განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
330210017001792037
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210017001792037

საქმე №ას-626-626-2018 15 ივნისი, 2018 წელი

№ას-626-626-2018 ი-–-----–ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ----- ი-–-----–ი (შემდგომში – მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ--–--- მ--–------ა (შემდგომში – მოსარჩელე), ალექსანდრე ი-–-----–ი (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. გ--–--- მ--–------ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ალექსანდრე ი-–-----–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონების დაბრუნების შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 50 000 ლარად მიჰყიდა კუთვნილი უძრავი ნივთი, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე. მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და თანხა მოსარჩელეს არ გადაუხადა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე აგრძელებს სადავო ბინაში ცხოვრებას, რადგან მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია. სადავო გარიგება კი უნდა დარჩეს ძალაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის 2010 წლის 17 აგვისტოს გარიგება გაუქმდა, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.

5. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

განმცხადებლის მოთხოვნა:

 

6. საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ----- ი-–-----–მა (შემდგომში – მოპასუხის მეუღლე, განმცხადებელი, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სადავო ქონება შეძენილ იქნა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, შესაბამისად, სასამართლოს საქმე უნდა განეხილა მისი მონაწილეობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა.

8. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართვაზე, ხოლო ამავე წლის 10 მაისის განჩინებით იგი ჩართულ იქნა დავაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ჩაითვალა მოპასუხესთან დადებული 2010 წლის 17 აგვისტოს გარიგებიდან გასულად, სადავო უძრავი ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს, რაც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, 88-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტი დავაში ჩაბმულია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად და მას სააპელაციო წესით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.

 

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა იხელმძღვანელა სსსკ-ის 364-ე მუხლით, 83-ე მუხლის პირველი ნაწილით, 91-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმების ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ ეკრძალება სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა. სსსკ-ის 91-ე მუხლი ადგენს მხარეთა იმ უფლებების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოს მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მათ შორის არ შედის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. მით უმეტეს, ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, დავის მონაწილე მხარე მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ხდება, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილია ყოველი პირისათვის. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია სსსკ-ით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მხარეა და მას, როგორც მხარეს არ ეზღუდება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნულის საწინააღმდეგო შინაარსის ნორმას სსსკ-ი არ შეიცავს.

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლები (არაფერ შუაშია მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ნამდვილობა), რომლითაც აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში მოპასუხედ ჩართვაზე, ასევე, სააპელაციო პალატის სავალდებულო მითითების დარღვევით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. დარღვეული უფლების დაცვის სხვა საპროცესო საშუალება კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია.

15. კერძო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 364-ე მუხლი და არასწორად არ გამოიყენა ამავე კოდექსის 83-ე და 91-ე მუხლები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მიღებული განჩინების კანონიერება.

18. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით მოპასუხის მეუღლის განცხადების საფუძველზე ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება შეძენილ იქნა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მასზე საკუთრების მოსარჩელისათვის გადაცემის საკითხის განხილვისას სასამართლოში მიწვეული არ ყოფილა მოპასუხის მეუღლე.

19. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართვაზე, ხოლო ამავე წლის 10 მაისის განჩინებით იგი ჩართულ იქნა დავაში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ჩაითვალა მოპასუხესთან დადებული 2010 წლის 17 აგვისტოს გარიგებიდან გასულად, სადავო უძრავი ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს, რაც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

21. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

22. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და პირდაპირ ასახელებს იმ საპროცესო სტატუსს, რომლის მქონე პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ასეთად მიიჩნევიან უშუალოდ დავის მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აღნიშნული სუბიექტების მოთხოვნების განხილვა დისპოზიციურად საფუძვლად უდევს სასარჩელო წარმოებას, შესაბამისად, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების კუთხით რაიმე შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ავტორი განსახილველ დავაში მონაწილეობს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის საპროცესო სტატუსით, შესაბამისად, სსსკ-ის 364-ე მუხლში პირდაპირ დასახელებულ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირთა წრეში არ შედის.

24. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 364-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 83-ე და 91-ე მუხლები.

25. სსსკ-ის 91-ე მუხლის თანახმად, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

26. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

27. მითითებულ ნორმათა ანალიზის შედეგად კერძო საჩივრის ავტორმა არასწორად დაასკვნა, რომ დამოუკიდებელი მოთხოვნის არმქონე მესამე პირს კანონმდებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას არ უზღუდავს მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი აკრძალვა დაფიქსირებული არ არის სსსკ-ის 91-ე მუხლში.

28. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირს ენიჭება სსსკ-ის 364-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ასეთ საპროცესო შესაძლებლობას მხოლოდ მხარეებსა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებისთვის ითვალისწინებს.

29. რაც შეეხება იმ საკითხს, ეხება თუ არა აპელანტის კანონიერ ინტერესებს გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლასა და საკუთრების უფლების გადაცემას მოსარჩელისათვის.

30. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხებოდა მხოლოდ მოპასუხე, ხოლო აპელანტი, როგორც მისი მეუღლე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ არ აღრიცხულა, მათ შორის, არც მოცემულ დავაზე წარმოების განახლების შემდეგ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია და არც იმაზე მიუთითებია, რომ იგი აწარმოებს დავას თანასაკუთრების უფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უშუალოდ ეხება მხოლოდ მოპასუხის კანონიერ უფლებებს, რაც მოპასუხის მეუღლეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებას არ ანიჭებს.

31. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად და აღნიშნული სასამართლო წესით პირის უფლების არამართლზომიერ შეზღუდვად ვერ შეფასდება, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება და შეესაბამება კანონის ზემოთ მითითებულ დანაწესს.

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ი-–-----–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე