განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2018
საქმის ნომერი
330210015001166602
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001166602

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ ას-1418-1338-2017 5 მარტი, 2018 წელი

№ ას-1418-1338-2017 ს---------- ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ------ ს---------- (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ------ ბ----- (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ლ------ ს----------მ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ------ ბ-----ს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი მ--–--- ს----------ს ბიოლოგიურ მამად მოპასუხის ცნობა და მისთვის ალიმენტის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2014 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. 2015 წლის 5 თებერვალს მათ შეეძინათ ქალიშვილი, მ--–--- ს----------, რომლის ბიოლოგიური მამა არის მოპასუხე, თუმცა იგი უარყოფს ბავშვის მამობას და უარს აცხადებს მამობის დასადგენად ნებაყოფლობითი ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე. ბავშვი რეგისტრირებულია დედის გვარზე და დედასთან ერთად ცხოვრობს უკრაინაში, ქ. დონეცკში. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა-აღზრდაში, თუმცა, თავისი შემოქმედებითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი, რათა შვილს შეუქმნას აღზრდის ღირსეული პირობები. მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მოპასუხისათვის გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების თაობზე, რის საფუძველზეც მოითხოვა მამობის დადგენა და მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარის ოდენობით სრულწლოვანების მიღწევამდე.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში არასდროს ყოფილა და არც არასდროს დაუგეგმავს მასთან ოჯახის შექმნა. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ბავშვის მამობის აღიარებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

4. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და დამოკიდებულია კონცერტების რაოდენობასა და იქედან მიღებულ ჰონორარებზე. შესაბამისად, იგი ვერ შეძლებს მოთხოვნილი თანხის გადახდას. მოსარჩელეს კი გააჩნია საკმაოდ მაღალი სტაბილური შემოსავალი - იგი არის პროფესიით ეკონომისტი და ლექციებს კითხულობს უკრაინის ქ. დონეცკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ------ ს----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აღიარებულ იქნა 2015 წლის 5 თებერვალს დაბადებული მ--–--- ს----------ს (უკრაინის მოქალაქის პასპორტის #F-------) მამად და არასრულწლოვან მ--–--- ს----------ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 26 ნოემბრიდან); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 336 ლარის, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯის - ექსპერტიზის ჩატარებისათვის - 1600 ლარისა და დოკუმენტის თარგმნისათვის - 130 ლარის გადახდა

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი შემცირება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტებრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში შეიცვალა ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ------ ს----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს არასრულწლოვან მ--–--- ს----------ს რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. 2015 წლის 5 თებერვალს დაბადებული მ--–--- ს----------ს მშობლები არიან მოსარჩელე ლ------ ს---------- და მოპასუხე ბ------ ბ-----.

8.2. მოსარჩელე და მოპასუხე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

8.3. მოსარჩელე უკრაინის მოქალაქეა და არასრულწლოვან მ--–--- ს----------სთან ერთად ცხოვრობს უკრაინაში, ქალაქ დონეცკში;

8.4. არასრულწლოვანი მ--–--- ს----------ს აღზრდისა და განვითარებისათვის ზრუნავს დედა - ლ------ ს----------.

8.5. ლ------ ს---------- იმყოფება დონეცკის ოლქის სლოვიანსკის საქალაქო საბჭოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სამმართველოს აღრიცხვაზე და იღებს მარტოხელა დედის დახმარებას ერთ ბავშვზე;

8.6. 2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში მას მიღებული აქვს სულ 1596 (ათას ხუთას ოთხმოცდათევქსმეტი) გრივნი. ამასთან, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი;

8.7. ბ------ ბ----- არის მომღერალი და ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. იგი ასრულებს სიმღერებს კონცერტებსა და რესტორანში გამართულ წვეულებებზე.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, არის თუ არა იგი დასაქმებული და გააჩნია თუ არა სტაბილური მატერიალური შემოსავალი.

10. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე ბ------ ბ-----ს დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2015 წლის იანვრის თვეში - 4376 ლარს, თებერვლის თვეში - 720 ლარს, მარტის თვეში - 2073 ლარს, აპრილის თვეში - 720 ლარს, მაისის თვეში - 2595 ლარს, ივნისის თვეში - 720 ლარს, ივლისის თვეში - 1440 ლარს, აგვისტოს თვეში - 799 ლარს, სექტემბრის თვეში - 1570 ლარს, ოქტომბრის თვეში - 970 ლარს, ნოემბრის თვეში - 720 ლარს, დეკემბრის თვეში - 720 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, 2016 წლის ივნისის თვეში - 1500 ლარს და ივლისი თვეში - 1500 ლარს. ამასთან, მოპასუხის მიერ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ სხვა შემოსავლის მიღების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

12. სასამართლომ მიუთითა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 1212-ე-1213-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა შეაფასოს თითოეული მშობლის მატერიალური მდგომარეობა, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროება და ობიექტური შესაძლებლობა. ამასთან, მატერიალურ მდგომარეობაში იგულისხმება ის შემოსავალი, ანუ თანხა, რასაც მშობელი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით.

13. მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ბ------ ბ-----ს მიერ მიღებული შემოსავლის, სარჩენი ბავშვის ასაკისა და ლ------ ს----------ს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი მ--–--- ს----------ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 700 ლარის გადახდის დაკისრება არ ექცეოდა გონივრული და სამართლიანი შეფასების ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხეს შვილის რჩენა-აღზრდისათვის 2015 წლის 26 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) დააკისრა ყოველთვიური ალიმენტის - 300 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

15. მოსარჩელემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტის - 700 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რატომ შეამცირა სააპელაციო სასამართლომ 300 ლარამდე მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, არ არის დასაქმებული და იღებს მარტოხელა დედის დახმარებას. მოპასუხის მითითება, რომ იგი ამჟამად უმუშევარია და იმყოფება მამის მეგობრების კმაყოფაზე, სიცრუეა და არ შეიძლებოდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოპასუხე არის მომღერალი, მღერის სხვადასხვა რესტორნებსა და კორპორატიულ წვეულებებზე, ამასთან, არ ჰყავს მის კმაყოფაზე მყოფი პირი.

16. მოპასუხემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაკისრებული ალიმენტის 100 ლარამდე შემცირება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ლ------ ს----------ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ბ------ ბ-----ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ------ ს----------ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ #1287-282-2016, 27 მაისი, 2016წ.; #ას-31610-1511-2012, 4 თებერვალი, 2012წ.).

23. საკასაციო პალატა დაუსაბუთებელ შედავებად მიიჩნევს კასატორის მითითებას დაკისრებული თანხის არაგონივრულობის თაობაზე და თვლის, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ დებულებები.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ მას დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს დადგენილი.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ------ ს----------ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ბ. ალავიძე