განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2018
საქმის ნომერი
330210015730320
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 330210015730320

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-844-788-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი

№ას-844-788-2017 ბ------------ი ქ.თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კასატორი – ა-- ბ------------ი (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე – ა----- ბ------------ი (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება

 

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა----- ბ------------მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა-- ბ------------ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ, ქ.თბილისში, ნ--–------------------ზე, მე-2 მ/რ-ის მე-4 კვარტალში, მე-3 კორპუსის #5 ბინაზე (ს/კ #01.14.02.010.0--.01.0--, შემდგომში _ საზიარო საგანი) საზიარო უფლების გაუქმება წილის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის 1/2 ნაწილის მოსარჩელისათვის გადაცემა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ საზიარო საგანი თანაბარი წილებით. დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელეს სურს საზიარო უფლების გაუქმება, რის თაობაზეც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ოქტომბრისა და 16 დეკემბრის დასკვნების თანახმად, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა შეუძლებელია, რის გამოც, საზიარო უფლება წილის აუქციონზე რეალიზაციის გზითა და ამონაგები თანხის (1/2-1/2) მხარეთა შორის განაწილებით უნდა გაუქმდეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის აღძვრამდე მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საზიარო საგნით სარგებლობის წესზე, მოგვიანებით კი, მიაღწიეს შეთანხმებას ქონების რეალიზაციაზე და ამონაგები თანხის განაწილებაზე, რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ამ დოკუმენტით არ ირკვევა, რომ ექსპერტი გამოცხადდა ადგილზე, მას ასევე არ ერთვის ფოტომასალა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საქმეზე მიეღო გადაწყვეტილება, მოპასუხის განმარტებით, იგი არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი, ქონება ურთიერთმოლაპარაკებით გასხვისებულიყო, თუმცა, მოსარჩელე ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებას. იგი ფლობს ქონებას, აქვს საკუთარი ოთახი, დამოუკიდებელი აბაზანა და საპირფარეშო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საზიარო საგნის აუქციონზე გაყიდვისა და ამონაგები თანხის 50-50%-ის მხარეთა შორის განაწილების გზით გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისში, ნ--–------------------ის მე-2 მ/რ-ის, მე-4 კვარტალში მდებარე #3 კორპუსის ბინა #5-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #01.14.02.010.0--.01.0--) თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მხარეებს. უძრავი ქონება მთლიანობაში არის 59 კვ.მ, საიდანაც 1/2 საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო მეორე 1/2 _ მოპასუხეს;

1.2.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს გაცემული აქტის თანახმად, მესაკუთრეთა წილების შესაბამისად საზიარო საგნის ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა შეუძლებლია. ამ დასკვნის გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს აპელანტის შედავება იმის თაობაზე, რომ ექსპერტმა ადგილზე მისვლის გარეშე ჩაატარა საექსპერტო კვლევა, რაც დასკვნის სარწმუნოობას გამორიცხავს, თუმცა, თავად სადავო დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი შეფასების კრიტერიუმებად იყენებს: ბინის ფართის სიმცირეს; ოთახების განლაგების კონფიგურაციასა და ამ გზით გამორიცხავს საგნის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობას, საპირისპირო დასკვნა მოპასუხეს არ წარუდგენია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ საზიარო საგნის გაუქმება ქონების რეალიზაციის გარეშე შესაძლებელი იყო, ამ მხრივ, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ორივე მეწილის მიერ ქონების ფლობა იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს, შესაძლებელია, ამავე გარემოებას ადასტურებს მოსარჩელის აღიარებაც, რომელთა ერთობლიობა წარმოადგენდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზოციურობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება. მოხმობილი პრინციპების, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, 102-ე და 162-ე (2) მუხლების შესაბამისად, მოპასუხე არ იყო შეზღუდული, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა განკუთვნადი მტკიცებულებით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა იმის თაობაზე, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გამიჯვნის თაობაზე არ დაიშვებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება კასატორის მიერ მითთებული მტკიცებულება, რომელიც ქონებით მშვიდობიან თანასარგებლობას დაამტკიცებდა, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, სადავოს წარმოადგენს არა ნივთით სარგებლობის, არამედ, საზიარო საგნის გაუქმების საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 961-ე (1) და 968-ე მუხლების შესაბამისად, საზიარო საგნის მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს უფლების რეალიზაცია (ამავე კოდექსის 962-ე მუხლის წინაპირობებზე მხარეს არ მიუთითებია);

1.5.2. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, რომელიც საზიარო უფლების საგნის რეალიზაციის გზით გაუქმებას მოითხოვდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დაძლია კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ ვერ გააქარწყლა შესაგებელში მითითებული გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, მართებულად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 964-ე (1) მუხლი და რადგანაც საქმის მასალებით ამავე კოდექსის 963-ე მუხლის წინაპირობები არ დასტურდებოდა, მართებულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ-----– ე-–---–---–ის მიერ 07.08.2017წ. #0 საგადახდო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-- ბ------------ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა-- ბ------------ს (პ/#0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ-----– ე-–---–---–ის მიერ 07.08.2017წ. #0 საგადახდო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

 

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

 

ზ. ძლიერიშვილი