განჩინება

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
010100117002059501
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002059501

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№16აპ-18 ქ. თბილისი

მ----------ი ს------, 16აპ-18 2 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ს------ მ----------ი, – დ----------–-------–-–----------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 12 ივლისიდან იმავე წლის 14 ივლისამდე პერიოდის) გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ს------ მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი. ს------ მ----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - თემურ გოგუაძეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 9 ივლისს, ღამით, დაახლოებით 02:25 საათზე, ბ------ში, ზ----------------–- მდებარე კაფე-ბარ „ჩ-----ას“ შესასვლელთან, ამავე ბარის დაცვის სამსახურის თანამშრომლებსა და კლიენტებს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად მივიდა საქართველოს შსს ა------------ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომელი - კ---- დ-------, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წესრიგის დარღვევა შეეწყვიტათ და მათ გაშველებას შეეცადა, რა დროსაც, იქვე მყოფმა ს------ მ----------მა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელ კ---- დ-------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ს------ მ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას არასამართლიანი სასჯელის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ არის ნასამართლევი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს------ მ----------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.

 

9. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე