განჩინება

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
050100117002058750
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002058750

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№7აპ-18 ქ. თბილისი

ლ-------- ბ---------, 7აპ-18 28 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ბ--------- ლ--------, – დ----------–-------–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ბ--------- ლ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ივლისიდან.

 

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--------- ლ-------- 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ნ----- ლ--------სთან. ბოლო პერიოდში იგი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, რითაც აყენებდა ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. 2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, მთვრალმა ბ--------- ლ--------მ, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ შენიშვნა მისცა ალკოჰოლური სასმელის სისტემატურად მიღების გამო, საცხოვრებელ სახლში შეურაცხყო და დაამცირა იგი, დაუწყო ცემა ხელებით, რის შემდეგაც მას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, თოკით შეუკრა ხელ-ფეხი, პირზე გადააკრა წებოვანი ლენტი და მიაბა საცხოვრებელი სახლის მოაჯირს; ბ--------- ლ--------მ მეუღლის მიმართ განახორციელა ქმედება, რაც გამოიხატა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და იგი მეზობელმა რ--------- დ---–--ემ აღკვეთა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, მსჯავრდებულმა დანაშაული მთვრალმა ჩაიდინა; მან დაზარალებული არამხოლოდ ცემა, არამედ თოკით შეუკრა ხელ-ფეხი და მიაბა მოაჯირს; რომ არა მეზობლის აქტიური ქმედება, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი დამდგარიყო; კასატორის მითითებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი არ გამოიყენება თუ დანაშაულის ფაქტზე პირს წაასწრეს.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა ბ--------- ლ-------ის პიროვნული მახასიათებლები და სამართლიანად დაუნიშნა მას სასჯელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. ლ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე და უთითებს, რომ მსჯავრდებულის მეზობლის - რ--------- დ---–--ის მიერ, მოაჯირზე თოკით მიბმული ნ. ლ-------ის გათავისუფლება ვერ იქნება განხილული დანაშაულზე წასწრებად.

 

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე