დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010100114673455
თარიღი
11.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100114673455

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №87აპ-18 ქ. თბილისი

მ----–--- მ-----, 87აპ-18 9 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ----- მ----–---ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში: მ----- მ----–---მ 2013 წლის ოქტომბერში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს ქ. №4-ის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფოს კუთვნილ 159.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 4900 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით - 374 753 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:

მ----- მ----–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

მ----- მ----–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის 20 ნოემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ----- მ----–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ქ------–---ში, სოფელ კ-------ში მდებარე, მ------ ბ------ს (პ--------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ზონა - ქ------–---ი 20, სექტორი - კ------- 43, კვარტალი - 01, ნაკვეთი - 277, დაზუსტებული ფართობი 1562.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №-------- კვ.მ, საკადასტრო კოდი - №---------) 25000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქ------–---ის რაიონის დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს ქ.№4-ის მიმდებარედ არსებულ 159,3 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე დამაგრებულ 4900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №20.48.01.3--) დადებული ყადაღა.

 

განაჩენით მ----- მ----–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ----- მ----–---მ, მინდობილი პირის - შ----- კ---–--–---ს მეშვეობით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, 2013 წლის 30 მაისს ქ------–---ის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2013 წლის 21 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული, მოწმეების ც------ გ-------–---ს და გ-------– გ----–---–-ს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელები ადასტურებდნენ მ----- მ----–---ს მიერ დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს (იგივე თ----- მ----ს) ქ.№4-ის მიმდებარედ არსებული 4900 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული 159,3 კვ.მ შენობა-ნაგებობის 1994 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. რეალურად, მ----- მ----–--- მითითებული უძრავი ქონებით სარგებლობდა 2005 წლიდან.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ----- მ----–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და მ----- მ----–---ს გამართლებას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული მ----- მ----–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ----- მ----–--- 2004-2005 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს ქ.№4-ის მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას. საქმეში წარმოდგენილია დაბა ჩ---ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ მ----- მ----–---ს ნამდვილად გააჩნდა სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს ქ.№4-ის მიმდებარედ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–---ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ----- მ----–---ს მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ვინმეს საკუთრებად. სწორედ ზემოაღნიშნული ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინა მ----- მ----–---მ მოწმეთა ერთობლივ განცხადებასა და საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელთა გაცნობის, მოწმეთა დაკითხვისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე გასვლით გადამოწმების შედეგად, კომისიამაც დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- მ----–---ს ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული ის მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებად აღიარებასაც იგი ითხოვდა და რომ მისი განცხადება აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მოთხოვნებს.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ 2004 წლიდან მ----- მ----–--- სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას არ ფლობდა როგორც ფიზიკური პირი, არამედ მას დასახელებული უძრავი ქონება იჯარით ჰქონდა აღებული სამეწარმეო მიზნებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის ასეთი პოზიცია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საიჯარო ხელშეკრულება ან იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადასტურდებოდა მხარეთა შორის ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტი. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არც სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მ----- მ----–---ს საკუთრებად აღიარებულ უძრავ ქონებას სადავო პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა არა ფიზიკური პირი მ----- მ----–---, არამედ მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ----- მ----–--- საწყობად იყენებდა სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობას, თუნდაც თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას იგი არ ფლობდა როგორც ფიზიკური პირი.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 31 ივლისამდე მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (მ----- მ----–---ს საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ----- მ----–---ს საკუთრების უფლება აღიარებული იქნა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (მ----- მ----–---ს საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა ეს იყო ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული)..., რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული... აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ მიწად მიჩნევისათვის მას უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი კრიტერიუმები: ა)ფიზიკურ პირს მიწა თვითნებურად უნდა ჰქონოდა დაკავებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2007 წლის 27 ივლისამდე; ბ)მიწაზე განთავსებული უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

 

ამდენად, მ----- მ----–---ს, რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა დაბა ჩ---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობას, სრული უფლება ჰქონდა მიემართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, თითქოს, მ----- მ----–---სათვის ცნობილი იყო, რომ იმ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, რომელზეც იგი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, ჰყავდა სხვა მესაკუთრე, რაც მან დაუმალა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ------–---ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ 2013 წლის 23 აპრილის გაცემული ცნობის თანახმად კი, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მ----- მ----–--- ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა შეცდომაში შეიყვანა საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მან აღნიშნულ კომისიას წარუდგინა სწორედ ის ინფორმაცია, რაც მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სარეგისტრაციო სამსახურმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები და მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების დაუფლებისას მ----- მ----–---ს მხრიდან სახელმწიფო ორგანოთა მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მან მოწმეთა ერთობლივ განცხადებასთან ერთად, სწორედ სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინა ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვა მის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო აკმაყოფილებდა თუ არა მისი მოთხოვნა ამ კანონის მოთხოვნას და ექვემდებარებოდა თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარებას, კომისიის შესაფასებელი იყო.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ, სანოტარო წესით დამოწმებულ მოწმეთა ერთობლივ განცხადებაში მ----- მ----–---ს მოთხოვნით არასწორად მიეთითა მის მიერ დაბა ჩ---ში, ხ--–--–---–-ს ქ.№4-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის ფლობისა და სარგებლობის დაწყების თარიღი - 1994 წელი, ნაცვლად 2005 წლისა, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა კომისიის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 2007 წლის 27 ივლისამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა მ----- მ----–---ს გამართლების თაობაზე და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც მ----- მ----–---ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, როგორც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ----- მ----–---ს წარმომადგენლის მიერ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ მოწმეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს, შეტანილი იქნა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მ----- მ----–--- მის საკუთრებად ასაღიარებელ უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა 1994 წლიდან, მაშინ, როდესაც რეალურად იგი მითითებულ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა 2005 წლიდან, რაც ადასტურებს ამ დოკუმენტის სიყალბეს. სწორედ ამგვარი ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადება წარადგინა მ----- მ----–---მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან, სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, თუმცა თარიღის ასეთი ცვლილება გავლენას ვერ მოახდენდა კომისიის გადაწყვეტილებაზე.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ----- მ----–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მ----- მ----–---ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ.

 

10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა მ----- მ----–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა არა თაღლითობა, არამედ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ მ----- მ----–---ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს.

 

11. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულ მ----- მ----–---ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებას, ბრალდების მხარის არგუმენტებზე განმეორებით მსჯელობის მიზნით.

 

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი