეაფასეს. კანდიდატთა ნაწილს კომპეტენტურობის პროცენტულობა მაქსიმალურ ჯამთან მიმართებით არაობიექტურად შეუმცირეს, რითაც სასურველი კანდიდატებისთვის კენჭის ყრის დროს კონკურენციისგან დაცულობა უზრუნველყვეს; საბჭოს წევრები გასაუბრების დროს უფლებამოსილების გადამეტებით სვამდნენ დარგისთვის შეუთავსებელ კითხვებს, ცდილობდნენ, რომ კანდიდატის მიმართ უარყოფითი აზრი ჩამოყალიბებოდა საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც შესაბამის სფეროში კვალიფიკაცია არ გააჩნდათ; საბჭოს წევრები მისი კომპეტენტურობის მახასიათებლების შემოწმებისას იყვნენ დისკრიმინაციულნი, რაც განპირობებული იყო იმით, რომ საჩივრის ავტორმა სხვა პირებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე, საერთო სასამართლოში, წარადგინა სარჩელი, რომლითაც ითხოვდა 2016 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კონკურსში ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევის უფლების აღიარებას და მოსამართლის ვაკანსიაზე გამწესებას.
5.2. საბჭოს წევრებმა არ გაითვალისწინეს, რომ მას დამთავრებული აქვს პრესტიჟული უნივერსიტეტი, აქვს სამოსამართლო პრაქტიკა, არის დოქტორანტი, მაღალი შეფასებებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, მის პროფესიონალიზმს რეკომენდაციას უწევენ საქართველოში ცნობილი პროფესორები და აკადემიკოსები, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, აგრეთვე - არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
5.3. საჩივრის ავტორის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 2000 წლის 4 ნოემბრის მე-12 ოქმის პირველი მუხლი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლებითაც ყველა პირისთვის უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის აკრძალვა და კანონის წინაშე თანასწორობა.
6. ყოფილი მოსამართლის განმარტებით, წინამდებარე განჩინების მე-5 ქუნქტში აღწერილმა გარემოებებმა განაპირობეს, რომ მოსამართლედ გამწესებაზე მის კანდიდატს კენჭი არ ეყარა.
7. განმცხადებელი წარმოდგენილი საჩივრის საკვალიფიკაციო პალატის მიერ განხილვის (განსჯადობა) საფუძვლად უთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35 4-ე მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: „ბ. მოსამართლეობის კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე“.
8. რაც შეეხება სადავო აქტის (გადაწყვეტილების) გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღს,როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, მოსამართლეობის კანდიდატს შესარჩევ კონკურსზე განაცხადის უარყოფის შესახებ (უარყოფის მიზეზებზე მითითებით), პორტალის მეშვეობით ელექტრონულად ეცნობა 2018 წლის 20 იანვარს, ხოლო საკვალიფიკაციო პალატაში საჩივარი წარმოდგენილია 2018 წლის 2 თებერვალს. შესაბამისად, დაცულია გასაჩივრებისათვის ორგანული კანონით დადგენილი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გასაუბრების ეტაპზე ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებული, შემდეგი არგუმენტაციით:
9. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახამად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია საკვალიფიკაციო პალატა, რომელიც ამავე კანონის 191 , 354 , 365 , და 355 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლეობის კანდიდატისათვის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ და მოსამართლისათვის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
10. ორგანული კანონის 351-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოსამართლეობის კანდიდატი შეირჩევა ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე. “ ამავე მუხლის მე-17 პუნქტის ბოლო წინადადება ადგენს, რომ როგორც სამოსამართლო გამოცდილების არმქონე, ისე სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს „მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“. მითითებული ნორმის - 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, „მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია“.
11. მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი ანალიზისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც აპლიკანტის პორტალით საჩივრის ავტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ დაძლია კომპეტენტურობის კრიტერიუმის ზღვარი, რის გამოც მისი კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საჭოს წინაშე. ე.ი. არ არსებობდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 351-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა. სწორედ აღნიშნულის გამო, დასახელებულ კოლეგიურ ორგანოს არ განუხილავს და, შესაბამისად, კანდიდატის მიმართ არ გამოუცია მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებას ექვემდებარება. აღნიშნული ნიშნავს, რომ საჩივრის ავტორი არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი და ამ საფუძვლით საკვალიფიკაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას წარმოებაში მიიღოს წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლოს და იმსჯელოს იმ გარემოებებზე (დისკრიმინაცია და ა.შ.), რომლებზეც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია მითითებული.
12. საკვალიფიკაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს იურისდიქციის (განსჯადობის) საკითხსა და მის მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს ვალდებულებას, რომ მხოლოდ ის დაწესებულება, რომელსაც აქვს სრული იურისდიქცია, წარმოადგენს "ტრიბუნალს" კონვენციის 6.1 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. საქმე ბომარტინი საფრანგეთის წინააღმდეგ , §38). ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციის 6.1 მუხლი მოითხოვს, რომ სასამართლოს/ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს რელევანტური იურისდიქცია, რომ გამოიკვლიოს იმ ფაქტებთან და კანონებთან მიმართებაში არსებული საკითხები, რომლებიც მის წინაშეა დასმული (იხ საქმე ტერა ვონინგენი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ , §52; შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ , §§151-57). ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, დეტალურად განიხილოს თითოეული მომჩივნის არგუმენტი საქმის არსთან დაკავშირებით, რომელიმე მათგანის შესწავლაზე უარის თქმის გარეშე; ამავდროულად, სასამართლომ გარკვევით უნდა მიუთითოს მათი უარყოფის მიზეზი.
13. საჩივარი არ არის დასაშვები საკვალიფიკაციო პალატის პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (იხ.საქმე № სსპ-2-17 ).
14. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, წარმოდგენილი საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე (იხ.ორგანული კანონის 19 1-ე მუხლის პირველი პუნქტის იურისდიქცია) .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იხელმძღვანელა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-15.1„ზ“; 191.1; 365 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ გ-–-----–ს უარი ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ვ. როინიშვილი