განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210016001531499
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001531499

საქმე №ას-685-685-2018 29 ივნისი, 2018 წელი

№ას-685-685-2018 ა-–----–---–ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ------ ა-–----–---–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ----------ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. სს „თ----------მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ------ ა-–----–---–ის (შემდგომში – მოპასუხე, მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 18 დეკემბრის №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 2126.41 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა – 1780.78 ლარი, პირგასამტეხლო – 345.63 ლარი, 2016 წლის 23 იანვრის №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 1387.5 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა – 1166.66 ლარი, პირგასამტეხლო – 220.84 ლარი, ასევე, 2016 წლის 26 თებერვლის №------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 902.55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა – 756.02, პირგასამტეხლო – 146.53 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 დეკემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა №------ საკრედიტო ხელშეკრულება (სისტემური აღრიცხვის №------), რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 2377.62 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით.

3. 2015 წლის 23 იანვარს ბანკსა და მსესხებელს შორის კვლავ გაფორმდა №------ საკრედიტო ხელშეკრულება (სისტემური აღრიცხვის №------), რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 1400 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით.

4. 2016 წლის 26 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს №------ საკრედიტო ხელშეკრულების (სისტემური აღრიცხვის №------) საფუძველზე გადასცა კრედიტი 824.75 ლარის ოდენობით, წლიური 0 პროცენტის დარიცხვით, 12 თვის ვადით.

5. მოსარჩელემ განმარტა, რომ მსესხებელმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

6. მოპასუხემ სარჩელი სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 დეკემბრის №------ ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის №------) გამომდინარე, დავალიანების – 1815.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა – 1780.78 ლარი, პირგასამტეხლო – 34.56 ლარი, 2016 წლის 23 იანვრის №------ ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის №------) გამომდინარე, დავალიანების – 1188.74 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხა – 1166.66 ლარი, პირგასამტეხლო – 22. 08 ლარი, ხოლო 2016 წლის 26 თებერვლის №------ ხელშეკრულებიდან (სისტემური აღრიცხვის №------) გამომდინარე, 770.67 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა – 756.02 ლარი, პირგასამტეხლო – 14.65 ლარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარატება, რომ მას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად დაეკისრა თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც მოპასუხეს დაევალა ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მხრიდან უკვე შემცირებულია პირგასამტეხლო, რაც დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არც ამ ნაწილში დაეთანხმა აპელანტის პოზიციას.

10. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება (სუსგ. საქმე №ას-897-837-2017).

11. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

12. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, ვალდებულების შეუსრულებლობლობის ხანგრძლივობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგსამტეხლო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით შემცირდა, არ არის შუსაბამოდ მაღალი და მისი კვლავ შემცირების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და კასატორის მდგომარეობა, კერძოდ, მას ამჯამად არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და მატერიალური სახსრები პენსიის გარდა.

15. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება შესაძლოა აღუსრულებელი დარჩეს, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან გულის გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ დღემდე იმყოფება საავადმყოფოში. შესაბამისად, რეაბილიტაციის შემდეგ იგი წარმოადგენს სათანადო დოკუმენტებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

16. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე კასატორმა ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განჩინებით მისთვის დაკისრებული თანხის გადახდა შეუძლებელია, ხოლო ბანკისათვის ეს თანხა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, რის გამოც მან ასეთ ვითარებაში უნდა დააწესოს გარკვეული შეღავათები.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც მოპასუხეს დაევალა ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

20. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, მის მიმართ უნდა გავრცელდეს შეღავათი, რადგან კასატორს მძიმე ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეექმნა.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

26. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

27. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

29. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

30. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

31. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

32. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

33. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

34. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ამდენად, საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხეს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება და სააპელაციო პალატის მსჯელობის დასაბუთებულია.

36. ასევე, საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი, რომ თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვინაიდან ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების მსგავს საფუძველს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ-----– და მ------ ა-–----–---–ების მიერ 2018 წლის 8 ივნისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ა-–----–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ------ ა-–----–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ-----– და მ------ ა-–----–---–ების მიერ 2018 წლის 8 ივნისს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე