განჩინება

სისხლის სამართლის 25.06.2018
საქმის ნომერი
010100218700051738
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700051738

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№43აპ-18 ქ. თბილისი

კ----–-–---–- ე----------, 43აპ-18 25 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე---------- კ----–-–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით ე---------- კ----–-–---–-, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

2. ე---------- კ----–-–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---------- კ----–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე---------- კ----–-–---–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.60872 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ნაწილს – 0,02732 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ ინახავდა პირადად, ხოლო ნაწილს – 1, 5814 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ – თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - რ--------, მე–1------, კორპ. №--, ბინა №--.

 

2015 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თ---–--–-, ღ------------ის ქუჩაზე ჩაატარეს ე---------- კ----–-–---–-ს პირადი ჩხრეკა, ხოლო რ-------ში - ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე---------- კ----–-–---–მა და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა სხვა პირს და მან მხოლოდ დაფარა დანაშაული.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მსჯავრდებულ ე---------- კ----–-–---–-სთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №515აპ-14, №283აპ.-16, № 96აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანაშაულის დაფარვის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც უტყუარად მიუთითებენ ე---------- კ----–-–---–-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ე---------- კ----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე