დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 31.05.2018
საქმის ნომერი
010100218700051198
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-0-00218700051198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №26აპ-18 ქ. თბილისი

ქ---------–---–- გ-------, 26აპ-18 1 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ქ---------–---–ს ბრალი დაედო ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–--------------, დაახლოებით 0---- საათზე, ქ-------–--–-----–------------------------------------ გ------- ქ---------–---–მა თავის მეუღლეზე - შ------- კ-----–---–--ზე იძალადა, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც შ------- კ-----–---–--მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით გ------- ქ---------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ გ------- ქ---------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გ------- ქ---------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გ------- ქ---------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მართალია, საქმის მასალებში არსებობს ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოქ. შ------- კ-----–---–--ს პირადი შემოწმებისას (16.01.2017წ) აღენიშნებოდა: ქვედა ტუჩის ლორწოვანზე - სისხლნაჟღენთი, ცენტრალურად უსწორო ფორმისა და კიდეების მქონე ნახეთქი ჭრილობით, მარცხენა ცხვირ-ტუჩის ნაოჭის საპროექციოდ - ნაჭდევი, მარჯვენა წინამხრის მიდამოში - სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხოლო ის ფაქტი, რომ ეს დაზიანებები მას გ------- ქ---------–---–მა მიაყენა, სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა; მხოლოდ დაზარალებულ შ------- კ-----–---–--ს ჩვენება კი ვერ გახდება გ------- ქ---------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების საფუძველი.

 

10. საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი