დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002161906
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №115აპ-18 ქ. თბილისი
გ------- გ------, 115აპ-18 16 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------ გ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გ------ გ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 აგვისტოდან.
განაჩენით გ------ გ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ------ გ------- 1976 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა 1954 წელს დაბადებულ თ----- ბ-----–---–თან, რომელთან ერთად ცხოვრობდა ქ.ბ--------ში, ს----–--- მ-----------ს ქუჩის №1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ 4 შვილი, რომელთაგან ერთი, 1--- წელს დაბადებული გ---- გ------- დაბადებიდანვე არის შუზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ამ პერიოდიდან გ------ გ-------ს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, რადგან, მისი აზრით, გ---- გ-------ს ჯანმრთელობის სიმძიმე განაპირობა ორსულობის პერიოდში თ----- ბ-----–---–ის მიერ საკუთარი თავის არასათანადოდ მოვლამ და ალკოჰოლური სასმელების სისტემატურად მიღებამ; ამ და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გარდა, გ------ გ-------ს მეუღლესთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა იმიტომ, რომ ეჭვიანობდა მისი მხრიდან შესაძლო ღალატზე. დასახელებული მიზეზების გამო, 2017 წლის 13 აგვისტოს, განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, გ------ გ-------მ გადაწყვიტა თავისი მეუღლის მოკვლა სახლში არსებული სანადირო თოფის გამოყენებით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, გ------ გ-------მ ქ.ბ--------ში, თ----- მ----ს ქუჩის №15-ში მდებარე თავისი სახელოსნოდან წამოიღო სანადირო თოფისათვის განკუთვნილი 16 მმ კალიბრიანი ერთი ვაზნა, დაბრუნდა სახლში, შვილის - ჯ---- გ-------ს საძინებელ ოთახში დაეუფლა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ „იჟ-კ“ მოდელის N------, 16 მმ კალიბრიან ერთლულიან სანადირო თოფს, მოათავსა მასში ზემოხსენებული ვაზნა და დაელოდა ხელსაყრელ მომენტს, გაესროლა მეუღლის მიმართულებით. დაახლოებით 19:00 საათზე, როცა გ---- და მ--–---- გ-------ების საძინებელ ოთახში მყოფი თ----- ბ-----–---–ი დადგა ზურგით სამზარეულოში გასასვლელი ღია კარისკენ, გ------ გ-------მ სამზარეულო ოთახიდან, დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან, სანადირო თოფიდან დამიზნებით გაისროლა თ----- ბ-----–---–ის მიმართულებით, რის შედეგად ამ უკანასკნელს გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ ბეჭის ხაზზე მიაყენა შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა. მიღებული მძიმე ჭრილობის გამო თ----- ბ-----–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა. გ------ გ-------მ დანაშაულის იარაღი დადო სამზარეულო ოთახში შესასვლელი კარის უკან, ხოლო შემდეგ, 20:10 საათზე, ბრალის აღიარებით გამოცხადდა ბ--------ის შს რაიონულ სამმართველოში.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ------ გ-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------ გ-------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. გ-------სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს დანიშნული სასჯელის ზომას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------ გ-------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი