დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
050100116001640922
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100116001640922

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№9აპ-18 ქ. თბილისი

ს-----–---ი ს-----, 9აპ-18 19 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს----- ს-----–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--–- ს---–-----–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით ს----- ს-----–---ი, – დაბადებული 1----–-–---------–---, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 19 აგვისტოდან.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----- ს-----–---მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2015 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ს----- ს-----–---ი და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი, ჯგუფურად, პისტოლეტით შეიარაღებულები და სამედიცინო ნიღაბაფარებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ დაბა ჩ-----------–ი, გ------–---–-ს ქ. №--ში, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ზ---– მ----–----ა და მის მეუღლეს – ნ---- მ----–----, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დაუწყეს ხელებით ცემა, ასევე ე.წ. „ხამუტების“, ელსადენების, ქამრისა და წებოვანი ლენტის გამოყენებით შეუკრეს ხელ-ფეხი, ნაჭრითა და წებოვანი ლენტით აუკრეს პირი, იმავდროულად ემუქრებოდნენ მოკვლითა და სხეულის დაზიანებით, სთხოვდნენ ფულისა და ოქროს გადაცემას, რის შემდეგაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ოჯახის კუთვნილ დიდი ოდენობით ნივთებს, კერძოდ: ფულად თანხას – 1300 ლარს, 3070 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს, 7900 ლარად ღირებულ, „nissan x-trail-ის“ მოდელის ავტომობილს, სარეგისტრაციო №-------, რომლითაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ბოროტმოქმედებმა დაზარალებულებს მიაყენეს 12270 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს----- ს-----–---ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ--–- ს---–-----–--ემ. ადვოკატი დ--–- ს---–-----–--ე საკასაციო საჩივარში უთითებს რამდენიმე არგუმენტზე, რომელთა საფუძველზეც ის ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ ს----- ს-----–---ის მიმართ საქმის წარმოებისას დაირღვა საპროცესო კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ასეთი დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოს არ უნდა მიეღო და მათ საფუძველზე ს----- ს-----–---ის მიმართ არ უნდა დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

5. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მალხაზ სირაძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ დ--–- ს---–-----–---ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. ადვოკატ დ. ს---–-----–---ს საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულ ს----- ს-----–---ის ბრალდების საქმეზე დაშვებული საპროცესო დარღვევები მდგომარეობს შემდეგში:

 

7.1. ექსპერტი, რომელმაც ს. ს-----–---ის საქმეზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა, სასამართლოში მოწმედ დაიკითხა დისტანციური წესით ისე, რომ არ ყოფილა გაფრთხილებული ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ექსპერტს გაფრთხილება სასამართლოსგან დაკითხვამდე უკვე მიღებული ჰქონდა და მას ხელიც ჰქონდა მოწერილი ამ გაფრთხილებაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო ადვოკატის პოზიციას ვერ გაიზიარებს.

 

7.2. ექსპერტებმა საგამოძიებო ორგანოს მიერ ბიოლოგიური კვლევისათვის (დნმ-ის განსაზღვრისათვის) მათთვის გაგზავნილი ს----- ს-----–---ის ნერწყვის ნიმუში ისე შეადარეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში დაცულ ადრინდელ ბიომასალას, რომელიც სხვა საქმესთან დაკავშირებით იყო მისგან აღებული, რომ საამისოდ გამომძიებლის მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში არ ყოფილა მითითება. ამ არგუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ექსპერტების განმარტებას, რომლის მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარებისას ყოველთვის ხდება დნმ-ის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაცემული პირის ბიოლოგიური მასალის მონაცემთა ბაზაში უკვე არსებულ ნიმუშებთან შედარება იგივეობის დასადგენად. ასე მოხდა ს----- ს-----–---ის ბიომასალის გამოკვლევის დროსაც, რაც არ წარმოადგენს საპროცესო კანონის დარღვევას.

 

7.3. დაცვის მხარის შემდეგი არგუმენტი უთითებს იმაზე, რომ, თითქოს, ექსპერტებმა ისე დაწერეს დასკვნა, რომ მათ ს----- ს-----–---ის ნერწყვის ნიმუში არ გამოუკვლევიათ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აშკარაა, რომ ექსპერტები გამოკვლევის გარეშე ვერანაირად ვერ დაადგენდნენ ს. ს-----–---ის ნერწყვის ნიმუშის იდენტურობას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში დაცულ ადრინდელ ნიმუშთან, რომელიც იმავე პირს ეკუთვნოდა.

 

7.4. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებისას დაზარალებულის ბინაში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მტკიცებულებების ამოღება, მათი დალუქვა და დათვალიერების ოქმის შედგენა მოხდა საპროცესო წესების დარღვევით, კერძოდ: ადვოკატის აზრით, დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირი, რომლებიც აღბეჭდილია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებზე და ისინი ხელს არ აწერენ ოქმს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვერც ეს არგუმენტი იქნება მიღებული, რადგან აღნიშნული დათვალიერების ოქმს ყველა ის პირი აწერს ხელს, ვინც უშუალოდ ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას და სწორედ ამ პირებმა ამოიღეს ნივთმტკიცებები შემთხვევის ადგილიდან, შემდეგ სათანადო წესით დალუქეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

 

7.5. დაცვის მხარე საჩივარში მიუთითებს ასევე შემდეგ არგუმენტზე: დაზარალებულებისაგან – ნ. მ----–----ა და ზ. მ----–----აგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და ექსპერტიზაზე გაგზავნა მოხდა საპროცესო წესების დარღვევით. საკითხი ეხება მათგან აღებულ ფრჩხილის ნიმუშებს, მაგრამ, საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში კანონი არსებითად არ დარღვეულა და შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიმუშებს არ ჰქონია საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ს. ს-----–---ის ბრალის დადასტურებისათვის.

 

7.6. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს იმის თაობაზეც, რომ დაზარალებულის მიერ ს. ს-----–---ის პიროვნების ფოტოსურათებით ამოცნობა ჩატარდა საპროცესო კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან ამ საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას შესაბამის საპროცესო ნორმებში გაწერილი წესები სრულად არის დაცული და საქმის მასალებში მსგავსი დარღვევები არ იკვეთება.

 

7.7. ბოლოს უნდა განვიხილოთ დაცვის მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულების დაკითხვები ჩაატარეს არაუფლებამოსილმა პირებმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუკი მსგავსი დარღვევა ნამდვილად მოხდა, რაც საქმის მასალებიდან რეალურად არ იკვეთება, მას არ მოუხდენია რაიმე გავლენა საქმის შედეგზე, რადგან დაზარალებულების ეს ჩვენებები სასამართლოს განაჩენის დადგენისას არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა მტკიცებულების სახით მსჯავრდებულ ს----- ს-----–---ის ბრალის დასადასტურებლად.

 

8. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა შენიშვნებს, ისინი არ არის არსებითი ხასიათის, რის გამოც მათ შესახებ საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს----- ს-----–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--–- ს---–-----–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი