განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210016001361227
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001361227

საქმე №ას-575-575-2018 29 ივნისი, 2018 წელი

№ას-575-575-2018 ა-–----------–--------ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს სამშენებლო კომპანია „ა-–----------–--------ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ--–--ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. სს „თ--–--მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სამშენებლო კომპანია „ა-–----------–--------მა“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 3500 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 30 ივლისს, „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, მიმართა მოპასუხე საზოგადოებამ და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელზე ახალ აბონენტად მიერთება.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 7 000 ლარი. მან განცხადების წარდგენისთანავე გადაიხადა 3500 ლარი, დანარჩენ ნაწილში კი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც მოპასუხე თავისუფლდება დარჩენილი თანხის გადახდისაგან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ელექტროგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების დავალიანების – 3500 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 30 ივლისს მოპასუხემ წერილობითი ელექტრონული განაცხადით მიმართა მოსარჩელეს, მოსთხოვა 40 კლტ. სიმძლავრის ელექტროენერგიის ახალ აბონენტად რეგისტრაცია და გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. ამასთან, განცხადებას დაურთო 3500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი. მოპასუხისათვის ცნობილი იყო მომსახურების ღირებულების 7 000 ლარის შესახებ, რაც განაცხადშივეა მითითებული.

8. მოპასუხის C------------- განაცხადის მიღების დღესვე მოსარჩელემ SMS შეტყობინებით აცნობა მას, რომ განაცხადი მიღებულია განსახილველად. 2015 წლის 24 აგვისტოს იმავე გზით შეატყობინა, რომ განაცხადის მოთხოვნა 2015 წლის 17 აგვისტოს შესრულებულია. 2015 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელემ SMS შეტყობინებით მოსათხოვა მოპასუხეს დარჩენილი 3500 ლარის გადახდა.

9. SMS შეტყობინებები მოპასუხეს გაეგზავნა განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. მოპასუხე მხარე არ უარყოფს მათ მიღებას.

10. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს მისათვის დარჩენილი 3500 ლარი არ გადაუხდია.

11. მოპასუხეს აბონენტად რეგისტრაციის შემდგომ ელექტროენერგია არ მოუხმარია, რის გამოც აბონენტის ბრუნვის ისტორიაში ელექტროენერგიის ხარჯვა ასახული არ არის.

12. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტების ანგარიშების ნომრების ბრუნვის ისტორიის მიხედვით, 2014 წლის 29 აპრილს განხორციელდა ქსელზე მიერთების პაკეტი და საფინანსო დავალიანების გამოტანა, 2015 წლის 30 ივლისს კი შეტანილ იქნა ქსელზე მიერთების საავანსო თანხა (მონაცემთა შეყვანის 2015 წლის 31 ივლისის თარიღით) – 3500 ლარი. 2015 წლის 17 აგვისტოს აისახა ქსელზე მიერთების პაკეტის (მონაცემის შეტანის თარიღი – 2015 წლის 27 აგვისტო) დავალიანება 3500 ლარი.

13. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის (აბონენტის ნომერი მიწერილია ხელით), C------------- განაცხადის ტექნიკური პირობა შეთანხმებულ იქნა 2015 წლის 6 აგვისტოს, რომელსაც მოპასუხის წარმომადგენელი ამავე წლის 27 სექტემბერს გაეცნო.

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სარჩელით წარდგენილი ტექნიკური პირობა ხელით მინაწერების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში არსებული ტექნიკური პირობის იდენტურია, ამასთან, ხელით მინაწერი ვერ ცვლის აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს.

15. აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების №------ აქტში მითითებულია მოპასუხის განაცხადის ნომერი – C-------------, მოთხოვნილი სიმძლავრე – 40 კვტ., ღირებულება – 7000 ლარი, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღია 2015 წლის 17 აგვისტო. იგი ხელმოწერილია მოსარჩელის თანამშრომლების, როგორც სამუშაოების მიმღების, სამუშაოების შემსრულებლის მიერ, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მიერ ხელმოწერით დამტკიცებულია 2015 წლის 21 აგვისტოს.

16. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, მის კომპიუტერულ ბაზაში დაცული ინფორმაციით მოპასუხის მიერ დაკვეთილი სამუშაოების შესრულების გეგმიური ვადაა 20 სამუშაო დღე, რეალური ვადა – 13 სამუშაო დღე, ვადის ათვლის მომენტი –2015 წლის 30 ივლისი, რეგისტრაციის თარიღი – 2015 წლის 30 ივლისი, რეალური დასრულების დრო – 2015 წლის 17 აგვისტო, გეგმიური დასრულებს ვადა – 2015 წლის 26 აგვისტო.

17. ტექნიკურ პირობის მომზადებაზე მოკვლევით №2 ფორმის მიხედვით, განაცხადის შეტანის თარიღია 2015 წლის 30 ივლისი, მოკვლევის განხილვის თარიღად მითითებულია ამავე წლის 6 აგვისტო, ვადად – 20 დღე, დადგენილებით განსაზღვრული ბოლო თარიღია 2015 წლის 26 აგვისტო.

18. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმაში მითითებულია განაცხადის შეტანის თარიღი – 2015 წლის 30 ივლისი, მოთხოვნილი სიმძლავრე – 40 კვტ., შესრულების ვადა – 20 დღე, შესრულების ბოლო თარიღი 2015 წლის 26 აგვისტო, მიერთების საფასურის ღირებულება – 7000 ლარი. ტექნიკური პირობის მომზადებაზე მოკვლევის ოქმის მომზადების თარიღია 2015 წლის 6 აგვისტო, ფაქტობრივი შესრულების თარიღი – 2015 წლის 19 აგვისტო. აბონენტის ნომერი 5491675, ხელმოწერების შესრულების თარიღი – 2015 წლის 20 აგვისტო.

19. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის 40 კვტ. სიმძლავრის მომხმარებელ აბონენტად რეგისტრაცია და ქსელზე მიერთებითი სამუშაოები მისთვის განსაზღვრულ 40 სამუშაო დღის ვადაში განახორციელა.

20. ახალ აბონენტად რეგისტრაცია და განაწილების ქსელზე მისი მიერთება, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდების მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, ღირებულება, შესრულებისა და გადახდის ვადები მოწესრიგებულია ადმინისტრაციული აქტით, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების (შემდგომში წესები) დებულებებით, რომლის მიხედვითაც, ამ წესების მე-4 დანართით 30-50 კვტ. სიმძლავრის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადა 40 სამუშაო დღეს შეადგენს, რომელშიც დასვენების და უქმე დღეები არ შედის, მისი ვადის ათვლაც მოსარჩელის მიერ განაცხადის წარმოებაში მიღების დღიდან იწყება, ხოლო ღირებულება ასეთი სიმძლავრის აბონენტის მიერთებისათვის 7000 ლარითაა განსაზღვრული. აღნიშნული თანხის 50% – 3500 ლარი გადახდილ უნდა იქნეს განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო დარჩენილი 50% ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე დანართით მოსარჩელის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საფასურის ოდენობა ნახევრდება და, ამ შემთხვევაში, 3500 ლარით განისაზღვრება.

21. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ განაცხადით 40 კვტ. სიმძლავრის ახალ მომხმარებლად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა და აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით 2015 წლის 30 ივლისს მიმართა, მისი განაცხადი მოსარჩელის მიერ იმავე დღეს იქნა წარმოებაში მიღებული, რაც მოპასუხეს ტექსტური შეტყობინებით ეცნობა, ანუ 40 სამუშაო დღის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 31 ივლისიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 25 სექტემბერი.

22. მოსარჩელის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების ვადაში შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების №------ აქტი, რომელიც 2015 წლის 6 აგვისტოსაა გაცემული, ხოლო ელექტროენერგიით ახალი აბონენტის მომარაგების დაწყების თარიღად 2015 წლის 17 აგვისტოა მითითებული.

23. ამასთანავე, მოპასუხეს მის მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა 2015 წლის 24 აგვისტოს სამუშაოების 17 აგვისტოს დასრულების შესახებ და ეთხოვა დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმით სამუშაოების შესრულების თარიღად მითითებულია 2015 წლის 19 აგვისტო, რომელშიც ასახულია უკვე ახალი აბონენტის ნომერიც, ხოლო აბონენტის ბრუნვის ისტორიაში ქსელის მიერთების პაკეტის დარჩენილი თანხა დავალიანებად 2015 წლის 27 აგვისტოს აისახა. შესაბამისად, სამუშაოები მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რომ დასრულებულიყო, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადები დარღვეული მაინც არ იქნებოდა, ვინაიდან ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას 2015 წლის 25 სექტემბერი წარმოადგენდა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ იმ განაცხადით, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა, განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების გაგზავნის ფორმად ელექტრონული ფორმა იქნა შერჩეული. ასევე დაფიქსირდა საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი.

25. სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული ვებგვერდიდან წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ელექტრონული ფორმით განმცხადებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გაიგზავნა შეტყობინება განაცხადის განსახილველად მიღების, განაცხადის წარმოებაში მიღების, განაცხადზე წარმოების დასრულებისა და საბოლოო ანგარიშსწორების მოთხოვნის თაობაზე.

26. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხეს აღნიშნული შეტყობინებების მიღების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.

27. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული ვალდებულება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების შესახებ დათქმულ ვადაში შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია, აღნიშნული ვალდებულების შესრულების დარჩენილი საფასური (დავალიანება 3 500 ლარის ოდენობით) გადაიხადოს.

28. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელეს ანგარიშფაქტურა არ გამოუწერია, შესაბამისად, მოპასუხე მოკლებული იყო ანგარიშსწორების განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ანგარიშფაქტურის გამოუწერლობა მოპასუხეს შესასრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისაგან არ ათავისუფლებს. ანგარიშფაქტურა საგადასახადო მიზნებისათვისაა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის წარუდგენლობა ვალდებულ პირს დავალიანების გადახდისაგან არ ათავისუფლებს, მით უფრო, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის არგუმენტით იცავდა თავს.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის მე-4 დანართი, რომელიც 30-50 კვტ. სიმძლავრის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადად ადგენს 40 სამუშაო დღეს. აღნიშნული დანაწესის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა იწურებოდა 2015 წლის 25 სექტემბერს მაშინ, როდესაც მხარეებმა, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების დრო შეამცირეს 2015 წლის 26 აგვისტომდე.

31. ზემოთ მოცემული 40 დღე ვალდებულების შესრულების მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება შემცირდეს. აღნიშნულის ამკრძალავ ნორმას კანონი არ ითვალისწინებს.

32. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა განსაზღვრეს 20-დღიანი ვადა, რომლი იწურებოდა 2015 წლის 26 აგვისტოს, თუმცა არც ამავე წლის 25 სექტემბერს სადავო ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული არ ჰქონდა.

33. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 244-ე მუხლის დანაწესი, როდესაც დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული წესით დადგენილ ვადაში შეასრულა ვალდებულება. აღნიშნულმა გამოიწვია სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისათვის კანონის სხვა დანაწესების არასწორი გამოყენება, რაც თავიდან აცილებული იქნებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოების სწორად დადგენის შემთხვევაში.

34. კასატორის განმარტებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ანგარიშფაქტურების გამოუწერლობა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისაგან არ ათავისუფლებს. ანგარიშფაქტურა მნიშვნელოვანია მხოლო საგადასახადო მიზნებისათვის, მაგრამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. ამასთან, მოპასუხის განაცხადში პირდაპირაა მითითებული, რომ ანგარიშფაქტურა მხარეთა შორის ანგარიშსწორების ერთადერთი ფორმაა, რაც ნიშნავს, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორების შემთხვევაში მოსარჩელეს აუცილებლად უნდა გაეგზავნა ანგარიშფაქტურა მოპასუხისათვის.

35. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობებს გაეცნო 2015 წლის 27 სექტემბერს. აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელეს სადავო ვალდებულება შესრულებული ჰქონდა.

36. კასატორმა მიიჩნია, რომ ტექნიკური პირობა არის ახალი მომხმარებლის განაწილების ქსელზე მიერთებისათვის შემდგომში ჩასატარებელ სამუშაოთა მახასიათებლები. ამიტომ იგი ახალ მომხმარებელს უნდა გაეცნოს ამ სამუშაოთა ჩატარებამდე და არა მათი დამთავრებისა და ახალი მომხმარებლის განაწილების ქსელზე მიერთების შემდეგ. ასეც რომ არ იყოს და პირობების გაცნობის თარიღი ვალდებულების შესრულებას დაუკავშირდეს, აღნიშნულით დადასტურდება, რომ სადავო ვალდებულება 2015 წლის 26 აგვისტოს, მხარეთა შეთანხმებულ დროს შესრულებული არ იყო.

37. კასატორმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს ვალდებულების შესრულების სამტკიცებლად საკმარისი არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, ვინაიდან მას ხელს აწერს მხოლოდ მოსარჩელე მხარე და მოპასუხის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის.

38. 2015 წლის 30 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელისაგან მოითხოვა საგადასახადო ანგარიშფაქტურის ამოწერა, რადგან იყო დღგ-ს გადამხდელი, შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო, ვალდებულების შესრულებისთანავე ამოწერა ანგარიშფაქტურა. ის ფაქტი, რომ ასეთი მოქმედება მოსარჩელეს არ განუხორციელებია, ადასტურებს, რომ მას სადავო ვალდებულება არ შეუსრულებია. ანგარიშფაქტურის ამოწერის გარეშე მოპასუხე იმ შემთხვევაშიც ვერ მოახდენდა ანგარიშსწორებას მოსარჩელესთან, ამ უკანასკნელს ვალდებულება დროულადაც რომ შეესრულებინა, რადგან არ ჩაეთვლებოდა 18% დღგ-ს თანხად და მიადგებოდა ზიანი.

39. კასატორის განმარტებით, სადავო არ არის, რომ მას მოსარჩელისათვის დავალიანება არ გადაუხდია, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული თანხა მისთვის არ მოუთხოვია. მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთში ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ, რაც არ გულისხმობდა მობილურ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და მოიცავდა ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

42. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 30 ივლისს მოპასუხემ წერილობითი ელექტრონული განაცხადით მიმართა მოსარჩელეს, მოსთხოვა 40 კლტ. სიმძლავრის ელექტროენერგიის ახალ აბონენტად რეგისტრაცია და გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. ამასთან, განცხადებას დაურთო 3500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი. მოპასუხისათვის ცნობილი იყო მომსახურების ღირებულების 7 000 ლარის შესახებ, რაც განაცხადშივეა მითითებული.

43. მოპასუხის C------------- განაცხადის მიღების დღესვე მოსარჩელემ SMS შეტყობინებით აცნობა მას, რომ განაცხადი მიღებულია განსახილველად. 2015 წლის 24 აგვისტოს იმავე გზით შეატყობინა, რომ განაცხადის მოთხოვნა 2015 წლის 17 აგვისტოს შესრულებულია. 2015 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელემ SMS შეტყობინებით მოსათხოვა მოპასუხეს დარჩენილი 3500 ლარის გადახდა.

44. SMS შეტყობინებები მოპასუხეს გაეგზავნა განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. მოპასუხე მხარე არ უარყოფს მათ მიღებას.

45. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს მისათვის დარჩენილი 3500 ლარი არ გადაუხდია.

46. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ვალდებულების შესრულების ვადად 2015 წლის 25 სექტემბერი არასწორად ჩათვალა, რადგან მხარეებმა თავისი შეთანხმებით ვალდებულების შესრულების დრო შეამცირეს 2015 წლის 26 აგვისტომდე. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს არ ამოუწერია ანგარიშფაქტურა, რის გარეშე მოპასუხე ვერ მოახდენდა ანგარიშსწორებას. ამავდროულად, კასატორის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთში ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ, რაც არ გულისხმობდა მობილურ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და მოიცავდა ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

50. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში მომსახურების გაწევისა და შესაბამისი ანაზღაურების გადახდის საკითხი.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია.

52. წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დებულებებით.

53. აღნიშნული წესების მე-4 დანართის თანახმად, 30-50 კვტ. სიმძლავრის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადა 40 სამუშაო დღეს შეადგენს, რომელშიც დასვენების და უქმე დღეები არ შედის, მისი ვადის ათვლაც მოსარჩელის მიერ განაცხადის წარმოებაში მიღების დღიდან იწყება, ხოლო ღირებულება ასეთი სიმძლავრის აბონენტის მიერთებისათვის 7000 ლარია. მითითებული თანხის 50% – 3500 ლარი გადახდილ უნდა იქნეს განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო დარჩენილი 50% ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე დანართით მოსარჩელის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საფასურის ოდენობა ნახევრდება და, ამ შემთხვევაში, 3500 ლარით განისაზღვრება.

54. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ აბონენტად მიერთების მოვალეობა დროულად არ შეასრულა და არსებობდა ანაზღაურების დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

56. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

57. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

58. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.

59. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ სადავო ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტის დადგენისას მიუთითა რამდენიმე გარემოებაზე, რომელთა ერთობლიობაში შეფასებით უტყუარად დაადგინა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დროულად შესრულების ფაქტი, კერძოდ, ვალდებულების შესრულების ათვლა დაიწყო 2015 წლის 31 ივლისიდან. მოსარჩელის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების ვადაში შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების №------ აქტი, რომელიც 2015 წლის 6 აგვისტოსაა გაცემული, ხოლო ელექტროენერგიით ახალი აბონენტის მომარაგების დაწყების თარიღად 2015 წლის 17 აგვისტოა მითითებული.

60. მოპასუხეს მის მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა 2015 წლის 24 აგვისტოს სამუშაოების 17 აგვისტოს დასრულების შესახებ და ეთხოვა დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიერთების საფასურის აღრიცხვის ფორმით სამუშაოების შესრულების თარიღად მითითებულია 2015 წლის 19 აგვისტო, რომელშიც ასახულია უკვე ახალი აბონენტის ნომერიც, ხოლო აბონენტის ბრუნვის ისტორიაში ქსელის მიერთების პაკეტის დარჩენილი თანხა დავალიანებად 2015 წლის 27 აგვისტოს აისახა. შესაბამისად, სამუშაოები მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს რომ დასრულებულიყო, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადები დარღვეული მაინც არ იქნებოდა, ვინაიდან ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას 2015 წლის 25 სექტემბერი წარმოადგენდა.

61. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მობილური ტექსტური შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება ეწინააღმდეგება მხარეთა შეთანხმება ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე.

62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მობილური შეტყობინების სახით მოპასუხეს ინფორმაცია სწორედ ელექტრონულ ფორმატში მიაწოდა. ამავდროულად, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს აღნიშნული შეტყობინებების მიღება სადავოდ არ გაუხდია და მისთვის შეტყობინების შინაარსი ცნობილი იყო.

63. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სარჩელში ასახული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობას შეესაბამებოდა.

64. ასევე, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ მოსარჩელესთან ანგარიშსწორება შეუძლებელი იქნებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურის ამოწერის გარეშე. აღნიშნული გარემოება მომსახურების საფასურის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების წინაპირობად ვერ ჩაითვლება.

65. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

66. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

67. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

70. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 21 მაისს №---------- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს სამშენებლო კომპანია „ა-–----------–--------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს სამშენებლო კომპანია „ა-–----------–--------ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №---------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 21 მაისს №---------- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე