დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053852
თარიღი
11.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №102აპ-18 ქ. თბილისი

ტ-------–---–- მ-–-, 102აპ-18 11 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტყაბლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-–- ტ-------–---–ს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თ---–--–-, გ----------ს ქუჩა №---ში, მ-–- ტ-------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ვ--–--- ხ-------ს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, პლევრის ღრუში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით მ-–- ტ-------–---–-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.

 

მ-–- ტ-------–---–-, - დაბადებული 1948 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე.

 

მ-–- ტ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 თებერვლიდან იმავე წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

განაჩენით დადგინდა, რომ მ-–- ტ-------–---–მა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - დანის გამოყენებით ვ--–--- ხ-------ს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, პლევრის ღრუში მიაყენა შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და აღნიშნა, რომ მ-–- ტ-------–---–-ს მიერ ვ--–--- ხ-------ისათვის უშუალოდ დანის დარტყმამდე და დარტყმის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (ჩხუბის მეორე ეპიზოდი) ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულ ვ--–--- ხ-------ისა და ბრალდებულ მ-–- ტ-------–---–-ს დაკითხვის ოქმები, ყველა სხვა მოწმე ამ საკითხებთან მიმართებით მიუთითებს, რომ ამ დროს ოთახში არ იმყოფებოდნენ და არ დაუნახავთ, როგორ დაჭრა მ-–- ტ-------–---–მა ვ--–--- ხ-------ი.

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულ ვ--–--- ხ-------ისა და მოწმეების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, ჩხუბის დაწყებისა და დანის დარტყმის მონაკვეთებს, ამ დროს განხორციელებული ქმედებების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. დაზარალებული და მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

 

იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ დანის დარტყმის მონაკვეთში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის არასარწმუნო და არადამაჯერებელი ჩვენება, ბრალდებული უთითებს, რომ ვ--–--- ხ-------ისთვის დანის დარტყმა განაპირობა ვ--–---ის მხრიდან მისმა გამეტებით ცემამ და სხვაგვარად ვერ შეძლო ვ--–---ის მოგერიება, რაც ფაქტობრივად დასტურდება მის სხეულზე არსებული არაერთი დაზიანებით (მ-–- ტ-------–---–-ს სხეულზე არაერთი დაზიანების არსებობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით).

 

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ-–- ტ-------–---–-ს დაკითხვის ოქმებს (მიღებულია უდავო მტკიცებულების სტატუსით) მეტ დამაჯერებლობას სძენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 მარტის №--------- ექსპერტის დასკვნაც, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უდავო მტკიცებულების სახით. ბრალდებულის დაკითხვის ოქმებითა და ექსპერტის დასკვნით (მ-–- ტ-------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით: მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღინიშნება უსწორო ფორმის, ორივე ქუთუთოს მომცველი მოიისფრო - მოლურჯო ელფერის მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით - 7X6,5 სმ. ასეთივე ფერისა და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება მარჯვენა ლოყის მიდამოში, ზომით - 6X1.5სმ; მარცხენა ყვრიმალის მიდამოში, ზომით - 2X0.5 სმ. შუბლის მიდამოში მარცხნივ, ზომით - 2.5X0.5 სმ. თხემ-კეფის მიდამოში ცენტრალურად აღინიშნება უსწორო ფორმის, კანის დონიდან წამოწეული მოწითალო ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით - 2.5X1 სმ. ასეთივე სახის ნაჭდევი აღინიშნება ზედა ტუჩის გარეთა კუთხესთან, ზომით: 0.5X0.2 სმ. სამი დასწვრივად და ურთიერთპარალელურად განლაგებული ზოლისებური ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღინიშნება მარჯვენა ლოყის მიდამოში, ზომებით 1.5X0.3 სმ. 1X0.5 და 1.5X0.5 სმ), ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებული ვ--–--- ხ-------ი გამეტებით ურტყამდა მ-–- ტ-------–---–ს, რასაც არ უარყოფენ ბრალდების მხარის სხვა მოწმეები და თავად დაზარალებულიც. ექსპერტის დასკვნებით დადგენილია, რომ ბრალდებულ მ-–- ტ-------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, ხოლო ვ--–--- ხ-------ს, გარდა ერთი ჭრილობისა, სხეულზე სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა (ბრალდებულ მ-–- ტ-------–---–-ს მიერ ხელის დარტყმა არ აღმოჩნდა რაიმე სახის ზიანის მომტანი დაზარალებულ ვ--–--- ხ-------ისათვის), შესაბამისად, ვ--–--- ხ-------ის ქმედებები (არაერთი დარტყმა) საფრთხეს უქმნიდა მ-–- ტ-------–---–-ს ჯანმრთელობას, რაც მის სხეულზე ექსპერტის დასკვნით დადგენილი არაერთი დაზიანებითაც დადასტურდა.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და დადგენილად მიიჩნია, რომ მ-–- ტ-------–---–მა თავის დაცვის მიზნით, რათა შეეჩერებინა თავდასხმა, მუშტების დარტყმის პროცესი და მის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნოდა, ჩხუბის დროს აიღო მაგიდაზე დადებული დანა და მოგერიების მიზნით, ვინაიდან ვ--–--- ხ-------ი არ წყვეტდა მის ცემას გულმკერდის არეში, ერთხელ დაარტყა დანა.

 

სააპელაციო პალატა დაეთანხმა სასამართლო განმარტებას იმის შესახებ, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით განზრახი (არაპირდაპირი განზრახვა), ძალადობრივი დანაშაულია, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელმყოფთა რაოდენობა, მათი შეიარაღება, სქესი, ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, შემთხვევის დრო, ადგილი და ა.შ.

 

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან ან საშიშროებასთან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონფლიქტი მ-–- ტ-------–---–სა და დაზარალებულ ვ--–--- ხ-------ს შორის წარმოიშვა ღამის საათებში, პატარა ოთახში, რა დროსაც ვ--–--- ხ-------მა სცემა მ-–- ტ-------–---–ს, რომელმაც ამის შედეგად მიიღო არაერთი დაზიანება, რაც უტყუარად არის დადგენილი შესაბამისი ექსპერტის დასკვნით. ასევე დადგენილია, რომ დაზარალებული ვ--–--- ხ-------ი არის 46 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ბრალდებული მ-–- ტ-------–---–- 68 წლის ხანდაზმული მამაკაცი. ვ--–--- ხ-------ის ფიზიკურ უპირატესობაზე, მ-–- ტ-------–---–თან შედარებით, ერთმნიშნელოვნად მიუთითებს ის გარემოება, რომ ვ--–--- ხ-------ს გარდა ერთი ჭრილობისა, რომლის არსებობაც სადავო არ არის, სხეულზე სხვა რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება იმ პირობებში, როდესაც დასაწყისში ვ--–--- ხ-------ის 4-5 დარტყმის საპასუხოდ მ-–- ტ-------–---–მაც დაარტყა ხელი, თუმცა აშკარაა, რომ მისი ასაკისა და დარტყმის სიძლიერიდან გამომდინარე, მ-–- ტ-------–---–-ს მიერ ვ--–--- ხ-------ისათვის ხელის დარტყმამ არ გამოიწვია რაიმე შედეგი (თუნდაც მცირედი სისხლნაჟღენთი).

 

აღსანიშნავია, რომ ვ--–--- ხ-------ი შეიარაღებული არ ყოფილა, თუმცა იგი ბრალდებულზე გაცილებით ახალგაზრდაა და ფიზიკურადაც რამდენადმე აღემატებოდა მას. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო ვერ შეძლო მ-–- ტ-------–---–მა ვ--–--- ხ-------ის თავდასხმის მოგერიება, რომელიც იყო იმწუთიერი (არ შეწყვეტილა, ვიდრე დანა არ დაარტყა), რეალური და მართლსაწინააღმდეგო (ვ--–--- ხ-------ის დარტყმების შედეგად მ-–- ტ-------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა სახის დაზიანებები და დარტყმის გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელობის სხვადასხვა ფორმით დაზიანების რისკი რეალური იყო), მ-–- ტ-------–---–-ს ქმედება (დანის დარტყმა) გამოწვეული იყო უკიდურესობითა (სხვაგვარად ვერ მოიშორა თავდამსხმელი) და თავდაცვის (სამართლებრივი სიკეთის დაცვის) სურვილით. მ-–- ტ-------–---–ს რომ ამოძრავებდა თავდაცვის სურვილი (თავდამსხმელის მოგერიების სურვილი) და არა ვ--–--- ხ-------ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა მოწმობს ისიც, რომ მან მეორედ დანა არ დაარტყა ვ--–--- ხ-------ს მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა მას რეალურად ჰქონდა, დანა ძირს დააგდო და ოთახში მჯდომი ელოდებოდა პოლიციის მისვლას.

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-–- ტ-------–---–- გარკვეულწილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუმცა ვინაიდან ამ შემთხვევაში ვ--–--- ხ-------ი არ იყო შეიარაღებული რაიმე საგნით (მხოლოდ მუშტებს ურტყამდა გამეტებით), მ-–- ტ-------–---–მა ვ--–--- ხ-------ისათვის სიციცხლისათვის სახიფათო - გულმკერდის არეში დანის დარტყმით გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რამაც გამოიწვია ვ--–--- ხ-------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ ვ--–--- ხ-------ის მიერ მ-–- ტ-------–---–ზე თავდასხმა იყო რეალურად საშიში, იმწუთიერი, მართლსაწინააღმდეგო და მომგერიებელ მ-–- ტ-------–---–ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, თუმცა გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებათან. მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებული მოქმედება - დაზარალებულისათვის დანით გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენება წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, შესაბამისად, მ-–- ტ-------–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სავსებით სამართლიანად გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე და მას მსჯავრი დაედო აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ-–- ტ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№593აპ-15), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მ-–- ტ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

 

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ვ--–--- ხ-------ის მიერ მ-–- ტ-------–---–ზე თავდასხმა იყო რეალურად საშიში, იმწუთიერი, მართლსაწინააღმდეგო და მომგერიებელ მ-–- ტ-------–---–ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, თუმცა გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. ამდენად, საკასაციო პალატას მ-–- ტ-------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტყაბლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი