დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002164611
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №176აპ-18 ქ. თბილისი
მ------- ჰ----, 176აპ-18 18 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ---- მ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- მ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ჰ---- მ-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 20 ოქტომბრიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ჰ---- მ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გ---------ში, ა----–-----–-ს ქ------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ჰ---- მ------მა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-----–- ბ----------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყელში ხელის წაჭერით, წინამხრისა და წელის არეში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ჰ. მ-------ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ---- მ-------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–- მ---------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჰ. მ-------ს გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას დაცვის მხარის საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №456აპ-16) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–- ბ----------ს ჩვენებით, მოწმეების - გ--–--- ბ-–------ს, ტ------ კ---–----ს, ნ---–- გ--------ს, ა--- მ-----------ს, ნ------- ა--–----ს, ჯ------- ბ----–---–-ს, გ------- მ-----------ს, დ---- გ------ს, ი------ ნ------ს ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნით, 2017 წლის 24 ივლისის №------ შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ჰ---- მ------მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, ,,Georgiadis v. Greece“, N21522/93 , 29/05/1997, §43).
9. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ ჰ---- მ------ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ჰ---- მ-------ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჰ---- მ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- მ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი