დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053923
თარიღი
11.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053923

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №94აპ-18 ქ. თბილისი

თ-----–---–- ნ-------, 94აპ-18 9 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა ფანჩულიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ--–-–---–მა და ნ------- თ-----–---–მა დანაშაულის ჩადენიდან მალევე ნამდვილად იცოდნენ, რომ ქ. ხ-–----ში, 2013 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ი----- ნ-------მ ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - გ------- ხ------–---ს განზრახ მკვლელობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ი----- ნ------- ქ. ხ-–----იდან წაიყვანეს და დამალეს ქ.თ---–--–-, ნ------- თ-----–---–-ს მიერ დაქირავებულ ბინაში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განაჩენით:

გ------- გ--–-–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნ------- თ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მასვე განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას; გ------- გ--–-–---–ისა და ნ------- თ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას; გ------- გ--–-–---–ისა და ნ------- თ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეზე მოპოვებულ დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ------- გ--–-–---–ისა და ნ------- თ-----–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ------- გ--–-–---–ისა და ნ------- თ-----–---–-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა ფანჩულიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი