განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160210015705076
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-197-197-2018 4 მაისი, 2018 წელი,ას-197-197-2018 თავდაცვის სამინისტრო ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ქ--------–-----------------ა'' (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, სამინისტრო, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ქ--------–-----------------ას“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, მიმწოდებელი) შორის 2013 წლის 30 დეკემბერს, დაიდო ხელშეკრულება № 911, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება, იხ. ტ.1, ს.ფ.13-37), რომლითაც, მიმწოდებელმა შემსყიდველის სამხედრო მოსამსახურეების კვებით მომსახურებაზე აიღო ვალდებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა არა უმეტეს 24 844 440.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).
2. ხელშეკრულების 15.1 ქვეპუნქტის შესაბამისად: [თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა) მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით], საწარმოს მიერ ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - 10 000 ლარით. ხელშეკრულების #5 დანართის თანახმად, საწარმო ვალდებულია კვებითი მომსახურებისას დაიცვას საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები (ტ.1,ს.ფ.36-37).
3. ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 15 იანვარს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრებმა შეამოწმეს ქ. მარნეულში დისლოცირებული საავიაციო ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხელშეკრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ: „სასადილოს საწყობში აღმოჩნდა ორი 25 კილოგრამიანი ტომარა, რომლებსაც მითითებული ჰქონდა „ლობიო-შულავერა“ და ეტიკეტი მიმაგრებული ჰქონდა წებოვანი ლენტით, ამასთან ეტიკეტი არ იყო ქარხნული და შესრულებული იყო კომპიუტერზე. ქიშმიშს 10 კილოგრამიან მუყაოს ყუთზე მითითებული არ ჰქონდა გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა“.
4. ხსენებულ ფაქტზე შედგა წერილობითი აქტი №14, რომლის საფუძველზეც, 2014 წლის 24 ივლისს მოსარჩელემ შეადგინა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ № 911-14 აქტი, რომლის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ.39-40).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 შემსყიდველმა, 2015 წლის 23 იანვარს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.2 მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად, მოპასუხე საწარმოს მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითა და წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სურსათის ეტიკეტი შეფუთულ ერთეულზე ისე უნდა იყოს მიმაგრებული, რომ ადვილად არ სცილდებოდეს“, შესაბამისად, დარღვევად არ უნდა მიჩნეულიყო პროდუქციის ეტიკეტის შეფუთვაზე მიმაგრება წებოვანი ლენტით. აღნიშნული საშუალებით სტიკერის მიმაგრება შეფუთვაზე საჭირო გახდა იმ მიზეზით, რომ სტიკერი არ იყო გამძლე და მისი პროდუქციის შეფუთვიდან მოცილება ხდებოდა მარტივად. შესაბამისად, მოიძებნა ალტერნატიული საშუალება, რომლითაც გაუმჯობესდა ეტიკეტების შენახვა, რაც არ არის აკრძალული ზემოაღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე.
6.2 ამასთან, მოპასუხის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი სასადილო კვებით მომსახურებას უწევს მცირე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეს, რის გამოც სასადილოში არ ხდება პროდუქციის ტომრებით შეტანა, შესაბამისად პროდუქციის ნაწილდება მცირე შეფუთვებში. იმ მიზეზით, რომ ტომარას აქვს მხოლოდ ერთი - ვადიანობის აღმნიშვნელი სტიკერი - მცირე შეფუთვაზე ეტიკეტის ხელოვნურად მიმაგრება ხდება.
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწარმოს სამინისტროს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 1 000 ლარის გადახდა.
7.2 სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 417-420-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები).
7.3 რაიონული სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო საწარმოს მხრიდან მომსახურების ყოველი არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისათვის 10 000 ლარია, რაც სასამართლოს შეფასებით შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად გამოყენებაზე მიუთითებს. პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მიწოდებული მომსახურების პირობების დარღვევის გათვალისწინებით, სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობის 1 000 ლარამდე შემცირება.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8.2 აპელანტის მითითებით, სასამართლომ სწორად დაადგინა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) დარღვევის ფაქტი, თუმცა, მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის დარღვევით, დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა შეთანხმებულიდან 1 000 ლარამდე.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2-7.3 ქვეპუნქტები) და დამატებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, რამდენიმე გარემოებაზე მიუთითა:
9.2.1 ხელშეკრულების 5.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
9.2.2 იმავე ხელშეკრულების 8.1 ქვეპუნქტით, 8.1.4 ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია ჩაატაროს ჯანსაღი კვებით მომარაგების ორგანიზება და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება კონტროლი.
9.2.3 ამასთან, ხელშეკრულების 8.2 და 15.1 ქვეპუნქტების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წარადგინოს ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, ხოლო ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაიხადოს პირგასამტეხლო შეთანხმებული ოდენობით.
9.3 საქმეზე დადგენილი გარემოებებით ირკვეოდა, რომ მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოელეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, თუმცა, დარღვეული იყო მიწოდებული პროდუქტის ეტიკეტირების წესები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
9.4 სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მხოლოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილში, ზემოხსენებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ადეკვატურად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, პირგასამტეხლოს შეთანხმებულიდან 1 000 ლარის ოდენობამდე შემცირება.
9.5 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ. #ას-1560-1463-2012; 28.12.2012).
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10.2 კასატორის საკასაციო პრეტენზიები მისივე სააპელაციო საჩივრის იდენტურია. კასატორმა დამატებით მიუთითა იმაზე, რომ მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, ხოლო საწარმოს მითითება, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნიშნავს, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის აღიარებას, რაც სასამართლოს არ აძლევს სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. იურიდიული დოქტრინისა და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:
16.1ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს;
16.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, „მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
18. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კონტექსტში მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ-ები: №ას-1560-1463-2012, 28.03.2012წ; №ას-23-23-2014 ,10.04.2014წ; №ას-1200-1145-2013,16.05.2014წ; №ას-1342-1380-2014, 06.03.2015წ; №ას-48-43-2015,19.03.2015წ/).
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე