დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056495
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №174აპ-18 ქ. თბილისი
გ--–------- ტ-----, 174აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ----- გ--–-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ტ--–--–-–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განაჩენით:
ტ----- გ--–-------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 ივლისიდან.
დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - ლ---- კ-------–---–სა და ი---- ლ----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებები.
ლ---- კ-------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. კ-------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 ივლისიდან.
ი---- ლ----–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 6 თვე. ი. ლ----–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 ივლისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - ტ----- გ--–-------ს, ლ---- კ-------–---–-სა და ი---- ლ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის ივნისის ბოლოს ტ----- გ--–------მა განიზრახა ქ.თ---–--–-, გ-–-----ს ,,ა” მ/რაიონის №-- კორპუსის ბინა №---ში მცხოვრები ნათესავის - მ------ მ-----------ს კუთვნილი ფულადი თანხის - 30000 აშშ დოლარის (რომელიც ეროვნული ბანკის იმდროინდელი კურსით შეადგენდა 70239 ლარს) ფარულად დაუფლება, რომელსაც, მისი რწმენით, იგი საძინებელ ოთახში ინახავდა. ამ მიზნით შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა თავისი მეგობრების - ლ---- კ-------–---–-სა და ი---- ლ----–---–ის მის გარეშე, მოტყუებით შესვლას მ. მ-----------ს ბინაში და იქ არსებული ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის მოპარვას.
მართლაც, ვინაიდან მ------ მ----------- იყო ტ----- გ--–-------ს ნათესავი და ბინაში შესვლის შემთხვევაში მას იცნობდნენ, ამ უკანასკნელმა თავისი მეგობრები - ლ---- კ-------–---–- და ი---- ლ----–---–ი დაითანხმა, რომ ბინაში უკანონო შეღწევით, ფარულად დაუფლებოდნენ მ------ მ-----------ს კუთვნილ ფულსა და სხვა ნივთებს, რასაც სამივე თანაბრად გაინაწილებდა. ტ----- გ--–------მა გეგმის სისრულეში მოსაყვანად, როგორც ორგანიზატორმა, გადაუნაწილა როლები მეგობრებს, ასევე აჩვენა მათ მ------ მ-----------ს სახლი და დაარიგა, თუ როგორ უნდა მოეპოვებინათ მისი ნდობა და განუმარტა, სად ინახებოდა თანხა, რომელიც ბინიდან უნდა წამოეღოთ.
შეთანხმებისამებრ, 2016 წლის 13 ივლისს, დღის საათებში, ლ---- კ-------–---–- და ი---- ლ----–---–ი, თითქოს ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის თანამშრომლები, მოტყუებით შევიდნენ მ------ მ-----------ს საცხოვრებელ სახლში. მ------ მ----------მა ლ---- კ-------–---–- და ი---- ლ----–---–ი არ დატოვა უმეთვალყურეოდ, რის გამოც მათ საძინებელ ოთახში შეუმჩნევლად შეღწევის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის შემდეგ ლ---- კ-------–---–მა მ------ მ----------ს პირზე ააფარა ხელი, ხოლო ი---- ლ----–---–ი გავიდა ბინიდან და ლ---- კ-------–---–ს დაელოდა გარეთ, თავიანთ ავტომანქანასთან. ქურდობის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ლ---- კ-------–---–მა მ------ მ----------ს თავზე ჩამოაცვა პოლიეთილენის პარკები და მოგუდა. ამის შემდეგ ლ---- კ-------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ------ მ-----------ს ოჯახში არსებულ თანხას - 210 ლარს და სხვადასხვა სახეობის სამკაულს და ვიდეოკამერას, ერთობლივად ღირებულს 735 ლარად, ხოლო 30000 აშშ დოლარს (რომელიც ეროვნული ბანკის იმდროინდელი კურსით შეადგენდა 70239 ლარს) ვერ მიაგნო, რითაც სისრულეში ვერ მოიყვანა საკუთარი, ი---- ლ----–---–ისა და ტ----- გ--–-------ს განზრახვა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით ფულად თანხას.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ტ----- გ--–-------ს უდანაშაულოდ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში ან საქართველოს სსკ-ის 19,25,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა”, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის (ორგანიზებული ჯგუფის) ამორიცხვას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია. აღსანიშნავია, რომ თავად ტ----- გ--–------მა არ უარყო თავისი ინიციატივა და შეთავაზება ლ---- კ-------–---–-სთვის, ასევე გეგმის დასახვა - მ. მ-----------ს სახლში ლ. კ-------–---–-ს შესვლა გაზის კომპანიის თანამშრომლის სახით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გარდაცვლილის საცხოვრებელ მისამართზე, შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” შესაბამის სამსახურებში ბუნებრივი აირის მოწყობილობების ფუნქციონირებასთან, შემოწმებასა ან/და მისი რომელიმე დეტალის შეცვლასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. ასევე დგინდება, რომ არც ლ---- კ-------–---–-, არც ი---- ლ----–---–ი და არც ტ----- გ--–------- არ ირიცხებოდნენ შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლებად.
დაცვის მხარემ მიუთითა ტ----- გ--–-------ს მიერ, წარუმატებელი მცდელობის გამო, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებაზე. დაცვის მხარის განმარტებით, ტ----- გ--–-------სთვის ასევე არ იყო ცნობილი, რომ ლ---- კ-------–---–- და ი---- ლ----–---–ი ჩაიდენდნენ დანაშაულს, რადგან ი---- ლ----–---–ი არ დათანხმდა შეთავაზებას დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობაზე. სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და მიუთითა საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ა) დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა; ბ) დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა, შეესრულებინა შეპირებული ქმედება, ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თუნდაც დაცვის მხარის არგუმენტის დადასტურების შემთხვევაში, ტ----- გ--–-------ს ქმედება არ ჩაითვლება დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებად, ვინაიდან არ დადგენილა გარემოებები ტ----- გ--–-------ს მიერ ამსრულებლის გადარწმუნების თაობაზე, არ მომხდარა ხელისუფლების ორგანოსთვის დროულად შეტყობინება და არც სხვაგვარად შეუშლია მას ამსრულებლებისთვის ხელი. დადგენილი ფაქტია, რომ როგორც ლ---- კ-------–---–მა, ისე ი---- ლ----–---–მა ჩაიდინეს დანაშაული და ინიციატივა და გეგმის შესაბამისად მოქმედება მომდინარეობდა სწორედ ტ----- გ--–-------სგან.
საგულისხმოა, რომ ი---- ლ----–---–ისა და ლ---- კ-------–---–-ს ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე - საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს და დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მათ ჩვენებები მისცეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. ი---- ლ----–---–სა და ლ---- კ-------–---–ს აღნიშნული პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის დროს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი დაკავებისთანავე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და მიუთითებს ანალოგიურ გარემოებებზე. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები ი---- ლ----–---–ისა და ლ---- კ-------–---–-სთვის მათთვის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის წარდგენის დროს, არ იქნა მიჩნეული დარღვევად. ი---- ლ----–---–ი და ლ---- კ-------–---–- საქმის არსებით განხილვაზე დაიკითხნენ მოწმის სახით. შესაბამისად, დაცვის მხარეს გააჩნდა შეუზღუდავი უფლება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ დაესვა ბრალდებულებისთვის კითხვები. ი---- ლ----–---–ისა და ლ---- კ-------–---–-ს ჩვენებები ეწინააღმდეგება ტ----- გ--–-------ს ჩვენებას. ამასთან, არცერთ მათგანს არ მიუთითებია, რომ თითქოს, ტ----- გ--–------მა გადაარწმუნა ისინი, არ ჩაედინათ დანაშაული, ან ხელი შეუშალა მათ.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულ დანაშაულში იკვეთება ტ----- გ--–-------ს, როგორც ორგანიზატორის - როლი, ვინაიდან თავად მსჯავრდებულისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სწორედ მას ეკუთვნოდა შეთავაზება, მან დასახა გეგმა, მიუთითა ადგილი, თუ კონკრეტულად სად უნდა ეძებნათ ფული და ორჯერ ახლდა ლ---- კ-------–---–ს დანაშაულის ადგილზე. ტ----- გ--–-------ს მიერ შექმნილი ჯგუფი არსებობდა დროის განსაზღვრულ პერიოდში, რაც დასტურდება იმ გარემოებებით, რომ ამ პერიოდში შეიმუშავეს გეგმა, ჯგუფის წევრი - ამსრულებელი ლ---- კ-------–---–-, თითქოსდა გაზის კომპანიის წარმომადგენელი, რამდენჯერმე იყო მისული მ. მ-----------ს ბინაში, თუმცა დანაშაულის დასრულება ვერ შეძლო, რის გამოც დანაშაულის ჩასადენად ჩართეს კიდევ ერთი ამსრულებელი - ი. ლ----–---–ი. ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ შეთანხმებულად - აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ლ---- კ-------–---–-სა და ი---- ლ----–---–ის ჩვენებებით, რასაც ნაწილობრივ ადასტურებს ტ----- გ--–-------ც. ჯგუფს ჰქონდა სტრუქტურული ფორმა - მას ჰყავდა ორგანიზატორი, რომლის მითითებების შესაბამისად მოქმედებდნენ ამსრულებლები და ჯგუფის წევრებს განაწილებული ჰქონდათ როლები. რაც შეეხება პირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზანს, აღნიშნულს არ უარყოფს თავად ტ----- გ--–-------ც.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ორგანიზებული ჯგუფის არსებობისთვის არ არის სავალდებულო, ჯგუფი შექმნილი იყოს რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში ჯგუფი შექმნილი იყო დანაშაულის ჩადენამდე გარკვეული პერიოდით ადრე და გეგმაც რამდენჯერმე შეიცვალა. ორგანიზებული ჯგუფის არსებობისთვის საკმარისია ჯგუფის შექმნა თუნდაც ერთი დანაშაულის ჩასადენად, თუ ის დააკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არის სრულად გამოკვეთილი.
ჯგუფთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ტ----- გ--–-------სა და ამსრულებლების - ლ---- კ-------–---–-სა და ი---- ლ----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გასცდა დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და შემთხვევით შექმნილი ჯგუფის ცნებას, რის გამოც არ შეიძლება შეფასდეს წინასწარი შეთანხმებით მოქმედ ჯგუფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ორგანიზებული ჯგუფის არსებობა. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატამ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება - დიდი ოდენობით ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა - არის გამოკვეთილი და აღნიშნულს არ გამორიცხავს თავად ტ----- გ--–-------ც. მართალია, ტ.გ--–-------ს ჩვენებით, მან ლ---- კ-------–---–ს შესთავაზა მ------ მ-----------ს გაქურდვა, რომელსაც უნდა ჰქონოდა დაახლოებით 5000-7000 აშშ დოლარი (და არა - 30000 აშშ დოლარი), მაგრამ მის მიერ დასახელებული ოდენობაც კი აღწევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული დიდი ოდენობის ზღვარს.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ----- გ--–-------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--–- ტ--–--–-–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ტ. გ--–-------ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ტ----- გ--–-------ს ბრალეულობა ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი ეხება იმავე მოტივებს, რის შესახებაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ----- გ--–-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ტ--–--–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი