დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700053244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №74აპ-18. ქ. თბილისი
ა-–--------- ა-–------, 74აპ-18 6 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა-–------ ა-–--------ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი ან რამდენიმე პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–------ ა-–--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
2007 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, ა-–------ ა-–--------მა ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა----ში ორი ან რამდენიმე პირის, კერძოდ, შს სამინისტროს თ-----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - გ---- ჩ---–---ს, ბ---- გ-------ს, ბ------- მ–-----–---–-სა და ჯ----– დ------–-–---–-ს მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლები, მაგრამ თავისი დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიუხედავად არაერთი გასროლისა, დაზარალებულები გადაუჩნენ სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის განაჩენით ა-–------ ა-–---------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236--ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-–------ ა-–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაზარალებულების ჩვენებებს ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ, რადგან საქმის არსებითი გარემოებების შესახებ მათ სასამართლოს მისცეს ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი ჩვენებები. კერძოდ, ოთხივე დაზარალებული წინასწარ გამოძიებაში დაკითხვის დროს (რომლის სისწორეც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე) განმარტავდა, რომ რუსების საგუშაგოზე მისვლის დროს ა-–------ ა-–--------- არ გადმოსულა მანქანიდან და იქიდან განახორციელა მათი მიმართულებით გასროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომ ტყვიები მათ სიახლოვეს ცვიოდა და შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.
საქმის სასამართლოში განხილვისას დაზარალებულებმა - გ---- ჩ---–---მ, ბ---- გ-------მ და ბ------- მ–-----–---–მა განმარტეს, რომ მათ გარკვევით დაინახეს, რომ ა-–------ ა-–--------- გადმოვიდა ა/მანქანიდან და ისე ისროდა. დაზარალებულმა ჯ----– დ------–-–---–მა კი განმარტა, იმ ადგილიდან, საიდანაც სროლები ისმოდა სიბნელის გამო მან ვერ შეეძლო დაენახა, ამ დროს ა-–--------- მანქანიდან იყო თუ არა გადმოსული (ასეთ ვითარებაში, ცხადია, ვერც ა-–--------ს დაინახავდა). ამასთან განმარტა, რომ მათ ადგილამდე ტყვია არ მიდიოდა, რომ მისულიყო, მოხვდებოდა კიდეც ვინმეს ან რამეს. მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა თავისი ჩვენებისათვის, დაზარალებულმა გ---- ჩ---–---მ განმარტა, რომ მართალია მათ ტყვია არ მოხვედრიათ, მაგრამ ოდნავ მოშორებით მდგარ მათი თანამშრომლის მანქანას ერთი ტყვია მაინც მოხვდა (საქმეში აღნიშნულზე, რომ ვინმეს მანქანას მოხვდა ტყვია, რაიმე მასალა არ მოიძებნება). აღნიშნული უდავოდ ცხადყოფს, რომ დაზარალებულები ყველანაირად ცდილობდნენ სასამართლოს უსაფუძვლოდ დარწმუნებას, რომ შემთხვევის დროს, სწორედ ა-–--------- აწარმოებდა გასროლებს მათი მიმართულებით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული 2007 წლის 10 იანვრით დათარიღებული ელსმენით შეტყობინების ოქმიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ დროს, ოსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, თ-----ს პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა დაუდგენელმა პირმა. აღნიშნულიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, 2007 წლის 17 იანვარს, დაზარალებულთა დაკითხვის დროს ჩნდება ინფორმაცია საქმეში ა-–------ ა-–---------ს მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რაც ლოგიკურად იწვევს ეჭვს, რომ შემთხვევის დროს მათ მართლაც დაინახეს ა-–------ ა-–---------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მიმართულებით სროლის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია: აღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე, 1-ლი ინსტანციის სასამართლო სავსებით კანონიერად აღნიშნავს და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დროს, ა-–------ ა-–--------მა განიზრახა დაზარალებულების მოკვლა და სწორედ მან გაისროლა რუსების ე.წ. საგუშაგოდან ქართველი პოლიციელების მიმართულებით. სასამართლომ არ გამორიცხა შემდეგი გარემოება: ქართველების ბლოკსაგუშაგოზე ხსენებულ დროს მართლაც გაიარა ავტომანქანა ,,ნივით“ ა-–------ ა-–--------მა, მაგრამ მან ნამდვილად რომ განიზრახა ქართველი პოლიციელების მოკვლა და რუსების ბლოკსაგუშაგოდან ისროდა, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება. ასევე, საქმის მასალების მიხედვით, ყურადსაღებია, შემთხვევა ხდება 2007 წლის 9 იანვარს, 21 საათზე, როდესაც საკმარისად ბნელა. ამ ვითარებაში, 200 მეტრის მანძილზე ადამიანის უტყუარად ამოცნობა, თუნდაც საგუშაგო ყოფილიყო განათებული, შეუძლებელია. მხოლოდ ის გარემოება, რომ ა-–------ ა-–---------ს ავტომანქანა მოძრაობდა რუსების საგუშაგოს მიმართულებით, ბრალდების სამტკიცებლად საკმარისად ვერ მიიჩნევა. მითუმეტეს, დაზარალებულ ჯ----– დ------–-–---–-ს ჩვენების შესაბამისად, სიბნელის გამო, რუსების ე.წ. პოსტსაგუშაგოზე კონკრეტული ადამიანის გარჩევა შეუძლებელი იყო.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია: უტყუარად ვერ დადასტურდა ვერც ის გარემოება, რომ ტყვიებს ქართველი პოლიციელების მიმართულებით ისროდა. მართალია, ყველა მათგანი, გარდა დაზარალებულ დ------–-–---–-სა, ამტკიცებდა, ტყვიების მათ თავთან ცვენას, თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ არც ტყვია და არც რაიმე ნატყვიარის კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა, მითუმეტეს, დაზარალებულთა ჩვენებებიდან გამომდინარე, თუკი მათ სროლის დროს ე.წ. „ლატოკებით“ ამოშენებულ, ამოცემენტებულ არხს შეაფარეს თავი და ტყვიები მათ ახლოს ცვიოდა, ტყვია თუ არა, ანასხლეტის კვალი მაინც დარჩებოდა ცემენტის ზედაპირზე, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დადასტურდა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა საქმეში არ მოიპოვება და გაურკვეველია, თუ რატომ არ დაერთო ფოტომასალა საქმეს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სამართლიანად მიიჩნია საეჭვოდ დაზარალებულთა ჩვენების სისწორე იმ მიმართებით, რომ მათ ა-–------ ა-–---------ს მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მიმართულებით სროლის ფაქტი დაინახეს. მათ კონკრეტულ დროს მართლაც შეიძლება გაიგონეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები, რაც არცთუ იშვიათი იყო იმ დროს და თავდაცვასაც შეეცადნენ, მაგრამ მათი ეჭვი, რომ ნამდვილად ა-–--------მა ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ ა-–------ ა-–---------ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - ტარებაში არ დასტურდება, რადგან იარაღი ან ტყვიები თუ მასრები გამოძიების მიერ ამოღებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არც შესაბამისი დასკვნა არ არსებობს იარაღის სახეობის თუ ვარგისიანობის თაობაზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულად ცნობილი პირების - გ---- ჩ---–---ს, ბ---- გ-------ს, ბ------- მ–-----–---–-სა და ჯ----– დ------–-–---–-ს წინააღმდეგობრივი და საეჭვო ჩვენებების გარდა, რადგან რაიმე უტყუარი მტკიცებულება ა-–------ ა-–---------ს ბრალის სამტკიცებლად საქმეში არ მოიპოვება, აღნიშნული ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
6. კასატორის მოთხოვნა:
პროკურორი ზურაბ წერეთელი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის ახალი განხილვისათვის გადაგზავნას შესაბამის სასამართლოში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
8. საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
11. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი