განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2018
საქმის ნომერი
010100218700052662
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700052662

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№59აპ-18 ქ. თბილისი

გ------ი მ--–----, 59აპ-18 6 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ--–---- გ------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ--------ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით მ--–---- გ------ი, - დაბადებული 1----–-–---------–---- ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.)

 

2. მ--–---- გ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

3. 2016 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, მეტროს სადგურ ,,ს-------–---–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გამწვანების ზოლში, მ--–---- გ------მა ზ------ ლ-----ს რამდენჯერმე მიაყენა ძლიერი დარტყმა სახის არეში და ძალადობის გამოყენებით, აშკარად გასტაცა ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ორი სამგზავრო ბარათი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით ზ------ ლ-----ს მიადგა ფიზიკური და 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

4. აღნიშნული ქმედებისათვის მ--–---- გ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თამარ ზარქუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ--–---- გ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და, ამასთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითაც. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--–---- გ------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-------- ნ-------მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა და ადვოკატმა ნ----- თ--------მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მ--–---- გ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ამასთან, მსჯავრდებულმა მ--–---- გ------მა მოითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

9. კასატორი – მსჯავრდებულ მ--–---- გ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ----- თ-------- საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მ--–---- გ------ის ბრალეულობა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოწმეების ირიბი ჩვენებებისა და დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ზ------ ლ-----მა თავის ჩვენებაში აღნიშნა: მას ჰქონდა მ--–---- გ------ის ვალი - 125 ლარი. ისინი შეთანხმდნენ, რომ ვალის დაბრუნებამდე ბრალდებულს თავის მობილურ ტელეფონს ნებაყოფლობით გადასცემდა. შესაბამისად, მ--–---- გ------ი აშკარად და ძალადობით არ დაუფლებია მობილურ ტელეფონს. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულმა სათანადოდ არ იცის წერა-კითხვა, ამდენად, მისთვის უცნობია გამოძიების ეტაპზე რა ჩვენებას მოაწერა ხელი. კასატორი თავის პოზიციას ასევე ასაბუთებს ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებით: სასამართლო სხდომაზე მობილური ტელეფონის, როგორც ნივთმტკიცების, გამოკვლევა არ მომხდარა. დაზარალებულმა პროკურორის თხოვნით ჯიბიდან ამოიღო მობილური ტელეფონი და სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებულმა სწორედ ეს ტელეფონი წაართვა; ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე დაქტილოსკოპიური ან ბიოლოგიური ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის კავშირი ზ------ ლ-----ის ტელეფონთან; ბრალდების მხარის ვერსია, რომ თითქოს, ტელეფონის დაუფლებისას დაზარალებულს სცემა ბრალდებულმა, საქმის მასალებით არ დასტურდება; ზ------ ლ-----ის მიერ წარდგენილი შარვლის მტკიცებულებად მიღება კანონის დარღვევით მოხდა, კერძოდ, დაზარალებულმა შარვალი საგამოძიებო ორგანოს გადასცა, თუმცა დაუდგენელია საგამოძიებო ორგანოში მისი შარვალი იყო თუ არა წარდგენილი; შარვალზე აღმოჩენილი სისხლი ნამდვილად დაზარალებულს ეკუთვნის თუ არა, ეს გარემოება ექსპერტ-ბიოლოგმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვერ დაადასტურა; მართალია, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მაგრამ ცხვირის არეში დაზიანების კვალი არ არის აღმოჩენილი, ხოლო თავში ვინ მიაყენა დაზიანება, სხვა უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი - მსჯავრდებული მ--–---- გ------ი დამატებით ითხოვს სწორი და სამართლიანი განაჩენის გამოტანას და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ, შეისწავლა მ--–---- გ------ის მსჯავრდების საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ადვოკატ ნ----- თ--------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ--–---- გ------ის საკასაჩიო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოში მ--–---- გ------ის საქმის განხილვისას მას ბრალი ედებოდა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ძარცვის ჩადენაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისეთი ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის). სასამართლოს განაჩენით გ------- ბ-------–---–ი, რომელსაც ბრალი ედებოდა მ--–---- გ------თან ერთად დაზარალებულ ზ------ ლ-----ის მიმართ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, გამართლდა, რის გამოც მ. გ------ს მოეხსნა ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ჩადენაში და სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ძალადობით ძარცვის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

 

2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნას მ--–---- გ------ის მთლიანად გამართლების თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვება კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვის გარეშე დაარწმუნებს მის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა აღნიშნულ ერთობლიობაში იგულისხმება არა მარტო დაზარალებულ ზ------ ლ-----ის პირდაპირი ჩვენება, არამედ სხვა პირდაპირი მტკიცებულებაც, კერძოდ, ბრალდებულ მ--–---- გ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამ ჩხრეკისას მისგან ამოღებული ნივთმტკიცება – დაზარალებულ ზ------ ლ-----ის კუთვნილი „ჰუაევეის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამასთან, აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების უტყუარობა დასტურდება საქმეში არსებული სხვა არაერთი არაპირდაპირი მტკიცებულებით (დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ ზ------ ლ-----ისათვის მიყენებული დაზიანებების შესახებ; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით).

 

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], N39630/09, §151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], N29750/09, §48, 16.09.2014). სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) N10590/83, §68, 06.12.1988).

 

4. საკასაციო პალატა არ ეთანხმება აგრეთვე დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოტივს იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა საკუთარი ნებით გადასცა თავისი მობილური ტელეფონი მსჯავრდებულს, რასაც აბათილებს ზ------ ლ-----ისათვის მიყენებული სხეულებრივი დაზიანებები, რომელთა არსებობა შეუძლებელი იქნებოდა ხსენებული ნივთის მისგან მსჯავრდებულისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში. გარდა ამისა, კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ერთ შემთხვევაში დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაზარალებულმა თავისი მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა მ--–---- გ------ს, ხოლო შემდეგ კი ის ავითარებს მსჯელობას, რომლის მიხედვით თითქოს საეჭვოა რეალურად მართლა ამოუღეს თუ არა მას აღნიშნული მობილური ტელეფონი პირადი ჩხრეკისას და რომ სინამდვილეში მისგან არავითარი მობილური ტელეფონი არ ამოუღიათ პირადი ჩხრეკისას.

 

5. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი მ--–---- გ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, საკასაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულ მ--–---- გ------ის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მ--–---- გ------ი პირველად არის სამართალში და მის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი და ამასთან აღნიშნული ნივთი (მობილური ტელეფონი) დაზარალებულს დაუბრუნდა, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზომამდე, რის გამოც მითითებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ მ--–---- გ------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით - უნდა შემცირდეს 1 წლით და მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ადვოკატ ნ----- თ--------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მსჯავრდებულ მ--–---- გ------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

4. მსჯავრდებულ მ--–---- გ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. მ--–---- გ------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. მ--–---- გ------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი