დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001830048
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№3აპ-18 ქ. თბილისი
ძ---–--- გ----, 3აპ-18 24 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- ძ---–---ს, – დაბადებულს 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ---- ძ---–---ს ლ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-----–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სუფრასთან ყოფნის დროს, შელაპარაკება მოუხდა მასთან სტუმრად მყოფ მ----- ჯ--------------ნ, რის გამოც ისინი ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს. აღნიშნულით განაწყენებულმა, მთვრალმა გ---- ძ---–---მ, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული დანა დაარტყა მ----- ჯ----------ს მარჯვენა წინამხრისა და მარცხენა მხრის არეში. მ----- ჯ----------ს დაუზიანდა მარჯვენა იდაყვის არტერია და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით გ---- ძ---–---ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 28 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ---- ძ---–---მ ჩაიდინა მ----- ჯ----------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მალხაზ სირაძემ და ითხოვა გ---- ძ---–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა იმავე მოტივებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: სასამართლომ არ გაითვალისწინა სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, გ---- ძ---–---მ მ----- ჯ----------ს მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, რაც მიუთითებს გ. ძ---–---ს განზრახვაზე, მოეკლა მ. ჯ----------; მის განზრახვაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ გ. ძ---–---მ დაინახა, როგორ იცლებოდა სისხლისაგან დაჭრილი მ. ჯ----------, მაგრამ არაფერი იღონა მის გადასარჩენად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ---- ძ---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა გ---- ძ---–---ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
9. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი