დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
180100117002260397
თარიღი
26.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100117002260397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№129აპ-18 თბილისი

ხ---------ი ვ-–--------, 129აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----– ჩ-------–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------- ხ---------ი, – დაბადებული 1----–-–---------–---, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 აგვისტოდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–-------- ხ---------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის მიმართ მსხვერპლის მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე – მსხვერპლის არაერთგზისი ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში, ვ-–-------- ხ---------ისათვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე – ე-–--- ხ---------ი მას არაერთგზის ღალატობდა. 2017 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 13.10 საათზე, ყ-------ს რაიონის სოფელ გ------–ი, თავის საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- ხ---------მა განზრახ მოკვლის მიზნით, ყელსა და სხეულის სხვა ნაწილებში დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მეუღლეს – ე-–--- ხ---------ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა დაბა ს-------–------–ი მდებარე შპს „ყ-------ს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში“.

 

· ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს ვ-–-------- ხ---------ი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში (უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა).

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გათვალისწინებით, ვ-–-------- ხ---------ისათვის მინიმალური სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და ამ სასჯელის პირობით ჩათვლას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; არის მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიღებული ტრავმის გამო; არ არის ნასამართლევი; ჰყავს 4 შვილი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; ხასიათდება დადებითად; თვითონ შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას; არის მომხდარი ამორალური და ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მოცემულ შემთხვევაში მხარე ასაჩივრებს განაჩენს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და არ არღვევს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, ადვოკატ ა-----– ჩ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ-–-------- ხ---------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----– ჩ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

გ. შავლიაშვილი