ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118700050532
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №9აგ-18 ქ. თბილისი
კ---------ი ა--------, 9აგ-18 4 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით ა-------- კ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ა-------- კ---------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-------- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა-------- კ---------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით ა-------- კ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ა-------- კ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით ა-------- კ---------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და ა-------- კ---------ს, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 მაისიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენში ა-------- კ---------ის მიმართ შევიდა ცვლილება.
8. ა-------- კ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ა-------- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რამაც მთლიანად შთანთქა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-------- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 მაისიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
15. 2018 წლის 10 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა-------- კ---------მა, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
17. კასატორი - მსჯავრდებული ა-------- კ---------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
18. კასატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ე.წ ,,აკუმულატორი“ ყალბია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მისი გამოკვლევა არ მომხდარა. ასევე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარდგენილი ხელის კვლის ნიმუში მისი ხელის ანაბეჭდის იდენტური არ არის. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ყალბი მტკიცებულებისა და მოწმეთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე განსაზღვრავს სასამართლო ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლის არსებობას.
3. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმებას. კასატორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად (სხვა საფუძვლებთან ერთად) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე უთითებს.
4. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენს საფუძვლად დაედო. მსჯავრდებულის განმარტებით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყალბი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ცრუ ჩვენებებით, კერძოდ: საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოკვლეულა ე.წ ,,აკუმულატორი“, რომლის ქურდობასაც ბრალდების მხარე ედავებოდა. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N1------ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ხელის კვალი გამოკვლევაზე წარდგენილი ა-------- კ---------ის ხელის ანაბეჭდების იდენტური არ არის.
5. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.“ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგინდებოდა გადასასინჯ განაჩენში გამოყენებული მტკიცებულების სიყალბე, არ წარუდგენია. რაც შეეხება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, ის როგორც მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია.
6. უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის ნაწილშიც. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს გარემოება, რომლის მიხედვითაც, დადასტურდებოდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების დაუშვებლობის ან/და დაკითხული მოწმეების მიერ ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ა-------- კ---------ს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გადასასინჯ განაჩენში გამოყენებულია დაუშვებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
7. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა გარემოებებს, კერძოდ: განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
9. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ა-------- კ---------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი