დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700052021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №41აპ-18 ქ. თბილისი
ფ------ ზ------, 41აპ-18 15 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ------ ფ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ზ------ ფ------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ზ------ ფ------ს 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ------ ფ------ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. აღნიშნული განაჩენით ზ------ ფ------ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 აპრილს ქ-------–--–-----------------------------------–------- ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, ზ------ ფ------მ, რომელიც მართავდა ავტომანქანა „მიცუბიშს“, სახელმწიფო ნომრით S------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა მოტოციკლ „სუზუკის“, სახელმწიფო ნომრით C----, რომელსაც მართავდა ზ---- ქ--------–-. აღნიშნული ქმედებით ზ------ ფ------მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, რის შედეგადაც ზ---- ქ--------–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნინო ქვრივიშვილმა. აპელანტმა ითხოვა სასჯელის გამკაცრება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგზე:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ------ ფ------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას - 3 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით - 3 წლამდე ან უამისოდ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული) გარემოების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ბრალდების მხარეს სააპელაციო პალატისათვის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და განმარტა, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა ან/და მისი პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით, 1 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევასთან ერთად, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ნინო ქვრივიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------ ფ------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- ბ---–-----მ. კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: პირობითი სასჯელის ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრეს მას სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ------ ფ------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი