განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
010141318700053646
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №17აგ-18 27 ივნისი, 2018 წელი

კ--------- ა----, 17აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა---- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------- მ------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ა---- კ--------ს შორის.

ა---- კ--------- (------------–--------–-–----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 100 ლარი, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა---- კ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. 2017 წლის 9 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა---- კ---------ს ადვოკატმა ფ------- მ------მა, რომელმაც ითხოვა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ა---- კ---------ს განაჩენის დადგენილი განაჩენის გაუქმება და ახალი, გამამართლებელი განაჩენის მიღება. შუამდგომლობის მიხედვით, ა---- კ--------მა დაკავებისთანავე განმარტა, რომ ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერება - პრეგაბალინი, საერთო წონით 3.975 გრამი „ლირიკის“ დასახელების 53 ცალი კაფსულის სახით, ეკუთვნოდა მას და გამოწერილი ჰქონდა ექიმის მიერ. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ საქართველოში აღნიშნული პრეპარატის მოხმარებისათვის რეცეპტი იყო საჭირო; დაკავებისას ა---- კ--------ს არ ჰქონდა გონივრული ვადა, რომ წარედგინა სათანადო რეცეპტი პრეგაბალინის დანიშნულების შესახებ; მისი დიაგნოზია - შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური პერიფერიული პოლინეიროთერაპია, სენსორული ფორმით; „ნ--------------–ში“ გამოკვლევის შემდეგ მას გამოუწერეს სპეცრეცეპტი „ნეურიკა“ 75 მ/გ N30, რომელიც არის პრეგაბალინის ანალოგი; რ------ის ფ-------–-იდან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში ა---- კ--------- დანიშნულების შესაბამისად იღებდა პრეგაბალინს - ერთი აბი დღეში ორჯერ (სამედიცინო დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებული).

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ ა---- კ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ------- მ------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენის გადასინჯვას და ა---- კ---------ს გამართლებას სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ა---- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------- მ------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით (მათ შორის რ------ის ფ-------–-იდან წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ავთენტურობაზე) და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

 

3. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსსკ–ის XXI-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო თავი დამნაშავედ და ითხოვა პროკურორთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს, ა---- კ--------მა ვერ გააცნობიერა საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი შედეგები წარმოდგენილი არ არის.

 

4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა---- კ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------- მ------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე